|
ირაკლი სესიაშვილი: "თუ ცალსახად განვაცხადებთ, რომ ომს არ ვაპირებთ და რეალურად ავიღებთ კურსს დემოკრატიაზე, ომი აღარ იქნება"
აგვისტოს მოვლენებიდან დაწყებული დღემდე ქართულ საზოგადოებაში მუდმივად არსებობს შიში, რომ რუსული აგრესია კიდევ განმეორდება, თანაც - ამჯერად უფრო დიდი მასშტაბებით. რამდენად რეალურია რუსეთის მორიგი თავდასხმა და როგორ გაუმკლავდება საქართველო მის მორიგ შესაძლო აგრესიას, - ამ და სხვა საკითხებზე "პირველი" ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, დღემდე გრძელდება საუბრები იმაზე, რომ შესაძლებელია, აგვისტოს მოვლენები უფრო მძაფრი სცენარით განმეორდეს. ხედავთ თუ არა თქვენ ამ საფრთხეს დღევანდელი გადასახედიდან?
სამწუხაროდ, ეს საფრთხე დღემდე მართლაც არსებობს. აგვისტოს მოვლენების შედეგებმა დაგვანახა, რომ რუსეთი პოლიტიკურ საკითხებს სამხედრო კომპონენტის გამოყენებით (აგრესიით) წყვეტს. პოლიტიკოსი, რომელიც სამხედრო პოლიტიკურ საკითხებს ძალის გამოყენებით წყვეტს, სერიოზულ შეცდომას უშვებს. დღეს ხომ მე-16 საუკუნე არ არის, 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი კონფლიქტი პოლიტიკური მეთოდებით უნდა წყდებოდეს. რა მოუტანა რუსეთს აგვისტოს "გამარჯვებამ" (აგრესიამ)? - თითქმის არაფერი. მის მიზანს არ წარმოადგენდა მხოლოდ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირება, კრემლს უფრო გლუბალური ინტერესების რეალიზების სურვილი გააჩნდა. რუსეთს მთლიანად რეგიონის კონტროლი სურდა. ამის შედეგად ის სახმელეთო გზით დაუკავშირდებოდა სომხეთსა და იარანს, რითაც შესაძლებელი ხდებოდა, ერთის მხრივ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სრული კონტროლი, მეორეს მხრივ კი, ირანისა და შუა აზიის ნავთობისა და გაზის რუსული კონტროლით დასავლეთისთვის მიწოდება. ასეთი სცენარით ის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა გახდებოდა მსოფლიოში. რუსეთმა აგვისტოს მოვლენების შედეგად პოლიტიკური თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია, ამიტომ ომის საფრთხე კვლავაც არსებობს. არ ვამბობ, რომ ომი აუცილებლად იქნება, მაგრამ როცა თეორიულადაც კი არსებობს ამის საფრთხე, ჩვენ ამის საპირისპირო ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ. თუ ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს საფრთხე არარეალურია, მაშინ აიღოს საქართველოს რუქა, შემოხაზოს ის ტერიტორიები, სადაც რუსი ოკუპანტები დგანან და მიხვდება, რომ ეს საფრთხე ნებისმიერ შემთხვევაში რეალურია. თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ რუსეთი თავს შეიკავებს მორიგი სამხედრო აგრესიისგან.
- თუ რუსეთი მაინც წავა პროვოკაციაზე, რა შანსები აქვს ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომ ეს აგრესია თუნდაც იმ დოზით შეაჩეროს, როგორც აგვისტოს კონფლიქტის პერიოდში?
რატომღაც შინაგანი რწმენა მაქვს, რომ მორიგი ოკუპაციის შემთხვევაში ჩვენი ჯარისკაცები თუ სამხედრო ძალები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ვინაიდან ამას ერთი მოტივაცია აქვს - წყდება ქვეყნისა და ისტორიის ბედი. მორიგი აგრესიის შემთხვევაში დადგება "ენის, მამულის, სარწმუნოების" საკითხი - ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით! ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ძლიერი სახალხო წინააღმდეგობა და თუ კი ჩვენს ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან გონიერი ადამიანები, ან სხვებს მაინც დაეკითხებიან ჭკუას, პროცესები უფრო გონივრულად წარიმართება. ჩვენ არ შეგვიძლია მოწინააღმდეგის დამარცხება, მაგრამ შეგვიძლია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, რითაც მოწინააღმდეგებს შევაფერხებთ და მოვიგებთ დროს. თუ დედამიწაზე არსებობს ცივილური აზროვნება, ამ დროის ფარგლებში ჩვენ ვიღაც დაგვეხმარება და ეს დახმარება რეალურად მიმაჩნია, რადგან აქ საუბარია არა მხოლოდ ჩვენს დახმარებაზე, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ საკუთარი ინტერესების დაცვაზე და ამ ინტერესებში საბედნიეროდ, ჩვენც ვექცევით.
- რამდენად აძლევს ჩვენს ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით დამშვიდების საფუძველს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც სულ მალე ამერიკასთან გაფორმდება?
დავიწყოთ იმით, რომ ამ დოკუმენტის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარკვეული პოლიტიკური განცხადებები უკვე კეთდება. ამ პოლიტიკურ განცხადებებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს უფრო ზოგადი ხასიათის ჩარჩო-ხელშეკრულება იქნება. მასში ჩამოყალიბდება ზოგადი პრინციპები, რომელიც განხილული იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობების ფორმატში. რა თქმა უნდა, აქცენტი პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდება. საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ აქ მარტო საქართველოზე არაა საუბარი, არამედ გლობალური ინტერესები იგულისხმება. ამ ინტერესებს გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. მათი დაცვის მექანიზმები საქართველოს არ გაგვაჩნია, ხოლო ვისაც გააჩნია ძალა, დაიცვას უსაფრთხოება, ის მოქმედებს. ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც ჩათვალა, რომ ის აგრესია, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს იყო, შესაძლოა უფრო დიდში გადაიზარდოს. საჭიროა დროული მოქმედება, კონტრზომების მიღება. თუკი პოლიტიკურ დონეზე დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების გარანტი იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ომი დაიწყება, ეს პრევენციულ ხასიათს ატარებს. თუ მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ მისი მოწინააღმდეგე არ არის მხოლოდ პატარა ქვეყანა, არამედ მის უკან ძლიერი სახელმწიფო დგას, რა თქმა უნდა, ის იძულებული გახდება, ზედმეტი მოქმედებებისგან თავი შეიკავოს. ასე იყო ცივი ომის დროსაც, რომლის პირობებში (ვფიქრობ, რომ დღესაც ცივი ომის პირობებში ვართ) მხარეები აძლიერებდნენ სამხედრო კომპონენტებს, იყო რბოლა შეიარაღებისკენ, თვალშისაცემი იყო გადამეტებული დაძაბულობა, თუმცა რეალურად ტყვია არავის გაუსვრია, რადგან, ორივე მხარემ იცოდა, რომ ძლიერი იყო და რომ ამ ყველაფერს კატასტროფა მოჰყვებოდა. დღესაც იგივე მდგომარეობაა და ეს ხელშეკრულება პრევენციული ხასიათისაა. მე ადრეც ვთქვი და გავმეორდები, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება ობამას ოფიციალურ გაპრეზიდენტებამდე მოხდება, რადგან ამას დღევანდელი სიტუაცია მოითხოვს. საჭიროა დროული სიგნალების გაშვება რუსეთის მიმართულებით, რომ მორიგი აგრესია არ გაბედოს და ამაზე არც კი იფიქროს. მეორე მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტი ბუში პოლიტიკიდან მიდის და უნდა შეასრულოს ის "შავი სამუშაო", რომელიც შეერთებულ შტატებს დარჩა შესასრულებელი, ობამამ კი უკვე თეთრი ფურცლიდან უნდა დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობა. როდესაც დაფიქსირდება ფაქტი, რომ რუსეთი ომით თავის პოლიტიკურ მიზნებს სამხრეთ კავკასიაში ვერ მიაღწევს, ეს ავტომატიურად უბიძგებს მხარეებს, პოლიტიკურ დიალოგზე გადავიდნენ და კონფლიქტები პოლიტიკურ გზებით მოაგვარონ. არის მეორე საკითხიც: ევროპას ძალიან ეშინია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების. მისთვის სამხრეთ კავკასია სტრატეგიული დანიშნულების პლაცდარმია და ფრონტის ხაზი ჩვენზეც გადის. ევროპა უფრო ლიბერალური და სოციალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ამიტომაც საქართველოს ნატო-ში შეყვანის შემთხვევაში შიშობს, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა მოუწევს. ევროპას არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ თუ დასავლეთი დაინახავს, რომ საქართველოს ინტერესებს და უსაფრთხოებას შეერთებული შტატები დაიცავს, მას უკვე აღარ შეეშინდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რადგან პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე, რომელსაც დასავლეთი თავს არიდებდა, ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე შეერთებული შტატები აიღებს. შესაბამისად, სწორედ ის გახდება პასუხისმგებელი დემოკრატიული ღირებულებების აღიარებაზე, პატივისცემასა და დაცვაზე, რაშიც აქამდე ჩვენი მოკავშირე დასავლეთია. თუ ის აიძულებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგას, თუ შეერთებული შტატები დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, დარჩება მხოლოდ კონფლიქტების მოგვარება და ეს საკითხები პოლიტიკური გზებით რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს, პოლიტიკაში კი მთავარი კომპრომისებია. აშშ-სთან ხელშეკრულება, პოლიტიკური მზაობის დემონსტრირებას მოახდენს, რაც პოლიტიკურ ჭრილში შემაკავებელი ფაქტორი იქნება რუსული აგრესიის. შემდგომ ეტაპზე კი, შესაძლოა, ველოდოთ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის, რაც საკმაოდ დიდი თემაა და ამ ეტაპზე ამ დეტალებზე საუბარი ნაადრევია.
- რატომ არის ამ ჩარჩო-ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული?
დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტში მხოლოდ პრინციპებზე იქნება საუბარი, ის კონსტიტუციურ ხასიათს ატარებს და არა რაღაც კონკრეტული ნაბიჯების. ეს პრინციპები ვერავის გააღიზიანებს და ვერავის შეუქმნის რაღაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. რამდენადაც ეს პროცესი დაჩქარებულია, ვფიქრობ, რომ მისი დეტალების არგახმაურება გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მისი ფორმირება ძალიან სწრაფად ხდება. ამდენად ამაში ვერანაირ კატასტროფას ვერ ვხედავ, ამასთან, ვფიქრობ, ნაკლებად მოსალოდნელია, ამ დოკუმენტში საქართველოს მხარის ინიციატივები ჩაიდოს და რეალურად ხელშეკრულებას შეერთებული შტატები ამზადებს. ჩვენ სხვა გზა არც გვაქვს: ევროპა მაინცადამაინც არ გვიკრავს გულში, რადგან არ სურს რუსეთან ურთიერთობების გაფუჭება. შეერთებული შტატები სხვა კონტინენტზეა, მას არ აქვს უშუალო ტერიტორიული ინტერესები საქართველოში და უფრო გეოპოლიტიკურ-გეოსტრატეგიული ინტერესები, გააჩნია, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. უსაფრთხოების გარანტიები ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, დღეს არავინ ჩადებს საქართველოში ინვესტიციებს, მაგრამ თუ ინვესტორებს ეცოდინებათ, რომ საქართველოს უსაფრთხოებას შეერთებული შტატები იცავს, მაშინ ამის შანსები ერთიორად გაიზრდება.
- ევროპის ქვეყნები, ვერ აღმოჩნდა ის დიპლომატიური იარაღი, რომელსაც შეუძლია, რუსეთის მხრიდან აგრესია აგვაცილოს. რამდენად ზრდის ეს საფრთხეს და კიდევ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის შესაჩერებლად?
ვროპა ჩვენი გულისთვის რუსეთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს, რადგან ის რუსული ენეგორესურსების იმედზეა. მაშინ რატომ ვთხოვთ ევროპას, "გინდა თუ არა, ჩემი გულისთვის კრემლს დაუპირისპირდიო"?! ხომ ვიცით, რომ ევროპა რუსეთზეა დამოკიდებული?! ამასთან, ევროპა ლიბერალური ქვეყნების გაერთიანებაა და არ სურს არანაირი კონფლიქტი. ალბათ, ეს სწორიც არის. ჩვენი ქვეყანა არ არის ევროპისთვის იმდენად სტრატეგიული, რომ ჩვენთვის ვინმემ თავი გადადოს. როცა საქმე ეხებოდა შუა ევროპას და ბალკანეთში იყო ომი, მაშინ ევროპა აქტიური იყო, რადგან გერმანიასა და საფრანგეთს სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებდა კონფლიქტური ტერიტორიიდან, ევროპის ქვეყნებს ლტოვლილების მთელი ნაკადი მიაწყდა, რაც მათთვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. რას ცდილობს ევროპა დღეს? ის ცდილობს, ჩვენს ტერიტორიაზე კონფლიქტები მოგვარდეს ისე, რომ ამან დამატებითი თავის ტკივილი არ მოუტანოს თავად ევროპას. მიუხედავად ამისა, ევროგაერთიანება ასრულებს მნიშვნელოვან როლს. მას შეუძლია, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზებით გამონახოს გამოსავალი. შესაბამისად, რუსეთისთვის შეერთებული შტატები "Bad boy" არის, ხოლო დასავლეთი - "Good boy". ამიტომ შეერთებული შტატები საშუალებას აძლევს ევროპას, გახდეს სამშვიდობო ინიციატივების ინიციატორი. მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიაა ისიც, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გვყავს: ევროდამკვივებელს რუსეთის მხრიდან რამე რომ შეემთხვეს, ამას დიდი ხმაური მოჰყვება, კერძოდ, ევროპა "შეშფოთდება". მართალია, ეს სიტყვა ძალიან არ გვიყვარს, რადგან ევროპა სულ “შეშფოთებითაა" დაკავებული, მაგრამ ეს შეშფოთება პოლიტიკის ნაწილია. შეერთებული შტატები კი, როგორც "Bad boy", პირდაპირ მოქმედებს და უსაფრთხოების სისტემაში დახმარებას გვთავაზობს.
- როგორც ფიქრობთ, ხომ არ არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო მისიების გაძევების მცდელობა სიგნალი იმისა, რომ ეს ქვეყანა ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე წავა?
რუსეთი ცდილობს, მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენოს, რათა საქართველოს პოზიციები შეასუსტოს და მეორეს მხრივ, დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს. რუსეთს სულ ორი პლაცდარმი აქვს - გაერო, სადაც ის ვეტოს უფლებით სარგებლობს და ეუთო, სადაც მას ხმის უფლება აქვს, არის დამფუძნებელი და ერთ-ერთი სერიოზული დამფინანსებელი. ამ ორ ორგანიზაციაში ის მარტივად იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს, შემდეგ კი ამ უფლებებს დასავლეთთან სავაჭროდ იყენებს: "თუ არ გინდა, დავბლოკო ესა თუ ის საკითხი, მაშინ აღიარე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიო". მაგრამ ამაში პოზიტივსაც ვხედავ, კერძოდ, ის რესურსი, რომელიც გაეროსა და ეუთოსთვის იყო გამოყოფილი და კონკრეტულ მიზნები ჰქონდა, ევროკავშირში გადაიქაჩება, ეს კი ის ორგანიზაციაა, რომელზეც რუსეთს ხელი არანაირად არ მიუწვდება, ის არც წევრია და არც ვეტოს უფლება აქვს. რუსეთს არ სურს, აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლები შევიდნენ და რუსეთის რეალური ინტერესები და მიზნები დაინახონ, საკუთარი თვალით ნახონ, რომ იქ ადამიანის უფლებები ირღვევა და ეთნიკურ უმცირესობებს პატივს არავინ სცემს. დასავლეთი რეალურად დაინახავს, რომ რუსეთი აფხაზეთის და ოსეთის ოკუპანტი ქვეყანაა.
- რამდენად ცვლის მდგომარეობას თავდაცვის სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები? აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ კადრებთან მიმართებაში ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს.
თავის დროზე დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშნვა უარყოფითად შევაფასე, რამდენადაც ის არაპროფესიონალი იყო ამ სფეროში. ასევე წინააღმდეგი ვიყავი ზაზა გოგავას დანიშნვის, რომელსაც არ ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება. ეხლა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სიხარულიძე მოვიდა, რომელსაც მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. როცა ამ სფეროში ვმუშაობდი, იგი ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი იყო. ამასთან, სიხარულიძეს ძალიან კარგი კონტაქტები აქვს შეერთებულ შტატებში, რამდენადაც ის იყო საქართველოს ელჩი აშშ-ში. დღესდღეობით ჩვენი უსაფრთხოების გარანტი სწორედ შეერთებული შტატებია, ამიტომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სიხარულიძე გაწონასწორებული ადამიანი და კარგი პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია, სწორი პოლიტიკით მართოს უწყება. ეს სამი ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუმცა შეიძლება, მეოთხე ფაქტორი გამოდგეს უარყოფითად – სიხარულიძეს თავისუფალი მოქმედების არეალი არ მისცენ. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, მას ეფექტური რეფორმების გატარება შეუძლია. რაც შეეხება გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას, მისდამი ასევე პოზიტიურად ვარ განწყობილი: მას ძალიან კარგი ბიოგრაფია აქვს - 1992 წლიდან გვარდიელია და მასში ქართველი ჯარისკაცის სულს ვხედავ. ამასთან, მას ძალიან კარგი განათლება აქვს: წარ კოლეჯი დაამთავრა. თუმცა აქ დასაფიქრებელი ისაა, რამდენად შეძლებს ის, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი, საჭირო უნარჩვევების გამოვლენას. შეიძლება, ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, მაგრამ მმართვის უნარ-ჩვევები არ გქონდეს. თუ ამ კომპონენტში ის თავს გამოიჩენს, ვთვლი, რომ მას შეეძლება თავდაცვის სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ჩაჩიბაიამ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც მომწონს, კერძოდ - საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
- რას იტყვის ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე ბაჩო ახალაიაზე?
კარგს ვერაფერს გეტყვით. ჯერ ერთი, ბაჩო ახალაიას საზოგადოებაში იმიჯი აქვს გაფუჭებული. გარდა ამისა, არ აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება. თუმცა აქ მხოლოდ ბაჩო ახალაიაზე არაა საუბარი. თავდაცვის სამინისტროში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ მომწონს და მათთან შეხვედრის დროს ამ კუთხით კრიტიკას გამოვთქვამ კიდეც. სიხარულიძესაც ვუთხარი, რაც არ მომწონს, - კრიტიკაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
- ცვლის თუ არა რამეს ქართული ჯარის უფრო მობილურად ჩამოყალიბების კუთხით რეფორმა, რომელიც თავდაცვის ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ხორციელდება, - ვგულისხმობ საზღვაო ძალებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთ უწყებად გადაკეთებას, იგივე ავიაციის შემოერთებას?
თავის დროზე მომხრე ვიყავი, რომ საზღვაო ძალები დროებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასულიყო. მიზეზი შემდეგია: საზღვაო ძალების შენახვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ისევე, როგორც საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების. მარტო პილოტის მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და მის მიერ ნორმატივების დაყმაყოფილება კატასტროფულ თანხებთანაა დაკავშირებული. იგივეს ვიტყვი საზღვაო ძალებზეც. თუ ჩვენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ვუყურებთ და ვიცით, რა ძალები აქვს მას, ამ დროს კი რაღაც ოცმეტრიანი კატარღა გვყავს, მოწინააღმდეგეს ვერ გავუმკლავდებით. საზღვაო ძალები თავის დანიშნულებას და ფუნქციებს ფაქტობრივად ვერ შეასრულებენ. ამიტომ სჯობს, ჯერ ეს ძალები საზღვრის დაცვის ფუნქციით დავტვირთოთ. თუმცა აუცილებელია, შეიარაღებული ძალების წრვთვნების დროს კოორდინაცია იყოს და მათი თანამონაწილეობა იყოს გათვალისწინებული, რათა ჰქონდეთ მუდმივი კავშირი და თანხვედრა. თუ ფინანსები გამოჩნდება და კატარღებს შევიძენთ, ან გვაჩუქებენ, ამის განხორციელება ადვილი იქნება.
- და ბოლოს, რა უნდა გაკეთდეს, რათა საქართველომ უსაფრთხოდ შეძლოს განვითარება? - როგორც ვხედავთ, ნატოში შესვლა ცოტა შორეული პერსპექტივაა.
არ არის აუცილებელი, მარტო სამხედრო განვითარებით ვიყოთ დაკავებული. ლიტვას სულ 4 ტანკი ჰყავს, აქედან ორი სასწავლოა, მაგრამ ეს ქვეყანა ნატოს წევრია. ნატო არ გვთხოვს, მაინცადამაინც სუპერთანამედროვე იარაღის მფლობელები ვიყოთ. ნატოს მოთხოვნაა, იყო ისეთივე, როგორიც თვითონ არის: დემოკრატიული, ცივილური, ადამიანების უფლებების დამცველი, სამართლიანი სასამართლოთი და თავისუფალი მედიით. თუ იქნები დემოკრატიული ქვეყანა, იქნები სტაბილურიც, თუ იქნები სტაბილური, გექნება სტაბილური ეკონომიკა, თუ გექნება სტაბილური ეკონომიკა, მოსახლეობა იქნება სოციალურად დაცული, ხოლო როცა სოციალურად დაცული მოსახლეობა გყავს, ე.ი. კეთილდღეობა გაქვს. თუ ამ კომპონენტებს დავაკმაყოფილებთ და მათნაირები ვიქნებით, მაშინ შეგვეძლება ამ პრინციპების ერთად დაცვა. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ დემოკრატიის მოთხოვნა ფარსია, არადა, სულაც არ არის ფარსი. ჩვენ რომ დემოკრატიული ქვეყანა ვყოფილიყავით, ვფიქრობ, მერკელს გაუჭირდებოდა რაიმე არგუმენტის მოძებნა, მათ შორის - კონფლიქტებთან მიმართებაში. მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოვაგვარებთ, რაც ფაქტობრივად არ გვითქვამს: სააკაშვილი სულ აჭრაჭუნებდა იარაღს, იძახდა, "აი, რა ძლიერები ვართო". ამას ემატებოდა მინისტრების განცხადებები, რომ 1 იანვარს ცხინვალში შევხვდებოდით. თუ არ გვექნება მშვიდობიანი პოლიტიკა და ჩამოყალიბებული ცივილური აზროვნება, მაშინ ნატოს წევრი ვერასდროს გავხდებით.
- საუბრის დასაწყისში ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებაზე საუბრობდით. ნატოს გადაწყვეტილებებიც ხომ არ უკავშირდება რუსეთის ფაქტორს?
რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ვეღარ ითამაშებს, თუ ვიტყვით, რომ კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოვაგვარებთ, რადგან იმის დეკლარირება, რომ ომი არ იქნება, ნიშნავს, რომ ომი არ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორისაც. თუ დასავლეთი დაინახავს, რომ რეალურად შენ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ყალიბდები, გვერდში ამოგიდგება. მაგრამ როდესაც დასავლეთი ხედავს, რომ დემოკრატია ფარად გაქვს ამოფარებული, მის უკან კი ტყვიებს ტენი, მაშინ შენში საფრთხეს ხედავენ. როცა ჩვენ ვიტყვით, რომ რეალურად ვართ მშვიდობის მომხრე და დემოკრატიული სახელმწოფო, არამგონია, საწინააღმდეგო არგუმენტები გაჩნდეს, ხოლო თუ მაინც გაჩნდება, შეგვიძლია, უსინდისობაზე ვისაუბროთ, ჯერჯერობით კი ამის საფუძველი არ გაგვაჩნია.
- რას უსურვებდით ახალ 2009 წელს სრულიად საქართველოს მოსახლეობას და რას ელოდებით ახალი წლისგან?
ველოდები, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად. იმედი მაქვს, იქნება მშვიდობა, ქვეყანა წინ წავა და განვითარდება, კონფლიქტების მოგვარებაში კი გარკვეული ძვრები იქნება.
ლევან ჭითანავა საინფორმაციო სააგენტო "პირVელი"
|