|
ვალერია ნოვოდვორსკაია - რუსული საზოგადოებრივი აზრი პუტინს ვერ და არ შეაჩერებს
"ჩვენ არასოდეს ვატყუებთ არც ხალხს, არც ხელისუფლებას, ბოროტებასთან კომპრომისზე არ მივდივართ, ჩვენ რუსეთის ჭეშმარიტი თავისუფლების მომხრეები ვართ, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია", - ამბობს ცნობილი რუსი დისიდენტი, პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარე ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელსაც მიმდინარე პროცესებზე გაზეთ "ყველა სიახლის" კორესპონდენტი ესაუბრა.
- საინტერესოა, როგორია რუსული საზოგადოების რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება? - სამწუხაროდ, დღეს რუსეთში ძალზე ცოტა ადამიანია ქართველთა მხარეს, რუსეთი იმპერიაა და აქ ჟირინოვსკის აზრებია პოპულარული, რადიოსადგურ "ეხო მოსკვისაც" კი არა აქვს სათანადო პოზიცია. ასე რომ, რუსული საზოგადოებრივი აზრი პუტინს ვერ და არ შეაჩერებს. - რუსული ინტელიგენციის პოზიციაც ასეთია? მას ხშირად უყვარს საუბარი საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე... - საქმე ის არის, რომ მათ შორისაც ჭეშმარიტი დემოკრატები ცოტანი არიან, რუსეთის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას და საბჭოთა კავშირის აღდგენაზეც კი ოცნებობენ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ცნობილი რუსი მწერალი, დისიდენტი სოლჟენიცინი ხელისუფლებას აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთთან მიერთებისკენ მოუწოდებდა. ინტელიგენციის დიდი ნაწილი ფეხდაფეხ დაჰყვება პუტინს, რომ მისგან რაიმეს გამორჩნენ. - დღეს ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეებს იცავს. - მაგრამ რატომ არავინ ჰკითხავს, საიდან გაჩნდნენ იქ რუსთეთის მოქალაქეები? ყველამ იცის, რომ იქ რუსულ პასპორტებს ჰუმანიტარული დახმარებასავით არიგებდნენ, სხვათა შორის, თავის დროზე ჰიტლერიც ასე საუბრობდა სუდეტელი გერმანელების დაცვის აუცილებლობაზე და ამ საბაბით შეიჭრა პოლონეთში, ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. - რუსეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ საკუთარი ინტერესები აქვს კავკასიის რეგიონში და ყველა გზით ეცდება აქ გავლენის შენარჩუნებას. - ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანას საკუთარი საზღვრების მიღმა არც უნდა ჰქონდეს ინტერესები, რუსეთი დიდხანს იყო იმპერია, იგი ვერავის მფარველი ვერ იქნება, ვერავის უპატრონებს და ვერც ლუკმა-პურით უზრუნველყოფს, მას მხოლოდ ბომბები მოაქვს. - რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა მატვეი განაპოლსკიმ ახლახანს, თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ რუსეთში რეალურად, ორხელისუფლებიანობაა - მედვედევისა და პუტინის, ეთანხმებით მას? - რა თქმა უნდა, არა. ქვეყნის მმართველი დღეს ვლადიმერ პუტინია, მედვედევი კი მისი ხელის ბიჭია. - თქვენი აზრით, ვინ ცდება უფრო ხშირად - ხალხი თუ პოლიტიკოსები? - პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ცდებიან, მოსავალს კი ხალხი იმკის, თუმცა, საზოგადოება ხშირად ინდიფერენტიზმისთვისაც ისჯება. დღეს აქ, რუსეთში ზოგიერთი "ცნობილი სახე" გაჰყვირის, რომ მზად არის, მოხალისედ წავიდეს საქართველოში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი არსად წამსვლელები არიან. - რატომ ვერ ეგუება ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი იმას, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, თვითონ გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი? - ჩვენი პოლიტიკისების დიდმა ნაწილმა ვერ დააღწია თავი დიდმპყრობელურ, იმპერიულ აზროვნებას, დღეს რუსეთის დუმაში, პარლამენტში არც ერთი დემოკრატიულად მოაზროვნე დეპუტატი არ არის, რაც ხალხის ნების გამოხატულებაცაა, მეტი რა გითხრათ! - თქვენი აზრით, როგორი იქნება დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროპის პოზიცია საქართველოს მოვლენებისადმი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდწილად არის მიბმული რუსეთზე? - ევროპამ დღეს საქმით უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისთვის ღირებული დემოკრატიული ფასეულობები მხოლოდ დასავლეთის ერთიანი ზეწოლა, მოკოვიდან ვიზების გაწვევა აიძულებს კრემლს, უკან დაიხიოს, შეჩერდეს, თუმცა, ჯერჯერობით ევროპა ფრთხილობს, აშშ კი აქტიურობს. - მაგრამ აშშ-მ თვითონ დაიწყო ომი ერაყსა და ავღანეთში გაეროს რეზოლუციის, მისი ნების გვერდის ავლით... - ის, რომ რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ამ ორგანიზაციას ხელს უშლის ქმედითი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამიტომ გადადგა მაშინ აშშ-მ ეს ნაბიჯიც. თუმცა, ცხადია, ამით რუსეთის დღევანდელი მოქმედების გამართლება, "შეფერადება" ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ასეთი მცდელობები იყო და მომავალშიც იქნება.
|