|
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის შეხვედრასთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ შეხვედრა გაიმართა იმ სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან, რომელმაც აფხაზეთში ეთნიკური წმენდა ჩაატარა, რის შედეგადაც საქართველოს ამ რეგიონის ტერიტორია იძულებით დატოვა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ.
“დროა, რომ რუსეთის მხარის დეკლარაციული განცხადებები - საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების განზრახვის თაობაზე - რეალურ ქმედებებთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი”, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული მხარის გაოცებას იწვევს მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრა იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებლად.
“საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გულისხმობს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და არა - მის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას”, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება.
შეგახსენებთ, მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრა გუშინ კრემლში გაიმართა.
თავის მხრივ, რუსეთის მისწრაფებები დაგმო და გააკრიტიკა გერმანულ გაზეთ “ველტთან” საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
“საქართველო მხოლოდ დასაწყისია, ხვალ იქნება უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები და პოლონეთი. ფსონზე მთელი ევროპის უსაფრთხოება დევს, რომელიც “ცივი ომის” შემდეგ ჩამოყალიბდა. ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ ღირებულებებს იცავს. თუ ევროპა ამას არ გააკეთებს, ახალი კონფლიქტების უსასრულო რიგის დაწყების მომსწრენი გავხდებით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის გადანაწილების პოლიტიკას თამაშობს, რომელიც მეცხრამეტე სუკუნიდან მოდის და სახელმწიფოებრივ საზღვრებს არ აღიარებს.
სააკაშვილმა რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ მისწრაფებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
“მედვედევი მოაზროვნე პოლიტიკოსად მიმაჩნია. თუმცა, საქართველოსთან რუსეთის მიდგომის სქემა მისთვის ხელისუფლების გადაცემამდე დიდი ხნით ადრე შედგა”, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარე დავით ბაქრაძე კი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე მიღებული იქნება რამდენიმე ახალი კანონი, რომელიც გავლენას მოახდენს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და შეცვლის იქ არსებულ ვითარებას.
ბაქრაძეს მეტ კონკრეტიკაზე საჯაროდ საუბარი ჯერ საჭიროდ არ მიაჩნია, თუმცა აცხადებს, რომ ინიციტივები დაკავშირებული იქნება ეკონომიკურ საკითხებთან და აფხაზეთში უკანონო ინვესტიციებთან.
აღნიშნულ საკანონმდებლო მუშაობაში დავით ბაქრაძემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.
აღნიშნულ თემასთან მიმართებაში, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ჩვენ თვითონ”. დეპუტატი პაატა დავითაია პარლამენტის მიერ კონლიქტებთან მიმართებაში საერთაშორისო შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზისა და სეპარატისტული ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის ინიციტივით გამოდის.
ამის შესახებ დავითაიამ განცხადება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა ჩაატაროს კონფლიქტებთან დაკავშრებით არსებული იმ საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, მოსკოვის შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც სახელმწიფოს ინტერსებს ეწინააღმდეგება და ისინი უნდა შეჩერდეს.
რაც შეეხება სეპარატისტების ლიდერებს, როგორც დავითაია აცხადებს, მათ საქართველოს ტერიტორიაზე ძალაუფლება მიითვისეს, ახორციელებენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და ამიტომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები და საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდენ.
“მათ არ უნდა ჰქონდეთ საშულება, იარონ სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების კაბინეტებში”, - განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ მათი ადგილი საპატიმროებშია.
“ვალდებული ვარ, ეს ინიციატივები განვაცხადო, ვალდებული ვარ იმ მეგობრების წინაშე, ვინც ჩემს გვერდით დაეცა საბრძოლო მოქმედებების დროს, იმ ხალხის წინაშე, ვინც მოჰყვა ეთნოწმენდაში და ჩემი ოჯახის წევრების წინაშე, რომლებიც დასაფლავებულიც კი არ მყავს”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
ქართული მხარის ამგვარი რადიკალიზმის მიუხედავად, დღეს რუსული პრესა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებთან მის ალიანსზე ალაპარაკდა.
გავლენიანი რუსული გაზეთის “კომერსანტის” ინფორმაციით, თბილისმა მოსკოვს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარე დევნილთა დაბრუნებას მდინარე კოდორამდე, ანუ გალისა და ოჩამჩირის რაიონებში თანხმდება.
იმავე გეგმის თანახმად, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ფორმალურად შევა, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება თქვას, რომ ქვეყანა გააერთიანა, ყველაფერ ამის სანაცვლოდ კი, თბილისი ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის. ამასთან, ქართული მხარე მოსკოვს აფხაზეთის გავლენის სფეროებად გაყოფას სთავაზობს.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ საქართველო გაზეთ “კომერსანტში” გამოქვეყნებულ გეგმას ბოლო ორი თვის მანძილზე ყველა დონეზე აქტიურად ლობირებდა.
ამის შესახებ შამბამ სააგენტო “ვესტი - ჩრდილოეთ კავკასიასთან” საუბარში განაცხადა.
შამბას თქმით, აფხაზურ მხარეს ეს გეგმა არ მიუღია და ამას არც აპირებს.
“ჩვენი პოზიცია ცნობილია. ეს კეთდება არა ჩვენთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის, რომლის წინაშეც საქართველოს სურს, დემოკრატიულ და კონსტრუქციულ ქვეყანად წარმოჩინდეს. თბილისს იმედი აქვს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა, არ ეცოდინება რა დეტალები, საქართველოს პოზიციას მიიღებს. საქართველო ასეთ წინადადებებს აყენებს და მშვენივრად იცის, რომ ისინი ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხადა სერგეი შამბამ.
მისივე თქმით, აფხაზურ მხარეს ეს პროექტი ხელშიც კი არ აუღია, რამდენადაც ისეთ აბსურდულ წინადადებებს შეიცავს, რომ სოხუმი მათ განხილვასაც არ აპირებს.
შამბას შეფასებით, საქართველოს წინადადება, რომლითაც მას ავტონომიის შელამაზება სურს, ისეთი მახეა, რომელშიც მხოლოდ სრულიად მიამიტი შეიძლება გაებას. საქართველოს ამ გზით აფხაზეთში შეჭრის დაწყება სურს.
შამბა აღნიშნავს, რომ აფხაზეთი 1931 წლამდე მოკავშირე სახელმწიფო იყო და საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ შემდეგ შეიყვანეს.
“საბჭოთა კავშირში ერთადერთი ხალხი ვიყავით, ვინც ყოველ 10 წელიწადში, სტალინის დროსაც კი, ავტონომიასთან დაკავშირებით მასობრივ მღელვარებას იწყებდა და და სავსებით ნათელია, რომ ჩვენთვის ავტონომია მიუღებელია”, - განაცახდა შამბამ.
|