
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ძალების დღესასწაული იდღესასწაულება IV საუკუნიდან და აღინიშნება 21(ძვ.სტ. 8) ნოემბერს.
არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ იერარქიად*. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.
სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან ქერუბიმები, რომელთა სახელიც ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ეს იმიტომ, რომ სწორედ მათი დახმარებით გადმოდის ჩვენზე ღვთიური სიბრძნე და ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.
საშუალო იერარქიის ანგელოზები არიან: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უფლებანი ქვემდგომ ანგელოზთა დასებზე მეუფებენ, ასევე ღვთისაგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ქვეყნების ბრძნულად მართვა-გამგებლობაში ეხმარებიან.
ძალნი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, ანიჭებენ მათ მოთმინებასა და სულიერ სიმტკიცეს.
ხელმწიფებათ დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკთა საცდურებისაგან განარიდებენ.
ანგელოზთა უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
საწყისთ დავალებული აქვთ სამყაროს გამგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერისი პატივი მიაგონ; თანამდებობის მქონეთ შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობები პირადი განდიდებისა და გამდიდრებისათვის კი არა, არამედ უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოიყენონ.
მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, გვაუწყებენ უფლის ნებას და ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ.
ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებაზე აცნობენ მათ, მორწმუნეებს იცავენ, არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან, დაგვეხმარონ, თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.
„ანგელოზი“ ზეციურ ძალთა საერთო სახელია და „მაცნეს“, „მოამბეს“ ნიშნავს. უფალი თავის ნებას უცხადებს უმაღლეს ანგელოზებს, ისინი კი დანარჩენ დასებს გადასცემენ უფლის კურთხევას.
ანგელოსთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს „რომელი ვითარცა ღმერთი“. მთავარანგელოზი მიქაელი ღვთის ერთგული მსახურია, იგი შეებრძოლა სატანას და სხვა დაცემულ ზეციურ ძალებს, სძლია და გადმოყარა ისინი ზეციდან, დანარჩენებს კი ღვთის ერთგული მსახურებისაკენ მოუწოდა.
საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემებიდან ცნობილია ასევე სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან.

ანგელოსთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს „რომელი ვითარცა ღმერთი“. მთავარანგელოზი მიქაელი ღვთის ერთგული მსახურია, იგი შეებრძოლა სატანას და სხვა დაცემულ ზეციურ ძალებს, სძლია და გადმოყარა ისინი ზეციდან, დანარჩენებს კი ღვთის ერთგული მსახურებისაკენ მოუწოდა.
საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემებიდან ცნობილია ასევე სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან.

გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.
გაბრიელი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ აუწყებდა იესო ქრისტეს მოსვლას, ხოლო წმინდანებს - მათი ამქვეყნიდან გასვლის ჟამს ამცნობდა.