|
ელენ ბერი, Herald Tribune] ცოტა ხნით ადრე, თავის 41-ე დაბადების დღემდე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასავლეთ საქართველოში ტურნე მოაწყო. მეშახტეების ჯგუფთან შეხვედრისას თქვა, რომ ”გული სტკივა”, როცა მათი ქალაქის გაჭირვებას ხედავს და დაპირდა, რომ სოფელ გომარდულში სამთო-სათხილამურო კურორტს მოაწყობს. იქვე ფოტოც გადაიღო ოქროსკბილებიან ბებოსთან, რომელიც მის მკლავებში ისე ხითხითებდა, როგორც ცელქი მოსწავლე.
შეიქმნა სრული შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებდა. ის თავისუფლად და ბედნიერად გამოიყურებოდა.
- ”მე ერთხელაც არაფერი მითქვამს რუსეთზე და მათაც არაფერი უკითხავთ”, - თქვა მან მოგვიანებით.
მერე გრანდიოზული გეგმები დასახა - როგორიცაა ინგლისურის შესწავლის ორწლიანი კამპანია ”ყოველი ქართველის მიერ ყველაზე შორეულ სოფელშიც კი”. ეს იყო ძველი ”მიშა”, როგორსაც ადრე იცნობდნენ - ბრწყინვალე და ყოვლისშემძლე.
თუმცა დედაქალაქში რთულია ძველი მიშა ნახო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად სააკაშვილი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო. აგვისტოში მან თავისი მებრძოლები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გადაისროლა. ქართული ძალები დამარცხდნენ და რუსეთმა ორივე სადავო ტერიტორია თავის კონტროლს ქვეშ დაიქვემდებარა.
სააკაშვილმა თავისი თავდასხმა წარმოადგინა, როგორც იძულებითი პასუხი რუსულ ინტერვენციაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი განცხადებები დოკუმენტურად დადასტურებული არ არის და კრიტიკოსები თვლიან, რომ ის წინდაუხედავად მოიქცა.
რუსმა ლიდერებმა ყოველგვარი ცერემონიების გარეშე განაცხადეს, რომ სააკაშვილის თავიდან მოშორება სურთ; ქვეყნის შიგნით კი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, რითაც შესაძლოა სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილონ. ქართველები ეკონომიკური ვარდნის პირისპირ დადგნენ, რამაც შესაძლოა პოლიტიკური წესრიგი შეცვალოს.
- ”რა მომავალი აქვს სააკაშვილს”? - ამ კითხვას სვამს ქართველი ომბუდსმენი და პრეზიდენტის ძველი კრიტიკოსი სოზარ სუბარი.
- ”მან დაიწყო ომი, მან წააგო ომი, მან დაკარგა ტერიტორიები. სახეზე გვაქვს კრიზისი. საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები. სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. თუ ცვლილებები არ იქნება, მაშინ ის დატოვებს საქართველოს ისეთ პრეზიდენტად, რომელმაც ყველაფერი დაკარგა”.
სააკაშვილი უკვე არაერთი თვეა ამგვარ შეფასებებს უპირისპირდება და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. მთელი თავისი პოლიტიკური ოსტატობის მიუხედავად, სააკაშვილი კრიტიკაზე, როგორც წესი, დაუფარავი ბრაზით რეაგირებს. ის კრიტიკოსებს, რომლებიც ომის შესახებ მისი ვერსიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ადარებს ნაცისტ გერმანელებს, ”იმ ხალხს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომი პოლონეთმა დაიწყო.”
- ”იყო მზადება ომისათვის, მათ სურდათ ომი, ისინი შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს”, - ამბობს სააკაშვილი, - ”თუ ადამიანებს ურჩევნიათ ეს არ დაინახონ და არ გაიგონონ, მათი უფლებაა.”
პრეზიდენტად არჩეული 36 წლის სააკაშვილი ფიქრობდა ისტორიული ფიგურა გამხდარიყო. თავის მიმბაძველ მაგალითად ის ხშირად დავით აღმაშენებელს ასახელებდა.
სააკაშვილმა პირველ არჩევნებში 97%-ით გაიმარჯვა და ვნებით და ადრენალინით აღსავსემ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რამაც მას ფართე უფლებები მიანიჭა. მისი მომხრეები ამბობენ, რომ ეს იყო ერთდაერთი გზა, რათა პოსტკომუნისტური კორუმპირებული სახელმწიფო მოდერნისტულად ექციათ.
კრიტიკოსების თქმით, მან ავტოკრატია შექმნა და ირგვლივ მხოლოდ ერთგული მეხოტბენი შემოიკრიბა. ნებისმიერ შემთხვევაში, დაქსაქსულმა ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერ წამოაყენა კონკურენტი კანდიდატურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ”ძალიან სამწუხაროა.”
- ”მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ ხელისუფლებას სამ თვეში დავამხობდი. მით უმეტეს, ეკონომიკური კრიზისის პირიობებში”, - ამტკიცებს ის. როგორ? მისი პასუხი თითქმის ცინიკურია: - ”მე ვიცი, ეს როგორ გავაკეთო, მაგრამ არ მსურს მათ ეს ვასწავლო”.
სააკაშვილი ფიქრობს, ლაპარაკობს და მოქმედებს ძალიან სწრაფად. მისი მადა - ნამდვილი ლეგენდაა: 45 წუთიანი ფრენის დროს მან შეუკვეთა სამი ჭიქა ჩაი, ბოკალი ღვინო, კონიაკი და სტიუარდესას თავში სახლელი გაუხდა ის, რომ ბლომად ყველი არ მოიმარაგა.
იმავე ფრენისას მან გლამურულ ჟურნალში ფრანგი მარშალის, ანრი-ფილიპ პეტენას ბიოგრაფიის კითხვა დაიწყო, რომელსაც ჩირქი მოეცხო ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო, აიღო ქართული გაზეთიც, რომელსაც დახედა და გვერდზე გადადო.
- ”ქართულ გაზეთებს არ ვუყვარვარ. რა განსხვავებაა?”, - ამბობს ის, - ”თუ თქვენ მოძებნით ისეთს, რომელსაც მე მოვწონვარ, მაშინ მუდმივად მის კითხვას დავიწყებ”.
დასაწყისიდანვე სააკაშვილის პრეზიდენტობა აღბეჭდილი იყო გაბედული მოქმედებებით. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში მან ყველა, 13’000-ვე თანამშრომელი გაათავისუფლა პოსტსაბჭოთა საგზაო პოლიციიდან, რომელიც ცნობილი იყო მექრთამეობით. ისინი 1’600 ოფიცრით შეცვალა, რომლებიც მოამზადეს აშშ-ს პოლიციის მსგავსად. გარდა ამისა, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ აღადგენდა ტერიტორიულ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რამაც აღანთო ქართული ნაციონალიზმი და გააძლიერა დაძაბულობა მოსკოვთან.
დასავლელი დამკვირვებლები აღფრთოვანებულნი იყვნენ რეფორმებით და თბილისის ახალი პოლიტიკური ელიტით, რამაც სახელმწიფოს იმედი და ბრწყინვალება შესძინა.
- ”ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს რესპუბლიკა ოუშენის 11 მეგობარს გადასცეს სამეურვეოდ”, - წერდა ბრიტანელი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი მარკ ლეონარდი New Statesman-ში, - ”საქმეს ხელი მოჰკიდა ახალგაზრდა მშვენიერმა ხალხმა, რომლებმაც ქვეყანა თავიდან ბოლომდე შეცვალა”.
დასავლელი მოკავშირეების რწმენა 2007 წლის ნოემბერმა შეარყია, როცა ოპოზიციის ლიდერების მიერ ათიათასობით მომიტინგე პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენებით დაშალა. ხელისუფლებამ ორი ოპოზიციური ტელევიზია დახურა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როცა დასავლელი მოკავშირეებისგან კრიტიკა შეხვდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მოქმედებდა რუსული შეთქმულების შესაჩერებლად.
სააკაშვილმა კრიზისი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით გადალახა და 53%-ით გაიმარჯვა.
აგვისტოს ომმა სააკაშვილი კვლავ დაბრკოლებების წინაშე დააყენა. დამკვირვებლები უფრო და უფრო ხშირად სდებდნენ ბრალს სააკაშვილს კონფლიქტის ექსპანსიაში.
სააკაშვილი უარყოფს ამ კრიტიკას, განსაკუთრებით, New York Times-ის 7 ნოემბრის რეპორტაჟს, სადაც მოყვანილია დამოუკიდებელ დამკვირვებელთა მოსაზრებები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ და რაც ეწინააღმდეგება ომის დაწყების ქართულ ვერსიას.
ერთ-ერთ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი იმდენად კარგად იყო მომზადებული, რომ მისმა საჯარისო ნაწილებმა დაუყოვნებლივ დაამყარეს კონტროლი აფხაზეთზე, რომელიც ასობით მილითაა დაშორებული სამხრეთ ოსეთისგან.
ის იხსენებს საუბარს სენატორ მაკეინთან, რომელიც ქართული დაზვერვის მიერ აღმოჩენილი სატელეფონო ჩანაწერების გაშიფრვის შემდეგ შედგა. ჩანაწერები აჩვენებს, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს დილით შემოვიდნენ.
- ”მე ვთქვი: ეს ადასტურებს, რომ ჩვენ არ დაგვიწყია ომი”, - ამბობს სააკაშვილი, - ”მაკკეინმა მითხრა: იცით, მე სამხედრო ვარ. ვიცი, რომ ტანკები არ დაფრინავენ, განსაკუთრებით, რუსული. მე არ მჭირდება დამამტკიცებელი საბუთები”.
ამერიკული ადმინისტრაციის ცვლილება სააკაშვილის მდგომარეობას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის, რომელსაც თბილი მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან და სენატორ მაკეინთან. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები მხარდაჭერის გაწევას განაგრძობს - ვაშინგტონმა პირობა დადო, რომ 1 მილიარდი დოლარის დახმარებას განახორციელებს, ხოლო მომდევნო კვირაში ხელს მოაწერს საქართველოსთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმებას.
მაგრამ გადამწყვეტი საკითხები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, მათ შორის: აღჭურავს თუ არა შეერთებული შტატები დასუსტებულ ქართულ არმიას? ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეფასებით ეს დაახლოებით 8-9 მილიარდი დოლარი დაჯდება.
გარდა ამისა, ოპოზიციის სპორადული დარტყმების და აქციების გამკლავების პარალელურად, სააკაშვილი ევროპული დედაქალაქების დაჟინებული ყურადღების ქვეშ მოექცა. გასული თვის დასაწყისში ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდა იმის შიშით, რომ სააკაშვილმა შესაძლოა ქვეყანა რუსეთთან ახალ კონფლიქტში ჩაითრიოს.
- ”საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს და ერთ-ერთი მათ შორის არის ხალხის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ”, - ამბობს სარა მენდელსონი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან.
- ”ის არჩეული პრეზიდენტია და საბოლო ჯამში, ეს თავად ქართველების საქმეა. მაგრამ მე მესმის, ზოგიერთები როგორ ამბობენ: ის უნდა მოვიშოროთ ან ჩვენს კონტროლს დავაქვემდებაროთ”.
მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რონალდ ასმუსი თვლის, რომ სააკაშვილმა ძირითადი ყურადღება ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უნდა დაუთმოს და საქართველოში რუსული ჯარის არსებობას შეეგუოს.
- ”რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაივიწყეთ რუსები. დააჩქარეთ რეფორმები და აღადგინეთ მორალური უპირატესობები, რაც გქონდათ და დაკარგეთ”.
რონალდ ასმუსის ვარაუდით, წარსულში სააკაშვილის გუნდი ამ გზით მიდიოდა, მაგრამ ”მათ უჭირთ ამის შენარჩუნება”.
რჩევა შემთხვევითი არ არის. ასმუსის აზრით, 2007 წლის ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და სამხრეთ ოსეთში ომით, სააკაშვილმა ”ორი დიდი შეცდომა დაუშვა”.
- ”პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ ახერხებს ორი დიდი შეცდომის დაშვების შემდეგ გამოძრომას. არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური სიცოცხლე დარჩა მას”.
და ამგვარად, 41 წლის ასაკში სააკაშვილის წინაშე უცნაური ამოცანები დგას - მოთოკოს თავისი ამბიციები, შეასუსტოს ვნება, მოუთმენლობა და თვით ძალაუფლებაც. როგორც ჩანს, მან სრულიად შეიგნო ეს, როცა ფართე საპრეზიდენტო რეზიდენციის თეთრი ინტერიერის ფონზე კითხვებს პასუხობდა. მან თქვა, რომ თუ ხელისუფლებას აქვს ნაკლი, ეს იმიტომ, რომ ის ”მეტნაკლებად დაფუძნებულია პიროვნებაზე, მაგრამ უნდა იყოს დაფუძნებული ინსტიტუტებზე”.
სააკაშვილი ამბობს, რომ ბევრი იტანჯა იმაზე ფიქრით, ხომ არ დაუშვა შეცდომა, როცა ცხინვალზე შეტევის ბრძანება გასცა? კონფლიქტის პირველ დღებში ის საკუთარ თავს ამ კითხვას ”ათასჯერ” უსვამდა.
- ”ყოველი საღამო, როცა საკუთარ თავზე არ ვბრაზდები, დაკარგულია”, - ამბობს ის.
გასულ კვირას ის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პრეზიდენტის უფლებებს პარლამენტის სასარგებლოდ შეზღუდავს. მისივე თქმით, უკანასაკნელ ხანს მას სულ უფრო ნაკლებად იზიდავს დავით აღმაშენებლის მოდელი და მეტად მოსწონს ჯორჯ ვაშინგტონის, რომელსაც ”შეეძლო მეფე გამხდარიყო, მაგრამ ამჯობინა უარი ეთქვა სამეფო ხელისუფლებაზე და დემოკრატია ჩამოაყალიბა.”
- ”ამის შესახებ უფრო მეტს ვფიქრობ”, - ამბობს ის.
|