|
ალბათ ყველასათვის დიდი ტკივილი იყო 20 საუკუნის უნიჭიერესი პოეტის ანა კალანდაძის გარდაცვალება.გუშინ ვფიქრობდი რომ არა ანა კალანდაძის პოეზია რითაც ბავშვობიდან აღვიზარდე ასე ძლიერ საქართველო არ მეყვარებოდა!!! დიახაც რომ ქართველმა ერმა მიანიჭა ანას საქართველოს პოეზიის დედოფლის საპატიო სახელი და სამების საკათედრო ტაძარში მთელი საქართველოდან ჩამოსული ხალხის ტალღა არ წყდებოდა რომ უკანასკნელად გამოთხოვებოდნენ ადამიანს რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული სულის აღძევებას. მშვიდობით ანა, მთაწმინდაზე მიგეგებება ილია, აკაკი, ვაჟა ...და გალაკტიონი თავზე დედოფლის გვირგვინს დაგადგამს.
ალბათ ასე განიცადა საქართველომ შენი გარდაცვალება, ალბათ შენზე დაწერე ასე:
ანა კალანდაძე * * *
ბაღში ისევ ტირიფების ლოდინია, ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი... ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის... მთა კვნესის და ცაიც გულდაკოდილია, ჩემო კარგო, მტკვარიც გულდაკოდილი... ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის...
1945
რამოდენიმე ლექსს კიდევ დავდებ და კიდევ ერთხელ აღტაცებით გადავიკითხოთ ათასჯერ წაკითხული. პოეზია რომელმაც დროს გაუსწრო!
ანა კალანდაძე * * *
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ… სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა… შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო… შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულო ცაო…
1945
ანა კალანდაძე ვერ წაიღეს, ვერა!
მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან, - განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა? დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა... ბუბუნებდა კავკასიის მიწა... სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად... ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს... კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა? გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა! ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი, მზე რომ გაიდწვერა... მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი? ვერ წაიღეს, ვერა! ეს კი არა, მას აცვიფრებს მხოლოდ ერთი, - უტირია ლამაზ ფერაფერას? პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის, ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა! ფერაფერას თავი მასთან დაუხრია, მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან... ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს: დაგდომია მზე შარავანდედად! მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან, განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა? უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა საქართველოს მადლიანი მიწა...
1946 ანა კალანდაძე თუთა
ლამის სახლში შემოიჭრეს თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა! რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი... ლამის სახლში შემოვიდეს თუთა. ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.
1945 ანა კალანდაძე პაწაწინა რტო ვარ
მეფერება მზე ალერსის მთოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა... მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის, ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად... დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი: პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო საიდუმლო აშარსა და მსტოვარს? მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო, მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!
1946 ანა კალანდაძე * * *
ციცინო დადიან-ერისთავის ხსოვნას
ხატთან ანთია სანთელი ორი, ორივ პაწია და თანასწორი, სულის მეოხად შენი ერთასი... ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, წმინდა სამთავროს... ალვის სადარო, დახრილი წამით, მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი... შენ ამბობ: - იყავნ ნებაი შენი! მე ვამბობ: - ამინ! და... შემოხეთქა ქარმა კარები, მიმოგირხია ვერცხლის კავები... ჩაქრა სანთელი, შემოუბერა და თან წარიღო „მოვედ სუფევა“... • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, ტაძრად სამთავროს... შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?
1946
საქართველოო ლამაზო
„სხვა საქართველო სად არი?“ გრ. ორბელიანი
ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველი სად არი?“ ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა – არცა რისი სადარი... მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი... დიდება, შენი დიდება, „სხვა საქართველო სად არი?“ მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები... მთაში – ტყე დანაბინდები, ტყეში – ქორბუდა ირმები... ბარად შრიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები... მხარევ მოსილო დიდებით, „სხვა საქართველო სად არი?“ ლურჯი ბალახი მხარამდი, მწყერი გოგმანობს ბალახში... თეთნულდზე – მზე და ბადაღში... სხვა საქართველო ვინ ნახა? „სხვა საქართველო სად არი?“ როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან ცათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური მეშვიდე ცაზე ატანილს... კლდეებში ჯიხვი დაფრთხება, გორში იტირებს ატამი, ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი, „სხვა საქართველო სად არი?“ აქ დაიბადა „სულიკო“, მზისკენ გაფრინდა „მერანი“... და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი, მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა, სით გაუშვებდა ლელაჲ? აქ დაიბადა „სულიკო“, მზისკენ გაფრინდა „მერანი“... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი... დაბლა შრიალებს მოლისებრ ყანაი გაუყელავი... ფიქრს დაუღლია ონისე, ბახტრიონს მიდის ლელაი... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი... ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველო სად არი?“
1945
ანა კალანდაძე * * *
გული დაიქანცა, ესმა ხმა, ვითარცა ხმაი შენი, ვალნ... მწადს მოლხენა, არცა! ვარდი განიძარცვა, სული... მგლოვიარე არნ!
1945
|