ნუ გეშინია!
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია!
თუ გაგიხუნებს გრიგალი ფერებს,
და ზამთრის სუსხი თმაზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს...
ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა!
ბედის ქარაგმას თუ ვერ გაექცე,
წილხვედრი ალო თუ ვერ გახედნე,
დღეში რომ თუნდაც ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს...
ჭირთა თმენა და დიდი ნუგეში,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია!...
