|
კურიერი"-"ქრონიკა" _ იპოვეთ სამი განსხვავება
მეცნიერულად არის დასაბუთებული და ჯერ კიდევ ავადმოსაგონარი კომუნიზმის ეპოქაში საქმით დამტკიცებული, რომ ხალხის "ფსიქიკური სიჯანსაღის" შესანარჩუნებლად აუცილებელია რაც შეიძლება დიდი რაოდენობით დადებითი ემოცია. დადებითი ემოციის ფორმირება კი პოზიტიური ხასიათის ინფორმაციით ზემოქმედების შედეგად საუკეთესოდ მიიღწევა.
ისეთი ინფორმაციისა, რომელიც ასახავს მიღწევებს, პერსპექტივებს, ერთი სიტყვით, იმედებს აღვივებს. აი, სწორედ ისეთი, საქართველოს "გაღარიბებულ" ტელესივრცეში შემორჩენილი ერთი-ორი საინფორმაციო არხით (რა თქმა უნდა, მათი ფილიალების მეშვეობითაც) რომ გადაიცემა _ მაგალითად, თუნდაც "იმედზე"თბილისის მერიისა და მუხლჩაუხრელი გიგი უგულავას საქმიანობის შესახებ.
საერთოდ, ბოლო დროს, ქართული საინფორმაციო გამოშვებები სულ სამომავლო გეგმებზე საუბრით იწყება _ გზების რეაბილიტაცია ამა და ამ წელს დასრულდება, აჭარაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, სოფლის მეურნეობის სისტემაში ძირეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ვინაიდან საპარლამენტო მოსმენიდან გამოსულ, პირდაპირ ეთერში ჩართულ "კურიერის" აჟიტირებულ კორესპონდენტს თავადაც სჯერა და ჩვენც გვარწმუნებს, რომ 2009 წელს სოფლებში "ყველა ოჯახში ტრაქტორი შევა"... და ასე შემდეგ.
კიდევ მეტი ეფექტის მისაღწევად ადვილი შესაძლებელია, საინფორმაციო გამოშვება დაიწყოს ასეთი ფრაზითაც: "მსოფლიოში გამეფებული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადია და მის განვითარებას საფრთხე არ ემუქრება."
რა თქმა უნდა, ნათქვამის საილუსტრაციოდ თელეთში მეცხოველეობის ფერმა არსებობს. თუკი საქმეს დასჭირდება, ლენტსაც გაჭრის ქვეყნის პირველი პირი, დაახლოებით ასეთი ქვეტექსტით: "ასი ძროხა გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას". მსგავსი სიუჟეტი, შესაძლოა, პირველი რიგის ნიუსად არ გავიდეს ერთიმეორის მსგავს საინფორმაციო გამოშვებებში, მაგრამ მთელი დღე რომ იტრიალებს საათში ერთხელ _ ეს სასიქადულო არხების საინფორმაციო პოლიტიკით არის უზრუნველყოფილი.
"კურიერისა" და "ქრონიკის" გამოშვებები სერიალებს დაემსგავსა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ერთი თვის წინანდელ არქივს რომ გადახედოთ და გუშინ გასულ სიუჟეტებს შეადაროთ, არსებითი შინაარსობრივი სხვაობა მათ შორის არ იქნება.
ერთადერთი იმით თუ "გაერთობით", რომ იპოვოთ სამი განსხვავება "კურიერსა" და "ქრონიკას" შორის. მაგალითად, ერთნაირი მონდომებით დამონტაჟდება ვიღაც უცხოელის ინტერვიუ და სრულიად სხვაგვარი კონტექსტით გადაიცემა ფრაზები იმის შესახებ, თუ როგორ გაჩაღდა აგვისტოს ომი. შემდეგ იხილავთ ორიგინალს და აღმოჩნდება, რომ, უბრალოდ, გატყუებენ... თითქმის ის უცხოელიც კი შეგებრალებათ.
არც ერთი არხი, გარდა "კავკასიისა", არ გადასცემს გირგვლიანის მკვლელობის დღეს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეების დაშლას, მანდილოსნების ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩვენს ნერვებს მართლაც სამაგალითოდ უფრთხილდებიან.
სამაგიეროდ "კურიერის" ჟურნალისტებს არ ავიწყდებათ ირაკლი ალასანიაზე მომზადებულ სიუჟეტში, "დუზუსტებელი წყაროს" გადმოცემით, სხვათა შორის აღნიშნონ, რომ 90-იან წლებში ის "კულინარიელთა" საძმოს წევრი _ ესე იგი კრიმინალური ავტორიტეტი იყო.
გასაკვირი არაფერია. ჩვენც დიდად არ ვიდარდებთ _ ალასანია როგორმე თავს დაიცავს. დასანანი ის არის, რომ ეს სასიქადულო ტელეკომპანიები აღარ მალავენ _ ასრულებენ ყველა სახის სახელისუფლებო დაკვეთას, განსაკუთრებული ენთუზიაზმით კი ისეთს, პოლიტიკური ოპონენტების რეიტინგს კბილს რომ გაჰკრავს…
არის შემთხვევებიც, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში შიგადაშიგ "სოციალური თემატიკაც" გამოერევა ხოლმე: როგორ შეიძლება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება კამერებისა და რომელიმე ჩინოვნიკის თვითკმაყოფილი გამომეტყველების ანფასიდან მსხვილი ხედის ჩვენების გარეშე გადასცენ.
საერთო სატელევიზიო პათოსი ასეთია: ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა საახალწლოდ "გოჭებს წვავს და ინდაურებს საცივში აწყობს" ხოლმე, ხელისუფლება მუშაობს და ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ, უდავოდ, კარგად არის.
აბა, ნახეთ, ევროპაში რა ხდება? კრიზისია. სამუშაო ადგილებს ამცირებენ, უმსხვილესი ბრენდები ფილიალებს აუქმებენ. მილიარდობით დოლარის დანაკარგის შემდეგ, ცნობილი ბიზნესმენი მატარებლის ლიანდაგზე წვება და თავს იკლავს.
ამ დროს კი, ტელეეკრანებიდან ქართველი ბიზნესმენები უჩვეულოდ ბედნიერი სახეებით გვიმტკიცებენ, რომ სამამულო ეკონომიკა არ ჩამოშლილა. თუკი არ გჯერათ, იხილეთ "კურიერის" სიუჟეტი, ვერ მიუსწარით? ერთ საათში იმავეს გაგიმეორებთ "ქრონიკა" _ "ხორცპროდუქტების კომპანია "მითანაში" სამუშაო ადგილები არ შეუმცირებიათ".
სადღაც ახალი პურის საცხობი აშენდა. რვა კაცი დასაქმდა და დედაქალაქის მერმა პირველი ლავაში იგემა – რა თქმა უნდა, ესეც იმის დასტურად უნდა მივიღოთ, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის, "დასაქმების" პროცესი მიმდინარეობს..
რა ხდება ამ დროს აგრესორ რუსეთში? იქ, საერთოდ, ქვა ქვაზე აღარ არის დარჩენილი _ არის უმუშევრობა, მიტინგები და "კბილთა ღრჭენა". ამიტომ, ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, ხოლო იმისათვის, რათა ეს ბედნიერება სრულყოფილად შევიგრძნოთ, არ უნდა გავიდეს რეალური სურათის ამსახველი არც ერთი სიუჟეტი, თუნდაც, მაგალითად, საბანკო სექტორში მიმდინარე მასობრივი საკადრო შემცირებების, უმუშევრობის მასშტაბების დღითი დღე ზრდის შესახებ...
კერძო საოჯახო საუბრების თემად არის გადაქცეული ის, რომ ქვეყანაში შეჩერებულია ერთ დროს ბუმად გადაქცეული მშენებლობები, ათასობით ადამიანი კი უმუშევრად არის დარჩენილი. არავინ გადაიღებს სიუჟეტს არც ფასების არნახულ ზრდაზე და იმაზე, რომ სამომხმარებლო კალათის ფასი დოლარის ეკვივალენტში უკვე 130-ს აღწევს.
მთავარია ის, რომ გიგი წერეთელი არ დაგვზარდება, დაგვარწმუნებს ეკრანებიდან _ საარსებო მინიმუმისათვის თურმე 120 ლარი სავსებით საკმარისია... ასეთი სიუჟეტისა და კომენტარის ეთერში გაშვება უხერხულობას არ უქმნით საინფორმაციო გადაცემების ავტორებს.
სამაგიეროდ "პოსტ სკრიპტუმში" ანონსირებული სიუჟეტი, რომ ავთო ცქვიტინიძემ ბარაკ ობამას მეუღლის ჩაცმულობა დაიწუნა, სასწრაფო კორექტირებას ექვემდებარება _ ჩვენ გვიხსნიან, რომ ტექნიკური ხარვეზია, თუმცა რატომღაც მხოლოდ ერთ კომენტარს ჭრიან, ალბათ, ასეთი ლოგიკით _ ძლევამოსილი მეგობარი ქვეყანა არ მოვიმდუროთ. პრიმიტივიზმის აპოგეაა ამ თემაზე სიუჟეტიც და შემდეგ მისი კორექტირებაც. სწორედ ეს პრიმიტივიზმი და მის მარწუხებში მოქცეული ისტერიკა ახარხარებს საზოგადოებას ტელე-ცენზორების გენიალურ მიგნებებზე.
არ დაიჯეროთ, რომ ბატონ-ყმობა გადავარდა, ქართულ საინფორმაციო გადაცემებს უყურეთ და მიხვდებით, რომ ასე არ არისო _ ენამოსწრებულად იხუმრა ერთ-ერთი იუმორისტული გადაცემის ტელეწამყვანმა (იმედია, მას ამისთვის ენას არ მოაჭრიან.).
ხელისუფლების მიერ ქართული ტელესივრცის კოლონიზაციის პროცესი პიკს აღწევს. მართალია, ბოლო დროს თვით"რუსთავი-2"-ზეც კი გაისმა ისეთი მივიწყებული სიტყვები, როგორიცაა: თოქ-შოუ, პრეზიდენტი პასუხობს ხალხს და ასე შემდეგ... გაგიკვირდებოდათ, ალბათ და, რამდენჯერმე ვანო ჯავახიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე ხუმრობაც კი გაბედა.
რა თქმა უნდა, სახელისუფლებო "ჰებელსებმა" ("გვიყვარს" ეს გვარი) თავიანთი უგზო-უკვლო განათლების წყალობით კარგად იციან: ხელისუფლება, რომელსაც არჩევნები ელოდება წინ, მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტად გვიმტკიცებს, არსად ვაპირებ წასვლას, გამოწვევებს ვებრძვი და არც არჩევნების ხარჯების ფუფუნება აქვს ქვეყანასო, აშკარად ცდილობს გაექცეს საკუთარ შეცდომებს.
ანდა, უკვე დაშვებული შეცდომების ფსევდო-მონანიებით საზოგადოებაში თუკი ნდობას ვერ გააღვივებს, სულ მცირე დაბნეულობა მაინც შეიტანოს. ვენდოთ თუ არ ვენდოთ? _ ტვინს იჭყლეტს გულგასიებული მაყურებელი. რა თქმა უნდა, ინტუიციის დონეზე არც "კურიერსა" და "ქრონიკას" ენდობა კაცი და არც მათ მიერ გაპიარებულ, მობეზრებულ პოლიტიკურ სახეებს.
მაინც, ტელევიზია ტელევიზიაა, თუნდაც ვირტუალური, ცრუ რეალობით _ ყველგან შეღწევისა და დარწმუნების ძლევამოსილი უნარით. საზოგადოების გარკვეულ პროცენტზე მაინც ახდენს სასურველ ზეგავლენას _ ასეთია გათვლა.
საამისოდ ვირტუალური ფანტაზია კიდევ უფრო შორს იჭრება. ძლიერი ამა ქვეყნისა, ჰოი, საოცრებავ, უნდა ვირწმუნოთ, რომ "ბოლო დროს" კრიტიკასაც მეტი "შემწყნარებლობით" იღებს, ერთ დროს ჩასარეცხად გამზადებულ საზოგადოებასთან პირდაპირი ეთერის რეჟიმში შეხვედრებს მართავს... ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც კიდევ შეუძლია, ვინაიდან არჩეული კურსის კორექტირება უკვე შეუძლებელია.
ის, რაც ხელისუფლებას აღარ ძალუძს, მისმა მოხარკე ტელევიზიებმა უნდა "შეძლონ" _ რეჟიმი ჩიხშია. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლება, უბრალოდ, წყვეტს არსებობას და ამას დემოკრატიული როტაციის სისტემას უწოდებენ... ჩვენს ქვეყანაში ასეთი მექანიზმი არ მუშაობს. ჩვენნაირ ქვეყანაში ყოველივე სხვაგვარად ხდება. ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების "კორექტირება" მისი რუპორი ტელეარხების პრეროგატივაა და ამასაც მხოლოდ ვირტუალური, სატელევიზიო ხასიათი აქვს.
მაყურებელმა თითოეული საინფორმაციო გამოშვების ცქერისას, მნიშვნელობა არა აქვს, "კურიერი" ერქმევა მას თუ "ქრონიკა", ისევ და ისევ უნდა ირწმუნოს, რომ ხელისუფლება ხალხის გასაჭირით გულაჩვილებულია.. ყველა სიმპტომი აშკარაა _ ხელისუფლებამ სატელევიზიო წინასაარჩევნო კამპანია გააჩაღა.
რა თქმა უნდა, ყოველივე დაშვებული შეცდომების აღიარების "ეგიდით" ხდება: პირველად ქვეყნის ისტორიაში იმართება ოთხსაათნახევრიანი ტელეხიდი _ "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს". რამდენი საქმე კეთდება ერთბაშად _ სულ მცირე, ხუთი ტელეარხი ერთგულებაზე ტესტს კიდევ ერთხელ წარმატებით აბარებს. "კურიერისა" და "ქრონიკის" ჟურნალისტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მასმედიის სრული მობილიზაციაა. თითქმის ყველა რეგიონში დამონტაჟებული ვიდეოკამერები ხალხის აზრს აფიქსირებს და ხელისუფლებამდე მიაქვს.
მხოლოდ ერთი "დეტალი" გამორჩებათ: მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ხალხს პირდაპირ ეთერში უსმენს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთნ ოპოზიცია აქციას მართავს და პირდაპირ ეთერში ჩართვას ითხოვს _ "რატომღაც" პრეზიდენტთან კითხვები მათაც აქვთ. თუმცა, არც ერთ არხს, მათი საინფორმაციო გამოშვებებითურთ, გარდა "კავკასიისა", ამ ფაქტის გაშუქება არ ახსენდება.
საკმარისია ისიც, რომ კითხვები ისმება თითქოს ყველა საკითხზე: პენსიებით დაწყებული, სარწყავი არხებით დამთავრებული. წამყვანი ტელეკომპანიების სახელოვანი ჟურნალისტები, დაფიქრებული სახეებით, თუმცა თითქმის მდუმარედ ისმენენ ყველაფერს, რასაც, შედარებით კორექტულ ენაზე, სასურველის რეალობად წარმოჩენა ჰქვია. უფრო კონკრეტულად კი, უბრალოდ _ დეზინფორმაცია, ტყუილი. თუმცა აქ არის ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ტყუილს თვითგამანადგურებელი ძალა აქვს.
მაგალითად, პენსიების გაზრდასთნ დაკავშირებულ კითხვას პრეზიდენტი ჩვეული სიდარბაისლით პასუხობს, რომ ეს "მთავრობის ორმოცდაათთვიანი პროგრამის" ნაწილია. არც ერთ "წამყვან" ჟურნალისტს "არ ახსენდება", რომ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მთავარი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების 2009 წლისთვის გაზრდა იყო...
ასეთი "მარგალიტების" მოხმობა ჩვენ შორს წაგვიყვანს, ქართულ ტელეჟურნალისტიკას კი კიდევ უფრო უკან ხევს. თვითგადარჩენის ინსტიქტმა ქართული ტელევიზიები რეალობის ცალმხრივად წარმოჩენის, თვალში ნაცრის შეყრისა და სახელისუფლებო პროპაგანდის ვირტუოზებად გადააქცია.
სამაგიეროდ, დღეს, ხელისუფლება არა მხოლოდ ძალაუფლების მტკიცე ვერტიკალს და ერთპიროვნულად განკარგულ მატერიალურ-ფინანსურ რესურსებს ფლობს, ძლიერი საყრდენიც გააჩნია დამორჩილებული ტელევიზიების სახით.
დღეს, ვერც ერთი კერძო ტელეკომპანიის მესვეური, გარდა ისეთებისა, შუბლის ძარღვი საერთოდ რომ არა აქვთ, ვერ იტყვის, რომ ქართული ტელეკომპანიები სახელისუფლებო პროპაგანდის ინსტრუმენტად არ არიან გადაქცეულები; რომ ნებისმიერი კერძო ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება თავისი სარედაქციო კოდექსით ჟურნალისტური ეთიკით ნაკარნახევ კლასიკურ და არა თვალთმაქცურ პრინციპებს განუხრელად იცავს; რომ ტელევიზია დღეს ხალხს აღარ ეკუთვნის, ტელევიზია ხელისუფლების ხელზე მოსამსახურედ არის გადაქცეული.
ხალხი? ხალხს ორი არჩევანი აქვს _ ან მშვიდად მიიძინოს ყოველ საღამოს "კურიერის", "ქრონიკისა" თუ რომელიმე სხვა საინფორმაციო გამოშვების ზღაპრებისა და "იავნანას" ქვეშ, ვიდრე გაბატონებული სახელისუფლებო ელიტა უკანასკნელ სოციალურ-პოლიტიკურ უფლებებს ულახავს, ან გამოხატოს სამართლიანი პროტესტი ყოველივე ამის წინააღმდეგ.
თუმცა ეს მეორე გზა გაცილებით რთულია და რისკიანი...
ნინო სილაგაძე
|