|
რა საფრთხე ემუქრება ირაკლი ალასანიას?
გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ირაკლი ალასანიამ, საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია და ქვეყანაში დაბრუნებული, პირველი საჯარო განცხადებით სწორედ საახალწლო დღესასწაულების წინ გამოვიდა. არცთუ ხმამაღალი, არცთუ სკანდალური, მაგრამ ხელისუფლებისთვის, უდავოდ, მძიმე! ასე მოვიდა ქართულ პოლიტიკაში ის, ვის შესახებაც ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად საუბრობდნენ საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ თუ მედიაკულუარებშიც; ის, ვისაც სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეალურ მემკვიდრედ მიიჩნევენ და, შესაბამისად, მის ადგილს ოპოზიციაში ხედავენ; ცხადია, ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების გვერდით და არა ხელისუფლების მიერ ასეთად გამოცხადებულების!
ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშე მოვიდა!.. საქართველოს უახლეს ისტორიაში ძნელი გასახსენებელია პოლიტიკოსი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა მისთვის ესოდენ არახელსაყრელ დროს დაიწყო. ყოფილი ელჩი იმდენი საფრთხის წინაშე დგას, რომ ყველას ჩამოთვლა გაჭირდება კიდეც. თუმცა, მოდით, მაინც ვცადოთ, მაგრამ იქამდე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საუბარია პოლიტიკურ საფრთხეებზე და არა ფიზიკურზე.
მაშ ასე, რა ,,ხაფანგები" ელის ირაკლი ალასანიას _ როგორც პოლიტიკოსს, ლიდერს და პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატს?..
მესიანიზმი (გადაჭარბებული მოლოდინები)
დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიას ერთგვარ წითელ ხაზად გასდევს მახინჯი მოვლენა, რომელიც ქვეყნის ყველა უბედურების სათავედ შეგვიძლია მივიჩნიოთ _ მესიანიზმი (მხსნელის მოლოდინი)!
თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსული ყველა პრეზიდენტი საზოგადოების (ანუ ამომრჩევლის) უდიდესმა ნაწილმა მესიად აქცია _ გავიხსენოთ არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ყველაფერი გასაგები იქნება.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანების დასაწყისში, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. გამოჩნდა ზვიად გამსახურდია. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, იმავდროულად, საზოგადოებისთვის შეთავაზებული პირველი ქარიზმატული ლიდერი გახლდათ. ეს ,,ახალი ხილი" იყო... ამომრჩეველმა ვერც ,,ცდუნებას" გაუძლო და არც პოლიტიკური გამოცდილება ეყო _ სულ მალე ზვიად გამსახურდია მესიად, ანუ მხსნელად იქცა. ყველაფერი სამოქალაქო ომით დასრულდა.
ამის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის ჯერი დადგა. ისიც მესია იყო. უფრო ზუსტად, მხსნელი... ყველას კარგად გვახსოვს ის ფაქტი, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილმა მას დარჩენა დაჩოქილმა სთხოვა. შევარდნაძე დარჩა. ყველაფერი ,,ვარდების რევოლუციით" და ახალი მესიის, მიხეილ სააკაშვილის, მოვლინებით დასრულდა. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როდესაც ამომრჩეველმა ,,იზარმაცა" და ,,ცივი გონებით" გააზრებული არჩევანის ნაცვლად, ყველა პრობლემის მოგვარების იმედები ერთ ადამიანს დაუკავშირა.
2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. ქვეყნის სამარცხვინოდ, ახალმა ლიდერმა ისევ ხმათა 90%-ზე მეტი აიღო. ყველაფერი კი მკვლელობებით, 2007 წლის 7 ნოემბრითა და 2008 წლის 7 აგვისტოთი დამთავრდა.
სააკაშვილის შემდეგ მესიად კინაღამ ირაკლი ოქრუაშვილი იქცა. მას ამისთვის ყველაფერი ჰქონდა. აბსოლუტურად ეროვნული, ქართველობისთვის დამახასიათებელი ყველა დადებითი თუ უარყოფითი ნიშან-თვისებით, იგი ადვილად გასაგები და მისაღები იყო ამომრჩევლისთვის. ამას მისი მკვეთრად გამოხატული ქარიზმატულობაც ემატებოდა.
მმართველმა გუნდმა თვითგადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა დაიწყო. ამან ოქრუაშვილის ქარიზმატულობა და, შესაბამისად, პოლიტიკური მომავალი შეიწირა. მისგან ესტაფეტა ბადრი პატარკაციშვილს გადაეცა. დროის მცირე მონაკვეთში ამომრჩევლის უღარიბესი ნაწილისთვის ისიც მესია იყო _ ფინანსური მხსნელი!
პატარკაციშვილმა, ოპოზიციის სხვა კანდიდატების მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მალევე გარდაიცვალა და სრულმასშტაბიან მესიად ვერ იქცა.
ხელისუფლების მიერ ოქრუაშვილის ქარიზმატულობის ნგრევისა და ლევან გაჩეჩილაძის უდიდესი პოპულარობის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში მესიათა ხანაც დასრულდა და ქარიზმატული ლიდერებისაც. იმედი, რომ საზოგადოებამ (ანუ ამომრჩეველმა), ბოლოს და ბოლოს, პროგრამების მიხედვით არჩევანი ისწავლა. ამის საფუძველს თავად გაჩეჩილაძის ფიგურა იძლეოდა. მას ვერც მესიათა რიგს მივაკუთვნებთ და ვერც ქარიზმატული ლიდერების. საზოგადოებისთვის მისაღები სწორედ ის გზავნილი აღმოჩნდა, რომლითაც გაჩეჩილაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა: ,,საქართველო პრეზიდენტის გარეშე!" (ანუ საპარლამენტო რესპუბლიკა).
სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა.
ქვეყანაში უკიდურესი კრიზისია: პოლიტიკური, ინსტიტუციონალური, მორალური (დამარცხებული ერის სინდრომი) და ეკონომიკური! მოსახლეობის 80% თითქმის შიმშილობს! ნათელია, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. საზოგადოებაში იმდენად დიდია ცვლილებების სურვილი, რომ ისევ გაჩნდა მოლოდინი. სამწუხაროდ, ისევ მესიის! ეს ძალიან ნათლად აჩვენა ირაკლი ალასანიას გარშემო ხალხში ატეხილმა მითქმა-მოთქმამ და მოლოდინმა.
აჩვენა ისიც, რომ ქართველი ამომრჩევლის ცნობიერებაში მესიანიზმის ეპოქა არ დასრულებულა. უბრალოდ, მესიის იმიჯმა განიცადა ცვლილება: დღეს საზოგადოების მხრიდან მესიად გამოცხადებისთვის ქარიზმა საჭირო აღარ არის. სააკაშვილის შემდეგ ახლა მოთხოვნა მშვიდ, დინჯ, გაწონასწორებულ, ეროვნული ფასეულობების მატარებელ-დამცველ მესიაზეა.
ალასანია ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. ამიტომ ახლა საზოგადოების ცნობიერებაში ქვეყნის ყველა კრიზისიდან ერთად გამოყვანის იმედები მთლიანად ალასანიას დაუკავშირდა. საზოგადოებამ ისევ იპოვა ,,განსაკუთრებული~ და ნაცვლად იმისა, რომ როგორმე ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება თავად ისწავლოს _ საარჩევნო ყუთთან არჩევანი ,,ცივი გონებით~, უემოციოდ და გააზრებულად გააკეთოს _ მესიის ,,ვაკანტურ ადგილზე~ სწორედ ალასანიას ამზადებს.
ყოფილ ელჩს მესიად ქცევის რეალური საფრთხე ემუქრება. მას მეტისმეტად დიდხანს ელოდნენ, მეტისმეტად ,,გაბერილი"იყო მასთან დაკავშირებული ,,მოლოდინის კამპანია"...
მესიად გამოცხადება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის უდიდესი ცდუნებაა...
მესია მხსნელია, სასწაულთმოქმედი! ამას ამომრჩევლის უსაზღვრო ნდობა, თითქმის 100%-იანი რეიტინგი, ანუ არჩევნებში უპრობლემო გამარჯვება მოაქვს. საზოგადოების მხრიდან მესიად გამოცხადება პოლიტიკური წარმატების უმოკლეს ვადებში მოპოვების გარანტიაა. ალასანიას მსგავსი ახალბედა პოლიტიკოსისთვის ეს ძალიან დიდი ცდუნება იქნება. გაუძლებს ყოფილი ელჩი ამას? შესძლებს კი გაიაზროს, რომ ეს მისი პოლიტიკური მომავლისთვის სერიოზული რისკია? არადა, საფრთხე მართლაც დიდია.
საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ ლიდერის მესიად გამოცხადება მარტო არჩევნებში მოპოვებულ ჰიპერპროცენტებს არ ნიშნავს. იმავდროულად, ეს ნდობის უდიდესი ვოტუმიც არის. ამას კი, საბოლოოდ, შეუზღუდავ ძალა-უფლებამდე, ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობამდე, თითქმის დიქტატურამდე მივყავართ. ,,ვარდების რევოლუცია" და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი ქვეყნის დემოკრატიულ, ნორმალურ განვითარებას აფერხებს.
ფაქტია, რომ ,,ნაცმოძრაობის" ნაცვლად ხელისუფლების სათავეში მოსულ ლიდერს (მიუხედავად ვინაობისა) და მის გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ. მმართველი პარტიის გარდა, უკვე ყველასათვის ნათელია, რომ გუშინდელი ,,ყვავილოვანი გმირები" დღევანდელი განკიცხულები არიან. მესიად გამოცხადების მეორე უდიდესი საფრთხეც სწორედ ეს არის.
როგორც უკვე ვთქვით, მესია მხსნელი, სასწაულთმოქმედია. შესაბამისად, საზოგადოება მისგან სასწაულს ელის _ ქვეყნის ყველა პრობლემის უმოკლეს დროში, ასე ვთქვათ, ერთი ხელის მოსმით მოგვარებას. მესიად გამოცხადებული კი, სინამდვილეში, უბრალოდ, ადამიანია, პოლიტიკური ლიდერი... ზოგჯერ უფრო ძლიერი, ზოგჯერ უფრო სუსტი და მთლიანად ,,იმიჯმეიკერების" მიერ შექმნილი მითი.
ორივე შემთხვევაში, შედეგი ერთია: ,,მოკვდავს" სასწაული არ ხელეწიფება! დრო გადის, ქვეყანაში არაფერი იცვლება (ასე ეჩვენება საზოგადოებას) ან იცვლება, მაგრამ მკვეთრად უარესობისკენ. საბოლოოდ, დიდ აღფრთოვანებას დიდი განხიბლვა ენაცვლება.
გუშინდელი გმირი, მესია, განკიცხული ხდება და აქტიურ, დიდ პოლიტიკაში დარჩენის ყოველგვარ შესაძლებლობას კარგავს. საერთო სახალხო აღფრთოვანების სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ყოფილი კერპი თვითგადარჩენისთვის ბრძოლას იწყებს. საბოლოოდ, ეს არამარტო საზოგადოებას უქმნის საფრთხეს, არამედ, უბრალოდ, ქვეყნის ფიზიკურ არსებობასაც კი! ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.
სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მესიანიზმის საფრთხესა და ცდუნებებს ვერ გაუძლეს. გაუძლებს ალასანია? ახლა ყველაფერი თავად ახალბედა პოლიტიკოსზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რა ტიპის ლიდერად შესთავაზებს იგი თავს საზოგადოებას; პოლიტიკური საქმიანობის როგორ გზას აირჩევს; როგორი იქნება მისი პირველი, უფრო კონკრეტული, ასე ვთქვათ, საპროგრამო გზავნილები...
ალასანიას შეუძლია მორიგ მესიად, მხსნელად გამოცხადების საფრთხე აიცილოს. ოღონდ ამისთვის პოლიტიკური ბრძოლის, პოპულარობის მოპოვების გრძელი გზა უნდა აირჩიოს. მან საზოგადოებას, ქვეყანაში არსებულ ყოველ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, გამოსავლის საკუთარი ხედვა, საკუთარი ,,რეცეპტი" უნდა შესთავაზოს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებსაც იგი გარშემო შემოიკრებს _ მის მომავალ გუნდზე.
პოლიტიკური პარტნიორები
ირაკლი ალასანიამ პირველი შეცდომა უკვე დაუშვა. პოლიტიკოსის ამპლუაში პირველ საჯარო განცხადებაში მან თქვა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას არ აპირებს და კონსულტაციებს ოპოზიციურ ძალებთან აწარმოებს. ამის შემდეგ მისი პირველი შეხვედრაც ვნახეთ _ ,,ახალ მემარჯვენეებთან" და ,,რესპუბლიკელებთან". შეცდომაც სწორედ ეს არის. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეცდომაა არა კონკრეტულად ,,ახლებთან" და ,,რესპუბლიკელებთან" კონსულტაციები, არამედ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე უარის თქმა.
ქვეყანაში მეტისმეტად მძიმე ვითარებაა. არის უამრავი კითხვა და არც ერთი პასუხი. ჩიხში ვართ ყველა მიმართულებით და ახლა საზოგადოებას შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზები აინტერესებს. ქართული, რეალურად ოპოზიციური, სპექტრი არ ან ვერ გრძნობს ამომრჩეველში არსებულ განწყობებს და საზოგადოებას კითხვებზე პასუხებს არ სთავაზობს. მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა ნეგატივზე _ ხელისუფლების კრიტიკაზე და ჩადენილი შეცდომების ჩამოთვლაზეა აგებული.
დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ,,ვარდების რევოლუციის" მხარდამჭერთა იმედები ვერ გაამართლა. ამაზე არავინ დავობს. ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ამ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოყვანისთვის საჭირო რესურსი (საკადრო, ფინანსური, მორალური) აღარა აქვს.
რევოლუციურმა გუნდმა საკუთარი თავი ამოწურა და სასწრაფოდ რაღაც უნდა შეიცვალოს _ არც ეს არის სიახლე! საზოგადოებამ ესეც იცის. ოპოზიციური სპექტრი კი ისევ მხოლოდ შეცდომების ჩამოთვლით იფარგლება. პრობლემების მოგვარების გზების შესახებ კი არაფერს ამბობენ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებული პრობლემების გადაჭრის რაიმე კონკრეტული ხედვა არც მათ აქვთ. საზოგადოება ამას გრძნობს. სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეისათვის არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას არა აქვს საკმარისი რეიტინგი _ საზოგადოების მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხელისუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას (ცხადია, კონსტიტუციური მეთოდებით), ან, თუნდაც, ნორმალური საარჩევნო კოდექსის შექმნა და არჩევნების დანიშვნა აიძულოს.
მოკლედ, შექმნილ ვითარებას და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს თუ კარგად გავიაზრებთ, ნათელი გახდება, რომ ამომრჩეველიც, რეიტინგებიც და სერიოზული პოლიტიკური წარმატებაც აშკარად ახალ პარტიას, ახალ ლიდერს ელის. მათ, ვინც საზოგადოებას გამოსავლის გზებს, კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით მოქმედებათა კონკრეტულ გეგმას შესთავაზებს.
P.S. იმ ორი უმთავრესი საფრთხის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ალასანიას უამრავი სხვა საფრთხეც ელის. მაგალითად, ე.წ. ,,შავი პიარი", რომელსაც ხელისუფლება აუცილებლად ააგორებს. ყოველ შემთხვევაში, ეცდება მაინც. სხვათა შორის, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ... უახლოეს მომავალში გაირკვევა, რომ თურმე ალასანია რუსეთის ,,აგენტია" და ტელეფონით ვიღაც ,,მაესტროებს" მეგობრულად ესაუბრება... რომ სამი ფეხი და ოთხი ხელი აქვს და ა.შ. _ ეს ცოტა უტრირებულად, ცხადია.
,,შავი პიარის" თვალსაზრისით, ალასანიასთვის ყველაზე რთულად გასაბათილებელი ერთი, სრულიად ლეგიტიმური ეჭვი იქნება, რომლის რეკლამირებასაც ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება.
დიდი ხანია საუბრობენ, რომ სააკაშვილი მემკვიდრედ გიგი უგულავას ამზადებს. სულ მალე პრესაში, ალბათ, გაჩნდება ვარაუდი, რომ, შესაძლოა, უგულავა, ასე ვთქვათ, ,,შემოგდებული" კანდიდატურა იყო და სინამდვილეში მემკვიდრე ალასანია გახლავთ. როგორც უკვე ვთქვით, ეს სრულიად ლეგიტიმური ეჭვია. მას აქვს არსებობის უფლება და, თუ ალასანიას მართლაც შორს მიმავალი გეგმები აქვს, მას ამ ეჭვის გაბათილება სერიოზული არგუმენტებით მოუწევს.
დასასრულ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი, რის შესახებაც აქამდე ვსაუბრობდით, ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ყოფილ ელჩს საპრეზიდენტო ამბიციები მართლაც აქვს. საზოგადოებამ ჯერ ეს არ იცის. მან მხოლოდ ის იცის, რომ ალასანიას კეთილი სურვილები აქვს და აღარ სურს, მმართველ გუნდთან იყოს ასოცირებული.
მანანა აბაშიძე
|