|
ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე (პირველი ნაწილი)
სიახლე — თავფურცელი 14:43 27.08.2008
ქართული პროპაგანდა ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ბრძანებულებით პრეზიდენტს შესაბამისი დეკრეტით მედიაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება შეეძლო. თუმცა, ლეგიტიმური საფუძვლის მიუხედავად, პრეზიდენტს მედია ფორმალურდ არ შეუზღუდავს.
იმას, თუ რატომ არ დაწესდა მედიის შეზღუდვა, ორგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. პირველი - მედიასაშუალებები თავად იცავდნენ საომარი მდგომარეობისთვის შესაფერის წესებს და მეორე - მედია იმდენად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რომ საომარი მდგომარეობის პროპაგანდის წარმართვისთვის დამატებით რაიმე ფორმალური შეზღუდვა აღარ ესაჭიროებოდა. თუმცა, პირველი ვარიანტის გამორიცხვაც შეიძლება, რადგან საცეცხლე ობიექტების კოორდინატების სატელევიზიო კორექტივებით განმეორებით იბომბებოდა ქართული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საავიაციო ქარხნის აეროდრომი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ფოთის პორტი და ა.შ.
ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავები საცეცხლე ობიექტებს დაუზიანებლად ტოვებდნენ, ტელევიზიები მაშინვე სიამაყით აცხადებდნენ, რომ ზიანი არ იყო და რუსეთის თავდასხმები მიზანს ვერ აღწევდა. ამით პროპაგანდის მანქანა მაყურებელს აჯერებდა, რომ რუსული არმია არც ისე ძლიერი იყო. მაგრამ, ამის შემდეგ თვითმფრინავები უკან ბრუნდებოდნენ და ტელევიზიებისთვის საამაყო აღარაფერი რჩებოდა. ცხადია, ტელეკომპანიებისთვის ”კოორდინატების დაზუსტება” პირდაპირ განზრახვას არ წარმოადგენდა, ეს უბრალოდ, პროპაგანდის ნაკლოვანი მხარე იყო.
ცხადია, რომ ასეთი პროპაგანდის გეგმა ომის დაწყებიდან ხუთ წუთში არ ცხვება. წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი არსებობის განმავლობაში არ ენდობოდა მედიას, საომარი მდგომარეობის დროს არ ეცდებოდა კანონიერად შეეზღუდა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პირობები, თუ მას სრულად არ აკონტროლებდა. საინფორმაციო პოლიტიკის უკან იგრძნობოდა მყარი გარანტიები, რომ ქართული მედია სამხედრო პროპაგანდის პირობებს განუხრელად დაიცავდა.
ომის დაწყებისთანავე გაითიშა რუსული ვებ-გვერდები, რომელიც პროპაგანდის სულისკვეთებას არ შეესატყვისებოდა, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის წყარო ავტორიტეტული იყო და ა. შ.
რუსული პროპაგანდა ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რუსული მედიის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზეც.
ვინ დაიწყო ომი 8 აგვისტოს შემდეგ ქართული მხარე ომის დაწყებას რუსულ მხარეს აბრალებდა, რუსული - ქართულს.
ახალ წელს ცხინვალში შეხვედრაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებით, ქართულმა მხარემ აშკარად პირველმა წამოიწყო საომარი რიტორიკა. 2004 წელს ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა ცხინვალზე იერიშიც მიიტანეს.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა განცხადებები საომარი მზადყოფნის შესახებ და სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. თუნდაც ეს ფაქტები საკმარის არგუმენტებს სთავაზობდა რუსულ მხარეს ომის დაწყების ბრალდებისგან თავის დასაცავად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს სამშვიდობოების (და არა მხოლოდ სამშვიდობოების) ფორმატში.
უფრო მეტიც, 8 აგვისტოს წინა პერიოდში ქართული საავადმყოფოები მოამარაგეს უფასო მედიკამენტებით და სისხლით. სასწრაფო დახმარების ექიმები უფასოდ გაატარეს გადაუდებელი დახმარების კურსებზე, რაც მანამდე 135 ლარი ღირდა.
ომის დაწყებამდე არაერთი სამხედრო და პოლიტიკური პირი აკეთებდა ერთმნიშვნელოვან მინიშნებას, რომ ცხინვალის კონფლიქტს ქართული არმია მალე წერტილს დაუსვამდა. 8 აგვისტოს ომი დაიწყო. პირველადაც და მეორედაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავდაჯერებული იყო, რომ სამხედრო გზით ამ კონფლიქტის მოგვარებას შესძლებდა.
ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, რომ წმინდა სამხედრო ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, რამდენად შესაბამისი იყო ასეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, თუ იგი სეპარატისტული დაჯგუფებების თავდასხმების აღსაკვეთად იქნა განხორციელებული. და ”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაც” ომის დაწყების შენიღბული ფორმა იყო, რაც ვერ ჩაჯდებოდა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან ფორმატში.
კონფლიქტის ისტორია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ცხინვალის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო. ავტონომიის ხელმძღვანელობა კი კრემლთან პარტნიორობას ამჯობინებდა. კრემლმა საბჭოთა კავშირის რღვევის ფონზე მომეტებული ქართული ნაციონალიზმი ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენა. სწორედ რუსული სამხედრო პოლკიდან დაიწყო ცხინვალელი მოქალაქეების შეიარაღება, რომლებიც სეპარატისტებად ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული.
რუსულ კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ გავლენაში მოქცეულ საბჭოეთის პერიფერიებს ვერ წარმოედგინათ ბოლშევიკური სოციალიზმის აღსასრული და კრემლს უფრო საიმედო პარტნიორად აღიქვამდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური ოსებისა და ქართველების დიდი ნაწილი რეგიონში შერეული ოჯახების სახით ცხოვრობდნენ, პოლიტიკური დაპირისპირება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქართული პრესა მრავლად ბეჭდავდა თეორიებს, რომ ოსები ცხინვალის ავტონომიის ტერიტორიაზე ავტოქთონური ერი არ იყო, რომ ისინი მხოლოდ ორიოდე ასეული წლის წინათ ჩამოსახლდნენ ჩრდილო ოსეთიდან და ა. შ. ოსები თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიას საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტად ოსურ ენაში არსებულ სამხრეთულ დიალექტს ასახელებდნენ, რაც არ შეიძლებოდა დროის ასე მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებულიყო.
ქართულმა მხარემ ეთნიკური ოსების დისკრიმინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწო. ჩემი თვალით მაქვს, ნანახი თეთრიწყაროს რაიონში ავტომატით დაცხრილული და დაცარიელებული ოსების სახლები, გაპარტახებული ნასახლარები საქართველოს სხვა კუთხეებში. ბაკურიანში მცხოვრები ოსები დღემდე ყვებიან შეიარაღებული ქართველების აგრესიაზე, თუ როგორ ყრიდნენ ავტობუსებში, სატვირთო მანქანების ძარებზე და ჩრდილო ოსეთში აძევებდნენ, მათ ქონებას კი ანიავებდნენ. ამ ადამიანებმა ოსურიც კი არ იცოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, კონფლიქტამდე თავი ჩვეულებრივი ქართველი მეგონა, ისეთივე, როგორც კახელია ან მეგრელიო, მაგრამ სატვირთო მანქანის ძარაზე შეაგდეს და ვლადიკავკაზში მიაბრძანეს.
მოგვიანებით, ვლადიკავკაზში ვნახე როგორ ცხოვრობდა ქალაქის პარკში, კარუსელის ფიცრულში ერთი ოსური ოჯახი. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ის ადამიანი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა იქ დაბრუნება, საიდანაც ასე დამამცირებლად გამოაძევეს. დისკრიმინაციის მოტივით, არაერთმა ეთნიკურმა ოსმა მოქალაქემ ითხოვა და მიიღო თავშესაფარი დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეთნიკური ოსებისთვის თავშესაფრის მინიჭება იმასაც ნიშნავდა, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის ეს პერიოდი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან არ აღიქმებოდა დემოკრატიულად, იმის მიუხედავად, რომ იგი დემოკრატიულად იყო არჩეული ქართველი ხალხის მიერ. თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა კი სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ ეპითეტად ფრაზა -”დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება” აქციეს.
ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი არაერთხელ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და აშკარად გამოჩნდა ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივები (სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეუწყო ხელი ჩიბიროვის ხელისუფლების გახანგრძლივებას). ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად მანკიერი ერგნეთის ბაზრობა საუკეთესო პოლიტიკურ იარაღად იქცა და ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ოსები იღებდნენ მატერიალურ შემოსავალს, ქართული ეკონომიკური სისტემა კი - გარკვეულ პრობლემებს. თუმცა, ამ ფონზე ეთნიკური უთანხმოებები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა.
სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველ რიგში ერგნეთის ბაზრობა დახურა, თუმცა, კონტრაბანდა გრძელდებოდა და მასში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ოსებმა დაკარგეს შემოსავლები და საქართველო მათთვის საერთოდ უსარგებლო გახდა. ამასთან, სააკაშვილის ჰუმანიტარული აგრესია, ფქვილის ჩატანა, რკინიგზის აღდგენა და სამხედრო რიტორიკა ოსებს აიძულებდა თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე ეფიქრათ.
სააკაშვილის ხელისუფლებამ არ დასაჯა არც ერთი დამნაშავე, რომლებსაც ეთნიკური ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. უფრო მეტიც, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოსთან რუსულ აგრესიას ქართულ საზოგადოებასთან ერთად აპროტესტებდა ის ადამიანიც, რომელმაც 1991 წელს ცხინვალის შემოგარენში ქალებით და ბავშვებით სავსე ავტობუსი ააფეთქა, რაც კონფლიქტის გაღვივების საბაბი გახდა.
ერთადერთი მშვიდობიანი პროექტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, სანაკოევის ადმინისტრაცია და ”კოკოითი ფანდარასტი” იყო, რომელიც ცხინვალის მმართველ პოლიტიკურ წრეებთან დაპირისპირებულ პირთა წრეს დაეფუძნა. თუმცა, ეს მშვიდობიანი აქციაც მხოლოდ დაპირისპირებას და მოწინააღმდეგე ოსური ნაწილის გამასხარავებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, არც სოფელ ქურთის აღმშენებლობა იყო აღქმული კონფლიქტის მოგვარების სიმბოლოდ ცხინვალის მოსახლეობის მხრიდან (სამწუხაროდ, ომის შემდეგ ყველაზე წარმატებული პროექტი ”კოკოითი ფანდარასტ”, ყოველგვარი ირონიის გარეშე, სანაკოევის ”ფანდარასტით” დამთავრდა).
სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ხოცავდა ქუჩებში, ახორციელებდა უკანონო დაპატიმრებებს, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციებს, ერეოდა მართლმსაჯულების სფეროში, ავიწროვებდა მედიას და, ფაქტობრივად, არ იცავდა ადამიანის უფლებებს, არანაირად მიმზიდველი არ აღმოჩნდა კონფლიქტური ზონის ოსი მოსახლეობისთვის.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებს იმაზე, რომ სეპარატისტები დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და რომ მათი თავისუფლების ხარისხი რუსეთზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეს შეზღუდულობის ხარისხიც, მაგრამ, აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი იბრძვის იარაღით ხელში და იბრძვის არა ქართველებთან ერთად, არამედ ქართველების წინააღმდეგ.
|