მე ვფიქრობ ეს მასალა ყველას დააინტერესებს.
ფესტოსის დისკო _ კოლხური ოქროდამწერლობა
სამეცნიერო საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის _ საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი “ფესტოსის დისკოს” წარწერის ჩემს მიერ ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე სრულ გაშიფვრას.
1. “ფესტოსის დისკოს” ისტორია
1908 წ-ს იტალიელმა არქეოლოგმა ლ. პერნიემ “ფესტოსის დისკო” აღმოაჩინა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850_1600 წწ-ით. ამჟამად თიხის დისკო ინახება ირაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში.
1992 წ-ს ვლადიკავკაზში ნაპოვნი იქნა “ფესტოსის დისკოს” მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი, რომლის შესახებ ვლ. კუზნეცოვმა გამოაქვეყნა მეცნიერული გამოკვლევა: “კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა”.
ამ დრომდე იყო “ფესტოსის დისკოს” ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები ძველ ენებზე (მაგ.: ბერძნული დიალექტები, ხეთური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.).
დისკოს იკვლევდნენ მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები: სერ არ. ევანსი, ელ. კობერი, მ. ვენტრისი, ჯ. ჩედვიკი და სხვები.
ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ჰ. რ. ძებიშმა 1988 წ-ს ბუდაპეშტში, ეირენეს საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა პროტოქართულია. ის თავის წიგნში (“პელაზგური _ იბერიული ენა”) ამტკიცებს, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ, “პელაზგური ქართველურ ენათა დედაა”.
წინაბერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს გამოჩენილმა პროფესორებმა: ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან. მეიემ, ედ. შვიცერმა, ფ. შახერმეირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, ვლ. გეორგიევმა, აკ. ურუშაძემ, ედ. ფურნეემ, თ. გამყრელიძემ, რ. გორდეზიანმა, ზ. გამსახურდიამ და სხვებმა.
2. ჩემს მიერ “ფესტოსის დისკოს” წარწერის გაშიფვრის შედეგები
ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივედი შემდეგ დასკვნამდე:
I. კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირბის,” ანუ წერილ-ფირფიტის _ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა კოლხურია;
წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების დედაღვთაების კიბელეს ქურუმები _ კორიბანტები კოლხთაგანნი არიან და დამწერლობის _ კირბების შექმნა მიეწერებათ, ამბობს სტრაბონი (აკ. ურუშაძე).
კირბებზე ცნობა შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: კრატინემ, ლისიამ, პლატონმა, თეოპომპე ქიოსელმა, აპოლონიოს როდოსელმა, აპოლოდოროს ათენელმა, სტრაბონმა, პლუტარქემ და ა.შ.
II. დისკოზე დაბეჭდილი ნახატნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა”;
“კოლხური ოქროდამწერლობის” შესახებ ცნობები უმთავრესად შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: ევჰემეროსმა, ხარაქს პერგამონელმა, იოანე ანტიოქელმა და ევსტათეოსმა.
III. მისი ტექსტი წარმოადგენს საგალობელს _ “ნენანას”, რომელიც ეძღვნება პელაზგურ-კოლხურ დიდ დედაღვთაება ნანას.
მოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას”, როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (ეპისკოპოსი პორფირი უსპენსკი, 1877 წ.; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე; პროფ. დ. სუმბაძე).
P.შ. ზემოხსენებული გაშიფვრის შესახებ სიუჟეტები გავიდა ტელეკომპანიებში (“იმედი” _ 17.06.2006; “რუსთავი 2” და სსმ _ 25.12.2006). მეცნიერული ნაშრომი (რეზიუმე) გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულში (“ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი”, VIII ტ., თბილისი, 2006, გვ. 331-347) და სტატიები დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში (“ცისკარი”, #28; “ასავალ-დასავალი”, #46; “სარკე”, #51; “დიოსკურია”, #37, 2006). იხ: “რუსთავი 2”–ის სუჟეტი: auto
http://up.aqache.com/?act=download&st=4&f=3pEeMl8o37QD. უფრო დაწვრილებით დაინტერესებულ მკითხველს შეეძლება იხილოს ჩემს წიგნში, რომელიც, სპონსორის გამოძებნის შემთხვევაში გამოქვეყნდება ახლო მომავალში.
მათემატიკოსი გია დ. კვაშილავა auto
giakvashilava@yahoo.com