ქართულ ბაზარზე იაფფასიანი ეგვიპტური კარტოფილი გამოჩნდა, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს ამ კულტურით მდიდარ ახალციხისა და წალკის რაიონებს. იმპორტული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფონზე ქართული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია. როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობაში სტაგნაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. აგროსექტორში არ მუშაობს სადაზღვევო სისტემა, არ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები და აქედან გამომდინარე, მას არც ბანკები წყალობენ.
რა მოხდება მომავალში და რა შანსები აქვთ ქართველ გლეხებს, არავინ იცის. მრავალი წლით ყველასგან მიტოვებული ქართული სოფლის მეურნეობა სადღაც, საწყის ეტაპზეა გაჩხერილი. ნახევრად მემარცხენე და ნახევრად მემარჯვენე ხელისუფლებას კი ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, დარგის ასაღორძინებლად რომელ გზას დაადგეს.
ბევრი სხვადასხვა მიზეზი და მოსაზრება პირველი
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული პროდუქტის არაკონკურენტუნარიანობა არასათანადოდ დაცულმა შიდა ბაზარმა, სანიტარიული კონტროლის არარსებობამ და არასწორმა საგადასახადო პოლიტიკამ განაპირობა. ნაწილი კი იმაშია დარწმუნებული, რომ მიწის არასწორი პრივატიზაცია, დარგის მიმართ არასწორი მიდგომები და ეკონომიკაში პოლიტიკის გააქტიურება იქცა აგროსექტორის განვითარებაში ხელისშემშლელ ფაქტორებად.
ყველა ამ პრობლემის მიზეზი, მათი აზრით, პირველ რიგში, არასათანადოდ დაცული შიდა ბაზარია. სანიტარიული კონტროლი არ არსებობს და ქვეყანაში გენმოდიფიცირებული, უვარგისი პროდუქტები შემოდის, რომელსაც იმპორტიორი ქვეყნები თავად არ მოიხმარენ. გარდა ამისა, არც საგადასახადო პოლიტიკა იცავს ადგილობრივ წარმოებას. ქვეყანაში არ არსებობს პროტექციონისტული პოლიტიკა. საჭირო არაა, გლეხებს 20 ლ. დიზელი დაურიგო. უმჯობესია, ეს სახსრები სამეწარმეო სექტორში განთავსდეს.
როგორც ჩანს, ყველა ამ მიზეზსაც თავისი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა. ხელისუფლება თითქმის, 10 წლის განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა იხსნიდა გაპარტახებულ დარგს და ზედმეტი ყურადღება საჭირო არ იყო. თუმცა, ბოლოს ვერც მაღალი ტექნოლოგიები მივიღეთ და ის მეცნიერული მიდგომებიც, რაც აქამდე არსებობდა თითქმის დავიწყებას მიეცა.
დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: ”მაღალი ტექნოლოგიები ყოველთვის იქნება მთავარი მიმართულება, მაგრამ ეკონომიკურად გაკოტრებული სექტორი ხელს ვერ შეუწყობს კონკურენტუნარიანობას. ადამიანებს სჭირდებათ კვება. ჩნდება ახალი ნიშა, რომელიც სოფლის მეურნეობამ უნდა დაიკავოს. იგი უნდა გახდეს პრიორიტეტი და ამისთვის, აუცილებელია მეცნიერული ცოდნის დანერგვა.
დღეს ამის უზარმაზარი პოტენციალი რუსეთს უჩნდება. იქ თანდათან შედიან უცხოური კომპანიები და აგროფირმების ფასი ნახევარ მილიარ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს პოტენციალი მას ვერ შეედრება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების და ცოდნის დანერგვით შესაძლებელია დარგის რეაბილიტაცია. ქართულ პროდუქციას აქვს პოტენციალი, რომ მან, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტმა, თავისი ნიშა დაიკავოს, მითუმეტეს, რომ მსოფლიოში ნორმალურ საკვებზე მოთხოვნა იზრდება.
ჩვენ გვაქვს ჩაის უნიკალური ჯიშები. მსოფლიოში ჩაიზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და ამ ფონზე, ქართული ჩაი მიმზიდველად გამოიყურება. ეს დარგი 15 წლის განმავლობაში აბსურდული მოსაზრებებით იყო მიტოვებული. ასევე, უპატრონოდაა მიტოვებული ხილ-კენკროვანი მცენარეები და საერთოდ, აგროსექტორი მთლიანად წარმოების გარეშეა დარჩენილი.
საკუთარი პოტენციალის გამოსაყენებლად ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე დარგის დოტაცია უნდა განახორციელოს. თვით აშშ და ევროკავშირი არ ერიდებოდა სუბსიდიების გაცემას. ევროკავშირს ამისთვის პრობლემებიც კი შეექმნა, მაგრამ მას უარი არ უთქვამს სუბსიდიების გაცემაზე. დღეს, როცა სიტუაცია გვკარნახობს, რომ უნდა გვქონდეს მძლავრი სექტორი, რადგან უახლოეს 10 წელიწადში აგროსექტორი იქნება მსოფლიოში ერთადერთი პრიორიტეტი, არ მესმის უარი რატომ უნდა ვთქვათ დარგის დახმარებაზე?”
ხელისუფლების მხრიდან დარგის დოტაცია, ან სუბსიდირება კი კამათის მთავარ მიზეზად იქცა თავად ექსპერტებს შორის. არა და, უსახსროდ დარჩენილ სოფელში, სადაც არც-ერთი საფინანსო ინსტიტუტი არ მუშაობს და აგროსექტორის დასაფინანსებლად კრედიტს არც ბანკები იძლევიან, არ მუშაობს სადაზღვევო სისტემა, მოაქალაქეები ხელშეწყობას ვერავისგან გრძნობენ. ამის მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველმა გლეხებმა გამოსავალი სხვაგან უნდა ეძებონ.
კიდევ რამდენიმე მიზეზი და მოსაზრება მეორე
არავითარი დოტაცია, არავითარი სუბსიდია და სახელმწიფოს მხრიდან არავითარი ჩარევა. გამყიდველი ყიდის, მყიდველი ყიდულობს და საერთოდ, ბაზარი თავად არეგულირებს ყველაფერს. ასეთია ახალი ეკონომიკური სკოლის ხედვები.
ის, რომ სოფლის მეურნეობა გასაჭირშია, რომ ქართულ ბაზარზე იმპორტი მძლავრობს, რომ გლეხი გასაღების ბაზარს ვერ პოულობს და მომხმარებელი ახალციხის კარტოფილს ეგვიპტურს ამჯობინებს, ტრაგედიად არ მიაჩნია ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელს, ეკონომიკის ექსპერტს პაატა შეშელიძეს:
”სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი პრობლემა მიწის პრივატიზაციის შეფერხება იყო. ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, თავისუფლად ევაჭრათ მიწებით. მიწები დღემდე დაყოფილია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებად. ერთიდან მეორეზე გადაყვანა კი უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, ანუ სახელმწიფო ჯერაც ერევა ამ საკითხებში.
რაც შეეხება მეორე მიზეზს, დღეს ბევრი ადამიანია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. საჭიროა, ისინი ჩართულნი იყვნენ წარმოებაში და არ იყვნენ მხოლოდ მიწაზე მიბმული. ამასაც ხელი შეუშალა იმან, რომ საწარმოთა განვითარება შეფერხდა. რაც შეეხება საგადასახადო სისტემას, სოფლის მეურნეობის დარგი განთავისუფლებულია ყველა გადასახადისგან და ამ მხრივ საწუწუნო არაფერია. ბაზრების მოპოვება კი უცებ არ ხდება და ეს კონკურენციის შედეგადაა შესაძლებელი. ის, რომ მომხმარებელი ქართულ პროდუქტს ეგვიპტურს არჩევს, ე.ი. ეს პროდუქტი რაღაც კომპონენტით სჯობნის ადგილობრივ პროდუქტს.
უაპელაციოდ, იმის მტკიცება, რომ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოდის, არასწორია. თუნდაც ასე იყოს, ესეც მომხმარებლის არჩევანია. თუ მომხმარებელი თანახმაა, ფასიდან გამომდინარე, შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქტი შეიძინოს, ამას ვერაფერს უზამ. ამიტომ, ქართველმა ფერმერებმა და გლეხებმა უნდა შეცვალონ სტრატეგია. თუ აქამდე არხეინად იყვნენ, ამიერიდან უნდა დახვეწონ წარმოება, ან სხვა საქმით დაკავდნენ. რატომ გვაქვს ჩაბეჭდილი, რომ ახალციხეში მხოლოდ კარტოფილი უნდა მოდიოდეს და კახეთში ყურძენი? ჩვენ რა ვალდებულები ვართ, რომ ბოლომდე ეს გადანაწილება შევინარჩუნოთ?
და ბოლოს, არ მიმაჩნია სწორად, დარგში რაიმე სახის დოტაციების და სუბსიდიების განხორციელება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ფული წარმატებულებს წავართვათ და წარუმატებლებს მივცეთ. რატომ? რაც შეეხება ევროპას, იქ მთავრობა ფულს სულ სხვა რამისთვის იხდიდა. ეს იყო წმინდა პოლიტიკური პროცესი _ ჭარბწარმოების გამო ფასები დაბლა რომ არ ჩამოსულიყო, ფულს წარმატებულ კომპანიებს წარმოების გასაჩერებლად უხდიდნენ.
ჩვენთან, ხელისუფლების მიერ დაწყებული იაფი სესხის პროგრამა კი, შეიძლება ითქვას, უდიდესი დანაშაულია ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ. მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენთან ეკონომიკა პოლიტიკასთანაა გადაჯაჭვული. დროა, ექსპერტებმაც აირჩიონ, ეკონომისტები არიან, თუ პოლიტიკოსები”.
მოკლედ, საქართველო რომ განვითარებული და ძლიერი ქვეყანა ყოფილიყო, ალბათ, ბევრს საკამათო ცოტა ექნებოდა შეშელიძესთან. დემურ გიორხელიძესაც მიაჩნია, რომ სოფლად არსებული კარჩაკეტილი მეურნეობები, სადაც გლეხი ქათმებსაც ზრდის, მიწასაც ამუშავებს და მესაქონლეობასაც მისდევს, არანორმალურია. ექსპერტის აზრით, უნდა მოხდეს დაყოფა, რადგან ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ მოერევა. თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა.
რეალურად, ქვეყანა, რომელიც სიღატაკის ჭაობშია ჩაფლული, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას საჭიროებს. პარლამენტის ეკონომიკისა და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკო ლეკიშვილს საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ საქართველოს ბაზარზე აზიური პროდუქტის მოჭარბების მიზეზებს სწორედ იმ ფაქტორებით ხსნის, რომ აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლება ფინანსურად ხელს უწყობს საკუთარ კომპანიებს. დარგების უმრავლესობა დოტაციაზეა და ეს უდიდეს სტიმულს აძლევს ამ კომპანიებს იმპორტის განხორციელებისთვის.
“ეს ქვეყნები გიჟები ნამდვილად არ არიან, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ამოცანა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაა. ჩვენ შეგვიძლია ადამიანები წყალში გადავისროლოთ და ვინც გადარჩება, გადარჩება, ხოლო დანარჩენები დასახრჩობად გავწიროთ. ვინ რას და როგორ ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნება, თუ იგი საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნებს. მე მირჩევნია, დავეხმაროთ ჩვენს სოფლის მეურნეობას, თორემ ქართული პროდუქტის ადგილს სხვა დაიკავებს და ეს ქვეყანას არ წაადგება”, - ამბობს ნიკო ლეკიშვილი.
ეკონომიკურად დაუცველი საზღვრები, არასათანადოდ დაუცველი შიდა ბაზრები, სანიტარული კონტროლის უმოქმედობა და საგადასახადო პოლიტიკა, ეს ის სამი ძირითადი მიზეზია, რომელიც დარგის განვითარებას ხელს უშლის. შესაბამისად, აღარც ის არის გასაკვირი, ქართულ ბაზარზე თურქულ და ირანულ კარტოფილს რატომ გამოუჩნდა ახალი კონკურენტი - ეგვიპტური კარტოფილი.

მომწყინდა პოლიტიკა=lol=
