|
შეაყარე კედელს ცერცვი`... -ქართული ანდაზა
ეს მაშინ, როცა ჩვეული მოძრაობით კედელს მეათასედ შემაყარე, როცა წკაპა-წკუპით ძირს ჩამოვცვივდი, როცა ხელები ჰაერში აიქნიე ნიშნად იმისა, რომ კედელი გლუვია, ცერცვის მარცვალი კი ბრიყვი და სხმარტალა, როცა იფიქრე, რომ კედლისა და ცერცვის ამბავი ისე სანდოა, შეხედვაც კი აღარ სჭირდება, სწორედ მაშინ, როცა მშვიდად მიუბრუნდი ქარს და საზრუნავს, სწორედ მაშინ, ფესვი გავიდგი. სწორედ მაშინ დაუმთავრდა სიბერწე კედლს, ტანი გაუთბა და ნაპრალები შემომაშველა... რა უნდა მოსთხოვო ერთ გულუბრყვილო ცერცვის მარცვალს ხვიარად რომ დაბადებულა, დღენიადაგ საყრდენს რომ ეძებს და მზად არის, ვინც შეხვდება, გადაეხვიოს. რა უნდა მოსთხოვო მოულოდნელად გაღვიძებულ ცერცვის მარცვალს, როცა საკუთრი სიმწვანეც კი ისე აბრუებს, უგზო-უკვალოდ იფოთლება და მსხმოიარობს... და მაშინ, როცა მზეში ოქროსრქიან ვერძებს ვითვლიდი, შეყვარებულ ჭიამაიებს ვუწვდიდი ფოთლებს და ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულ ბებერ კდელს წყლის და მიწის ამბავს ვამცნობდი, როცა ვცდილობდი, ჩემს პაწაწინა ცერცვის გულში ახალ-ახალი სასწაულები აღმომეჩინა, გამომეხმო ყველა ზღაპარი, რასაც დედა გვიყვებოდა მე და ჩემს და-ძმებს გრილ და ნოტიო პარკში წოლისას, მაშინ, როცა მეგონა, თუკი მოვედი, ყველა ცოცხალ და მფეთქავ არსებას ჩემს სიყვარულში დავარწმუნებდი, სწორედ მაშინ, რატომღაც უკან მოიხედე და შეგეშინდა. ... როგორ გიმტყუნე, შენ ხომ ისე ალალად მენდე, მე კი ბრიყვულად დავარღვიე ათასწლოვანი სიტყვების ტაბუ შენ და შენს მოდგმას აკვანშიც რომ განუგეშებდათ, რასაც სწავლობდით მამიდან შვილზე, რასაც პაპების სიბრძნე ერქვა და დიდპაპების გამოცდილება. აბა, ჩემი გაღვიძება რად გჭირდებოდათ, სიმწვანე ხომ იმდენი გქონდათ, ცერცვის ერთი ყლორტი რა არის, ფეხქვეშ გეფინათ. ოდითგანვე, სხვადასხვა მარცვალს, თქვენც ანდობდით მიწის სველ და მხურვალე საშოს, მაგრამ კედელი უნდა მუდამ გულცივი და ყრუ ყოფილიყო, ცერცვის მარცვალს კი თავში ჭკუა უნდა ჰქონოდა და ბრმა კენჭივით ესხმარტალა მის ზედაპირზე... და მაშინ, როცა შენი შეშინებული ხელები დავინახე, და მაშინ, როცა ყელში ჩაფხრეწილ ბგერებს გაკვირვების ავი ბოღმაც ამოაყოლე, და მაშინ, როცა ძვლები გაგიცივდა და იმიტომ გამოიქეცი, რომ კედლიდან ჩემი ყველა კვალი მოგესპო, ვიდრე სხვები დამინახავდნენ, ათასწლოვანი ტაბუ იქნებ გადაგერჩინა, სწორედ მაშინ, ვიგრძენი, რომ შიშზე ძლიერი გრძნობაც არსებობს, შიშზე ვერაგი გრძნობაც არსებობს, შიშზე მარტივი გრძნობაც არსებობს, და შემეცოდე _ ავი ბოღმისთვის. შეშინებული ხელებისთვის. დამზრალ ძვლებისთვის. შემეცოდე, ცასაც ავხედე, და უფრო მეტად ავეკარი დაბზარულ კედელს, ტანი კეკლუცად შემოვხვიე, ქვებს გავუსწორე, ფოთლები განზე გავშალე და ჩუქურთმად ვიქეც...
ბელა ჩეკურიშვილი
|