“თუ ხალხი თვლის, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, უნდა შეიცვალოს!”
2009 წლის 13 01, სამშაბათი - 10:27
აქტიური პოლიტიკიდან წასული ელენე თევდორაძე რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილეა. გარდა ამისა, შეწყალების კომისიასაც თავჯდომარეობს, თუმცა გული სწყდება, რომ პარლამენტში აღარ არის და ამაში, პირადი საუბრისას, ქალაქის მერს, გიგი უგულავას ადანაშაულებს, რომელმაც საპარლამენტო სიაში არ “ჩასვა”. ამბობს, პარლამენტში უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდიო. მიაჩნია, რომ დღევანდელი ციხეები ძალიან გამკაცრებულია და ეს მაშინ, როცა შევარდნაძის დროს ციხეც და შეწყალებაც უფრო დემოკრატიული იყო. მაშინ შეწყალების კომისიის მიერ შეწყალებულ პატიმრებს სიიდან ვერავინ და არავინ ამოიღებდა, თვით პრეზიდენტიც კი, დღეს კი პროკურატურას სიიდან ნებისმიერი ადამიანის “ამოგდება” შეუძლიაო, _ წუხს. სამაჩაბლოელი ლტოლვილები თვლიან, რომ ელენე თევდორაძე ხელისუფლება არ არისო. ამ შეფასებაზე ქალბატონი ელენე უცნაურად იღიმის. მოკლედ, საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი” გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ელენე თევდორაძესთან.
_ ქალბატონო ელენე, რას თვლით ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაკლად?
_ სხვების მსგავსად, არ ვთვლი, რომ ყველაფერი კარგადა და “აჟურშია”. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადმოვედი, მივხვდი, რომ ზოგი ამ ნაკლს ხედავს და ცდილობს, გამოასწოროს. ზოგი კი ვერ ხედავს. ერთი რამ ვიცი: ადამიანები, რომლებიც კაბინეტებში დამშვიდებულნი სხედან, მათ ხელი უნდა დავიქნიოთ, ხელისუფლებიდან გავუშვათ და მათ ადგილას ისეთი ადამიანები მოვიყვანოთ, რომლებიც ამ ნაკლს გამოასწორებენ.
_ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ ამას ვერ გეტყვით, რადგან ამ ხელისუფლებაში ვარ, მაგრამ თუ ხალხი თვლის, რომ შესაცლელია, მაშინ უნდა შეიცვალოს!
_ პარლამენტიდან რომ წამოხვედით, გული გწყდებათ?
_ რა თქმა უნდა, იქ მეტი ასპარეზი მქონდა, ვიდრე აქ. რითიც ახლა ვარ დაკავებული, თუ ამ, ანუ ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვის საკითხში შედეგი მექნება, არ ვინანებ. მინდა, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ეროვნული უმცირესობები უფრო ინტეგრირებული იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და თუ საჭირო იქნება, მათ თავიც კი გასწირონ ქვეყნისთვის.
_ რაკიღა სიტყვამ მოიტანა, როგორ არის საქართველოში არაქართველების უფლებები დაცული?
_ ადამიანის უფლებები საქართველოში ნაციონალური ნიშნით არ ირღვევა, სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანის უფლებებს კანონი არღვევს.
_ ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები ახალი ხელისუფლებების პირობებში ირღვევა. ხომ არ ხუჭავს ელენე თევდორაძე ამაზე თვალს მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის წევრია?
_ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ არასოდეს მიჭირდა მეთქვა სიმართლე და ხმა ამომეღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. პარლამენტში სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის დამცველი ვიყავი და როდესაც მან პარლამენტს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაუდო, ეს ფაქტები ჩემთვისაც ნაცნობი იყო და, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდი. სუბარი ყველაზე რადიკალური სახალხო დამცველია, მან შეძლო ხელისუფლების ოპონირება და მეც მხარში ვედექი. ახლა, რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების დარღვევამ სეროიოზული ფორმა მიიღო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კიდევ დამატებით გაჩნდნენ ახალი ლტოლვილები.
_ წლების მანძილზე შეწყალების კომისიის თავჯდომარე იყავით და დღესაც იგივე თანამდებობა გიკავიათ, თუმცა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, თუ ბოლო ფართომასშტაბიანს არ ჩავთვლით, შეწყალება ნაკლებად ხდება. ამას რითი ხსნით?
_ როცა შეწყალების კომისია მუშაობდა, კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციები პირდაპირ შედიოდა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტს ხელი არ მოეწეროს, ან ვინმე ზედმეტად ჩარეულიყო, ახლა კი მაინც ხდება ჩვენი რეკომენდაციის გადასინჯვა, ჩვენი რეკომენდაციები იგზავნება პროკურატურაში და ისეც ხდება, რომ ჩვენს მიერ სიაში შეტანილი პატიმარი სიიდან ამოუღიათ, რის გამოც კომისია გულგატეხილია.
_ პატიმრებს პროტექციით იწყალებენ, ანუ არის ამ სფეროში მექრთამეობა?
_ შემიძლია, თავი დავდო, რომ კომისია მუშაობს აბსოლუტურად სუფთა ხელებით, თუმცა ვერ გეტყვით, რა ხდება კომისიის გარეთ. სამწუხაროდ, ჩემთან მოსული ადამიანები მეუბნებიან, იმისთვის, რომ სიიდან არ ამოეღოთ, გადაიხადეს თანხა. როცა ვეკითხები, ვის უხდიან, არ მეუბნებიან.
_ მართლაც, ვის უხდიან, პროკურატურას?
_ არ ვიცი, არ მეუბნებიან.
_ ამ კუთხით მექრთამეობას ადგილი კანცელარიაშიც აქვს?
_ არ ვიცი, თუმცა ხურციძე კანცელარიის თანამშრომელი იყო და გაკვირვებული დავრჩი, რადგან ქალბატონის საკითხი, რომლის ირგვლივაც ერთი ამბავი ატყდა, კომისიას არ განუხილავს და პირდაპირ პრეზიდენტთან შევიდა ხელმოსაწერად. ხურციძეს სია, პრეზიდენტის ხელმოწერამდე, რამდენიმე საათით ადრე გადასცეს და ეს როგორ მოასწრო, ჩემთვის გაუგებარი და ბუნდოვანია.
_ ეტყობა, ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული და ყველაფერი კომისიის გვერდის ავლით ხდება, არა?
_ დიახ, სამწუხაროდ, ხდება. პატიმრების ახლობლებს ეშინიათ ჩემთან სიმართლის თქმის.
_ რა თანხაა საჭირო შესაწყალებლად, მაინც, რას გეუბნებიან პატიმართა ჭირისუფლები?
_ ბოლოს, ერთმა პატიმრის ახლობელმა მითხრა, რომ 30 ათასი დოლარი გადაიხადა, მეორემ _ 800, მესამემ _ 1000, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათი ახლობლები არ შეიწყალეს და არ ვიცი, ვის რატომ მისცეს ფული. პატიმრების ახლობლებს თაღლითურად სძალავენ ფულს. შეწყალებას ფული არ სჭირდება, ვისაც ეკუთვნის, პრეზიდენტი ისედაც იწყალებს.
_ შეწყალება, ალბათ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებსაც ეკუთვნით, არა?
_ მინდა გითხრათ, რომ არცერთ მათგანს შეწყალებაზე განცხადება არ დაუწერია, თუნდაც შალვა რამიშვილს...
_ პატიმრობა, როგორც მახსოვს, თქვენც გამოგიცდიათ _ თურქეთში დაგაპატიმრეს?
_ ცოტა ხნის წინ თურქეთში დამაპატიმრეს, პოლიციაში არ გადამიყვანეს, მაგრამ 16 საათი სადეპარტამენტო ოთახში ვიჯექი და ვიცინოდი. ვიზას ვადა გაუვიდა და დეპორტაცია გამიკეთეს, ვეხვეწობოდი, გამიშვით-მეთქი განსაკუთრებით ბევრი მაშინ ვიცინე, როცა ტერმინალში გავყავდი, სადაც ქართველები ისხდნენ, ვთხოვე ხელბორკილები არ დაედოთ, არ მინდოდა, ქართველებს ასე ვენახე.
_ ესე იგი, პარლამენტიდან გულდაწყვეტილი წამოხვედით...
_ რომ გითხრათ, რევოლუციის შემდეგ პარლამენტში თაფლობის თვე გავატარე-მეთქი, დამიჯერებთ? სიმართლე გითხრათ, “ნაცმოძრაობის” წევრი არასოდეს ვყოფილვარ, ადამიანის უფლებების დაცვას უპარტიო ადამიანი სჭირდება. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ აგვისტოს მოვლენები მოხდა. ადრე ვიცავდი ადამიანის უფლებებს ქვეყნის შიგნით, ახლა გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი კონფლიქტის ზონაში და იქ აფხაზებისა და ოსების უფლებებიც დამეცვა, მაგრამ ომმა ხელი შემიშალა.
ისე, 7 ნოემბერის მოვლენების დროს გერმანიაში ვიყავი და როცა ტელევიზორში საკუთარი მოქალაქეების დარბევა ვნახე, ენა ჩამივარდა და შემრცხვა. მიხეილ სააკაშვილთან ბევრჯერ მისაუბრია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და კრიტიკული აზრებიც გამომითქვამს, პრეზიდენტი ყოველთვის ისმენდა ჩემს კრიტიკულ შენიშვნებს, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა არასოდეს არც ის უთქვამს, გაჩუმდი, ან ვერ მოგისმენო...
ესაუბრა ეთერ ბალაძე
www.fact.ge