|
ოპოზიციის საბედისწერო შეცდომები თენგიზ სიგუას აზრით
ყოფილი პრემიერისთვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თენგიზ სიგუა მიიჩნევს, რომ გადამწყვეტ მომენტში ოპოზიციამ საბედისწერო შეცდომები დაუშვა. ამან კი მხოლოდ “ნაცმოძრაობის” გამარჯვებას კი არა, ეროვნული მუხტის მინავლებასაც შეუწყო ხელი. თენგიზ სიგუა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კინკლაობა მშვიდობიანად, დაპირისპირების გარეშე დამთავრდება. - ველოდი, რომ “ნაცმოძროაბა” უმრავლესობით მოვიდოდა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ექნებოდა, არ მეგონა. ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგალითად, როცა ხელისუფლებას 16-პუნქტიანი მემორანდუმი წარუდგინა. ეს შეცდომა ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა, დრო გაწელა და ერთი თვე პატიმრების გათავსუფლებაზე მსჯელობას მოანდომა. რა აუცილებელი იყო ამაზე დავა? იმაზე უნდა ეზრუნათ, რამენაირად ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და პატიმრებს მეორე დღესვე გაათავისუფლებდნენ. ამასობაში კი, ყურადღების მიღმა ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები დარჩა, როგორიცაა მედიის თავისუფლება, კონსტიტუციაში შესწორებების არშეტანა და საარჩევნო ადმინისტრაცია. ესეც ხელისუფლებამ სათავისოდ კარგად გამოიყენა - კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა და 75 მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ჯიბეში ჩაიდო.
სხვათა შორის, ამბობდნენ, კომისიებში წარმომადგენლები გვყავს და ხმების დაცვას შევძლებთო. - მართალია, კომისიის წევრები ჰყავდათ, რაც კონტროლის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე “ნაცმოძრაობის” ხალხი იყო. ახლანდელ არჩევნებზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ საპრეზიდენტოზე ოპოზიცია ბევრმა წარმომადგენელმა, უბრალოდ, გაყიდა და ისეთ ოქმებზე მოაწერა ხელი, რომლებზეც არ უნდა მოეწერა. ცნობილია, არჩევნებს ის იგებს, ვინც ხმებს ითვლის. ამიტომ, ოპოზიციის მხრიდან ძირითადი ყურდაღება საარჩევნო ადმინისტრაციაზე უნდა ყოფილიყო გადატანილი.
ოპოზიციამ ეს ყველაფერი რატომ ვერ გათვალა? - არ ვიცი. ისიც შეცდომა იყო, რომ ოპოზიცია გადამწყვეტ მომენტში დაიქსაქსა. ხალხი იმან გააღიზიანა, რომ მათ ერთმანეთის გაქილიკება დაიწყეს. მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ. რამდენიმე ოლქში “ნაცმოძრაობის” გამარჯვებულმა კანდიდატმა 40% აიღო და ეს ადასტურებს, ამ ოლქებში მხოლოდ ერთ ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატს რომ ებრძოლა, ოპოზიცია გაიმარჯვებდა. ასე მოხდებოდა, მაგალითად, გლდანში, ნაძალადევში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, მესტიაში, ქუთაისში...
თუ ასეა, ერთმანეთს ხმები დავით გამყრელიძემ და ლევან ბერძენიშვილმა რატომ არ წაართვეს? - საპრეზიდენტო არჩევნებში, ვაკეში სააკაშვილმა დიდი მარცხი განიცადა. ახლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ვაკე მკვეთრად ოპოზიციური ოლქია. თან გამყრელიძემ კარგად იმუშავა, რასაც, ზოგადად, ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით. მათ იცოდნენ, რომ აგებდნენ და მხოლოდ იმისთვის უნდა ებრძოლათ, რამენაირად, 50 მანდატი აეღოთ და “ნაცმოძრაობას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყოლოდა. ეს ოპოზიციისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა.
უკმაყოფილო ხალხის ოპოზიციისადმი დამოკიდებულება, თქვენი აზრით, მხოლოდ შეცდომებმა შეცვალა? - დრო გავიდა და ხელისუფლებამაც ყველაფერი კარგად გათვალა, წინასაარჩევნო კამპანიაც ეფექტური ჰქონდა. არც ფინანსებთან დაკავშირებით ჰქონია პრობლემები, რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით. მმართველი პარტია აშკარად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, რაც არაკანონიერია, მაგრამ რატომღაც ამას ყურადღებას უცხოელებიც კი არ აქცევდნენ. ამასთანავე, აქტივობა 51% იყო. ოპოზიციის ბევრი მომხრე არჩევებზე არ მივიდა, მაშინ როცა “ნაციონალებმა” თავის მომხრეებს სრული მობილიზება გაუკეთეს. მოკლედ, სიმართლე ისაა, რომ “ნაცმოძრაობამ” საპარლამენტო არჩევნები, თავის სასარგებლოდ, ძალიან კარგად, ორგანიზებულად ჩაატარა.
თავდაპირველად მეჩვენებოდა, რომ ოპოზიციაც გაცილებით ორგანიზებული იყო, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაგრამ, საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა. ბევრი იყო მოსყიდვის ფაქტიც. გაჭირვებული ადამიანები 100-200 ლარად გაიყიდნენ...
ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ეს გადაწყვეტილება სწორია? - 30-მდე დეპუტატი მანდატს რომ არ იღებს, ეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს და დასავლეთში ცუდი რეზონანსი მოჰყვება, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით, ხელისუფლებას ვერაფერში მოედავებიან.
ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს? ხალხი აღლუმისკენ უნდა დაძრას? - ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ქუჩაში თავის ამომრჩეველს, ანუ დაახლოებით 300 ათას ადამიანს გამოიყვანს. მე კი ამის იმედი არ მაქვს. სოციოლოგების თქმით, იანვარში პიკის შემდეგ, ეროვნულმა ენერგიამ ვარდნა თებერვალ-მარტში დაიწყო და ასე უცებ ისევ პიკს ვერ მიაღწევს. მოკლედ, არ მგონია, ოპოზიციამ ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხის გამოყვანა შემოდგომამდე შეძლოს, თუმცა არ არის გამორიცხული, მიტინგზე 50 ათასამდე ადამიანი მივიდეს.
ოპოზიციას ხალხი იპოდრომიდან უნდა დაეძრა და არ დაეშალა? - იყო საშიშროება, რომ ხელისუფლებას იარაღი გამოეყენებინა, მაგრამ რატომღაც მგონია, 7 ნოემბრის მძიმე პრესის შემდეგ, ხელისუფლება ამას ვერ გაბედავდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მაშინ ხალხის დაშლა შეცდომა იყო. ახლა კი, 2-3 და, თუნდაც, 10 ათასი კაცით ხელისუფლებას ვეღარ შეაშინებენ. ვერც აღლუმს ჩაშლიან, რადგან ამ რაოდეობის ადამიანებს პოლიციაც ადვილად “მოერევა”. ხელისუფალთ კი, იცით, როგორი მიდგომა ექნებათ? - იდგნენ და იყაყანონ!
თუმცა, ბოლო დროს, პრეზიდენტი ოპოზიციის მიმართ გაცილებით გულმოწყალეა, მთავრობაში თანამდებობებსაც სთავაზობს... - ასე რადიკალურად განწყობილი ოპოზცია სააკაშვილს რაიმე თანამდებობაზე რომ დათანხმდეს, ეს თავის მოჭრა იქნება და მეტი არაფერი, მითუმეტეს, ახლა, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია.
არანაკლებ დაძაბულია საგარეო პოლიტიკაც. სხვათა შორის, ბევრს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობა წინასაარჩევნოდ ხელოვნურად დაიძაბა. - არ მგონია, რუსეთთან ურთიერთობა ხელოვნურად, არჩევნებისთვის დაძაბულიყო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დათვი არ გავაღვიძოთ. თბილისი კავკასიის დედაქალაქად აღიარებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყველა ცენტრალური კავკასიური ორგანო ყოველთვის აქ იყო, რომანოვების დროსაც და ბოლშევიკების მოსვლის შემდეგაც, ელცინმა ეს დამოკიდებულება შეცვალა და სწორედ იქედან დაიწყო ურთიერთობის დაძაბვა, რასაც ხელი ჩვენც შევუწყვეთ.
რას გულისხმობთ? - ბევრი შეცდომა დაუვუშვით. არ შეიძლება, ასეთი სახელმწფოს ლიდერს ლილიპუტინი ეძახო, 150-მილიონიან ერს კი შეურაცხყოფა მიაყენო, ფეკალურ მასასაც მიირთმევსო. გარდა ამისა, გაუგონარია, აფხაზეთში სამშვიდობო მისია დავაკისრეთ ქვეყანას, რომელმაც აფხაზეთი წაგვართვა. შევარდნაძის ეს უდიდესი შეცდომა რატომღაც დღემდე ვერ გამოსწორდა. ვერც ის მოვახერხეთ, დსთ-დან გამოვიდეთ და რუსეთის ჯარი გავიყვანოთ.
დამიჯერეთ, რუსული ჩექმა მოგვშორდება თუ არა, პრობლემას ადვილად გადავწყვეტთ.
გატყობთ, იმედი გაქვთ, რომ დეკემბერში მაპ-ს მივიღებთ? - დიახ. დიდი მხარდაჭერა გვაქვს. პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო ამერიკას ძალიან სჭირდება. სააკაშვილი კი ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც ვაშინგტონი ეუბნება. შევარდნაძე იმიტომ მოიშორეს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ორმაგ თამაშს თამაშობდა. სააკაშვილს კი, შეიძლება, ტაქტიკაში რაღაც შეცდომებს უშვებს, თორემ სტრატეგია აბსოლუტურად სწორად აქვს შერჩეული.
ამ ფონზე, რამდენად მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნები? - დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ, რომ ეს მუხტი დაიძაბოს. 4 წლის განმავლობაში სოციალური პროგრამა ხელისუფლებას მიგდებული ჰქონდა. ახლა პენსიების ზრდას, სოფლის მოძლიერებას გეგმავენ და ეს ხალხის განწყობაზე აუცილებლად იმოქმედებს. ვფიქრობ, ბევრი, ვინც აქამდე ოპოზიციურად აზროვნებდა, მმართველი პარტიის მხარეს გადავა. თუ ასეთი კეთილი ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ, მხარდამჭერების რაოდენობა გაეზრდება, მაგრამ გასაკრიტიკებელს ყოველთვის მოძებნიან და სწორიც იქნება. განსაკუთრებულად ჩასაფრებული კი ჟურნალისტები უნდა იყოთ, რომ ხელისუფლება ბაიყუშად არ იქცეს და არ განებივრდეს
|