|
ეს ერთი სიამოვნება მაქვს დარჩენილი და ნამდვილად არ (და არა ვერ)გავანებებ თავს. რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი წავალ ამ ქვეყნიდან,თუ ავადმყოფი? მიქელა ყველა ვარიანტში მომაკითხავს.
ერთ ამბავს მოგიყვებით. სტუდენტი ვიყავი და თერაპიის კათედრაზე გავდიოდით პრაქტიკებს(კამოზე, მეორე საავადმყოფოში). ერთი პაციენტი მყავდა, კარგი თბილისელი კაცი, კარგი მოქეიფე, მაგარი თამადა და საშინელი მწეველი. სტენოკარდიული შეტევით შემოიყვანეს.ძლივს დავაყენეთ ფეხზე. მე ყოველ დღე , რამდენჯერაც მის პალატაში შევდიოდი, სიგარეტის და ალკოჰოლის მავნებლობაზე ვქადაგებდი(მისმა ცოლმა მთხოვა, თქვენი სჯერა და იქნებ ცოტახანი მაინც გაანებოს თავი ამ ოხერსო, ანუ სიგარეტს). ერთ დღეს მორიგეა ჩვენი ჯგუფი.მოვიტანეთ კარგი საჭმელ-სასმელი და როცა პაციენტები მივაძინეთ, კოლიდორის ბოლოში ერთ პატარა საორდინატოროში ჩავუსხედით. მოკლედ, კარგად ვქეიფობთ. რაღაც სადღეგრძელო იყო, მე ფეხზე ავდექი, ცალ ხელში სიგარეტი მიჭირავს, მეორეში არყით სავსე ჭიქა და რაღაცას მთელი გრძნობით ვიძახი.ამ დროს იღება კარები და ეს ჩემი პაციენტი შემოდის საორდინატოროში. - ალკოჰოლის და სიგარეტის მავნებლობა, ქალბატონო მაიკო, მხოლოდ პაციენტებზე ვრცელდებაო? -და თან კვდება სიცილით. მე ისე შემრცხვა , ლამის მაგიდის ქვეშ შევძვერი. იმ დღეს იმანაც ჩვენთან ერთად მოილხინა, მართალია არ დაულევია, მაგრამ მაგრად გვითამადა. მეორე დღეს ერთი დიდი ყუთი სიგარეტი და მაგარი კონიაკები მომიტანა და მითხრა: - რამდენი სიგარეტს მოწევ და კონიაკს დალევ,ბიძიკო, იმდენი გამიხსენე და გაიხსენე , რამდენად მავნებლები არიან ეს ოხრები,მაგრამ თანაც მაგარი საყვარლები, უამათოდ არ მიცხოვრია და ვერც ვერასოდეს ვერ ვიცხოვრებ, ადრე თუ გვიან მაინც იქითკენ წავალთ ყველანი და არ მინდა ეს დარჩენილი წუთისოფელი მაგათზე ნატვრაში და დარდში გავატარო, სხვაც მეყოფა სადარდებლადო. მართლაც, სულ მახსენდება მისი სიტყვები, მაგარი კაცი იყო, აცხოვნოს ღმერთმა.
|