|
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ, ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს, ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ, უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.
კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია, სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია; ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია, ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.
ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით, იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება, რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...
მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების, (გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!), კაცთა შორის ძმობა - , ბედნიერება, ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.
რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება, ის ოცნება - ჟამმა დაასამარა, შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები, სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:
გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, - მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს. სატალახო გზებით სრულყოფისაკენ! მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ, ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს; ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ, უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.
|