შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
გულსა შენსა და გონებას შენსა უამურ ფიქრთა ხავსი ედება... არც ჭირი შენი სადმე გეგულვის, არცა მოყვასი გეიმედება... ამ უცხო ცის ქვეშ... ღირსებას შენსას... ყოველ გარეწრის შხამ-გესლი წონის! ყალბია სული, ცრემლიც ყალბია, მიდიხარ... მადლს და ყვედრებას შორის!
თავზე მევლება სულანთებული ჩემი პეპელა, ეძებს ჩემს ყვავილს, სიხარული აქვს საუწყებელი... მივდრკები მისგან მე... მზეთა ნაცვლად... ბნელთა მძებნელი. მაგრამ, მაუწყეთ, შესაძლო არის შეუძლებელი
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია!
გვიან საღამოს, როცა კარზე მოგიკაკუნებს ჩემი თავი-როგორც სტუმარი, დაღლილი და შეციებული, ავანთებ სანთელს, გაზქურაზე თბილ წყალს შემოვდგამ დავაპურებ, სუფთა საწოლში გამოვაძინებ და ზღაპრებსაც მოვუყვები ბოლოსდაბოლოს რომ დილით მშვიდი და განბანილი ისევ საკუთარ ბილიკს დაადგეს.
ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე, ვერც სიყვარულით და ვერც იმედით, სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი. წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად, და საკუთარი წამართვა ლანდიც. მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს, მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.
თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი ხან ღმუილით და ხანაც სიცილით, ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით, არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.
შენ-განუწყვეტლივ მიბიძგებ საით? მარადიული დღეო და ღამევ, ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე. ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი, რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი, თუ მხოლოდ ეს ვარ-უტყვი ჭურჭელი, რათა ბოლომდე ავივსო შენით.