|
გასულ საუკუნეში ერთმა გერმანელმა ოკულტისტმა იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა კავკასიაში ორმუზდული (სინათლისა და სიკეთის) და არიმანული (სიბნელისა და ბოროტების) ძალები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შეერკინებოდნენ. პირადად მე ოკულტიზმის დიდი მცოდნე არ გახლავართ, მაგრამ მოტანილი აზრი სამწუხაროდ სრულად აღსრულდა ბოლოს დროს საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებში. ცხინვალის რეგიონში ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო შენაერთებს შორის (რუსეთის სამხედრო ავიაციის მონაწილეობით), დასრულდა ქართული ნაწილების უკან დახევით და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის საგრძნობი ნაწილის ოკუპაციით მეზობელი ქვეყანათმპყრობელის (держава) მიერ, რაც დღემდე გრძელდება.
რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული ქართველი, რუსი თუ უცხოელი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების მიერ - ქართული სამხედრო შენარეთების თავდასხმა დამოუკიდებლობის მოსურნე სამხრეთ ოსეთზე და საქართველოს დასჯა ოსი სეპარატისტების მოკავშირე რუსეთის მიერ (ოფიციალური რუსეთის ვერსია, რომლისგან აღარფერი დარჩა და რომელსაც მხარი მხოლოდ ვენესუელამ, კუბამ, სირიამ და ”ჰესბოლამ” დაუჭირა);
რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს ოკუპაციის და ხელისუფლების დამხობის მიზნით (ქართული მხარის ვერსია, რომელიც ცივილიზებულმა მსოფლიომ გაიზიარა). მაგრამ, არსად თქმულა, ჩემი აზრით, მთავარი ვერსია - დღეს საქართველოს მიწაზე ერთმანეთს ევროატლანტიკური და ევრაზიული სივრცეები დაუპირისპირდნენ.
ეს კონფლიქტი გარდაუვალი იყო. ევროატლანტიკური სივრცე მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას არ ემყარება, მის მთავარ მახასიათებელს ღირებულებათა სისტემა წარმოადგენს, რომელსაც საფუძვლად თავისუფლების უზენაესი პრინციპი უდევს. ევრაზიული ერთობა, ევრაზიის იდეოლოგების იდეით - პან-ევრაზიული ზონა - წარმოადგენს უპირველესად სამხედრო-პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც არავითარი ღირებულებითი სისტემით არ არის კონსოლიდირებული, იგი მხოლოდ ევროატლანტიზმის მკვეთრი უარყოფის იდეით არის ნასაზრდოები.
პირველი რუსი ევრაზიელები (XX საუკუნის 20-იან წლებში) ევროპას დაუპირისპირდნენ და ევროპეიზმი, ევროპული ცივილიზაცია, კაცობრიობის მტრად გამოაცხადეს. თავანთი ანტიევროპელობის თანმიმდევრულობის დასადასტურებლად მათ უარყვეს კიევის რუსეთი (რომლის შექმნასაც, ევრაზიელთა აზრით, ევროპული ძირები ჰქონდა მისი მმართველი რიურიკების დროიდან და რომელსაც რუსული ტრადიციული ისტორიოგრაფია უკრაინას მუდამ ედავებოდა), როგორც რუსული სახელმწიფოებრიობის აკვანი და თავიანთ ისტორიულ წინამორბედებად (ან უკეთ, წინაპრებად) ხაზართა და ბოლგართა (ვოლგართა) სახანოები გამოაცხადეს.
დღეს ევროპეიზმი ჩანაცვლებულია ევროატლანტიზმით და, ბუნებრივია, რომ ნეოევრაზიელების ანტაგონიზმი ამ უკანასკნელზე გავრცელდა. ევრაზიული მსოფლომხედეველობით: ნაციონალურ-სახელმწიფო მოწყობა დღევანდელ მსოფლიოში გადადის გლობალურში; მსოფლიო პლანეტარული სახელმწიფოს შექმნის წინაშე დგას; ამ სახელმწიფოს ექნება ერთიანი უნიფიცირებული ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემა; გამომდინარე, გლობალიზაცია წარმოადგენს დასავლური (ანგლო-საქსური, ამერიკული) ცივილიზაციური მიდგომის უნივერსალიზაციას მთელი მსოფლიოსთვის; ეს არის განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, კონფესიური, ნაციონალურ-სახელწიფოებრივი მოწყობის, სოციალური-ეკონომიკური ასპექტების ხშირად ძალადობრივი მოქცევა ერთ ყალიბში.
კაცობრიობის ხსნა ერთპოლუსური ანუ ანგლო-საქსონური და ამერიკული ძალმომრეობისგან (გაუგებარია, რატომ არაფერია ნათქვამი გლობალიზაციის პროცესებთან მიერთებულ რომანულ, სკანდინავიურ, უგრო-ფინურ, აღმოსავლეთ სლავურ, ბერძნულ სამყაროზე) არის პან-ევრაზიული ზონის შექმნა. იგი მეოთხეა სხვა ზონებთან ერთად. ოთხი ზონის არსებობა კი არის მსოფლიო განვითარების ერთადერთი უალტერნატივო (!) გზა. ორიოდე სიტყვა დანარჩენი სამი ზონის შესახებ. ესენია: ანგლო-ამერიკული; ევრო-აფრიკული; აღმოსავლეთ წყნარი ოკეანიის ზონები (ნიშანდობლივია, რომ რუსული აზროვნება, პირველ რიგში, პოლიტიკური, ვერაფრით გასცდა ადამიანების, ერების, კონტინენტების ზონებში გადანაწილების პრინციპს).
ევრაზიელებმა ანგლო-ამერიკულ ზონაში გაამწესეს ჩრდილო-ამერიკული (ბრიტანეთითურთ), ცენტრალურ-ამერიკული, სამხრეთ-ამერიკული (ავსტრალია-ზელანდიითურთ) დიდი სივრცეები; ევრო-აფრიკული ზონა არგუნეს ევროპულ, არაბულ-ისლამურ, ტრანს-საჰარულ დიდ სივრცეებს; აღმოსავლეთ წყნარი ოკეანიის ზონაში კი განათავსეს ჩინეთის, იაპონიის, ახალი წყნარი ოკეანიის დიდი სივრცეები.
რაც შეეხება მეოთხე, ჩვენთვის უცილობლად საინტერესო ზონას. მისი სახელწოდებაა პან-ევრაზიული. მასში უნდა (!) შევიდნენ საკუთრივ რუსეთ-ევრაზიის, ისლამურ-კონტინენტური, ჰინდუს დიდი სივრცეები. ისლამურ-კონტინენტურ დიდ სივრცეში მოიაზრებიან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი (პატივცემულო მკითხველო. ევრაზიელებისეული მსოფლიო განაწილების ხილვისას ხომ არ გაგიჩნდა ჩაპლინისეული დიქტატორისა და დიდი ბურთი-გლობუსის ინტიმური სცენის ასოციაცია?).
გთხოვთ დააკვირდეთ - ოთხი ზონა და თითოეულში შემავალი სამ-სამი, სულ თორმეტი, დიდი სივრცე. სწორედ ეს გახლავთ ნეოევრაზიელების ”დიადი მიგნება” - წელიწადი (დედამიწა), მისი ოთხი დრო (ოთხი ზონა), თვეები (12 დიდი სივრცე). წელიწადის რომელი დრო ან თვე შეესაბამება ამა თუ იმ ზონასა თუ დიდ სივრცეს, ეს ალბათ ევრაზიულობის ”მისტიურ საიდუმლოს” წარმოადგენს.
რუს ევრაზიელებს გახელებული ვნება აქვთ მოძალებული, რომ სწორედ ამ ”ოთხი ზონის” იდეის სტრატეგიულ ასპექტებს შესწირონ საქართველო.
|