მეცნიერება : საინოვაციო პოლიტიკა საქართველოში: მითები და სინამდვილე
ნანახია: 41
წყარო:
http://europeanchoice.ge/science/19-shatberashvili.htmlოლეგ შატბერაშვილი
საინოვაციო პოლიტიკა საქართველოში: მითები და სინამდვილე
სექტემბერი 2007 – იანვარი 2008
ცნობილმა ამერიკულმა ორგანიზაციამ რენდ ქორფორეიშენმა მსოფლიო ბანკის დაკვეთით 2001 წელს გამოაქვეყნა 150-ზე მეტი სახელმწიფოს სამეცნიერო პოტენციალის გამოკვლევის შედეგი. საქართველო რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან ერთად "ჩამორჩენილი" ქვეყნების კატეგორიაში მოექცა, პანამასა და ბურკინა-ფასოს შორის. მას აქეთ ის უმთავრესი მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც წარმოებდა შეფასება, საქართველოში გაუარესდა. ეს მაჩვენებლებია: მეცნიერებაზე წლიური ხარჯები, გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტით; მეცნიერთა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე; სამეცნიერო ორგანიზაციათა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე და ზოგიერთი სხვა. 2006 წელს რენდ ქორფორეიშენმა, კვლავ მსოფლიო ბანკის დაკვეთით, გამოაქვეყნა ანგარიში ქვეყნების ინოვაციური პოტენციალის შესახებ. გამოკვლეულ იქნა ქვეყნების უნარი 2020 წლისთვის აითვისონ 16 უმნიშვნელოვანესი (კრიტიკული) ტექნოლოგია სხვადასხვა სფეროში. საქართველო აღმოჩნდა იმ უსუსტეს ქვეყანათა ჯგუფში (კამერუნი, ჩადი...)
, რომლებიც შეძლებენ 16-დან არა უმეტეს ხუთის ათვისებას. შედეგი მოულოდნელი არაა, რადგანაც შეფასებაში უმთავრეს როლს იგივე მაჩვენებლები თამაშობენ, რაც პირველ გამოკვლევაში. სხვა სიტყვებით, თუ ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი სუსტია, სუსტია აგრეთვე სხვისი მიღწევების ათვისების პოტენციალიც.
ჩნდება კითხვა: საჭიროა კი საქართველოს მხრიდან ამ მონაცემებზე რეაგირება? განა გვსმენია ზემოხსენებული გამოკვლევების დამკვეთის, - მსოფლიო ბანკის, - მხრიდან საყვედური საქართველოს მთავრობის მიმართ, ან რაიმე შეშფოთება, ჩვენი ჩამორჩენის გამო? ჩამოვრჩით და ჩამოვრჩით, მერე რა? ხომ ვითარდება წარმატებით ტურიზმი, მშენებლობა, კავშირგაბმულობა და ზოგიერთი სხვა დარგი.
მსოფლიო გამოცდილებიდან ვიცით, რომ მხოლოდ იმ ქვეყნებმა მიაღწიეს მე-20 საუკუნეში მაღალ შედეგებს, რომელთა მთავრობებმა მიზანდასახული გრძელვადიანი ინოვაცური პოლიტიკა განახორციელეს. ეროვნული ეკონომიკები განიცდიან როგორც ზრდის, ასევე ვარდნის პერიოდებს, მაგრამ საბოლოო ზრდა ათობით წლის მონაკვეთზე გაზომილი, შეიძლება მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკურ ცოდნაში ინვესტირებას მივაწეროთ. იმ ქვეყნებში, სადაც პროგრესის შესახებ მხოლოდ რიტორიკული განცხადებები კეთდებოდა, ჩამორჩენა იზრდებოდა (ამ მხრივ გამოირჩევა აფრიკის მრავალი ქვეყანა). 21-ე საუკუნე ჩამორჩენილების მიმართ გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე მე-20, განვითარების უფრო მაღალი ტემპის გამო. დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ყველას გაცილებით ნაკლები დრო ექნება.
გარდა ამისა, იმ დარგებს, რომელთა განვითარებას მთავრობა აშკარა პრიორიტეტს ანიჭებს (თუმცა ეს არაა ეკონომიკური პოლიტიკის სახით ჩამოყალიბებული - რაც, თავისთავად, ცუდი სტილია), მოცულობისა და შრომის ნაყოფიერების ადვილად დასანახი შეზღუდვები ახასიათებთ. ეს დარგებია ტურიზმი, მშენებლობა და იმპორტზე დაფუძნებული ვაჭრობა. უნდა დავეთანხმოთ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ბენდუქიძეს, რომ დღეს ძნელია იწინასწარმეტყველო, თუ რა დარგები გახდებიან მომავალში საქართველოს ეკონომიკის ლიდერები. იგი ამბობს: "ვინ იფიქრებდა, რომ ნოკია, რომელიც ფაჩუჩებს კერავდა...". ამით ხაზს უსვამს, რომ პრიორიტეტების დადგენა შეუძლებელია. მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ ნოკია დღევანდელი სახით შეიძლება გაჩენილიყო მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ათობით წლის განმავლობაში საინოვაციო პოტენციალის განვითარებაზე - განათლებაზე და მეცნიერებაზე - დიდ სახსრებს ხარჯავდა, კერძოდ, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის გადამუშავების სფეროებში. როგორც ვთქვით, საქართველოში პრიორიტეტები არაოფიციალურად დადგენილია. დამტკიცებული პოლიტიკის სახით მათი გაცხადება იმიტომ არ ხდება, რომ გრძელვადიან ამოცანებს ისინი ვერ წყვეტენ. ისრაელში გავრცელებულია აზრი, რომ მათ ქვეყანაში მდიდარია მოსახლეობის მცირერიცხოვანი ნაწილი, დაკავებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, ხოლო "ტრადიციულ" სექტორებში (ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) დაკავებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკმაო სიძნელეებს განიცდის. ისრაელის ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ მაღალი ტექნოლოგიების სექტორი უნდა გაფართოვდეს, რისთვისაც სახელმწიფომ უნდა გაზარდოს მეცნიერებაზე ისედაც მაღალი ხარჯები. ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკის სულ უფრო მეტი სექტორი ხდება მაღალტექნოლოგიური, ანუ საკმაო ინოვაციური პოტენციალის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელი ხდება. მხოლოდ "ტრადიციულ" დარგებზე ორიენტაცია ქვეყანას მომავალში გამდიდრების იმედს უკარგავს. მაგალითად, საქართველოში ჩამოსული ტურისტების წლიურმა რაოდენობამ მოსახლეობის სამმაგ ოდენობასაც რომ მიაღწიოს (რისგანაც ძალიან შორს ვართ), ამ სექტორის წვლილი სულზე შემოსავალში იქნება დაახლოებით 3 ათასი აშშ დოლარი წელიწადში, ანუ მდიდარი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სულზე შემოსავლის 10%-ზე ნაკლები. ასეთ ზღვრულ შეფასებებს სხვა არსებული დარგების მიმართაც თუ ჩავატარებთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოზე, როგორც მდიდარ ქვეყანაზე საუბრის საფუძველი ნამდვილად არ გვექნება, თუ საინოვაციო მიდგომებს არ განვავითარებთ. ცნობილი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", თუკი მას სათანადოდ წავიკითხავთ, - ღრმა მტკიცებულებაა და არა უბრალო ლოზუნგი. სავარაუდოა, რომ საქართველოს საგარეო საქონელგაცვლა მომავალში უფრო "ნიშური" მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებას უნდა დაეყრდნოს, ვიდრე მასობრივი მოხმარების პროდუქტებისა.
საზოგადებას ებადება კითხვა: თუკი კვლევისა და ინოვაციის საკითხები ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ არ გვსაყვედურობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, როდესაც ჩვენ არასწორი გზით ვმოძრაობთ, ვაუარესებთ ამ სფეროში ქვეყნის მაჩვენებლებს? ასეთი ეჭვიც კი ვრცელდება, რომ ამ სფეროში ქვეყნის დაკნინების "ევრო-ამერიკული დაკვეთა" არსებობს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ასრულებს. მას ხშირად გამოთქვამდნენ მეცნიერების რეფორმის ირგვლივ მწვავე დებატების მსვლელობაში. ვფიქრობ, რომ დაკვეთა, შესაძლოა, არსებობს, მაგრამ არ მოდის არც ევროპიდან და არც ამერიკიდან. ზემოხსენებული რეიტინგების გამოქვეყნება თავისთავად საყვედურია. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არც ხელისუფლება, არც პოლიტიკური ძალები, არც მეცნიერები, არც მრეწველები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც მედია არ რეაგირებენ ამ მონაცემებზე ისე მწვავედ, როგორც რეიტინგებზე ადამიანის უფლებების, მაკროეკონომიკის, საარჩევნო სისტემის სფეროებში. უნდა ვაღიაროთ, რომ კვლევისა და ინოვაციის სფეროს მნიშვნელობის რეალისტური აღქმა არ გაგვაჩნია. ზემოჩამოთვლილი დაინტერესებული ჯგუფები არ არიან იმდენად ინფორმირებული, რომ ამ საკითხზე დემოკრატიული დებატები გაიმართოს და, შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების დაკვეთა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, მათი პოზიცია გასაგებია. როდესაც ლაპარაკია დემოკრატიულ ფასეულობებზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისინი უფრო აქტიურები არიან, - ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილობის მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. როდესაც კვლევასა და ინოვაციაზეა საუბარი, ეს ქვეყნის გამდიდრების საკითხებია, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა გვაწუხებდეს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მთავრობა ამ სფეროში დახმარებას თხოულობდა (არც თუ ისე ხშირად), იგი მას იღებდა კიდეც. პარტნიორებს მხოლოდ ის შეგვიძლია "ვუსაყვედუროთ", რომ ზემოაღნიშნული რეიტინგების გამოქვეყნებით ისინი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ინვესტორებს გვიფრთხობენ, რადგანაც ამ სფეროში ინვესტიციები გარდა ფინანსური რესურსებისა, მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებსაც გულისხმობენ.
ქვეყანაში ინოვაციის პროცესი სამი ძირითადი არხით მიმდინარეობს:
· ახალი სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის მოპოვება ეროვნული კვლევითი სისტემის ჩარჩოებში და მისი გამოყენება;
· ინვესტიციები ინტელექტუალურ საკუთრებაში პატენტებისა და ლიცენზიების შეძენის გზით;
· განახლება და ცოდნის შეძენა იმპორტირებულ მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებში ჩაქსოვილი ტექნოლოგიების მეშვეობით.
კონკრეტული საინოვაციო ღონისძიება შეიძლება ერთზე მეტ ან სამივე არხს იყენებდეს. პროცესი ძალიან რთულია, იგი მოიცავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორების საქმიანობასა და ურთიერთქმედებას. პროცესების სირთულისა და მნიშვნელობის გამო, თანამედროვე ქვეყნებში ჩამოყალიბდა მრავალდონიანი ეროვნული საინოვაციო სისტემები, რომლებიც მოიცავენ უზენაესი ხელისუფლების ყველა შტოს, ადგილობრივ მმართველობას, სამინისტროებსა და უწყებებს, კვლევით ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს, სამეცნიერო მომსახურების ცენტრებს, მრეწველობაში მოქმედ სამეცნიერო და საცდელ ლაბორატორიებს.
ხელისუფლების, როგორც სისტემის მენეჯერის, ამოცანაა ინოვაციის სამივე არხზე მოახდინოს ისეთი ზემოქმედება, რომ მიიღოს მაქსიმალური ეფექტი როგორც სამთავრობო, ასევე კერძო ინვესტიციებიდან. ხელისუფლება მოქმედებს როგორც ინვესტორი, აბანდებს რა სახსრებს როგორც კონკრეტულ გამოყენებით კვლევაში, რომლის კომერციალიზაციაც მოსალოდნელია, ასევე (და უმთავრესად) განათლებაში, ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში (სამეცნიერო მომსახურებაში). ხელისუფლება მოქმედებს როგორც კატალიზატორი და რეგულატორი, რისთვისაც: ქმნის პირობებს ინოვაციური პროცესის მონაწილეების მხარდასაჭერად, მათი თანამშრომლობის (მათ შორის საერთაშორისო) გასაძლიერებლად; ქმნის წამახალისებელ საკანონმდებლო გარემოს (საგადასახადოს ჩათვლით); შეიმუშავებს გრძელვადიან გეგმებს, ადგენს პრიორიტეტებს და ეროვნული პროგრამების მიმართულებებსა და მოცულობებს; უზრუნველყოფს საინოვაციო სისტემის ფუნქციონირებას.
მაგალითად, შეერთებულ შტატებში კონგრესი არა მარტო ქმნის საკანონმდებლო გარემოს საინოვაციო საქმიანობისთვის, არამედ ეროვნულ კვლევისა და შემუშავების პროგრამებს და მათ დაფინანსებას საკანონმდებლო ფორმასაც ანიჭებს. სულ ახლახან მან მიიღო კანონი სამედიცინო მიზნებით ღერო უჯრედების გამოყენების სფეროში კვლევითი პროგრამის შესახებ. აშშ პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. აი ამ დონეზე იხილება კვლევისა და ინოვაციის საკითხები. წლების წინ, გამოყენებითი კვლევებისა და მრეწველობასთან მათი კავშირის გსაძლიერებლად, კონგრესმა მიიღო კანონი საზოგადოებრივი ფონდების ხარჯზე მიღებული ინტელექტუალური საკუთრების მეცნიერთა მიერ განკარგვის შესახებ. ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა უნივერსიტეტებისთვის, რომ ახლა შეშფოთებას ფუნდამენტური კვლევების მიმართ მეცნიერთა შედარებით ნაკლები ყურადღება იწვევს. ესაა სახელმწიფოს მიერ ინვესტირებისა და რეგულირების მაგალითები, თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოსთვის უფრო საინტერესოა მცირე ქვეყნებისა და დიდი ქვეყნების პროვინციების მოდელები.
იმისთვის, რომ ინოვაციის სფეროში გადაწყვეტილებები კომპეტენტური იყოს, ხელისუფლებები სხვადასხვა დონის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებს ქმნიან - პრეზიდენტებთან, პარლამენტებთან, სამინისტროებთან. მათ შემადგენლობაში შედიან როგორც ხელისუფლების, ასევე მეცნიერებისა და მრეწველობის წარმომადგენლები.
საქართველოში ინოვაციური პროცესი იმპორტირებული ტექნოლოგიების ხარჯზე პრაქტიკულად ყველა დარგში მიმდინარეობს. ზოგიერთში, მაგალითად, კავშირგამულობაში, - საკმაოდ სწრაფად. საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს შეღავათებს მანქანა-დანადგარების იმპორტის მიმართ, რაც ზოგადად ამ ტიპის ინოვაციას ხელს უწყობს. მაგრამ საქართველოს საინოვაციო პოლიტიკა არა აქვს შემუშავებული (ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული უცხოელი პარტნიორების მიერ), ამიტომ პროცესი სპონტანურად მიმდინარეობს, რაც დარგების განვითარებას ხელს უშლის.
მკაფიო მაგალითია ინტერნეტ-მომსახურება. მისი განვითარება საქართველოში ტემპით ჩამორჩება კავშირგაბმულობის სხვა ტექნოლოგიებს (მაგალითად, მობილურ ტელეფონიას). ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების რიცხვი მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ("ინტერნეტიზაციის" დონე) დაახლოებით 5% შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ერთ-ერთი დაბრკოლება ბოლო 10 წლის განმავლობაში მომსახურების შედარებით მაღალი ფასი იყო (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ ყაზახეთში, მაგალითად, ფასები კიდევ უფრო მაღალია). საქართველოში იყო ინტერნეტ-მომსახურების დღგ-სგან განთავისუფლების მცდელობა, რაც ეფუძნებოდა ნაბეჭდი ფორმით ინფორმაციის იმპორტისთვის კანონით გათვალისწინებულ შეღავათთან ანალოგიას და იმ მოსაზრებას, რომ ინტერნეტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი ტექნოლოგიაა. არც ძველმა და არც ახალმა მთავრობამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ბოლო დროს კი უარესიც მოხდა. ამ სფეროს მიმართ პოლიტიკის უქონლობის გამო დაშვებულ იქნა ბაზრის 90%-ანი მონოპოლიზაცია. ამას დაემატა სამავთულო ტელეფონიის ბაზარზე ყაზტელეკომის შემოსვლა, რომელსაც თავის ქვეყანაში ინტერნეტის 100% მონოპოლია აქვს და საქართველოშიც პროვაიდერობის ამბიცია გააჩნია. შედეგად მივიღეთ პროვაიდერების ომი, ფასების ზრდა (შემცირებისკენ მსოფლიო ტენდენციის საწინააღმდეგოდ) და ხარისხის მკვეთრი გაუარესება.
კიდევ ერთი მაგალითია მაღალტექნოლოგიური სატრანსპორტო სფერო - სამოქალაქო ავიაცია. ერთი, არც თუ ისე დიდი, აეროფლოტის საქართველოს განყოფილების ბაზაზე შეიქმნა რამდენიმე ჯუჯა ავიაკომპანია. თითოეულ მათგანს დააწვა თვითმფრინავების მომსახურების, უსაფრთხოების, კადრების მომზადების, ახალი ტექნიკის ათვისების და სხვა ტექნიკური ღონისძიებების მძიმე ტვირთი. ცხადია, რომ საქართველოს ზომის ქვეყანას რომელშიც შიდა ფრენები თითქმის არ ხორციელდება, ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები არ ჭირდება - მთავარი კონკურენტები უცხოური კომპანიებია. მეტიც, შექმნილი კომპანიებიდან რამდენიმე უკვე გაქრა და ახალი შეიქმნა. ამ ქმედებების შედეგია ავიაციის სფეროში მფრინავებისა და სხვა სპეციალისტთა რიცხვის შემცირება და, შესაბამისად, - საინოვაციო პოტენციალის დაქვეითება და მომსახურების დონის ამაღლებასთან დაკავშირებული სიძნელეები. უახლეს სამთავრობო პროგრამაში წერია "გაიზრდება ავიაკომპანიების რიცხვი"(?!). ჩვენში ბოლო დროს მოდური გახდა სინგაპურის მოდელის ქება. რატომ არ ვისარგებლოთ მისი მაგალითით ავიაციის სფეროში? მან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია შექმნა (ტოტალური პრივატიზაციის აპოლოგეტებისთვის შევნიშნოთ, - სახელმწიფო ავიაკომპანია).
როგორც ვხედავთ, საინოვაციო პოლიტიკა, - თუკი სახელმწიფო ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ, - მეტად პრაქტიკული ინსტრუმენტია. სახელმწიფოს მისი გატარების მრავალრიცხოვანი საშუალებები გააჩნია, პირდაპირი ფულადი დახმარებით დაწყებული (მაგალითად, გრანტები მცირე ინოვაციური საწარმოებისთვის მათი საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად) და საგადასახადო შეღავათებით დამთავრებული (საბაჟო, დღგ, საამორტიზაციო ვადები და სხვა). საჭირო შემთხვევებში მას ანტიმონოპოლური ღონისძიებების გატარება შეუძლია. მას შეუძლია, აგრეთვე, დააკანონოს ინოვაციური პროცესების ხელშემწყობი ისეთი ორგანიზაციული ფორმები, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიების თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ტექნოპარკები და სხვა. პოლიტიკის უქონლობის გამო ინოვაციაზე მიმართული კანონთა სისტემაც არ იქმნება.
მაშასადამე, ჩვენი ხელისუფლება ინოვაციის არც ერთ ზემოხსენებულ არხზე მიზანმიმართულად არ მოქმედებს, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერების შესახებ კანონში ამის აუცილებლობა დეკლარირებულია.
მეცნიერება, ანუ კვლევათა სისტემა, ის ერთადერთი ინოვაციის არხია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ზემოქმედებს რეფორმის პროცესში. სამწუხაროდ, ეს რეფორმა არ იხილავს კვლევათა სისტემის განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციის პროცესის კონტექსტში. საინოვაციო პოლიტიკის უქონლობის პირობებში სხვანაირად ვერც მოხდებოდა. მეორე მხრივ, ამის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება მიზანშეწონილი თანაფარდობა კვლევითი სისტემის სხვადასხვა ფუნქციებს/კომპონენტებს შორის. ამ შემთხვევაში "თანაფარდობა" ნიშნავს თანაფარდობას მეცნიერთა, ორგანიზაციათა და სახსრების რაოდენობებს შორის, რომლებიც კონცენტრირებულია ცალკეული ფუნქციების შესასრულებლათ, ხოლო "მიზანშეწონილი" ნიშნავს ისეთს, რომელიც პასუხობს ქვეყნის ამოცანების დღევანდელ ხედვას. რეფორმის პროცესში ინოვაციასთან დაკავშირებული ფუნქციები თუ გამოგვრჩა, ან არასაკმარისად შევაფასეთ, რეფორმა ამის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს, რაც შეცდომის შემდგომ გამოსწორებას აძნელებს. ასეც მოხდა. სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩა სამედიცინო მეცნიერება, რაც მომავალში ჯანდაცვის სისტემის ხარისხის ზრდას შეზღუდავს. სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში რამდენიმე ძლიერმა სამეცნიერო კოლექტივმა არსებობა შეწყვიტა. მრავალ კვლევით ორგანიზაციას მიენიჭა შპს-ს იურიდიული სტატუსი, რაც, პრაქტიკულად, კვლევითი სამუშაოების შეწყვეტას ნიშნავს.
ინოვაციის კონტექსტის იგნორირება ავტომატურად იწვევს სერიოზულ დისპროპრციას კვლევასა და კვლევით მომსახურებას შორის. იუნესკოსა და ოისიდის (OECD) განმარტებით ამ უკანასკნელს განეკუთვნებიან: სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკები და საინფორმაციო სამსახურები; სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის თარგმანი, გამოცემა და სხვა; გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მსგავსი გამოკვლევები; ძიებები: წიაღისეულის და სხვა; სოციო-ეკონომიკური მოვლენების შესახებ მონაცემების შეგროვება; პროდუქციის ტესტირება, სტანდარტიზაცია და ხარისხის კონტროლი, მეტროლოგია; საჯარო სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საკონსულტაციო სამსახურები; საპატენტო და სალიცენზიო საქმიანობა. კვლევაში ინვესტირება აზრს კარგავს, თუ არ ხდება ინვესტირება კვლევით მომსახურებაში.
ამ უკანასკნელის მდგომარეობაზე თვალნათლივ მეტყველებს ბიბლიოთეკების მდგომარეობა: მრავალი ბიბლიოთეკა დაიხურა და იხურება; წამყვან ბიბლიოთეკებსა და საინფორმაციო სამსახურებს შორის მიმდინარეობს ფუნქციების არაკომპეტენტური გადანაწილება; ეროვნულ ბიბლიოთეკას ლიტერატურის შეძენაზე 2007 წელს 30 ათასი აშშ დოლარი გამოეყო (ეს სიდიდე ღიმილს იწვევს - ამ ტიპის ბიბლიოთეკისთვის 3 მილიონიც არაა საკმარისი). რაღა უნდა ვთქვათ სხვა ბიბლიოთეკებზე? საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობა, რაც საინოვაციო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, პირველ რიგში ყველა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ბიბლიოთეკებში შექმნილ მდგომარეობას თუ დავუმატებთ ინტერნეტის ზემოხსენებულ მდგომარეობას და მასმედიის შეზრუდვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ცნობილ ფაქტს თუ გავიხსენებთ, ბუნებრივი კითხვა გაგვიჩნდება: ვაპირებთ კი საინფორმაციო საზოგადოების აშენებას?
კვლევისა და შემუშავების ეროვნული სისტემის ზემოქმედება ინოვაციურ პროცესზე (და საერთოდ ქვეყნის ცხოვრებაზე) შესამჩნევი ხდება, როდესაც მისი ხარჯები მშპ-ს 1% აღწევს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 0,2%-ზე ნაკლებია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს ფაქტი, როგორც იქნა, აღიარა. მდგომარეობის გამოსწორების გამოქვეყნებული გეგმა არ არსებობს, თუმცა მინისტრმა ლომაიამ 2007 წლის 18 ივნისს საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველ არხზე "ღამის საუბრებში" თქვა, რომ 5 წელიწადში ამ მაჩვენებელს გავაორკეცებთ. შექმნილ მდგომარეობაში ასეთი ტემპი სრულიად არასაკმარისია. იგი რა თქმა უნდა გამოთვლილი არაა - გამოთვლა პოლიტიკის ელემენტი იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ სოციალიზმის პერიოდში მაჩვენებელი მშპ-ს 3% აღწევდა.
როდესაც კვლევათა სისტემის განვითარებაზე ინოვაციის კონტექსტში ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან ფართო კონტექსტია. გარდა იმისა, რომ სისტემა ნაწილობრივ ქმნის ისეთ ახალ ცოდნას, რომლის პირდაპირ გამოყენებაა შესაძლებელი, იგი განათლების სისტემასთან ერთად ამზადებს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებს - საინოვაციო პოტენციალის უმთავრეს შემადგენელ ნაწილს. კადრების მომზადების ფუნქციის შესასრულებლათ, განათლების სტანდარტის უზრუნველსაყოფათ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფუნდამენტური კვლევის განვითარებას. ამდენად, ინოვაციის კონტექსტი კვლევათა სისტემის დაბალანსებულ განვითარებას მოითხოვს. არსებობს კვლევათა სისტემის განვითარების მხოლოდ ერთი, ასეთივე ფართო (და ასევე იგნორირებული) - სახელმწიფო მშენებლობის და მართვის კონტექსტი. ეს უკანასკნელი ცალკე ვრცელი საუბრის თემაა - მოკლე სტატიის ჩარჩოები ყველაფერს ვერ დაიტევს. შევნიშნოთ მხოლოდ, რომ ხარისხიანი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღება (განსაკუთრებით გრძელვადიანი სტრატეგიის საკითხებზე) დღევანდელ პირობებში, როდესაც სახელმწიფოები განიცდიან შიდა და გარე ფაქტორთა დიდი რაოდენობის ზეგავლენას, შეუძლებელია სამეცნიერო ექსპერტიზის გარეშე. მისი უზრუნველყოფა შეუძლია მხლოდ კარგად ორგანიზებულ სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო სისტემას, რომელიც მუდმივ საწყისებზე ფუნქციონირებს და როგორც ჰუმანიტარულ, ასევე საბუნებისმეტყველო და დარგობრივ დისციპლინებს მოიცავს. მსოფლიოში დამკვიდრდა კვლევებზე დაფუძნებული სამინისტროს ცნება და ამ კატეგორიას ყველა სამინისტრო მიეკუთვნება.
საინოვაციო და, შესაბამისად, სამეცნიერო პოლიტიკების უქონლობის შედეგები მოკლედ და თვალნათლივაა ასახული რენდ კორპორეიშენის ანგარიშებში, რომლითაც საუბარი დავიწყეთ. გამოსავალი - პოლიტიკის შემუშავებაა, ალტერნატივა - მუდმივი და მზარდი ჩამორჩენა.
დავუბრუნდეთ "ევრო-ამერიკული დაკვეთის" მითს. დავიწყოთ "ამერიკული კომპონენტით". შეერთებულმა შტატებმა ქართულ მეცნიერებას მრავალმილიონიანი დახმარება აღმოუჩინეს ბოლო 10-12 წლის განმავლობაში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ICRDF), ევროგაერთიანების, აშშ კვლევისა და შემუშავების ფონდის (ISTC) და აშშ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) პროგრამებით. მათი შემადგენელი ნაწილი გახლავთ კვლევის შედეგების კომერციალიზაციაში დახმარება, ანუ ინოვაციასთან კვლევის კავშირი საგანგებოდაა ხაზგასმული. არსებობს აზრი, რომ ამ დახმარებით ამერიკელები საკუთარ მიზნებს ახორციელებდნენ, როგორიცაა იარაღთან დაკავშირებული მეცნიერების უპასუხისმგებლო ქვეყნებში წასვლის პრევენცია და, აგრეთვე, ყოფილ საბჭოთა შემუშავებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ასეც თუ არის, მოიტანეს, მუქთად ხომ არ წაუღიათ რამე? ევროპამ, გარდა ISTC პროგრამით და რამდენიმე სხვა პროგრამით კვლევების პირდაპირი დაფინანსებისა, არაერთხელ აღმოგვიჩინა დახმარება საბაზრო პირობებში კვლევების დაგეგმვისა და მართვის სფეროში. ამავე სფეროში მსოფლიო ბანკის პროექტებიც შესრულდა. სწორედ იმ მსოფლიო ბანკის, რომელმაც რენდ კორპორეიშენს დაუკვეთა გამოკვლევები. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაციები ტექინფორმისა და რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის განვითარების შესახებ. წინა ხელისუფლების დროს ისინი წლების განმავლობაში არ სრულდებოდა, ხოლო ახალი ხელისუფლების დროს ყველაფერი მათ საპირისპიროდ კეთდება. დაბრკოლება ამ ორგანიზაციების შენობის მიმართ მესამე პირთა ინტერესი აღმოჩნდა. განა დასაშვებია, რომ ქვეყანაში საინოვაციო პროცესების ოპტიმიზაციის კრიტერიუმი შენობებისადმი ინტერესი იყოს? მართვის სფეროში სხვა პროექტების რეკომენდაციებსაც მსგავსი ბედი ეწია. მაგრამ დავანებოთ თავი ძველ რეკომენდაციებს. 2006-2007 წლებში შესრულდა მეცნიერების რეფორმის TASIS-ის პროექტი და მომზადდა ამავე სფეროში ევროპასთან სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის მონახაზი. ორივეში ევროპელებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში საინოვაციო პოლიტიკის არარსებობას, რაც რეფორმის წარმართვისა და ევროპასთან ინტეგრაციის ძირითადი ხელისშემშლელი მიზეზია. გარდა ამისა, ხაზგასმულია დაშვებული შეცდომები, რომელთაგან ბევრს ჩვენც ვხედავდით (ო. შატბერაშვილი. მეცნიერების განვითარება საქართველოში: ბოლო წლების გაკვეთილები. გაზეთი 24 საათი, 22 აგვისტო 2006 წ.). კერძოდ: მეცნიერის პროფესიული სტატუსი დაეცა; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონმდებლობა ინოვაციის საკითხებიდან მოწყვეტითაა შემუშავებული; რამდენიმეწლიანი რეორგანიზაცია ისე მიმდინარეობს, რომ ინოვაციის საკითხებზე საჯარო დებატები ჯერაც არ ჩატარებულა; კვლევისა და შემუშავების პოლიტიკის ოფიციალურად გაცხადება არ მომხდარა; სამინისტროები არ მონაწილეობენ კვლევის კოორდინაციასა და რეგულირებაში; ოფიცილურ სტატისტიკას დაკარგული აქვს კვლევისა და ინოვაციის აღრიცხვის ფუნქცია; განვითარების პრიორიტეტები და სათანადო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები დადგენილი და შემუშავებული არაა და სხვა. ასე რომ, ვერ ვიტყვით დასავლელი პარტნიორები ცოდნაზე დაფუძნებული საზგადოების აშენებაში ხელს გვიშლიანო. არ ვიცით თუ სად ჩამოყალიბდა ზემოაღნიშნული "დაკვეთა" და ეს სერიოზულადაა გასარკვევი, მაგრამ შესრულება რომ ჩვენია, ეჭვს არ იწვევს.
საინოვაციო პოტენციალის სისუსტე მუდმივი ჩამორჩენის საწინდარია - ამაზე ჩვენი პარტნიორები გვითითებენ, ჩვენ კი არ ვრეაგირებთ. გარდა ამისა,
როდესაც ქვეყანა ამერიკული და ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულებას, ინტეგრაციის პოლიტიკას აცხადებს და, ამავე დროს, კვლევისა და ინოვაციის სფეროში იმ შედეგებს იღებს, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული, მითები თავისით ჩნდება.
ოლეგ შატბერაშვილი