|
მურმან ლებანიძე ახალგაზრდობას
ეს გაუმარჯოს საქართველოს აწმყოს და მყობადს! ეს გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს! მე რომ შევძახო რუსთაველის პროსპექტზე ახლა, ვითომც მქონია ხელისგულზე გლეხკაცს მარილი, ვიცი, ღვინია-ხარებივით გამიჩერდებით...
მე ვენაცვალე - მაგ ამაყ კისრებს! მე ვენაცვალე - მაგ ლომურ ქედებს! მე ვენაცვალე - საცრისხელა მაგ ლამაზ თვალებს! მაგრამ, ხარებო, ღვინიებო და წიქარებო, მე ქვამარილი, საყვარლებო, ვინ მომაქვავა, გასწით, ხარებო, თქვენი გზა ნახეთ!
„კაფე-თესეო!“ ჩუ, გუგული გვარიგებს ტყიდან, გასწით ხარებო, ხელისგულზე ნუ მაკვირდებით! ნუ აყვირდებით, საყვარლებო, იყავით უტყვი! ვის რაში უნდა, საყვარლებო, უსაქმოდ სიტყვა, ან სიყვარული - ენის წვერზე დაკერებული!.. გასწით, ხარებო - თქვენი გზა ნახეთ!
თქვენს ამაყ კისრებს, თქვენს ლომურ ქედებს, თქვენ რომ გიყურებთ, მემატება ძალა და ღონე, ასე მგონია, მეც ხარი ვარ და ისიც ლომა! მაგრამ, ხარებო, გიშერებო და წიქარებო, მაინდამაინც ამ პროსპექტზე ვერ ვხედავ სახნავს, გასწით, ხარებო, რუსთაველზე ნუ მოგროვდებით!
ნუ დაადგებით - გაკვალულ ხნულებს! ნუ დააცხრებით - ცხოვრებას იოლს! ჩემი რჩევაა, საყვარლებო, მამულში გადით, აშენეთ დაბა-ქალაქები, ჩადექით ხნულში, ხალხის შვილები - ხალხადვე დარჩით!
ვინ მოგვიტანა აქამომდე ეს საქართველო გარეშე მგოსნის, მეფურ ღვაწლის, ზეგარდმო ნიჭის, თუ არა გლეხმა, ვინც საკუთრივ ჩაჰყარა ვაზი! თუ არა ხურომ, ვინც საკუთრივ გამოსწვა კირი! თუ არა კაცმა, ვინც საკუთრივ გაჭედა რკინა და ქალაქები გამოჰკვეთა იმ რკინით კლდეში!
არ განიყოფა სამამულო, სახალხო საქმე მცირედ და დიდად! დამიბრმავდეს ეს თვალი, ძმაო, თუ არ მიმაჩნდეს უუდიდეს საქვეყნო ლხინად, თუ არ მიმაჩნდეს - უზენაეს საქვეყნო ღვაწლად: სამშობლოს ოდებს მიუმატო ოდა-სართული. ორი ალვისხე დაუნთო სანთლად და ჭრელ კორტოხებს ძენი შენნი მოჰფინო ჯარად!
ახალგაზრდობა - ქედი ხარის და სიმხნე ხარის! იმედი ხვალის და პირველი სიმდიდრე ერის! ახალგაზრდობა - სიმაღლე ხალხის! ახალგაზრდობა - სიახლე ქვეყნის! ახალგაზრდობა ვერ აღავსებს იმედით ვისაც, დაღუპულია - იმისი საქმე!
- ეს გაუმარჯოს საქართველოს აწმყოს და მყობადს! - ეს გაუმარჯოს საქართველოს დიად მომავალს! მე რომ შევძახო რუსთაველის პროსპექტზე ახლა, ვიცი, ღვინია-ხარებივით გამიჩერდებით!
მე ვენაცვალე - მაგ ამაყ კისრებს! მე ვენაცვალე - მაგ ლომურ ქედებს! მე ვენაცვალე საცრისხელა მაგ ლამაზ თვალებს! გასწით, ხარებო, ღვინიებო და წიქარებო, გასწით ხარებო - თქვენი გზა ნახეთ!
|