|
საბა
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა...
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება; ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე; ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, – ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო!... – თქვა და თითქოს კიდეც ინანა.
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
– წვიმა არ არი! საბას კაბა დაუსველა რამ?! – თოვლი არ არი! საბას თავი გაუთეთრა რამ?! – ყინვა არ არი! სულხან-საბას აკანკალებს რა?!
– რამ დაასველა?! რამ დათეთრა?! რა აკანკალებს?! საქართველოა მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც!..
...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას... ეს სიცხადეა, სულხან-საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმიდა ნინოს – მუხლზე დაცემულს).
– რამდენს აფასებ მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. – უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა, - წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
– არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის? – უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?.. – საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, - თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან;
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა! შენი ვხტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი; მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... – მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?! – გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!
|