შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მეც მინდოდა მქონოდა ულამაზესი სასახლე, და ულამაზესი, თოვლისდედოფლისნაირი მოსასხამი. განა ვარდების ბუჩქებზე ვოცნებობდი, (ვარდები ისედაც ყველგან იყო)... მაგრამ ეს ცრემლი, ეს მდუღარე, ეს ყველაფრისგამალღობელი, იდგა და მდარაჯობდა... და მეც ის შევიყვარე, რასაც ჩემგან ითხოვდნენ, და სულ ბოლოს მეც ვისწავლე მათებურად ტირილი, და დავგეშე ჩემი ცრემლები შენს წინააღმდეგ, და გაგანადგურე შენ, _ მშვენიერი და მედიდური, მაგრამ მაინც ყვავილზე სუსტი, და მორჩილად შევუერთდი ამ ვარდების მოტრფიალეთა ნაცრისფერ რიგებს, და ვისწავლე გამარჯვებულის მხარეზე ყოფნაც, და გავიზარდე.
როგორც მეცხვარის დიდი ქოფაკები, _ ჭკვიანები, უცხოსთან საშიშები, პატრონისთვის საიმედონი, ისე ვდარაჯობთ ერთმანეთის სიმარტოვეს... სულ ეს არის სიყვარული. მაგრამ სხვებს უკვირთ, და მეც მიკვირს ხოლმე ხანდახან
მე რომ ბუზი ვიყო, დავიძინებდი ამ ზაფხულში, ამ ხმაურში და სიმხურვალეში. ვიძინებდი მთელ შემოდგომას, დაველოდებოდი, როდის მოიხურავდა კარს ამ სახლის ყველაზე ბოლო ბინადარიც. და ზამთარში, როცა თოვლს ჩამოყრიდა, როცა ეზოში არ იქნებოდა არც ერთი ნაფეხური, როცა ზამთრის სუსტი მზის სხივები ოდნავ მაინც გამათბობდა, გამოვიჩეკებოდი და ავფრინდებოდი აივნიდან სიჩუმესა და სითეთრეში, ერთი პატარა, შავი წერტილი, აქეთ-იქით ვიბზუილებდი, (თუნდაც ერთი დღე, თუნდაც სულ რამდენიმე საათი) და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, ნაკვალევიც არ დარჩებოდა, ისე ვიქნებოდი იმ სიჩუმის და სიმარტოვის ერთადერთი ბატონ-პატრონი.
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ, მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს, ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
“მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება - “არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი, თბილისის კართან შენ თუ შემხვდები, “არ მიყვარს...” “მიყვარს...” - ფოთლებს მივძახი, მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...
შინა ვორგილ გულსი მჭირს გულში და გულში,გულში ვის უმზადებდი სიკვდილის ლოგინს? ერთ ნაჭერ მიწას არ შეგარჩენენ ვო შინა ორგილ! სვანურ ლილეოს დაგამეხებენ, კაცები ჩემი ჯიშით და მოდგმის, გადადი ჩემი სამოსახლოდან, ვო შინა ვორგილ! "დალის ხეობას " განაგებს დალი, დღესვე მოუხდი დალალებს ბოდიშს, აკეცე შენი გუდა ნაბადი, ვო შინა ვორგილ! ვერ მოვჭრი მიწას შენს ბინძურ თარგზე, არ გაპატიებ სისხლიან ბოგინს, ქუდზე კაცი დგას კოდორის თავზე ვო შინა ვორგილ! უშბას და თეთნულდს აეკრა ნისლი, აღარ ვაპირებთ,სიკვდილის ლოდინს, შენს დღეებს უკვე ენგური ითვლის ვო შინა ვორგილ! შენ ვერ გადაწერ ჩემს უსტარ-გუჯარს, მზის საუფლოდან მხედრობა მოდის, უქარქაშო ხმალს ბოლო არ უჩანს ვო,შინა ვორგილ! დგას საქართველო კართან სამების, ვის უმზადებდი სიკვდილის ლოგინს? ისმის "ლილეოს" -ზარი ხარების, ვო,შინა ვორგილ! ვო,შინა ვორგილ!