|
გერმანელებმა “ერისიონის” წევრებს გახდა მოსთხოვეს
[თამარ ლომსაძე, ”ვერსია”] “ეს ქართული საგანძურია და ამას მხოლოდ ჯემალ ჭკუასელი ვერ მოუვლის”, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჯემალ ჭკუასელმა. ძნელია, არ დაეთანხმო. როცა საქმე ქართულ სიმღერასა და ცეკვას ეხება, იქ დიდ სიფრთხილე გვმართებს. თუმცა, ადამიანური ბუნებისთვის უცხო არ არის “სხვის ბოსტანში ქვების სროლა”. “ერისიონსაც” არაერთი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მოგვწონს თუ არა, ნაკლი რეალურად არსებობს თუ არა, ფაქტი ერთია - ეს ანსამბლი მსოფლიომ აღიარა და ქართული ლეგენდა უწოდა - ლეგენდა, რომელიც ჩვენს ისტორიასა და კულტურას წარმოაჩენს...
“ერისიონი” ახალი პროგრამით წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე, პარტნიორებიც შეგიცვლიათ, რა გახდა ამის მიზეზი? - პარტნიორები შევიცვალეთ იმიტომ, რომ წამოგვიყენეს მოთხოვნა - შეცვალეთ კოსტიუმები. ბიჭებმა კი წელსზევით უნდა გაიხადონ, სხვაგვარად გერმანიაში ვერ წამოხვალთო...
გახდა რატომ მოგთხოვეს? - სადაც წავედით, ყველგან უდიდესი წარმატება მოვიპოვეთ.. ჰოდა, იმ ფრანგს, გერმანელსა თუ ამერიკელს უნდა, თავისი რაღაც შეიტანოს, რომ მერე “ხასანბეგურაც” გადაგიკეთოს, “ჩაკრულოც” და ბოლოს გითხრას - ჩემიაო... არადა, ჩვენ გვეწერა კონტრაქტში, რომ არ შეიცვლებოდა კოსტიუმები, მუსიკა და არ გაჟღერდებოდა სხვა ქვეყნის ნაწარმოები... მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ სიმდიდრეს ჯემალ ჭკუასელი ვერ მოუვლის და ვერც ჩემზე დიდები ამ საქმეში... ჩემს კოლეგებს კი - დიდებსაც და პატარებსაც ვურჩევ - ნუ გათითოკაცდებით, ამ ყველაფერს ჩვენგან უნდა გაფრთხილება თორემ ამერიკელი, ძალიანაც რომ უნდოდეს, ამას ვერ შეძლებს.
რამდენადაც ცნობილია, ეს იქნება “საერთაშორისო შოუ” და უკვე ჩუმად ქირქილებენ, რომ ანსამბლი სხვა მიმართულებით იხრება... - გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც დაგვიფინანსეს კონცერტი, სულ ესაა. ღმერთმა ინებოს, ასე გაგრძელდეს, ეს ყველაფერი ერთი პიროვნების საკუთრება ხომ არაა? ეს არის ჩვენი და გაგვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. “საერთაშორისო შოუ” კი სუფთა ქართულია, ქართული სულით... სამწუხაროა, რომ ზოგიერთები ვერ იგებენ ერთ რამეს - ჩვენ ფოლკლორული კი არა, პროფესიული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ვართ. ანსამბლი, რომელმაც აიტანა სცენაზე სიმღერა და გადაწყვიტა, ეს აჩვენოს მთელ მსოფლიოს იმ სახით, რა სახითაც მსოფლიო ამას მიიღებს. ოღონდ, არავითარი გადახვევა ქართულიდან! ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთი ფოლკლორული სიმღერა, ნამდვილი შესრულებით, ათ “ერისიონს” სჯობია.
თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ იმაზეც, რომ ქართული ფოლკლორი ძალიან ცუდ დღეშია. - მართალია, ჩვენ არა ვართ ფოლკლორული ანსამბლი, მაგრამ ვართ პირველწყაროს ერთგულები. სხვაგვარად, ყველაფერი ორ დღეში დაგვენგრეოდა თავზე. ამიტომ, აუცილებლად ყველაფერი უნდა იყოს სუფთა ქართული. ოღონდ, ყური უნდა მივუგდოთ საუკუნესა და იმ ქვეყნის მოთხოვნებს, სადაც გაგვაქვს ჩვენი ხელოვნება. საზოგადოება კი უნდა განვითარდეს ფოლკლორის ნიადაგზე. კი, შესანიშნავად მღერიან ახალგაზრდები, ძალიან კარგი ანსამბლებია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისში ვერ გადავარჩენთ ქართულ ფოლკლორს. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. აქ სხვა მიდგომა უნდა. სხვანაირად გადაშენდება ჩვენი უძვირფასესი განძი. ჩვენ რას ვაკეთებთ?.. მსოფლიოს ვაცნობთ, რომ ასეთი ხალხური სიმღერები და ცეკვები გვაქვს.
თუმცა, ხანდახან ირკვევა, რომ რაც ხალხური გვგონია, სინამდვილეში, ავტორი ჰყავს. როგორც ეს “შატილის ასულოს” შემთხვევაში მოხდა, არა? - ამდენი წელია, ეს სასამართლო გრძელდება... და რისთვის? - იმისთვის, რომ “ერისიონი” დაინგრეს... მაგის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. 1959 წელს მე ვმღეროდი ამ სიმღერას... ერთი თუში ბიჭი იყო ჩამოსული და მან მასწავლა... ამ დროს კი, თავად ვითომავტორი ამბობდა, სიმღერა 1961 წელს დავწერე და ჩემს ცოლს, ფატიმას მივუძღვენიო. ეს ყველაფერი იყო გამიზნული...
გამიზნული ვის მიერ? ლონგიშვილს რატომ უნდა ნდომებოდა “ერისიონის” “დანგრევა”? - არა, ამას სხვები ცდილობდნენ.
და ვინ არიან ეს “სხვები”, ბოლოს და ბოლოს, იქნებ გაგვიმხილოთ? - არ დავიწყებ ამის გარჩევას... პირველ რიგში თქვენი რესპოდენტი (გიორგი უშიკიშვილს გულისხმობს - ავტ.)... მტერი ყველა დიდ წამოწყებას ჰყავს. ეს ყველგან ასეა და არა მხოლოდ საქართველოში. მაგრამ ჩვენ პატარა ერი ვართ და როცა ამბობენ, 21-ე საუკუნეში “ერისიონმა” გალაქტიკა გაარღვიაო, ამას ცოტათი მაინც უნდა დავუგდოთ ყური.
მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ როგორც თქვენ უწოდეთ, “ჩემი რესპოდენტი” ცუდ საქმეს არ აკეთებს... - მხოლოდ ის ვიცი, რომ დიდ საქმეს უდგას სათავეში და რას აკეთებს, ამას ჯერ ვერ მივხვდი. ხომ არავის ჰგონია, რომ ამ ყმაწვილის მტერი ვარ? უბრალოდ, არ იქცევა სწორად. როცა ამბობს, არ მღერიან იმას, რაც საჭიროაო, მაშინ ისიც თქვას, რა უნდა ვიმღეროთ - “კეკელა და მარო”? თუ დიდებული “ჩაკრულო” შევასრულოთ ისე, როგორც მაშინ მღეროდნენ, ათწლეულების წინ? აი, ამ ყველაფერს სჭირდება ცოდნა და გააზრება... თორემ, ეგ ადამიანი არც ჩემი განსასჯელია და არც ჩემი კოლეგა. რამდენჯერ ვთხოვე - გაჩერდი და შენი საქმე აკეთე-მეთქი... მან ისიც კი არ იცის, რომ “ერისიონის” მსგავსი ანსამბლები დოტაციის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებენ.
ხომ ამბობდნენ კიდეც, “ერისიონს” დაფინანსება უწყდებაო? - ესეც გავრცელებული ჭორია. მათ უნდათ, ხალხს დაანახონ, რომ ანსამბლი ისეთი მდიდარია, დაფინანსება არაფერში სჭირდება... არადა, მხოლოდ იმას ვამბობ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, ერთად დავსახოთ გზები, როგორ გადავარჩინოთ ხალხური შემოქმედება-მეთქი, სულ ვიმეორებ - უნდა დავუბრუნოთ ქართული სიმღერა სოფელს. იქნებ, სხვამ უკეთ იცის, ეს როგორ გავაკეთოთ და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ სწორედ...
დამეთანხმეთ, ქართული სიმღერა ფონოგრამით ნამდვილად ვერ გადარჩება, რასაც თქვენ საკმაოდ ხშირად გსაყვედურობენ... - ძალიან ძნელია ამის გაგება, როცა შიდა სამზარეულოს არ იცნობ... არავითარი ფონოგრამა არ არსებობს, მითუმეტეს - სიმღერისა. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, სიმღერა ჩანაწერზე შეგვესრულებინა... არის მხოლოდ ერთი დეტალი - კონცერტის დროს, ძალიან ჩუმად მიყვება მუსიკალური ჩანაწერი, მხოლოდ საცეკვაო მუსიკისა... და ისიც, ძალიან იშვიათად. ეს არის ერთგვარი დაზღვევა - უცებ აპარატურა თუ გაითიშა, კონცერტი რომ არ ჩაიშალოს. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მსგავსი შემთხვევა, თუმცა, მაყურებელს არაფერი უგრძვნია. მაგრამ ეს, კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ საცეკვაო მუსიკის შემთხვევაში ხდება, თორემ სიმღერაზე კატეგორიული ტაბუ მაქვს დადებული. მაგრამ ამას უნდა წესიერად მოსვლა და კითხვა - როგორ ხდება? და არა კიჟინი შორიდან, ასე და ასე აკეთებენო...
მე, ძალიანაც რომ მოვინდომო, არავინ დამანებებს, გავაფუჭო შოუ... ამ “ბატონებმა” კი არ იციან არც შოუს გაკეთება და არც მისი არეალი, სულ ცოტა რაღაც მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული, რომ ამაზე ილაპარაკო. ახალგაზრდობამ კი არ უნდა გმართოს, არამედ შენ უნდა მართო გონივრულად საკუთარი ახალგაზრდობა.
|