|
იყო ერთი ჩიტი ძლიერი ფრთებითა და მოელვარე ჭრელი ბუმბულით. არსება, რომელიც გაჩენილი იყო ცაში თავისუფალი ნავარდისათვის. ერთხელ ქალმა დაინახა ის და შეუყვარდა. გული გამალებით უძგერდა, თვალები მღელვარებისაგან უბრწყინავდა, როცა მის ფრენას ადევნებდა თვალს. ჩიტმა ქალს უხმო და ისინი შეხმატკბილებულად გაიჭრნენ ცის ლაჟვარდში. ქალი აღფრთოვანებული იყო მისით, პატივს სცემდა და ადიდებდა მას. მაგრამ ერთხელაც თავში გაუელვა, ჩიტი ოდესმე აუცილებლად მოისურვებს შორეთში, შეუცნობი მთებისაკენ გაფრენასო. და ქალი შეშინდა. შეშინდა, რომ სხვა ჩიტთან ვეღარ იგემებს ასეთ სიამეს. მას შეშურდა. შეშურდა ბუნებისაგან ბოძებული ფრენის ნიჭისა. და კიდევ მარტოობისა შეეშინდა. და მოიფიქრა: „მოდი, კაკანათს დავუგებ, მეორედ რომ მოფრინდება“. ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება. ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ცქერით, მეგობრებსაც აჩვენებდა, რომლებიც ეუბნებოდნენ: „ახლა შენ ყველაფერი გაქვს“. მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა: რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო და რაც მისი მოტყუება და მოშინაურება აღარ იყო საჭირო, მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა გაუქრა. ჩიტი კი, მას შემდეგ, რაც აღარ დაფრინავდა, არადა მისი ყოფის არსი სწორედ ეს იყო, გახუნდა, პეწი დაკარგა, დაუშნოვდა და ქალი საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, საკენკი არ გამოლეოდა და გალია დასუფთავებული ჰქონოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩიტი მოკვდა. ქალი დაღონდა. მხოლოდ მასზეფიქრობდა, დღედაღამ აგონდებოდა, ოღონდ არა გალიაში გამომწყვდეული, არამედ ღრუბლებში მონავარდე, სწორედ ისეთი, როგორიც პირველად ნახა. ამ ქალს თავის სულში რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა, რომ ჩიტის სილამაზემ კი არ მოხიბლა, არამედ მისმა თავისუფლებამ და მისი გაშლილი ფრთების სიძლიერემ. ჩიტის გარეშე ცხოვრებამ აზრი დაკარგა და სიკვდილმაც მიუკაკუნა კარზე. „რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა მას ქალმა. „იმისათვის, რომ შენ კვლავ იფრინო ცაში შენს ჩიტთან ერთად, — მიუგო სიკვდილმა, — მისთვის შენი დატოვებისა და უკან დაბრუნების ნება რომ მიგეცა, ახლა უწინდელზე მეტად გეყვარებოდა და აღფრთოვანებული იქნებოდი. ახლა კი მის კვლავ ხილვას ჩემს გარეშე ვეღარაფრით შეძლებ“.
|