|
გუგუა, გახსოვს, რომ მთხოვე. დაწერე და გამომიგზავნეო. ბევრი მაქვს დაწერილი ჩემი ხელით. არავითარი მწერალი და შემოქმედი არ ვარ, უბრალო ქართველი კაცი ვარ, ქართველებს მონატრებული.
ესეც გაუგზავნე ჩვენს და-ძმებს.
მიწას, რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე, ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს. "ქალაქელი" კაცი მქვია, მაგრამ გულით და სულით "სოფლელი" ვარ. ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო, სოფელში წავეყვანე მშობლებს. ის ყველა, სოფლელი ბავშვის"სიამეც" ვნახე და საკუთარ თავზეც გამოვცადე. ბევრი "თავგადასავალი"შემიძლია გავიხსენო. ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, საკმარისი იყო, სამდღიანი დასვენებაც, რომ გვქონოდა, დიდუბის ავტო-სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი, შუა ქართლის, ერთერთ, ულამაზეს სოფლისაკენ. მე, ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.
გავიდა დრო. სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, "გავარდნილიყავი"-ხოლმე, ჩემს ჯიგრებთან. სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ, იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე. მყავს სანათესაო,ბიძაშვილ-მამიდაშვილები ბლომად. უფროსი მამიდაშვილი, ძალიან დაემსგავსა, ჩვენს დიდ პაპას, გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც. საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით, ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში. მოვეკიდეთ ოჯახებს. გავმრავლდით. ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე, მომენახულებინა ჩემი უფროსი მამიდაშვილის, ჩემი ძმის პატარა ოჯახი. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით, სისხლით ნათესავს.
ვეფხვია-ჰქვია ჩემს ძმას. უფროსი შვილი, ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს. ვაჟკაცების მამაა.
ნოემბრის თვის დასაწყისი იყო. ქართლში, თუ არ იზარმაცებ და გვიან შემოდგომაზე ვაშლის ხეებს, გარშემო შემოუბარავ, შრომას დაგიფასებენ ვაშლის ხეები, გაზაფხულზე კიდევ უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა. ვაშლის ხემ, ამაგის დაფასება იცის. ბევრ ოჯახს ინახავდა და ინახავს დღესდღეობითაც.
მივედი სახლში და რძალს ვეკითხები:-ამ თავსხმაში, სად დადის შენი ქმარი მეთქი? წვიმა მოდის ისეთი, ორ ნაბიჯზე არ ჩანს არაფერი. წასულა სამუშაოდ ბაღში და უფროსი შვილიც გაუყოლებია. მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა. სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია პატარა ბექა. ბავშვს წაუღია სიგარეტი და "სპიჩკა". ამ დროს, წვიმას მოუსწრია. დედამისს, პატარაც ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოჰკიდებია. მაგ გაწამაწიაში მიუსწარი. თავსხმაა. მანქანით ბაღებისკენ ვერ გადავიდოდი. მოვიხურე "პლაში" და გაუყევი. მივედი და რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. მამამისს, კალთაში ეჯდა ეს პატაპა ბოკვერი და მხრებით იყო გადაფარებული, თვითონ-ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. პატარა ბექა, სულმთლად სველი იყო, სიგარეტი და ასანთი-მშრალი. დამინახა და მიცნო:-მამას, პაპილოსი მაინც მოუტანეო. ბავშვი, თურმე გულში იხუტებდა, არ დასველდესო.
ეს, ხუთი წლის პატარა ქართველმა გააკეთა და სთქვა, მამის გულში ჩახუტებულმა.
დამიჯერეთ: არ გაწყდება ქართველი ერი.
|