|
რომელი ხარ ცათა შინა, და აღარა ქვეყანასა ზედა, უწყოდე ჩვენ შეგვეშინდა ერთმანეთის დღის სინათლეზე და სიბნელეს მივაშურეთ, სადაც ვჩანდით გაურკვევლად, ვჩანდით ამარა კონტურების და თანდათან გვავიწყდებოდა როგორები ვართ სინამდვილეში. დღესაც ასეა, ძველი ბელადის სახელობის ქუჩით დავყავარ მამას სახლამდე. და მამა შიშობს ხელი არ გაეშვას, მე პირიქით ვცდილობ გაქცევას, მაგრამ მამა ძლიერია, თანაც მზრუნველი. ეს ერთი ძველი ნაბიჯია, რომელიც ვიღაცამ გადადგა ჩვენამდე, და ისეთი რწმენით წავიდა, რომ ამ ნაბიჯში უნდა ვიცხოვროთ და თქვა რომ, მე და ჩემმა ღმერთმა და მე და თქვენმა ღმერთმა - ასეც და ისეც, მოზილავენ ქალები შვილებს და საშოებში პურებივით ჩაიკრავენ. ასეც და ისეც, თუ აყმუვლდა შიმშილი კაცში უსათუოდ ვინმეს კბილს გაკრავს. ასეც და ისეც, ხიზილალით მაძღარი ქალი ბავშვის ნცვლად ქვირითს დაყრის, და ქვეყნისთვის გამოზრდის თევზებს. ასეც და ისეც, გაიხდიან ბავშვები ციგებს, და სხვა ბავშვები ჩაიცვამენ, სანამ სამშობლოს ჩააცმევენ, როგორც სკოლაში წასვლის წინ პალტოს, თბილს და ძველმოდურს გვაცმევდა დედა ძალით და ხათრით. ასეც და ისეც, ზღვას ჩაეზრდება მუცელში მთვარე და ზღვა წყლებს დაღვრის, როცა თვის ბოლოს მეთევზის ბადით ამოიყრება თევზთან ერთად მთვარის ნამსხვრევი და ჭამის დროს ყელში გაჩხერით აგვატკიებს სიცოცხლის სიყვარულს. ასეც და ისეც, დამთავრდება ყველაფერი ისევ თავიდან და ისევ თავიდან დაიწყება. რადგანაც მამებს, ჩვენ დავყავართ ისევ იმ ქუჩით. და მე და ჩემმა ღმერთმა და მე და მისმა ღმერთმა ჩვენ გვეშინია ერთმანეთის, ჩვენ გვეშინია ერთმანეთის ამ ქუჩაზე როცა მივდივართ.
|