|
დიდი საპრეზიდენტო "სეილი"
ექსპერტთა ნაწილი აღიარებს, რომ შესაძლოა, საქართველოში, საპარლამენტოსთან ერთად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დაინიშნოს. საინტერესოა, ვინ შეიძლება ვიხილოთ საპრეზიდენტო კანდიდატის როლში, ვინ რუსეთის თამაშს ითამაშებს, ვინ _ ამერიკისას და ვინ _ ევროამერიკულს? "დამოუკიდებელ" კანდიდატთა უკან რომელი ქვეყნები და მათი ინტერესები უნდა მოვიაზროთ?
"ჯორჯიან თაიმსი" შეეცადა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას იმ ლეგალური ინფორმაციებისა და ქართველ პოლიტლიდერთა უკვე ფორმირებული და შეურყეველი იმიჯის გათვალისწინებით.
ირაკლი ალასანია ახალი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. ერთი შეხედვით, გაწონასწორებული, ჭკუადამჯდარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს _ ხასიათს დიპლომატიურმა კარიერამაც დაამჩნია სიდინჯის კვალი. ამერიკის ჯერაც დაუკომპლექტებელი ადმინისტრაცია ლუპით სწავლობს ალასანიას _ მის წარსულს, გეგმებს, შესაძლოა, გარემოცვასა და პარტნიორებსაც.
თამამად შეიძლება მას ამერიკული პროექტი ვუწოდოთ, თუ იგი შედგა. თუმცა ოპოზიციას მასთან არაერთი კითხვა აქვს და მათზე მოუწევს პასუხის გაცემა. ერთი კითხვა ასეთია _ გაეროს რეზოლუციებში წლების მანძილზე რუსი სამშვიდობოების როლი დადებითად იყო წარმოდგენილი და მათ აფხაზეთში, ყოველ 6 თვეში ერთხელ მანდატს უგრძელებდნენ. ეს ხდებოდა მაშინაც, როცა ალასანია ელჩი იყო. ბოლო ასეთი რეზოლუცია გაერომ ივნისში მიიღო, როცა აშკარა გახდა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა. გაერო ამ დასკვნებს ქართულ-აფხაზური და რუსული ინფორმაციის საფუძველზე იღებდა. რატომ არ გაუჩნდა ირაკლი ალასანიას პროტესტის გრძნობა, როცა საქართველოს საგარეო სამინისტროდან გაეროში გაგზავნილ ამ სისულელეებს კითხულობდა, რატომ ხმამაღლა ერთხელ მაინც არ გააპროტესტა მაშინ, როცა "ნაცმოძრაობის" ლიდერთა სავარძლებს საფრთხე არ ემუქრებოდა და რატომ აძლევდა ამ დასკვნებს ვიზას, რათა ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს განეხილა?
ალასანიამ კარგად იცოდა რუსების "მშვიდობისმყოფელობის" ამბავი და ელჩობა არ ნიშნავს იმას, რომ, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი გიბრძანებს, ყველაფერზე უყოყმანოდ აქნიო თავი.
პაატა დავითაია თავის დროზე შეპირდა ალასანიას, რომ მასზე არაერთ მაკომპრომეტირებელ დოკუმენტს დადებს. ბევრი მითქმა-მოთქმაა მისი წარსულის _ "მხედრიონთან" კავშირის შესახებ. საფუძვლიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ ყველაფერს გაარკვევს, თუ მანამდე ამერიკის სპეცსამსახურებმა რაიმე არ მოუხლართეს, რომლითაც, შესაძლოა, დაბლოკონ ალასანიას კანდიდატურა.
ნინო ბურჯანაძეც თავს ამერიკულ პროექტად "ასაღებს". ის "ვარდების რევოლუციის" დროს იყო ამგვარი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა რუსული მედია ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობს "ნინო ანზოროვნას" შესაძლო გაპრეზიდენტებაზე, საფიქრალია, რუსეთს უფრო აწყობს მისი კანდიდატურა, ვიდრე ამერიკას.
ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კარიერის უსინდისობის პიკი ის 43 შეკითხვა იყო, რომელიც "ნაციონალებს" პრესით გაუგზავნა, არადა, ბარე ასჯერ 43 შეკითხვა აქვს მასთან საზოგადოებას, მაგრამ მათზე პასუხის გაცემას ან თავს არიდებს, ან მედიასთან ისე გულუბრყვილო ტონით საუბრობს, თითქოს ვერ ამჩნევდა, ვერ ხედავდა, ქვეყანაში რა ხდებოდა. რაც ავი და ცუდი უქნია ამ ხელისუფლებას, სააკაშვილის ბრალია, რაც ავი ასცდა და განერიდა _ ჩემი დამსახურებააო. ასეთია "ფქვილის პრინცესას" ლოგიკა.
ანზორ ბურჯანაძის ფქვილის სპეკულაციით, ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოტანილი ფოთის პორტიდან აორთქლებული ათეულათასობით ტონა ფქვილით გამდიდრებულ მის ოჯახს გვიან, მაგრამ პასუხის გაცემა მაინც მოუწევს იმ ხალხისათვის, რომლებიც ღამეებს პურის რიგში ათენებდნენ. ჰუმანიტარული დახმარება კი ხან სომხეთში და ხან სად იყიდებოდა.
"ფქვილის მაფიის" მაშინდელი თავკაცი ანზორ ბურჯანაძე იყო _ ჯერ პურპროდუქტების მინისტრი ერქვა, მოგვიანებით _ კორპორაციის თავმჯდომარე. ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილს არაერთხელ წამოუწევენ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის კაპიკებად ხელში ჩაგდების საკითხს, მამამისს კი _ ვაკის რაიონის გამგეობის შენობის (ტელევიზიის გვერდით) და პურპროდუქტების კორპორაციის შენობაში 3 სართულის პრივატიზაციის თემას _ რატომ, რა დამსახურებისთვის გადაეცა კაცს ამხელა ქონება?
ეს მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რომელსაც ბურჯანაძეების უკანონოდ შეძენილი ქონება ჰქვია. კორუფციის მორევში გამოზრდილ პოლიტიკოსს ამერიკა, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს, რადგან მისი კომპრომეტირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ბურჯანაძეს უფრო რუსებთან გაუიოლდება საქმის დაჭერა, სადაც ოლიგარქია იქაური პოლიტელიტის ცხოვრების წესია, ისევე როგორც შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში იყო ჩვენში.
ზურაბ ნოღაიდელი პრემიერი იყო და რაღა გასაკვირია, პრეზიდენტობა მოინდომოს? საპრეზიდენტო ამბიცია მასაც ექნება და პარტიაც ჩამოაყალიბა, მაგრამ ეგეც რუსული პროექტია, მიუხედავად იმისა, ბევრი გაუკეთებია საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ქვეყანაში თუ არა. მას ამერიკა იმავე მიზეზით არ დაუჭერს მხარს, რა მიზეზითაც ბურჯანაძეს _ ყელამდეა გასვრილი კორუმპირებულ ჩინოვნიკთა ორივე თაობაში _ შევარდნაძის და სააკაშვილის დროინდელებში _ საპატიო ადგილი უკავია. ეს ქვეყანამ, ხალხმაც იცის, თუ ფაქტებს მოგვთხოვს ბატონი ზურაბი _ სიამოვნებით! მისი ყოფილი თანაგუნდელები იხვეწებიან მათ გამოქვეყნებას.
ირაკლი ოქრუაშვილმა რუსეთს იმდენი აგინა, იმდენი ლანძღა ეს ქვეყანა, წესით, იქ მისი მხარდამჭერი კაცი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პოლიტიკას, სიყვარულისა არ იყოს, რას გაუგებ, ჩემო ოლღა?!
ოქრუაშვილმა რაც ბადრი პატარკაციშვილის თამაში ითამაშა, რომელიც აშკარად რუსულ "მელნიცაზე" ასხამდა წყალს, მას შემდეგ მრავალი ეჭვი გაჩნდა. შესაძლოა, მასაც დაუჭიროს მხარი რუსეთმა, თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკა მხარს არ დაუჭერს.
სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის გამყარება სწორედ ოქრუაშვილის უდიდესი დამსახურებაა. მისი წყალობით მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტების დარბევა, დახურვა და ფეხქვეშ გათელვა დემოკრატიული ღირებულებებისა. დღეს მისი თანაპარტიელები რომ გაჰყვირიან, 28000 პატიმარია ქვეყანაში და ეს საშინელებაოო, ავიწყდებათ, რომ სწორედ ოქრუაშვილის გენპროკურორობის, შ.ს. მინისტრობის პერიოდში შევიდა უამრავი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, მისი მოთხოვნით არაერთ დანაშულზე დამძიმდა სასჯელი და მრავალი სახის ადმინისტრაციული დანაშაული გადაკვალიფიცირდა და ს.ს. კოდექსში გადაინაცვლა, ან ადმინისტრირება გამკაცრდა, მათ შორის, ფინანსური ხასიათის დანაშაულობებზე.
ასე რომ, დღეს იმ 28000 პატიმრიდან ნახევარზე მეტი მაინც ოქრუაშვილის უწყებების მიერ მომზადებული, პარლამენტის მიერ კანონად ქცეული კანონპროექტების წყალობით ზის ციხეში. ოქრუაშვილი, შესაძლოა, დიდი პატრიოტია და, ალბათ, ასეცაა, მას თავისებურებად ესახება ქვეყნის გადარჩენა, მაგრამ, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოში დემოკრატიაზე ლაპარაკიც სასაცილო იქნება. ასეთ პოლიტიკოსს ობამას კარზე არ მიიღებენ.
ლევან გაჩეჩილაძე _ უკვე ნამღერი სიმღერაა _ პრემიერა შედგა, ჰიპობის პერიოდმა გაიარა და მისი კანდიდატად განხილვა უკვე არც ღირს. თან აღარც ის ეროვნული საბჭო არსებობს, რომლის კანდიდატიც იყო. წარსული მოვლენების გათვალისწინება-გახსენებით, ეს ქალაქურ-ხიბლიანი კაცი ისე იქცა პატარკაციშვილის მარიონეტად, მგონი, გვიანღა მიხვდა. ამ ეტაპზე მას, ვფიქრობთ, არც ამერიკა და არც რუსეთი არ დაუჭერენ მხარს.
წარსულის გათვალისწინებით, გიორგი თარგამაძესაც აქვს შანსი. თარგამაძე ფრთხილი, მოზომილი პოლიტიკოსია და ჭკვიანურადაც აიწყო ხელმეორედ პოლიტიკური კარიერა. პატარკაციშვილის თამაშიდან მხოლოდ გიორგი გამოვიდა მოგებულიც და მშრალიც.
შალვა ნათელაშვილი ცდილობს, აქეთაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და იქითაც, ამერიკასთანაც. "ნაციონალებმა" მოახერხეს მისთვის პრორუსული იმიჯის შექმნა. მისი თანაპარტიელები პატარკაციშვილთან კავშირშიც ამხილეს, მეტიც _ ფინანსურ ალიანსში და ეს ძალიან არ აწყობდათ "ლეიბორისტებს", რომლებმაც, თვე არ გავა, ნიქსონის ცენტრში ნათელაშვილის არნახული გამოსვლით თავი არ მოიწონონ. რაღაც დონეზე, შესაძლოა, ამერიკაც განიხილავდეს ნათელაშვილს, მაგრამ ეს ის დონე არ არის, რომელიც საპრეზიდენტო სავარძლის ბედს წყვეტს. ნათელაშვილი იმ პოლიტიკოსად რჩება საზოგადოებაში, რომელიც თავისი ორატორული ნიჭითა და მოსწრებული პასუხებით ხალხს მხიარულ გუნებაზე აყენებს.
კონსტანტინე გამსახურდიას აქვს საპრეზიდენტო შანსები, მაგრამ ისიც იმ ქვაბში აღმოჩნდა, რომელსაც "ეროვნული საბჭო" ერქვა და თავისი არაერთი ქმედებით რუსეთის საქმეს აკეთებდა. გამსახურდია სხვაზე ადრე მიხვდა, თუ მიახვედრეს ამას და საბჭოს გაერიდა. მას ევროპის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი კი უჭერს მხარს, მაგრამ ისინი ვერ წყვეტენ ჩვენში პირველი კაცის ბედს. მოკლედ, გამსახურდიამ დროულად უნდა დაიწყოს იმ მოკავშირეებთან კავშირის დამყარება, რომლებიც მის გაპრეზიდენტებას უზრუნველყოფენ. ისე, ნიკა გვარამიას ცნობილი ტელეფილმის წყალობით, საზოგადოების ნაწილში ისიც რუსეთის კაცად მოიაზრება.
ახლებისა და ალასანიას ალიანსი თუ შედგა, მაშინ დავით გამყრელიძე პრემიერობას დასჯერდება, მაგრამ, თუ ალიანსი არ შედგა, ის დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატად უნად განვიხილოთ. რუსეთი თუ ამერიკა? ალბათ, ორივე, რადგან ცალსახად მემარჯვენეებს არავის თამაში არ უთამაშიათ. არც რუს აგენტურასთან მათი სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნებულა.
ეს კაცი, შესაძლოა, ორივე ძალას აწყობდეს. ხდება ასე, როცა ორი ზესახელმყიფოთაგან ვერც ერთი აღწევს თავისას, კომპრომისულ კანდიდატზე თანხმდება, ვიდრე გადამწყვეტ უპირატესობას მოიპოვებენ ამა თუ იმ ქვეყანაში და ცალსახად თავიანთ კაცს დასვამენ. გამყრელიძემ დაამტკიცა, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება მისაღებია. მისი თანაგუნდელები ბურჯანაძეს "კაბიან გიგა ბოკერიას" ეძახდნენ, მაგრამ, როცა ბურჯანაძე გაოპოზიციონერდა, "ნაციონალთა" სიძულვილმა ისინი მოსალაპარაკებლად ერთ მაგიდასთან დასვა.
თუ ეს ქვეყნის გადასარჩენად გადადგმული კომპრომისი იყო გამყრელიძისგან და არა სიძულვილითა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, ღმერთმა გაუმარჯოს! თუ არადა, პოლიტიკაში უზნეობის ზეიმთან გვქონია საქმე და, თუ მართლა ყველა უზნეო მეთოდი მისაღებია ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაშინ არც "მემარჯვენეებისგან" უნდა ველოდოთ ბურჯანაძეზე უკეთესს.
არ არის გამორიცხული, ამერიკელები შორს არ წავიდნენ და ისევ "ნაციონალებში" მოიძიონ ისეთი ფიგურა, რომელსაც სუფთა წარსულიც აქვს, საზოგადოებისთვისაც მისაღებია (ბურჯანაძეზე და ნოღაიდელზე მეტად მაინც), სააკაშვილის მიერ დაწყებულ საქმესაც გააგრძელებს – რუსეთისგან საქართველოს ჩამოცილების პოლიტიკას, საქართველოს ნატოში ინტეგრირების გზას.
ასეთი კაცი დავით ბაქრაძეა, რომელსაც ოპოზიციამ, მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად, ორად ორი "კომპრომატი" დაუდო. ერთი, რომ ბურჯანაძის თანაგუნდელი იყო (იმ ბურჯანაძისა, რომელსაც ახლა თავად ეკურკურებიან) და ამის წყალობით მოხვდა "ნაციონალთა" საპარლამენტო სიაში 2003 წელს. მერე კი, ოპოზიციაში გადასულ ბურჯანაძეს თან არ გადაყვა და ეს უმადურობად ჩაუთვალეს – ქალმა პოლიტიკაში მოიყვანა და უღალატაო.
თავად ბურჯანაძემ ცესკო-ში საარჩევნო სიების შეტანის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე რომ უღალატა თანაგუნდელებს, ეს თითქოს არაფერი.
მეორეც – ბაქრაძე აგვისტოს ომის დროს ხალხს ჩანგლებით რუსეთის ტანკებთან საბრძოლველად მოუწოდებდაო. ეს რომ მართლა ემოციური განცხადება იყო, ფაქტია, მაგრამ რამდენად მართებული, ამას რუსეთის მომავალი ქმედებები გამოაჩენს.
რუსეთის ჯარი ჯერაც არ გასულა საქართველოდან და კაცმა არ იცის, იქნებ მართლა საძებარი გაგვიხდეს ჩანგლები. ბაქრაძეს ოპოზიცია და ამ განწყობის საზოგადოება ერთადერთ მინუსად "ნაციონალურობას" უთვლის, მაგრამ იგივე ოპოზიცია იმასაც აღიარებს – თუ ვინმესთან კონსტრუქციული და რაიმეს მიღწევაა შესაძლებელი, სულ რამდენიმე "ნაციონალია" და ერთ-ერთი – დათო ბაქრაძეო. რუსეთს რომ არ ეპიტნავება ბაქრაძე, ეს ფაქტია – რუსული მედიის გაცნობა საკმარისია საამისოდ.
ამერიკელთა მხარდაჭერა, გარკვეულწილად გია მაისაშვილსაც ექნება. ეს კაცი კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, არც პატრიოტული მუხტი აკლია და ბაქრაძესავით კონსტრუქციულია, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი წვალებით გავიგე მაისაშვილის გამოსვლებიდან და საგაზეთო ჟურნალ-ინტერვიუებიდან.
ყველა ვალდებული ხომ არ არის, რომ იწვალოს? მე ჩემმა პროფესიულმა მოვალეობამ მაიძულა, მაგრამ ხალხმა რა ქნას, ბატონო გია, იქნებ უფრო ეფექტური პიარ-ტექნოლოგიები გამოგეყენებინათ, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს თქვენი სათქმელი, მით უფრო, თქვენი ეკონომიკური გეგმისა, რომელსაც, რაღა დაგიმალოთ და, ბევრმა ვერაფერი გაუგო.
P.S: მაშ ასე, საპრეზიდენტო კანდიდატთა ერთი ნაწილი გასაყიდად უკვე გამოტანილია. ხალხმა მათ შორის ყველაზე საუკეთესო უნდა აარჩიოს. ვინ შეიძლება იყიდოს საკუთარი ხმის მეშვეობით საზოგადოებამ? ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველაფერი მაშინ გამოჩნდება, როდესაც დიდი საპრეზიდენტო "სეილი" დაიწყება. ქეთი სესიაშვილი.
|