|
15 აპრილი, 2008 კრემლი საქართველოს კეთილმოწყობის საიდულმო დოკუმენტზე მუშაობს
კრემლში უკვე მზად არის საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ამიერიდან მოსკოვი სეპარატისტულ რეჟიმებთან პირდაპირ ურთიერთობებს აწარმოებს. დადგენილებაზე რუსეთის პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ალბათ, უფრო მეტად შესაფერის დროს ეძებს ამისათვის. რუსეთში საინტერესო ფორმულირებას აძლევენ იმას, რასაც მთელი მსოფლიო საერთაშორისო ენაზე სხვა ქვეყნის ანექსიას უწოდებს, და ამბობენ, რომ ისინი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობას აპირებენ. საუბარია ე.წ. ტაივანის მოდელზეც. რა იგულისხმება ამ მოდელში, ეს მსოფლიო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. საინტერესო ის არის, რას გულისხმობენ ამაში რუსეთის მმართველი წრეები. თუმცა აქ გასარკვევი არაფერია, რადგან ნათელია რუსეთის “მგზნებარე” დამოკიდებულება კონფლიქტურ რეგიონებთან. ეს დამოკიდებულება ამჯერად არაღიარებულების აღიარების სურვილში გამოიხატა. “კონფლიქტურ რეგიონებთან ძირითადი მიმართულებების აღიარება” - ეს არის საერთაშორისო ფრაზებით გალამაზებული სურვილი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა, რომელსაც “უფროსი ძმის” სტატუსი აღარ აქვს და, როგორც ჩანს, ენატრება.
ოფიციალური თბილისი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გამოხმაურებას მსოფლიო საზოგადოებრიობისგან ითხოვს. სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევტოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “ადეკვატურად იქნება ამოქმედებული გარდა სხვა მექანიზმებისა ჩვენი დიპლომატიური ბერკეტები, რათა რუსეთის ამ პროვოკაციულ და აგრესიულ ნაბიჯს დავუპირისპიროთ ძალიან სერიოზული პოზიციები და კონკრეტული ქმედებები”.
რუს პოლიტიკოსებს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით სწორედ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც უნდა ჰქონდეთ დიდი იმპერიის მარადიულ მშენებლებს. ისინი ფიქრობენ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ნამდვილად სჭირდება რუსეთის დახმარება და გვერდში ამოდგომა. თუმცა ღიად ამას დოკუმენტის ჯერ დაუსრულებელ სახეს უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი არ მალავს, რომ, როგორც იქნა, დადგა დრო, როცა აფხაზებსა და ოსებს ექნებათ საშუალება - იცხოვრონ თავისუფლად.
რუსეთი აღიარებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, დაელოდოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის პრეზიდენტი არ იჩქარებს. დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა “ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა, რომ “ახლა არ უნდა იყოს საუკეთესო დრო რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად”.
ქართველმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ამ დოკუმენტს “ბრძოლისწინა ყიჟინა” უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, შესაძლოა, ხდებოდეს ჩვენი და დასავლეთის შესაშინებლად, რადგან ბევრი რამ, რაც ამ დოკუმენტში იგულისხმება, თვითონ რუსეთისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს.
სტრასბურგში კი რუსული დელეგაციის წევრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების გეგმებზე ღიად საუბრობენ. ასეთია რუსეთის პასუხი კოსოვოსა და ბუქარესტის სამიტზე. ქართულ-რუსული დებატები ოფიციალურად დღეს არის დაგეგმილი, გუშინ კი ევროსაბჭოს დერეფნებში ცხარე კამათი ისმოდა.
რუსეთის დელეგაციის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ ჯერ პირად საუბრებში, შემდეგ კი ღიად, ევროსაბჭოს წევრებთან, რუსთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების სქემა დასახა და ეს კოსოვოსა და ნატო-ს სამიტთან დააკავშირა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ვალდებულია, იზრუნოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
რუსეთის სათათბიროს დეპუტატის კონსტანტინე კოსაჩევის განცხადებით, მითვის გაუგებარია, როგორი შემადგენლობით აპირებს საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას: “ვფიქრობ, რომ ეს არ ესმით თვითონ ქართველებსაც”, -აღნიშნა მან.
ქართველი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთი ევროპას აშანტაჟებს და ამ უკანასკნელმა ეს არ უნდა დაუშვას. რუსეთის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა საქართველოს დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოში ელენე თევდორაძემ. მან, ერთგვარად, “აიძულა” ლეონიდ სლუცკი, შეერბილებინა თავისი ნათქვამი საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტების საკითხს გუშინ გვიან ღამით გაეროს უშიშროების საბჭოზე გენერალური მდივანი პან გი მუნი მოხსენებით გამოეხმაურა. მისი რეკომენდაციით გაერო-ს სადამკვირვებლო მისიას აფხაზეთის ზონაში 6 თვით კიდევ უნდა გაუგრძელდეს მანდატი, რადგან მისიის ძალისხმევით “რეგიონში ვითარება სტაბილური გახდა”.
პან გი მუნის აზრით, კოფლიქტის დასარეგულირებლად აუცილებელია საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა. “სტაბილიზაციის პერიოდს და კონფლიქტურ მხარეებს შირის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებდა კოდორის ხეობაში ცეცხლის შეწყვეტა. აუცილებელია ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ახლანდელუ პოზიციური ტენდენცია, მათ შირის იმ შეთანხმებული წესების მკაცრად დაცვა, რომლებიც უსაფრთხოების ზონაში ძალების განთავსებაზე შეზღუდვას შეეხება,”- აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში.
როდიდან შევა ეს დოკუმენტი ძალაში, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. ეს არის თემა, რომელიც მეტისმეტად მნიშვნელოვანია ყოველი ქართველისათვის და აქ ჩვენი დამარცხება, უბრალოდ რომ ვთქვათ, არ შეიძლება, არ უნდა დავუშვათ. ეს საკითხი არ უნდა გადაფაროს არც წინასაარჩევნო ციებ-ცხელებამ, რადგან რუსული ახალი პროექტის ერთი ნაწილის განხორციელება უკვე დაიწყო - სოხუმში რუსული ფინანსებით აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა იწყება.
|