|
ლუკაშენკომ ცხინვალისა და სოხუმის აღიარების სანაცვლოდ კრემლს მილიარდი დოლარი და გაზზე ფასის დაწევა მოსთხოვა 2008 წლის 13 09, შაბათი - 00:22
რუსული მედია-სივრცე ბოლო დროს პასპორტის თემას ძალიან აქტიურად განიხილავს, სამწუხაროდ, დანელიას ან მაიაკოვსკის “პასპორტს” კი არა, საქართველოსთვის და ახლო მომავალში შესაძლოა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წყევლად ან, როგორც რუსი ჟურნალისტი, უწოდებს, ვირუსად ქცეულ რუსულ პასპორტს განიხილავენ. მაშ ასე, “ფაქტი” გთავაზობთ ინტერნეტ პორტალის _ “იჟიდნევნაია გაზეტა. რუ~-ს ჟურნალისტების _ ბორის სუვარინის და ანტონ ორეხის სტატიას რუსულ პასპორტებზე. პირველს “პლატინის პასპორტი~, მეორეს კი _ “პასპორტი, როგორც ბაცილა” ეკუთვნის. ერთიც და მეორეც თვითირონიითა გაჟღენთილი, ასე რომ, სიამოვნებას ნამდვილად მიიღებთ, თუმცა ეს რუსული თვითირონია ჩვენთვის სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
პლატინის პასპორტები სამხრეთ ოსეთში 60 000 ადამიანი ცხოვრობს. რუსული პასპორტი თითქმის ყველას აქვს. ვინ და რატომ გასცა ამ პასპორტების გაცემის ბრძანება, დღემდე უცნობია. ასახელებენ, მაგრამ არსად იძახებენ _ ა.ს. ვოლოშინი სდუმს, რადგან არავინ არაფერს ეკითხება.
მოკლედ, რაც იყო, იყო, მაგრამ ოსებს, განსხვავებით სხვა, მოსკოვში მცხოვრები კავკასიელებისგან, ამ პასპორტის აღებაში ფული არ გადაუხდიათ.
პასპორტების მათთვის დარიგების სიამოვნებისთვის რუსეთმა გადაიხადა.
დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველ წელს დაახლოებით 100 მილიონ დოლარს, ანუ 2 500 000 000 რუბლს იღებდა. ამ თანხის არანაირი აღრიცხვა, რასაკვირველია, არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარება, რომ სწორედ ბატონი კოკოითი ხარჯავდა ფულს და, რა თქმა უნდა, თავისი ხალხის საჭიროებებზე, მათ ხომ არანაირი პრეტენზიები არ ჰქონიათ?! ხომ ასეა?!
აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის ერთ მაცხოვრებელზე რუსეთის ბიუჯეტიდან წელიწადში 1 500 დოლარი იხარჯებოდა. ეს იმდენივეა, რამდენიც, ვთქვათ, რუსული ბიუჯეტის გასავალი რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლთა საერთო რიცხვზე რომ გავყოთ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ, როგორც მე მესმის, გადასახადებს სამხრეთ ოსეთში ჩვენი ბიუჯეტისთვის არ კრეფდნენ.
შემდეგ იყო ომი.
საბრძოლო მოქმედებებზე, ოფიციალური შეფასებით, დაახლოებით, 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სამხრეთ ოსეთის აღდგენისათვის, ფედერაციის ფინანსთა მინისტრის კუდრინის პირველადი გამოთვლებით, კიდევ 500 მილიონია საჭირო.
ამბობენ, რომ ომის დღეებში, რუსეთის ოქროს მარაგი 16,5 მილიარდით შემცირდა, მათ შორის იყო ფული, რომელსაც ცენტრალური ბანკი რუბლის კატასტროფული დავარდნის გამო იყენებდა. კარგი, მე ამ ფულს პირდაპირ სამხრეთ ოსეთული პასპორტების ფასის დადგენაში არ გამოვიყენებ.
ახლა კი ახალი უბედურება დაიწყო _ სამხრეთ ოსეთის აღიარება.
აღიარა ნიკარაგუამ.
აი, ბელორუსიის მხრიდან აღიარებისათვის ამბობენ (და არა მტრები და რუსოფობები, არამედ სხვებიც) რომ ლუკაშენკომ მოითხოვა... არა, აღიარების სანაცვლოდ კი არა, “უბრალოდ ისე” ვალად 1 მილიარდი დოლარი და გაზზე ფასის დაწევა, რაც წელიწადში კიდევ 200 მილიონია.
სამხრეთ ოსეთის აღიარების რიგშია ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. უზბეკეთმა და ყაზახეთმა დაინდეს რუსეთის ბიუჯეტი და პირდაპირ უარი თქვეს აღიარებაზე, “ვაჭრობა აქ გამორიცხულია.”
მე არ ვკითხულობ, რატომ უგრეხს ხელებს რუსეთი მოკავშირეებს და იტრიალებს ჯიბეებს მოხარხარე მსოფლიოს თვალწინ და აყურებინებს მათ, როგორ ითვისებენ სხვა ქვეყნები “აღიარების ბიუჯეტს”? ვის ან რას უმტკიცებენ? _ ამის გაგება შეუძლებელია. ისღა დაგვრჩენია, თავი ვინუგეშოთ, რომ საშუალო გონებისთვის გაუგებარ დიპლომატიურ-მაგიური რიტუალის მოწმენი ვართ.
მაგრამ, დათვლა და ანგარიში ყოველთვის საინტერესოა.
მაშ ასე: 10 წლიანი და ხარჯი კოკითის შენახვისათვის (და რესპუბლიკის სხვა მაცხოვრებლებისათვის) _ 1 მილიარდი.
თავად ომი + აღდგენითი სამუშაოები _ 1 მილიარდი, მაგრამ ყველაზე ძვირი სამხრეთ ოსეთის აღიარება (უფრო სწორად, რუსეთის უფლება, დაარიგოს აღიარებები მათთვის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის) ნიკარაგუას მხრიდან, პროექტში კი მსოფლიო აზრის ისეთი ლიდერებიდან აღიარებაა, როგორიც არის ბელორუსია, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი...…ვთქვათ, ამათ, ყველას 4 მილიარდი.
ე.ი. ჩვენ უკვე 6 მილიარდი გვაქვს.
სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, შეგახსენებთ, 60 000-ია.
მოკლედ, თუ “აღიარების გეგმა” განხორციელდება, ერთი რუსული პასპორტის გაცემის უფლებისთვის რუსეთი, დაახლოებით, 100 000 დოლარს გადაიხდის.
არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე. აქედან გამომდინარე, ყირიმს რუსეთი არ დაიპყრობს, ასეთივე დათვლებით, ყირიმის მოსახლეობისათვის ფედერაციის პასპორტების დარიგებას რუსეთის ბიუჯეტი არ ეყოფა. იქ ხომ 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს! უფრო იაფად რუსული პასპორტების მიღებას ისინი არ დასთანხმდებიან, “ტაქსა” ხომ უკვე ცნობილია!
ეს მხოლოდ ისინი, ვინც რუსეთში დაიბადნენ, იღებენ და ატარებენ რუსულ პასპორტებს უსასყიდლოდ. დანარჩენები რუსეთს ასე იაფად არ ნებდებიან.
მაგრამ, უბრალო რუს გადასახადის გადამხდელოებს, არ აქვთ შურის საფუძველი. ბიუჯეტიდან ფული “სამხრეთ ოსეთის პასპორტებისთვის” უნდა ვეძებოთ არა თავად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჯიბეში, არამედ _ ორტეგას (ნიკარაგუას პრეზიდენტი), მოსკოველი გენერლებისა და იმ სამშენებლო ფირმების მფლობელთა ჯიბეში, რომლებიც კოკითსა და მის ნათესავებს მოსკოვთან ახლოს ფაზენდებს უშენებენ.
პასპორტი, როგორც ბაცილა საერთოდ, პასპორტი სასარგებლო რამეა. პასპორტის გარეშე არაფერი ხარ. პასპორტისგან საერთოდ მხოლოდ პლიუსებია და არანაირი უსიამოვნება, წესით, არ უნდა იყოს. მაგრამ, თურმე, პასპორტსაც გააჩნია. ჩვენი, რუსული პასპორტი, ამ დღეებში საშიშ ვირუსს გაუთანაბრდა, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. საერთოდ, ჩვენ საკუთარ პასპორტებს ასეთ რამეს ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ჩვენი მეზობლები მისი დანახვისას, როგორც ჩანს, პრაქტიკულად, პანიკაში ვარდებიან.
პირველად რუსულმა პასპორტმა თავი მოულოდნელად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამოიჩინა. იქ თითქმის შემთხვევით მოხვედრილი, ისეთი სისწრაფით გამრავლდა, რომ ამ რეგიონებში მთელი ეპიდემია, მეტიც, პანდემია გამოიწვია. გავიდა არცთუ დიდი დრო და ამ მხარეებში თითქმის ადამიანი არ დარჩა, რომელსაც ეს პასპორტი არ აქვს და აღმოჩნდა, რომ რუსული პასპორტი საოცრად უწყობს ხელს მის განვითარებას, ესკალაციას და გამწვავებას. სწორედ ასეთი პასპორტების მფლობელების დასაცავად ჩვენი ტანკები და ქვეითები მივლენ იქ და იძიებენ შურს, რომ დამნაშავეებს ყველა კბილი ჩამოუცვივდებათ.
ახლომდებარე ტერიტორიებმა აქეთ-იქით ყურება დაიწყეს, ხომ არ არის სადმე რუსული პასპორტები, რომლებსაც ასეთივე მოვლენების გამოწვევა შეუძლიათ? ძებნა მოკლე და შედეგიანი აღმოჩნდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ოგრიზკომ შეშფოთებულმა განაცხადა, რომ ყირიმში ძალას იკრებს საერთო რუსული პასპოტიზაცია. ყირიმელები რუსეთის მოქალაქეები ხდებიან. ლოგიკური ჯაჭვის მიგნება ადვილია. არსებობს დაუცხრომელი ლუჟკოვი, რომელიც ყირიმის დაბრუნებას მოითხოვს და უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერითა და ძალაუფლებით იღჭურვება. არის მედვედევი, რომელმაც საშინაო პოლიტიკის მთავარ პრინციპად ჩვენი მოქალაქეების, სადაც უნდა იყვნენ ისინი, დაცვა გამოაცხადა. და არის კიდევ აგვისტოს ჯერ კიდევ ცინცხალი ომი, რომლის დროსაც ასეთი დაცვის მეთოდები დამარწმუნებლად იყო დემონსტრირებული.
უსაფუძვლოა თუ არა უკრაინული შიში? როგორც ამ ეტაპზე ჩანს, კი. Iმიტომ, რომ ყირიმში მაღალი თანამდებობის პირებს რუსეთთან მიერთებაზე არაფერი უთქვამთ. ამ რეგიონს თითქმის არანაირი სეპარატისტული ნიშნები არ აქვს, გარდა ერთისა: მოსახლეობის დიდ ნაწილს მართლაც უნდა, “იყოს რუსეთთან”, მაგრამ ამის გამო ომისთვის, ოსებისა და აფხაზებისაგან განსხვავებით, მზად არ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ოგრიზკოს შიშს თვალები, უბრალოდ, დიდი აქვს, არის ადგილები, სადაც ეს შიში მართლა დიდია. ამ დღეებში არეულობა იყო ესტონელებში. ვიღაც ადგილობრივმა ესტონელმა, რომელსაც არანაირი ოფიციალური პოსტი არ უკავია და რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკია(!), დაწერა სტატია, რომ დე-რუსული ჯარები ესტონეთის საზღვართან იკრიბებიან, ამასთან სრულ საომარ მზადყოფნაში არიან. და ისევ პანიკა! ხალხი თვით ესტონეთის თავდაცვის მინისტრის უარყოფამაც კი არ დააწყნარა. რაც მართალიცაა: ჩვენი ჯარისკაცები იქ იდგნენ, მაგრამ რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკისთვის იმის გარკვევა, რამდენად საომარ მდგომარეობაში არიან ისინი, ცოტა ძნელია.
მაგრამ, საქმე ამაშიც არ არის. ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც საერთოდ არ აქვს მოქალაქეობა, შეზღუდული უფლებებით სარგებლობს, რუსული პასპორტების მიცემა მათთვის ისევე ადვილია, როგორც სამხრეთ ოსეთსა და ყირიმში. ესტონეთს რუსეთთან ცუდი ურთიერთობა აქვს, სპილენძის ჯარისკაცი და ესტონური საქონელი ჩვენ გვახსოვს. მაშ, რაშია საქმე?
და ამ დროს მოდის ფანტასტიური შეტყობინება, რომ ორი ესტონური ხუტორი (დასახლება) “ბურჟუაზიული ესტონეთისგან” დამოუკიდებლობას აცხადებს. აცოცხლებს ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აღადგინა 1977 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, დააკომპლექტა მთავრობა, სადაც შევიდნენ ორგანიზაცია “პეტერბურგისა და ლენობლასტის” წევრები. რით არ არის შეტევის პლაცდარმი? დავიცვათ ჯადოსნური პასპორტების მფლობელები, ვაღიაროთ ორი ხუტორის დამუკიდებლობა და შევიყვანოთ იქ მშვიდობისმყოფელები, შევქმნათ გზად უსაფრთხოების ბუფერული ზონები, ისევე, როგორც საქართველოში.
არა, რა თქმა უნდა, ეს ისტორია შეიძლება აღვიქვათ, როგორც ანეგდოტი და ასეც არის სინამდვილეში. არც ტერიტორიული, არც პოლიტიკური მიზეზები, დავესხათ თავს ესტონელებს, რუსეთს არ აქვს და არც _ გიჟი ხუტორელების ფრთის ქვეშ შეფარების მიზეზი. მით უფროი, რომ ომი ესტონეთთან ნიშნავს ომს ნატო-სთან, ეს უკვე სხვა თემაა, ვიდრე ცხინვალი. ყირიმთან ომიც კი ფანტასტიკა-სატირას მიღმაა. მაგრამ, ასეა ჩვენი გადასახედიდან, როგორ ჩანს, ეს ბარიკადის მეორე მხრიდან და მზად არიან თუ არა, დაიჯერონ ეს აფსურდი სხვა საკითხია _ არამარტო უკრაინელებმა, არამედ ესტონელებმაც.
მაგრამ, რა მიზეზით უნდა დავეცეთ ჩეხებსა და პოლონელებს? ტერიტორიული პრეტენზიები ფიზიკურად ვერ გვექნება. რუსულენოვანი მოსახლეობა იქ არ არის. პასპორტიზაციასაც ვერავისზე განვახორციელებთ. მაშ, რისთვის ათავსებენ ისინი თავისთან რაკეტსაწინააღმდეგო აღჭურვილობას? ირანისგან თავის დასაცავად ხომ არა? დიახ, ჩვენგან დასაცავად. აღმოსავლეთ ევროპაზე რუსეთის თავდასხმა შეუძლებელია, მაგრამ მათ ჩვენი ეშინიათ! აი, ასეთი შესანიშნავი პოლიტიკა გვაქვს და ასეთი შემრიგებლური ქცევები, რომ ხალხს წარმოუდგენელი რამეების გამო ეშინია და სულელურმა ანეგდოტმა სიცილის ნაცვლად შესაძლოა, ნერვიული კანკალი გამოიწვიოს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე საზღვარზე ჩვენს რუსულ პასპორტს დახედავენ როგორც საშიშ შტამპს.
|