|
ნატო” რუსეთს “ალყაში” აქცევს. მას მერე, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ, ფინეთის ყურეს უკვე ნატო აკონტროლებს, რუსეთის ბალტიის ფლოტიც, სანკტ-პეტერბურგთან ერთად, მთლიანად “ნატო-ს” ჯაჭვშია მოქცეული. ახლა, ჯერი შავ ზღვაზეა - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი, კარგა ხანია, ნატო-ს წევრები არიან, თუ მას საქართველო და უკრაინაც მიემატა, შავი ზღვაც “ნატო-ს ზღვა” ხდება, რუსეთს კი, მხოლოდ, 400-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი რჩება. ამ შემთხვევაში, პეტრე დიდის მიერ გაჭრილი საზღვაო ფანჯრები იხურება და მასთან ერთად, წერტილი ესმევა რუსეთის იმპერიულ ამბიციებსაც. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული რუსეთის “გიჟური” ქმედებები. საქართველოს ინტერვენციამ და ოკუპაციამ, საჰაერო და საზღვაო პორტების დაბომბვამ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. აღმოჩნდა, რომ არ იყო საკმარისი, ქართული არმიის მხოლოდ გაწვრთნა, მას საჰაერო და საზღვაო შემოტევებისგან თავდასაცავად, თანამედროვე იარაღი და გემები სჭირდება. სანამ ჩვენი მოკავშირეები ამ პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარებიან, ალბათ, ბევრი წყალი ჩაივლის, მანამდე კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემები თავს შავ ზღვაში იყრიან, რაც რუსეთს განსაკუთრებით აშფოთებს. 1 სექტემბერს, ევროკავშირის სამიტმა საქართველოს საკითხზე უნდა იმსჯელოს. როგორც ჩანს, ბებერი ევროპა ისევ ზოგადი მოწოდებებით შემოიფარგლება. ახლა მთელი იმედი “ნატო-სა” და აშშ-ზეა. იქნებ, დადგა დრო, მოვთხოვოთ მათ, სანამ ჩვენი არმიის ბრძოლისუნარიანობა აღდგება, გააკონტროლონ საქართველოს საზღვაო და საჰაერო სივრცე და ამით მაინც დაუჭირონ მხარი თავის სამხედრო მოკავშირეს. “ვერსიის” ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ნატო შავ ზღვაში თავის ხომალდებს 18-მდე გაზრდის. რუსეთს დღეისთვის, შავ ზღვაში დაახლოებით, 25 ბრძოლისუნარიანი გემი ჰყავს. რუსი ექსპერტების შეფასებით, შავი ზღვის ფლოტი სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდება ნატო-ს იმ “ჯგუფს”, რომლის ოფიციალური მისიაც საქართველოს მოსახლეობისთვის ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაა.
დღეს, შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების 10 ხომალდია: ესმინეცი “მაკფოლი” (აშშ), ფრეგატი “ტეილორი” (აშშ), სასაზღვრო კატერი “დალასი” (აშშ), ფრეგატი “გენერალ პულასკი” (პოლონეთი), ფრეგატი “ლიუბეკი” (ფრგ), “ადმირალი ხუან დე ბურბონი” (ესპანეთი) და თურქეთის ოთხი ხომალდი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შავ ზღვაში კიდევ 8 ხომალდის შემოსვლაა მოსალოდნელი, მათ შორის, აშშ-ს მეექვსე ფლოტის ფლაგმანი ესმინეცი “მაუნტ უიტნი”, რომელსაც სტრატეგიული ელექტრონული დაზვერვისა და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების მართვის სერიოზული საშუალებები გააჩნია. თურქეთის ხელისუფლებას სრუტეების გავლის ნებართვისთვის ამერიკულმა კრეისერმა “კაუპანსმა” უკვე მიმართა.
ახლა, რაც შეეხება შეიარაღებას: ესმინეცი “მაკფული” შეიარაღებულია ტორპედოს ორი მოწყობილობით, ორი, 20 მმ-იანი საარტილერიო დანადგარით, 54 მმ-იანი საზენიტო დანადგარით, ორი, 25 მმ-იანი ზარბაზნითა და ოთხი, 12,5 მმ-იანი ტყვიამფრქვევით. ესმინეცის ვერტიკალურ გამშვებ შახტებში განლაგებულია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო მართვადი რაკეტები “ასროკი”, საზენიტო რაკეტები “სტანდარტი” და ფრთოსანი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები “ტომოგავკი”, რომლებიც, შეიძლება, აღჭურვილი იყოს ატომური ქობინებით. ისინი ასევე, გამოიყენება სახმელეთო ობიექტების გასანადგურებლად.
ზოგიერთი ცნობით, “მაკფოლის” ბორტზე 50 “ტომოგავკია” და მათ სამიზნის 3 ათას კმ-ზე განადგურება შეუძლიათ. ნატო-ს სხვა ხომალდების შეიარაღებაში 64 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა “ჰარპუნი” და სხვადასხვა ტიპის 8 ვერტმფრენია. ფრეგატი “ტეილორი” აღჭურვილია რაკეტებით “ჰარპუნი” და საზენიტო რაკეტებით “სტანდარტი”. წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მას ჰყავს ორი ვერტმფრენი. სანაპირო დაცვის ხომალდი “დალასი” ასრულებს დამხმარე ხომალდის ფუნქციებს.
1971 წელს აშენებული ესმინეცი “მაუნტ უიტნი” სადესანტო-სამეთაურო ხომალდია, სუსტი თავდაცვითი შეიარაღებით. ეკიპაჟი 720 ადამიანისგან შედგება, აქვს ვერტმფრენის მოედანი. რაკეტული კრეისერი “კაუსპენსი” შეიარაღებულია მრავალმიზნიანი ავტომატური საზენიტო-რაკეტული კომპლექსით “იჯისი” და ფრთოსანი რაკეტებით “ტომოგავკი”.
რუსეთის გენერალური შტაბის თავმჯდომარის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი ნოგოვიცინის განცხადებით, ხომალდების მობილიზების მსგავსი სცენარი გამოიყენებოდა 1991 წელს, ერაყში, საომარი ოპერაციის - “გრიგალი უდაბნოში” მომზადებისას: “აშშ-ს აქვს ოპერაციის - “გრიგალი უდაბნოში” გამოცდილება, მაშინ ხდებოდა სამოქალაქო გემების გამოყენება სამხედრო ტვირთების გადასატანად”.
სოხუმის პორტში შევიდა ორი, რუსული, მცირე სასაზღვრო კატერი. რეიდზე დადგა სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი”. მთლიანად შავი ზღვის ფლოტი კი შედგება შემდეგი ხომალდებისგან: წყალზედა ხომალდების 30-ე დივიზიის მე-11 ბრიგადა - სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი”, დიდი ნავსაწინააღმდეგო გემი “ქერჩი”, “ოჩაკოვი”, სასაზღვრო გემი “სმეტლივიი”, “ლადნიი”, “პიტლივიი”. 197-ე ბრიგადის სადესანტო ხომალდები - “ნიკოლაი ფილჩენკოვი”, “ორსკი”, “სარატოვი”, “აზოვი”, “ნოვოჩერკასკი”, “ცეზარ კუნიკოვი” და “იამალი”.
წყალქვეშა ნავების 247-ე დივიზიონი შედგება დიზელის წყალქვეშა ნავისგან “ალროსა” და “ბ-380” (რომელიც ამჟამად რემონტშია).
წყლის დაცვის 68-ე ბრიგადაში შედის მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდების მე-400 დივიზიონი: “ალექსანდროვეცი”, “ვლადიმირეცი”, “მურომეცი” და “სუზდალეცი” და 418-ე დივიზიის 4 ხომალდი.
რაკეტული კატერების 41-ე ბრიგადაში შედის 66-ე ნოვოროსიისკის დივიზიონი: მცირე რაკეტული კატერები საჰაერო ბალიშზე “ბორა” და “სამუმი”. ასევე, მცირე რაკეტული კატერები “შტილი” და “მირაჟი”. ნოვოროსიისკის საზღვაო რაიონის 184-ე ბრიგადა - მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები “პოვორინო”, “ეისკი” და “კასიმოვი”.
როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, შავი ზღვის ხომალდების უმრავლესობა სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც, რუსული ფლოტისა და ნატო-ს 18-ხომალდიანი ჯგუფის ბრძოლისუნარიანობის შეფასებისას, აშკარა უპირატესობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხომალდების მხარესაა.
ადმირალი ნიკოლაი ორლოვი: “დღევანდელი შავი ზღვის ფლოტი პატარა რაზმია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის სამხრეთ საზღვარს იცავს, ესაა და ეს. 25 გემი, ეს რა ფლოტია? სამხრეთის დასაცავად ეს არასაკმარისია”.
საბრძოლო დავალებების შესრულება შეუძლიათ სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში მყოფ ხომალდებსაც პორტიდან გაუსვლელად (მათი უმრავლესობა მრავალი წელია, ზღვაში ტექნიკური მიზეზების გამო ვერ გადის), მაგრამ ამ შემთხვევაში, პირსზე მდგომი ხომალდები მტრისთვის შესანიშნავი სამიზნეა.
შავი ზღვის ფლოტის მთავარი დამრტყმელი ძალაა - სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი” და წყალქვეშა ნავი “ალროსა”, სარაკეტო ხომალდი “ბორა” და საპალუბო ვერტმფრენები “კა-27”.
“მოსკოვი” - ეს კომპლექს “ბაზალტის” (16 ფრთოსანი რაკეტა პ-500) გამშვები აპარატია, საზენიტო-რაკეტული კომპლექსი ს-300 “რიფი”, 2 გამშვები აპარატი “ზიფ-122”, საზენიტო რაკეტული კომპლექსი “ოსა-მა”, 1 ორლულიანი 130 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი, 2X5 533 მმ-იანი ტორპედული აპარატი და 1 ვერტმფრენი კა-27. შავი ზღვის ფლაგმანის ეკიპაჟი 510 კაცია.
დიზელის წყალქვეშა ნავი “ალროსა” შეიარაღებულია 6 533 მმ-იანი ტორპედული აპარატით და საზენიტო-რაკეტული კომპლექსით “იგლა”. სუბმარინის ჩაყვინთვის მაქსიმალური სიღრმეა 300 მეტრი. ეკიპაჟი 52 კაცი.
სარაკეტო ხომალდი საჰაერო ბალიშზე “ბორა”-ს ეკიპაჟი 68 ადამიანია. მას შეიარაღებაში გააჩნია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების - “მოსკიტი” გასაშვები მოწყობილობა (8 რაკეტა 3მ80), “ოსა-მ” (20 რაკეტა), 76 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი აკ-176 და 30 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი აკ-630.
შავი ზღვის ფლოტის იგორ კასატონოვის განცხადებით: “თუ ერთმანეთს შევადარებთ, მხოლოდ ხომალდებს, აშკარა უპირატესობა ნატო-ს მხარესაა, მაგრამ თუ საჭირო გახდება, რუსეთი ბრძოლაში ჩართავს შეიარაღების ყველა სახეს, მათ შორის - ავიაციას.”
|