|
ჩემი დღიური, ეულად დარჩენილი, დამტვერილი, თაროდან შემომცქერის და მისკენ მიწვევს. მიწვევს, რათა ჩემი სევდა გავუზიარო. ვეცოდები მეგობარს და მისი ფურცლები იდუმლად ჩამჩურჩულებენ ყურში: აქა ვართ ჩვენ, შენთანა ვართ, ჩვენ მოგისმენთ რა გიჭირს და გილხინს, არავის არ ვეტყვით, ჩვენ ხომ შენი ერთგული მეგობრები ვართო. მე, მეღიმება, მოწიწებით ვიღებ დღიურს ხელში, მტვერს ვაცლი და უდიდესი სიფრთხილით ვფურცლავ. ჩემში ყველაფერი ერთად აბობოქრდა: სამშობლო, ნათესავები, მეგობრები, ომი, მიტოვებული სახლ- კარი, ემიგრანტობა და სიყვარული. რამდენ რაიმეზე უნდა ვიფიქრო არ ვიცი. ძვირფასო, ვისაც ეს დღიური გეძღვნება, ნუ მიწყენ მაგრამ ამ ბოლო დროს, შენი თავი და საკუთარი თავიც კი დამავიწყა ომმა. ამ ომმა ჩემი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი წარმტაცა. თვალებდანამული დავსტირი იმ გმირებს, რომლებიც ზუსტად 40 დღის წინ დაიღუპნენ იმ უთანასწორო ბრძოლაში ცეცხლოვან გველეშაპთან. ვაი მათი დედების ცოდვააააა,- ოხრავს ჩემი გული, კვნესის სული და ხატებთან დამხობილი, მამაო ჩვენოს უკვე მერემდენედ ვიმეორებ აღარც ვიცი. ღმერთო! შეგვინდე დანაშაული თუ რაიმე გვაქვს შენს წინაშე და ნუ მოშლი ამ წალკოთ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ქვია. ღმერთო, შენ დაუმტვრიე ჩვენს მტერს ხმალი და ნუ გადააშენებ ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს. ღმერთო, შენ გადაარჩინე საქართველო და ყველა ქართველი გაამრავლე და განავრცე.ღმერთო, გადმოგვხედე შენი მოწყალე თვალით, გადმოგვაფარე შენი კალთა და დაგვიფარე ყველა ავისა და ბოროტისაგან. ღმერთო, ღმერთო, ღმერთო იმეორებს წამდაუწუმ ჩემი გამშრალი ტუჩები, ხოლო სანთელი კი ნელ-ნელა იღვენთება და ბოლოს ქვრება კიდეც. სამარადჟამო ხსოვნა ჩვენს ქართველ გმირებს, ვინც სამშობლოს შესწირა თავი.ჩემი თვალის უპედან დაგორებული ცრემლი დღიურის ფურცელს დაეცა, მერე ნაწერზე გაიშალა და ერთ დიდ ლაქად გადაიქცა. ცრემლის დიდ ლაქად. უსაზღვროა ყველა ქართველის მწუხარება.
|