|
იქნება თუ არა ოპოზიცია ერთსულოვანი არჩევნების ბოიკოტირების საკითხში
21 მაისის საპარლამენტო არჩევნებმა გაოცებული დატოვა პოზიციაც და ოპოზიციაც. პოზიცია ანუ “ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ, რომ ისინი, ალბათ, არ ელოდნენ ამომრჩევლის ამხელა მხარდაჭერას, ან “გაყალბების მექანიზმის”, როგორც ამას მათი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, ასეთი წარმატებით მუშაობას. ხუმრობა საქმე ხომ არ არის 150 კაციან პარლამენტში 119 დეპუტატის გაყვანა. ხოლო ოპოზიციას კი, უდაოდ გააოცებდა ის ფაქტი, რომ მათი “თავდადება, შიმშილობა, ხალხის დაკვეთის შესასრულებლად სასიკვდილოდ თავის გადადება”, სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი ახალ პარლამენტში უმრავლესობის შექმნისათვის. უფრო მეტიც, ბოლო დროინდელი პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ კონსტრუქციულ და დესტრუქციულ ძალებს შორის დიდი ზღვარია. “გაერთიანებული ოპოზიციას” ხელისუფლება დღემდე დესტრუქციულ ძალად თვლის, ხოლო ის ვინც შედარებით კონსტრუქციულია, სულაც არ სჭირდება პოლიტიკური მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორია, და თუ იღბალიც არ გიღალატებთ, პარლამენტში დასაყრდენი ძალა მუდამ გეყოლებათ... არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ ოპოზიციური პარტიები მშვიდ ვითარებაში განაგრძობენ მუშაობას, ისინი არ გამოირჩევიან აქტივბით, არადა სეირების მოყვარული ამომრჩეველი ამას ძალიან მიეჩვია. ნუთუ არაფერი მოხდება? ეს კითხვა უკვე ბევრჯერ დაისვა. უნდა ველოდოთ თუ არა სამოქალაქო დაპირისპირებას, მითუმეტეს მაშინ, როცა მიღებული შედეგების მიუხედავად, ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვანია პარლამენტის ბოიკოტირების საკითხში.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გია თორთლაძის განცხადებით, გიორგი თარგამაძის “ქრისტიან დემოკრატებიას” და “ლეიბორისტული პარტიის” პოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით გამოკვეთილი არ არის.
თორთლაძის განცხადებით, თუ მოხდება პარლამენტის ბოიკოტირება, ამაში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
“ამჟამად ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით, ისე სხვა პარტიებთანაც”,-განაცხადა თორთლაძემ.
გუშინ გადაცემა “პრაიმთაიმში” გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ გეგმა ოპოზიციის პარლამენტში არშესვლის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან სერიოზულად იხილება. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით კი, ოპოზიციის შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვას.
დავით უსუფაშვილმა ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტია” ამ ძალების ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისივე მტკიცებით, “რესპუბლიკური პარტია” იმოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს. თარგამაძემ ბოიკოტირების თემას საქართველოს პირობებში უპერსპექტივო უწოდა. მანვე არ გამორიცხა, რომ “ქრისტიან-დემოკრატებმა” 26 მაისისთვის დაგეგმილ ოპოზიციური პარტიების შეკრებაში მონაწილეობა მიიღონ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ექვსი პარტიის ლიდერებმა პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით თანხმობა გამოთქვეს.
როგორც “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, გუშინ საღამოს შედგა გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას (“პარტია თავისუფლება”), კობა დავითაშვილისა (ხალხის პარტია) და ზვიად ძიძიგურის (კონსერვატორები) გარდა, გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
“მათ ცალსახად გამოთქვეს პოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. ბოიკოტირება რომ შედგეს, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის თანხმობაა საჭირო”,- განმარტა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ელოდებიან რეგიონებიდან გამსახურდიასა და დავითაშვილის ჩამოსვლას და მათი მონაწილეობით საბჭოს შეკრებას.
ბაღათურიას ინფორმაციით, კონსულტაციები “ლეიბორისტებთან” და “ქრისტიან დემოკრატებთან” მიმდინარეობს.
“იმედი მაქვს, რომ ეს პარტიები დაეთანხმებიან ბოიკოტირებას, ვინაიდან მტკიცე უარი არ დაუფიქსირებიათ. სწორედ ახლა გაირკვევა, ვინ საით არის და ვინ რა გზას ადგას. ჩვენ ბოიკოტირებით საქართველოსა და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ საქართველოს კრიმინალური, ერთპარტიული რეჟიმი მართავს”,-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
პარლამნტის ბოიკოტირების იდეას ეთანხმება “რესპუბლიკური პარტიაც”. ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია” პარლამენტში უფრო მეტი წევრით რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ბოიკოტთან დაკავშირებით საუბრების ლიდერიც იქნებოდა. თუმცა, ვინაიდან პარტიას პარლამენტში მხოლოდ ორი წევრი ეყოლება, ლიდერები სხვა პარტიები უნდა იყვნენ, სავარაუდოდ, ეროვნული საბჭო.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, “რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევს, რომ 21 მაისის არჩევნების შედეგების ცნობა არ შეიძლება, მაგრამ ყველა პარტია თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია.
“მე არ ვარ მომხრე ვინმე, ვინც ამას არ გააკეთებს, მოღალატედ გამოვაცხადოთ, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ყველამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. “რესპუბლიკელებისთვის” ეს მომენტი იოლი გადასაწყვეტია, სხვებისთვის, შეიძლება, უფრო რთული, მაგრამ აქ გაირკვევა, ვინ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” ოპოზიციური პარტიის ყველა შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, იგი არასოდეს არავის მოუწოდებს ძალადობისკენ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 მაისის არჩევნებით, თავის საეჭვო ლეგიტიმაციას ვერაფერი შემატა, პირიქით, შევარდნაძისა და აბაშიძის დონის გაყალბებით არის მოსული საკონსტიტუციო უმრავლესობით.
ბერძენიშვილის აზრით, საქართველოში ხელისუფლება გაყოფილია და პარლამენტის საქმეებზე საუბარი პრეზიდენტის საქმე არ არის.
მისი შეფასებით, ის, რაც სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა განაცხადაოს.
“კონსტიტუციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის უფროსი არაა. პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ მიიღებს ეს სააკაშვილის გადასაწყვეტი არ არის”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები არაადეკვატურია, რაც იმას მიუთითებს, რომ იგი ვერ ფლობს სიტუაციას და არ იცის რა ხდება მის ქვეყანაში.
“მთელ საქართველოსაც რომ მხარი დაეჭირა, ჭკვიანი კაცი მომავალ პარლამენტს ცოტა სხვანაირად დააკომპლექტებდა, მაგრამ ეს მისი საქმეა”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინწინ გვიან ღამით განაცხადა, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით არსებობს შესაძლებლობა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. მისი თქმით, ასეც რომ იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდება, მით უმეტეს ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.
პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტს იმ შემთხევაში აქვს აზრი, თუ ამ გადაწყვეტილებას ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მიიღებს. ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
“პირველ რიგში ეს კონსულტაციები ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით უნდა მოხდეს, რადგან აქ სხვადასხვა პოლიტიკური ძალაა გაერთიანებული და ჩვენი ლიდერების უმეტესობა სხვადასხვა რაიონებში და ოლქებში იყრიდნენ კენჭს, ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ძირითად ნაწილთან კონსულტაციები უკვე გავლილია”, - აღნიშნა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, კონსულტაციები ასევე მიმდინარეობს “ლეიბორისტულ” და “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიების წარმომადგენლებთან.
“მეორე მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ საზოგადოება დავიყენოთ გვერდით. 26 მაისს, 10:00 საათზე სპორტის სასახლესთან აქცია ჩატარდება, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოვა, ისინი ვინც ამ არჩევნების შედეგებს ცნობენ და შემდეგ, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ”, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ არჩევნების შედეგები ვერ დაამტკიცოს და საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხელმეორედ ჩატარდეს.
“ამ არჩევნებმა გაყალბების მასშტაბით, ბევრად გადააჭარბა საპრეზიდენტო არჩევნებს, მუქარის, ტერორის, შანტაჟის და დაშინების არნახულ ფონზე რადგან მიმდინარეობდა”, - განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა.
მისი შეფასებით, ნაკლებად სარწმუნოა ის პირობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განუხორციელობლობასთან დაკავშირებით იძლევა.
ნაჭყებია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი, როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე მოირგებს კონსტიტუციას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. იგი საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის იმ მოდელად გადააქცევს, სადაც მთავრობას, პრემიერ მინისტრს ბევრად მეტი უფლებები ექნება.
“ჩვენ მივდივართ რუსული გზით, არც რუსეთია დემოკრატიის შუქურა და არც საქართველო. ორივე ქვეყანაში ჩვეულებრივი ანტიდემოკრატიული რეჟიმებია. ერთადერთი განსხვავებით, ასეთი თუ ისეთი გზით, რუსეთი ეკონომიკურად მართლა ვითარდება, საქართველო მხოლოდ ინგრევა და იშლება და არანაირი წარმატება არა აქვს”, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
ხათუნა შუბითიძე
|