|
რამდენი ქართველი ჰყავს მოკლული ანა ჩერდაკს?
და აქვს თუ არა ნაბრძანები ქართველი პოლიტიკოსების მკვლელობა?
ეს ისტორია დეტექტიური ჟანრის სიუჟეტს უფრო წააგავს, მაგრამ ეს რეალობაა და, სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეში მოხდა. ცნობილია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში ქალებიც იბრძოდნენ, როგორც რუსი ეროვნებისა, ასევე ოსებიც.
მათი უმეტესობა სნაიპერი იყო. რუსი სნაიპერები 2004 წელსაც იბრძოდნენ ცხინვალში, როცა მცირე ომი ატყდა. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა უმოკლეს ვადაში აიღო წვერიახოს რამდენიმე, სხვა სტრატეგიული დანიშნულების სიმაღლე, მაგრამ როცა როკის გვირაბს 200 რუსული ტანკი და 100-ზე მეტი რუსის ჯარისკაცებით სავსე ურალი მოადგა, სიტუაცია განიმუხტა, ქართველებმა ზოგიერთი პოზიცია დაუთმეს "რუს სამშვიდობოებს" და მაშინ დიდ ომს გადავრჩით.
2004 წლის ე.წ. "ოქრუაშვილის აქცია" პირველი სნაიპერული ნათლობა იყო 34 წლის რუსი ქალის, ანა ჩერდაკისთვის. ის როსტოვის ოლქიდანაა, ქალაქს, სადაც დაიბადა და ამჟამად ცხოვრობს, არ ასახელებს.
ახალგაზრდა ქალი ქართველთმოძულეობამდე ქართველთა სიყვარულმა მოიყვანა, უკეთ - სიყვარულში იმედგაცრუებამ და ღირსების შელახვამ. უფრო კონკრეტულად თავად გვეტყვის, ჩვენი სატელეფონო საუბარი საერთო ოსი ნაცნობის საშუალებით შედგა.
ანა ჩერდაკი მართლა ანა ჩერდაკია თუ არა, ამაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ეს ქალი ცხინვალის ორივე ბრძოლაში რომ მონაწილეობდა, ამაზე ის დეტალებიც მეტყველებს, რასაც ქვემოდ გაიგებთ.
_ ანა, თქვენ, როგორც ვიცი, ქართველი ქმარი გყავდათ და მისგან შვილიც გეყოლათ. ეს ჩვენმა საერთო ნაცნობმა მითხრა თქვენივე ნებართვით. იქნებ გაიხსენოთ ეს ისტორია?
_ ისე გავიზარდე, რომ ქართველები ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიმაჩნდა. მამაჩემს ცოტა კრიმინალური წარსული ჰქონდა, ციხეშიც იჯდა, როსტოვის ციხე კი ქართველებით იყო სავსე, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა. ისინი სტუმრობდნენ ჩვენთან, მამაჩემიც, თავის მეგობრებთან ერთად ბევრს ლაპარაკობდა ქართველთა ვაჟკაცობაზე, ათას გმირულ ამბავს ყვებოდა. მოკლედ, ქართველი კაცის კულტი იყო ჩვენს ოჯახში, თან ლამის ყველა კანონიერი ქურდი ხომ ქართველი იყო რუსეთში და ეს უფრო აღაფრთოვანებდა მამაჩემს. ბევრს პირადად იცნობდა და ჰქონდა ურთიერთობა.
აი, ასე, ქართველ კაცებზე აღფრთოვანებული ვიყავი, როცა როსტოვში შემთხვევით გავიცანი ქართველი კაცი, გვარად საღირაშვილი. მასზე მეტს ნუ მკითხავთ, მისი გახსენებაც მზარავს, რაც საჭიროა, მე თავად გეტყვით.
_ რომელ წელს გაიცანით?
_ 1988 წლის ზამთარში. ის ჩვეულებრივი "რეისავიკი" იყო, მაზუთიანი ჯინსებით, ჭუჭყიანი ხელებით, "სალიარკის" სუნით და მუდამ თმადაუვარცხნელი. თუმცა, შეგვიყვარდა ერთმანეთი, 16 წლის ვიყავი, თავქარიანი და შორს არ ვიხედებოდი. თან, ხომ გითხარით, ქართველთა რაინდობა ლამის საზღაპრო ამბავი იყო ჩემთვის. ჩემზე 8 წლით უფროსი იყო _ 24 წლისა, მაგრამ არც ამას მივაქციე ყურადღება, მიყვარდა, ცხადია, ისიც საპასუხო სიყვარულით მპასუხობდა _ მაშინ ასე ჩანდა.
მოკლედ, ჩვენს შორის მოხდა მოსახდენი და დავფეხმძიმდი, ჩვეულებრივ ამბად მიიღო და ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ვუყვარდი და ჩემი ცოლად შერთვა გადაწყვეტილი ჰქონდა. ამის მერე მივადექით მამაჩემს _ არტემ ვლადიმეროვიჩს. მოეწონა სასიძო, ერთი ეს ეწყინა, რომ ერთადერთ ქალიშვილს საქართველოში ვათხოვებო. სიძემ დაამშვიდა, იქნებ ისე ვქნა, აქეთ გადმოვიდე სამუშაოდ, თუ არადა, ციტრუსის სეზონს _ ზამთარს აქ გავატარებ და დანარჩენს საქართველოშიო.
3 თვე ვიყავით ერთად და წავიდა საქართველოში, სხვისი "კამაზი" ჰყავდა და ხომ უნდა ჩაეყვანა? ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვი ისე შემეძინა, არ გამოჩენილა, შვილს, მისი დედის პატივსაცემად ლელა დავარქვი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ დედის სახელიც კი მოუტყუებია. მამაჩემის ნაცნობების წყალობით მისი მოძებნა არ გაგვჭირვებია, მისამართიც დავადგინეთ, ტელეფონიც, მანამადე, ცხადია, გამოგონილი ტელეფონი შემომაჩეჩა, ვრეკავდი და სხვაგან ვხვდებოდი, ახლაც მახსოვს _ თბილისში, საბურთალოზე, ნემსიწვერიძეების ოჯახში.
ეს ჩემი "ქმარი" თბილისელი არ იყო, რაიონში ცხოვრობდა, მამაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოვკიდე 2 წლის ლელას ხელი და ჩავედი სოფელში. უკვე ის დროა, მთელ საბჭოთა კავშირში, ყველგან, გაჭირვებაა, ბავშვის რჩენა დიდი პრობლემაა. მივადექი "ქმარს", მარტო იმას გეტყვით, რომ ქართლის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ცხოვრობდა.
_ იქნებ მითხრათ, რომელი რაიონი და სოფელია? კროსვორდებს ხომ არ ვხსნი?
_ საკმარისია რაც გითხარით. მივედი სახლში, თვალებგაფართოებული დამხვდა. ვინ ანია, რის ლელა, კაცს ცოლი და 3 შვილი ჰყავს, მესამე _ ჩემს ლელაზე პატარა ჰყავდა. სულ ბოზი მეძახა მისმა ცოლმა, დედამ, მამამ... თვითონ ხმაგაკმენდილი იდგა, ცოლმა თმით მითრია, ლელა ტიროდა, მეპოტინებოდა, მაგრამ არც ბავშვი დაინდეს _ იმისმა ცოლმა ბავშვს სახეში სილა გაარტყა.
სისხლი თავში ამივარდა, მაშინ ხელში იარაღი რომ მჭეროდა, გადავცხრილავდი ყველას. ტაქსით ვიყავი მისული და კიდევ კარგი, მძღოლი აშოშმინებდა, რამდენიმე მეზობელიც. ჩემი შვილი არ არისო _ იძახდა "ჩემი ქმარი".
ერთი მეზობელი კი გაუბრაზდა _ ტყუპისცალივით გგავს ბავშვი და აღიარე მაინც, რომ შენია, ცოდოა ეს ქალი, იმ სიშორიდან ბოზი და უნამუსო შენ არ მოგადგებოდა, რომელი მილიონერი მყავხარ, რომ წილი მოგთხოვოს და ამის გულისთვის ჩამოვიდესო.
თბილისში ტაქსით ჩამოვედი, იმ ტაქსის მძღოლმა შინ მიმიყვანა, 4 დღე მის ოჯახში დავყავი, საშინელი ნევროზული შეტევები მქონდა, მერე დავბრუნდი როსტოვში. მამაჩემს ყველაფერი ვუამბე, არ ვაცოცხლებო, იმუქრებოდა, მაგრამ მოვერიე, გავაჩერე, ცოდოა-მეთქი. უკვე ასაკში იყო მამაჩემი და ამით გავტეხე, თორემ მისი ერთი ზარი საკმარისი იყო, ის არაკაცი ცოცხლად რომ დაემარხათ.
_ გამოდის, რომ დაინდეთ თქვენი შვილის მამა.
_ მაშინ კი დავინდე, მაგრამ მერე იმდენი სიმწარე ვნახე… ლელა ძლივს გავზარდე, რამდენჯერმე გამოვტაცე სიკვდილს ხელიდან. მის გამო მიქურდია კიდეც. იძულებით, შვილისთვის წამალი რომ მეყიდა, ლოგინშიც ჩავწოლილვარ რამდენიმე ფულიან გარეწართან. ახლა ლელა 18 წლისაა, იმ არაკაცს, მამამისს ჰგავს.
თუმცა მის გაზრდას ღირსება შევწირე, რაც ადამიანური გამაჩნდა, ყველაფერი ფულზე გავყიდე. ნელ-ნელა გამიჩნდა ქართველი კაცის სიძულვილის გრძნობა, თუ გნებავთ, სინდრომი. თითქოს რაღაც ძალა მიბიძგებდა, როცა ჩვენს ქალაქში ქართველს დავინახავდი _ მიდი, მოკალი, ეს ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გაგაუბედურა, ვინც ახალგაზრდული და ოჯახური ბედნიერება წაგართვა. მეტიც, საერთოდ კაცის მიმართ სიძულვილი გამიჩნდა, ამიტომაც არ გავთხოვილვარ.
_ დიდი მადლობა, რომ თქვენთვის არასასურველი ისტორია გაიხსენეთ. მგონი, მთავარ სათქმელს მივადექით _ როდის დაიწყეთ ქართველების ხოცვა ცხინვალში?
_ ქართველი კაცების, დავაკონკრეტოთ! რადგან ყველა მათგანში ვხედავ იმ საძაგლობას, ლელას მამა რომ ჰქვია. ბავშვობაში დავდიოდი სროლაზე, პნევმატური შაშხანით საბჭოთა კავშირის პრიზიორიც ვიყავი მოსწავლეთა შორისა, ჩემი თაობის ქართველ მსროლელ გოგონებს შეიძლება ვახსოვდე კიდეც.
ერთად მიგვიღია მონაწილეობა შეჯიბრებებში. როცა ცხინვალში, 2004 წელს არეულობა დაიწყო, მაშინ გამიჩნდა დაუძლეველი სურვილი, რომ ჩავსულიყავი და არც ერთი ქართველი კაცი არ დამეტოვებიან ცოცხალი. მივედი კომისარიატში, ვუთხარი, რომ ცხინვალში მინდოდა წასვლა საომრად. მოტივიც არ დამიმალავს. ერთ კვირაში დამირეკეს, კომისარიატში ვიღაც გამესაუბრა, მერე აღმოჩნდა, რომ "ფე-ეს-ბე"-ს თანამშრომელი იყო.
იმას უფრო დიდი ავტობიოგრაფია დავუწერე, ალბათ, 200-300 კითხვაზე გავეცი პასუხი. ამის მერე 1 თვე გავიდა და მითხრეს, რომ, თუ თანახმა ვიყავი, კონტრაქტს გამიფორმებდნენ, ოღონდ შტატს არ მომცემდნენ. თანხმობა განვუცხადე, ხელი მოვაწერე კონტრაქტს და აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე წვრთნა გავიარე.
იქ 2 თვე ვიყავი, ამასობაში კი ცხინვალში მორჩა არეულობა. მეგონა, შინ გამისტუმრებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, მოსკოვში ჩავფრინდი, იქიდან _ ვლადიკავკაზში, სამხედრო თვითმფრინავით სხვა მოხალისეებთან ერთად. მერე ჩაგვიყვანეს ცხინვალში. ერთ-ერთ ოსურ-რუსულ დაჯგუფებას მიმამაგრეს, "ბოევიკთა" 30-კაციანი ჯგუფი იყო, 2 სნაიპერი ვიყავით, მეორე _ ადგილობრივი ოსი.
_ თუ გახსოვთ, პირველად ვინ და როდის მოკალით?
_ ვინ იყო, არ ვიცი და არც მაინტერესებს. 2005 წლის დასაწყისი იყო, როცა გაგვიშვეს ოპერაციაზე, ჩვენი პოზიცია ხეობის გადაღმა, მრავალსაუკუნოვანი ციხე იყო, გადმოღმა სოფელი _ ვანათი.
მშვიდობიანი პერიოდი იყო, მაგრამ პროვოკაციის მიზნით ვიწყებდით ყველა იარაღიდან სროლას. პირველად, ამ სოფელში ერთი მამაკაცი დავჭერით, ეს მერე გავიგე, რომ დავჭერი, თორემ მაშინ მეგონა, რომ მოვკალი.
_ რა იგრძენით, როცა ესროლეთ და დაეცა ადამიანი?
_ ეს არ არის სიხარული, ეს შურისძიებაა, ამას მარტო ჩემნაირები გაიგებენ და არა ისინი, ვინც ფულის გამო ხოცავს ხალხს. თუმცა ფულზე არც მე მითქვამს უარი.
_ რატომ ხოცავდით უდანაშაულო ხალხს, არ ჯობდა, ერთი საღირაშვილი მოგეკლათ და შურისძიების გრძნობაც ჩაგეცხროთ?
_ ამასაც გავაკეთებ უეჭველად. როცა შარშან, აგვისტოში ჩვენი ჯარები ნახევარ საქართველოს მოედვნენ, ვნატრობდი, რომ იმ რაიონშიც შესულიყვნენ, სადაც ის არაკაცი ცხოვრობს. ჩვენს დაზვერვას ვთხოვე გაეგოთ, ცოცხალი იყო თუ არა. დაწვრილებითი ინფორმაცია გადმომცეს, ცოცხალია და შვილებსა და შვილიშვილებშიც ბედნიერად ცხოვრობსო. მითხრეს ბიჭებმა, თუ გინდა, გავასაღებთ, თუ გინდა, ცხინვალში ჩამოვიყვანთო. არ მინდოდა, მინდა ვუყურო და ისე ამოვხადო სული და არა შორიდან _ სნაიპერის შაშხანით.
_ სულ რამდენი კაცი გყავთ მოკლული?
_ 3 მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც იტყვიან. ეს ის მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, ცხინვალის მახლობლად, ქართულ სოფლებში რომ ცხოვრობდნენ.
_ თქვენი "სამშვიდობოების" სარდლები _ ნაბდზოროვი და კულახმეტოვიც აცხადებდნენ მუდამ, რომ ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას იარაღი არ ჰქონდა...
_ კარგით, რა! მე კარგად ვიცი იქაური სიტუაცია, მსხვილკალიბრიანი იარაღი საკუთარ ბაღებში, სამალავებში ჰქონდათ, ლამის ყველა სრულწლოვანი ლიახვის ხეობელი კი პოლიციაში იყო გაფორმებული და რეგისტრირებული ავტომატი ედო შინ. ეს ჩემზე კარგად იცით.
_ მაშინ რატომ არ გაუწია წინააღმდეგობა ქართველმა მოსახლეობამ რუსის ჯარსა და ოს "ბოევიკებს"?
_ ძალები არათანაბარი იყო, ტანკი რომ მოგადგება, ერთს გბუთქავს და თან ტყვიამფრქვევს მოგიშვებს, იმ "კალაშნიკოვით" ვერ შეაჩერებ. იმ გადამალული იარაღით კი დაცხრილეს ცხინვალი. მერე კი რუსები შევიდნენ ქართულ სოფლებში და თქვენებიც გაიქცნენ. მოხუცები დატოვეს, თავად გაიქცნენ, აი, ეგენი არიან ქართველი კაცები.
_ დატოვეს ის, ვისაც სიარული არ შეეძლო, ან ცოცხალი თავით არ დატოვა საკუთარი სახლი.
_ მერე რა, ძალით წაეყვანათ, მოეკიდებინათ ზურგზე მოხუცები _ მამა, დედა, ბებია, პაპა, მამიდა, ბიძა-უცხონი ხომ არ იყვნენ.
_ ცოტა უხერხული ხომ არ არის სნაიპერი მორალს რომ მიკითხავს? იქნებ თქვენ მიერ დახოცილ ქართველ ბიჭებზე მითხრათ?
_ მორალს არ გიკითხავთ. თუმცა, ბევრის სწავლება შემიძლია იქით. არ დაგავიწყდეთ, ვინ ამაღებინა ხელში იარაღი, რა გამოვიარე... რაც შეეხება ჩემს სამიზნეებს, მათზე არ გვინდა დეტალურად ლაპარაკი, არ ღირს.
_ იქნებ მაინც გაიხსენოთ?
_ რომელი? ძალიან ბევრი იყო.
_ რომელიმე!
_ როცა თქვენები ცხინვალში შემოვიდნენ, ყველა კორპუსის და სახლის სახურავზე, რომელიც ბომბებს გადაურჩა, სნაიპერი დასხეს. მაგრად მუშაობდნენ თქვენები, 58-ე არმიის ერთი პოლკოვნიკიც სნაიპერის ტყვიით დაიჭრა მხარში, ამავე არმიის ოფიცერი და 4 ჯარისკაცი მოკლა, ერთმა სნაიპერმა მოკლა 6 კაცი 2 საათში და ეს მეტისმეტი იყო.
ჩვენ ჩასაფრებულნი ვიყავით, მარტო ერთი მხრიდან შეიძლებოდა პოზიციისკენ სროლა, სხვა მხრიდან აზრი არ ჰქონდა. თქვენი სნაიპერი კი ადგილს იცვლიდა ხშირად და გვაწამებდა. კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ 300-400 მეტრის რადიუსში იყო მოსაძებნი, ბოლო ბიჭს დანგრეული სახლიდან ესროლა, ეს დავაფიქსირე.
6 კაცი გაგვიშვეს ქართველი სნაიპერის გასანეიტრალებლად. სამი სატყუარად გავუშვით, იმათკენ გადაერთო და შენიღბვა დაიწყო. მოკლედ, ეზო-ეზო ვდიეთ და ზურგიდან მივადექით, დაახლოებით 50 მეტრში. ნახევრად დამწვარი სახლის კედელზე იყო გაწოლილი, ძლივს შევნიშნეთ, ტალახში ამოგანგლული ფორმა ისე ერწყმოდა გამურულ კედლებს, ლამის გვერდით ჩავუარეთ. იმ დროს ინიღბებოდა, რადგან მეორე სამეული იმ სახლს ესროდა, სწორედ ამ დროს ვესროლე, იქვე დარჩა, კედელზე გაწოლილი, ძირს არც ჩამოვარდნილა. ეს ის წინასაათებია, ვიდრე 58-ე არმია შეტევას დაიწყებდა.
_ თუ პირველი წარუმატებლი შეტევის მერე მეორეს დაიწყებდა?
_ კი, მართლა ასე იყო, თქვენებმა ძალიან მაგრად იბრძოლეს, ახლა არ ვიცი, რა დაგრჩათ, მაგრამ ჩემი აზრით, კავკასიაში საუკეთესო ჯარი გყავდათ. თუმცა ვერ გათვალეთ...
_ ვინ რა ვერ გათვალა, ამას დრო გვიჩვენებს. იმ სამი მშვიდობიანი მოქალაქისა და ამ ბიჭის გარდა, კიდევ რამდენი ქართველი მოკალით?
_ არ ვითვლი, ზოგს აქვს წესად, რომ იცის, რამდენი სამიზნე გაანადგურა, მე არ ვითვლი, რაღაც მომენტში მახსოვდა, მერე აღარ ვითვლიდი. ის მახსოვს კარგად, როცა ჩვენებმა მაგრად შეუტიეს და თქვენმა ჯარმა თამარაშენისაკენ დაიხია, ერთ დღეში არანაკლებ 15 სამიზნე გავანადგურე.
_ ანუ 15 კაცი მოკალით?
_ რომლებიც ჩემს თანამემამულეებსა და უდანაშაულო ოსებს _ ქალებსაც კი, ისე კლავდნენ, დაუნდობლად, როგორც მე მათ.
_ რა სისულელეა... ქალი ან ბავშვი არ მოგიკლავთ?
_ არა, ნამდვილად არ მომიკლავს და არც ვაპირებ. გამონაკლისი შეიძლება იყოს სნაიპერი ქალი, ან ვინც გინდა იყოს, რომელიც აქეთ მესვრის. ქართველი ქალი სნაიპერი კი ჯერ არ შემხვედრია.
_ დარწმუნებული ხართ? ვინც მოკალით, რა, ყველას თვალებში ჩახედეთ?
_ არა, არ ჩამიხედავს. 200-300 მეტრში რომ ესვრი, არ იცი, ქალია თუ კაცი, მაგრამ ჩვენ, სნაიპერებს გვაქვს შინაგანი ინტუიცია, ქალი ისვრის, თუ კაცი, ერთ გასროლაზე ვერ მიხვდები, მაგრამ როცა საათობით დასდევთ ერთმანეთს, აუცილებლად ხვდები, ქალია თუ კაცია, კაცის მოქმედებების, მოძრაობების, შენიღბვის მეთოდების გათვლა ბევრად იოლია, ვიდრე ქალისა.
გუდაუთაში, წვრთნებისას, უფრო იოლი იყო კაცის სამიზნის მოძებნა და პირობითად განადგურება, ვიდრე ქალისა. თან არსებობს ქალური ინტუიცია და ამ ყველაფრით ვასკვნი _ საქართველოში ქალი არ მომიკლავს.
_ რომელიმე თქვენს მსხვერპლზე თუ დაგწყვეტიათ გული?
_ კი, ერთადერთხელ. დაზვერვით ჯგუფს გავყევი, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სამშვიდობო მანდატით აკრძალული იარაღი შეეტანათ ნიქოზის სამშვიდობო პოსტზე. ტყიდან ჩავიდნენ ბიჭები, მე ამ დროს ერთი მაღლობი შევარჩიე და იქიდან ვზვერავდი მათ. ბიჭები უკან ბრუნდებოდნენ, ამ დროს შევნიშნე კაცი, რომელიც ისეთი მიმართულებით მიდიოდა, თავზე წაადგებოდა მზვერავებს, ვესროლე, რომ პრობლემა არ გაჩენილიყო. ეს ნიშანი იყო ბიჭებისთვის, აჩქარდნენ, მალე ცხინვალში ჩავედით.
მეორე დღეს მითხრეს მზვერავებმა, 62 წლის მოხუცი მოგიკლავს, დაკარგულ საქონელს ეძებდა მინდორშიო. მაგრამ ეს ლირიკა არ მოქმედებს ჩემზე, მაშინ მეწყინა, რომ უსაფრთხო ადამიანი მოვკალი, ახლაც სინანულით ვყვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გრძნობა და სინდისის ქენჯნა არ მასვენებს. მე იმას ვაკეთებ, რაც მსურს, რაც სიამოვნებას მანიჭებს.
_ როდის დაიცხრობთ ქართველი კაცის სიძულვილის გრძნობას?
_ ვერც ვერასოდეს. თან ეს საქმე უკვე პროფესიად მექცა, სხვა არც არაფერი ვიცი ნორმალურად... სოლიდურად მიხდიან, რაც მთავარია, ჩემს ლელას არაფერი უჭირს.
_ ლელამ თუ იცის თქვენი პროფესიის შესახებ?
_ იცის, რომ ვმსახურობ ჯარში კონტრაქტით, მეტი არაფერი იცის.
_ რომ გაიგოს, დედამისი სნაიპერია და ხალხს ხოცავს?
_ მოდით, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ეს პრობლემა იქნება, მაგრამ ამასაც მოვაგვარებ.
_ ქართული სახელი რატომ დაუტოვეთ ბავშვს?
_ ჯერ ერთი, აღმოსავლურია, ირანული და არა ქართული, მეორეც, ლენა რომ დამერქმია, რა შეიცვლებოდა? ქართულ სისხლს გამოვადენდი მისი ქართველობიდან? მწამს, რომ სახელის დარქმევა შემთხვევით არ ხდება, ეს ღმერთის ნება იყო და დარჩა ის, რაც დაერქვა.
_ ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ შემოიჭრა რუსეთი საქართველოში, "იმედია", თქვენი შაშხანით გააგრძელებთ ქართველთა ხოცვას...
_ კი, ამას ნამდვილად გპირდებით, თუმცა ომის დაწყებას ჩვენ არავინ გვეკითხება, ეს პოლიტიკოსების საქმეა.
_ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის და სხვა ცნობილი ადამიანის მოკვლის ბრძანება ხომ არ მიგიღიათ?
_ ეს ჩემი საქმე არ არის. ამას "ქილერები" აკეთებენ. მე საბრძოლო მოქმედებების ან სპეცოპერაციის კონკრეტული დავალებები მაქვს.
_ მაგრამ ცნობილია, რომ "ფე-ეს-ბე"-ში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც საკუთარი ქილერები ჰყავს, თქვენც ხომ "ფე-ეს-ბეს" ექვემდებარებით?
_ არა, მე "ფე-ეს-ბეს" არ ვექვემდებარები. მე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნახევრად საიდუმლო უწყებას ვექვემდებარები, "ფე-ეს-ბე" მთელ ქვეყანას აკონტროლებს და უბრალოდ, მეც შემისწავლია რაღაც გასაუბრება და დაკვირვება "გრუ"-შიც გავიარე. ამ გზას გადის ყველა, ვინც ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს ჰკიდებს ხელს, როგორიც სნაიპერობაა.
_ დღესაც უამრავი უდანაშაულო ქართველი კვდება ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებში. დღე არ გავა, პოლიციელი და ადგილობრივი მცხოვრები რომ არ მოკლან, არ დაჭრან და ხშირად ეს სნაიპერების ნამოქმედარია. თქვენი ხელიც ხომ არ ურევია ამ საქმეში?
_ მოდით, მეტს ნუღარ დავაკონკრეტებთ, მე ჯერ არ წავსულვარ რუსეთში. ცხინვალში არა, მაგრამ სამაჩაბლოში ვარ და ვმუშაობ. სიმართლე გითხრათ, სულერთია ჩემთვის _ თუ გსურთ, დღეის აქეთ რამდენი ქართველი კაციც მოკვდება ცხინვალთან ახლოს, ყველა მე დამაწერეთ.
_ რატომ დამთანხმდით ინტერვიუზე?
_ ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ინტერვიუა. მე ჩემი მიზანი მქონდა _ პირველ რიგში, იმედია, ის "კრისა" საღირაშვილი წაიკითხავს ამ წერილს და მინიმუმ დარჩენილ სიცოცხლეს შიშსა და ძრწოლვაში გაატარებს.
მეორეც, მე რუსულად წავიკითხე თქვენი ძველი და ახალი პუბლიკაციები, ნორმალური ჟურნალისტი ჩანხართ, ვიცი, რომ ომის დროს გორში და მის მიმდებარე სოფლებში იყავით და ომი საკუთარი თვალით ნახეთ. ვიცი, მითხრეს, რომ პირველი ქართველი ჟურნალისტი ხართ, რომელმაც გაბედა და ახალგორში და პერევში შევიდა, იქიდან მასალაც გამოიტანა.
მითხრეს, შეიპარა და გამოიპარაო, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ხიფათსა და შარს არ დაერიდეთ. მეც ეგეთი ტიპი ვარ, ხიფათიანი, შარიანი და ამიტომაც დავთანხმდი ინტერვიუზე. ვაფასებ ჟურნალისტებს, ისეთებს, რისკს რომ არ ერიდებიან. იცით, ჩვენ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.
_ ღმერთმა დამიფაროს!
_ ღმერთი გფარავდეს! თუმცა მე საწყენად არ მითქვამს.
ლევან ჯავახიშვილი 2009.01.30 13:05
|