|
ნინო კომახიძე, ”ვერსია] “ნაციონალების” “რუხ კარდინალად” მონათლული ლევან რამიშვილი გამწვავებულ ქართულ-რუსულ კონფლიქტში საქართველოს ხელისუფლების შეცდომებს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს. თუმცა, “ვერსიასთან” საუბრისას, ცალსახად პროამერიკული განწყობით, ბევრ მინიშნებას აკეთებს დასავლეთის უმოქმედობაზე და მიიჩნევს, რომ აგრესორი ქვეყნის ნაბიჯებს ევროპის რამდენიმე ლიდერი საქართველოზე ბევრად მოუმზადებელი შეხვდა. რამდენად მოსალოდნელი იყო რუსეთისგან ამგვარი აგრესია? - ვფიქრობ, ეს სიურპრიზი არ ყოფილა არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს რუსეთის ისტორიაზე და, განსაკუთრებით მის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაზე, ხელმძღვანელობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, სიურპრიზი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ლიდერისთვის.
მაშინ რატომ შეხვდა საქართველო ასეთი მოუმზადებელი მეზობელი ქვეყნის აგრესიას? - მე მგონია, საქართველო, მაინც, საბოლოო ჯამში, მზად აღმოჩნდა იმისათვის, რომ რაღაც დონეზე მოეგერიებინა ეს შემოტევა. ამის შედეგია, რომ რუსეთმა საკუთარი ბლიც-კრიგი ბოლომდე ვერ განახორციელა, ვერ მოახერხა, თბილისის თავზე წითელი დროშა აეფრიალებინა. ანუ, ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდა იქამდე გაეწია წინააღმდეგობა რუსეთისთვის, სანამ დანარჩენი მსოფლიო გამოფხიზლდებოდა, რეალისტურად შეხედავდა, რა ხდება კავკასიაში და დაიწყებდა ადექვატურ მოქმედებას.
იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ჯარები მტერს უკუაგებდნენ, შემდეგ მოსკოვს აიღებდნენ და რუსეთს ურალისკენ დასახევ გზებს მოუჭრიდნენ, არა მგონია, ვინმეს ჰქონოდა. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს წლები ტყუილად არ დაკარგულა და ქართული შეიარაღებული ძალები შედგა. რა თქმა უნდა, რუსეთმა სამხედრო თვალსაზრისით, უპირეტესობა მოიპოვა, მაგრამ, ის, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი, სულ უფრო და უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ძალიან ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ის მოვიგეთ, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ. თუკი აქამდე ე.წ. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი შიდა პრობლემად განიხილებოდა, დღეს უკვე ყველა საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა, ჩვენი კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია და დასავლური სამშვიდობო ძალების შემოყვანა ამ რეგიონებში. დღეს მსოფლიოში, დაახლოებით, 80 მსგავსი კონფლიქტია და არსებობს იმის რეალური საშიშროება, საერთაშორისო დღის წესრიგში მეასეხარისხოვან საკითხად გადავიდეთ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე რეალურად დგას, აშშ-ში არჩევნებია და სანამ ახალი ადმინისტრაცია არ მოვა ძალაუფლების სათავეში, მანამ, ამერიკის მანევრების თავისუფლება ცოტათი შეზღუდულია.
თვლით, რომ ევროპამ რუსეთს ადექვატურად ვერ უპასუხა? - ეს არ არის პირველი შემთხვევა. გავიხსენოთ თუნდაც, უნგრეთის 1956 წლის აჯანყება, როცა მაშინდელმა ცივილიზებულმა სამყარომ სუეცის კრიზისის მოგვარება უფრო პრიორიტეტულად მიიჩნია. ხშირად თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხები მარტო დარჩენილან სხვადასხვა იმპერიების პირისპირ.
რაღაც თვალსაზრისით, რუსეთს ჰქონდა იმედი, რომ ახლაც რაიმე მსგავსი მოხდებოდა. ევროპა საკუთარი საზომით შეხედავდა რუსეთს და ექნებოდა მოლოდინი, რომ რუსეთი 21-ე საუკუნეში ბარბაროსობას არ ჩაიდენდა. შესაძლოა, ეს გულუბრყვილო დამოკიდებულება იყო, ან არც იყო და იმით იყო განპირობებული, რომ ევროპა რუსულ გაზსა და ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
სხვათაშორის, ჯერ კიდევ რეიგანი აფრთხილებდა დასავლეთ ევროპას, რომ ამ დამოკიდებულებას საფრთხის მოტანა შეეძლო ძველი კონტინენტის თავისუფლებისა და უსაფრთხობისთვის. დღეს, ევროპული სახელმწიფოები ვითარებას უფრო საღად უყურებენ, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ძნელია იმაზე საუაბრი, გრძელვადიანია თუ არა ის ცვლილებები, რაც ამ ყველაფრის შედეგად მოხდება.
ბატონმა პუტინმა აბსოლუტურად ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს, გეგმაზომიერადაა გათვლილი და კონკრეტულ მიზანს ისახავს. ამ ახალ რეალობას დასავლეთმა უნდა უპასუხოს ადექვატურად, სხვანაირად, მისი საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საფუძველი ერყევა უკვე ჩამოყალიბებულ საერთაშორისო წესრიგს.
თუკი დასავლეთს არ ძალუძს დაიცვას ის, რასაც თავად ქადაგებს, მაშინ გაცილებით დიდი კითხვის ნიშნები დადგება საქართველოს წინაშე. ფაქტია, აშშ ამ ყველაფერს უფრო სერიოზულად უყურებს. კამათი შეიძლება იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებს ამერიკა საკუთარი კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ სწორედ ამერიკა იყო, გადამწყვეტი დარტყმა რომ მიაყენა ბოროტების იმპერიას და დღესაც, ყველაზე ქმედით დახმარებას ჩვენი ქვეყანა სწორედ მისგან იღებს.
ალბათ, აშშ-ს ჰუმანიტარულ ტვირთს ჩამოყოლილ ჯარისკაცებს გულისხმობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ, ამჯერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას ნელ-ნელა ამერიკული ჯარი დაიკავებს? - ეს ნიშნავს სწორედ იმას, როგორც ეს რუსებს ესმით. ამის შემდეგ შეჩერდა რუსეთის აგრესია, მანამდე კი შეთანხმებამდეც და მას შემდეგაც ისე მოქმედებდა, როგორც თავად სურდა. აშშ-ს პრეზიდენტის საკმაოდ მკაცრმა განცხადებამ კი რუსეთი ერთგვარად გამოაფხიზლა.
საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ომი გაყიდულია. თქვენ თუ უშვებთ მსგავს ალბათობას? - მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ საჭიროა, ძალიან სერიოზული გამოძიება, ეხმარებოდა თუ არა ვინმე რუსეთს ამ დაბომბვების განხორციელებაში. საიდან ჰქონდა რუსეთს ეს ინფორმაცია, სად უნდა დაერტყა და სად არ უნდა დაერტყა? ეს საკმაოდ შემაშფოთებელი რამაა და, აუცილებლად, საჭიროებს გამოძიებას. შესაძლოა, ეს, უბრალოდ, ჩემი ეჭვებია, რომელსაც არ უდევს რეალური საფუძველი, მაგრამ გარკვული დაფიქრების საბაბს ეს უნდა იძლეოდეს.
ხომ არ გეჩვენებათ, რომსაქართველო, შესაძლოა, საშუალება იყოს რუსეთ-ამერიკის ხელში, ირანი კი - მიზანი? - რუსეთისთვის საქართველო, ირანთან მიმართებაში, არავითარ როლს არ ასრულებს. ის საფრთხეები, რაც ცივილიზებულ სამყაროს ემუქრება, თუკი ირანიდან მოდის, გაცილებით ადრე ჩვენამდე მოაღწევს, ვიდრე ვაშინგტონამდე, შარლ დე გოლის ცნობილი სიტყვები რომ გავიხსენოთ, ერთადერთი, რაც მუდმივია ისტორიაში, ეს არის გეოგრაფია.
ჩვენი მეზობლები არიან ისინი, ვინც არიან და ჩვენ გვჭირდება ძლიერი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა, რათა ვიყოთ დაცულები. სამწუხაროდ, ჩვენი ინტეგრაცია ყველაზე ძლიერ სტრუქტურაში, ნატო-ში ვერ მოხერხდა, მაგრამ როდესაც ნატო-ს წევრი გავხდებით, პარაზიტებად ნამდვილად არავის ვჭირდებით, რაღაც სანაცვლოდაც უნდა გავცეთ. საკმაოდ მარტივი და სამართლიანია, რომ ყველამ თავისი წვლილი უნდა გაიღოს გლობალური და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
რუსეთის ამგვარ აგრესიას ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება შეუძლია? - ვნახოთ, ვნახოთ. როცა ნატო იქმნებოდა, მისი მთავარი დანიშნულება იყო რუსული საფრთხის შეკავება, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და ამ შეკავების დოქტრინის ერთ-ერთი ავტორი, კენანი ამბობდა, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც სურს თავის მეზობლად ან მტრები, ან ვასალები. ჩვენი პრობლემაც ესაა, არ გვინდა ვიყოთ მტრები და არც იმას შევეგუებით, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს შეზღუდული. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპაცია დასრულდეს.
ჩვენდა სამწუხაროდ 6 აგვისტომდე, ევროპაში, ვერ მოვახერხეთ, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების სწორი აღქმა რომ ყოფილიყო ევროპას ვერ დავანახეთ, რომ ეს არის, რეალურად, საქართველოს დეკოლონიზაციის სურვილი.
რა მიგაჩნიათ ჩვენი ხელისუფლების არასწორ ნაბიჯად? - შეუმცდარი, ალბათ, არავინ არის. მგონია, უფრო მეტად პრინციპული უნდა ყოფილიყო ხელისუფლება, გარკვეული ნაბიჯები უფრო ადრე უნდა ყოფილიყო გადადგმული, მაგალითად, დსთ-დან გასვლა, ამ ფსევდოსამშვიდობო შეთანხმებების დემონსტრირება და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იმ სახელის დარქმევა, რაც ეკუთვნოდა. ამას ჩვენი სახელმწიფო არ აკეთებდა, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრები მუდმივად “გვირჩევდნენ”, არ გაგვეღიზიანებინა რუსები.
ალბათ, ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის საკადრო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებიც გამოჩნდა.თუნდაც, იმ არაერთ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ბრძანების გამცემი არ ჰყავდათ, რამაც ბევრი გამოუცდელი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. - დღეს ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან რეალურად რა როგორ იყო, საჭიროა, კარგად იქნას შესწავლილი. თუმცა, მთლიანობაში, ამ ინფორმაციის დეფიციტის პირობებში, მე, როგორც არაპროფესიონალი, ვფიქრობ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა რიცხვობრივ უპირატესობას, ამას დამატებული სრული დომინირება ჰაერში.
ამ ეტაპზე, ყველაზე ადექვატური და სწორი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან? - ვფიქრობ, საქართველომ კიდევ უფრო პრინციპული საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით და კიდევ უფრო ცხადად განუმარტოს თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს, თუ რა საფრთხეებთან და გამოწვევებთან უხდება შეჭიდება.
ამას კიდევ სჭირდება განმარტება? - როგორც რეკლამა არ არის არასდროს ზედმეტი, ასევე, ვფიქრობ, იმ ჩვენი წარსულიდან და მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც დაგვიგროვდა, არც ერთი წუთით არ უნდა მოვდუნდეთ, იქამდე სანამ, თუნდაც ერთი რუსული ჩექმა დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოვეშვათ და ჩავთავლოთ, რომ ევროპელებმა პასუხისმგებლობა აიღეს და ჩვენი საზრუნავი აღარაფერი არ არისო. როცა მოვდუნდებით, სწორედ მაშინ შეიძლება გაცილებით უარესი მოხდეს, ვიდრე აქამდე გამოვცადეთ.
|