გარიჟრაჟზე თბილისის ცა სისხლის წვიმამ დანისლა,
მოგვაგონა შემოსევა აღა-მაჰმად-ხანისა,
ხმა არ ჰგავდა ცხენის ჭიხვინს,არც ხმლის გაელვარებას,
გაჟლეტილი დედა-წულის სისხლი ჩქეფდა ღვარებად.
ამოგლიჯეს თბილისს გული ვანდალ-საჭურისებმა,
ხალხის თვალი ცრემლის ნაცვლად სისხლის ტბისგან ივსება,
მტერმა ისევ გაუთხარა ქართველს მიწა სამარის,
მოანატრა დავით მეფე,ერეკლე და თამარი.
ისევ გლოვის ხმაზე რეკენ საქართველოს ზარები
და ძაძებში შემოსილან დედები მწუხარებით,
რუსთაველის გამზირს დარჩა გულზე ღია იარა,
მურვან-ყრომ და შაჰ-აბასმა ისევ გადაგვიარა.
წილად გერგო საქართველოვ მკაცრზე მკაცრი გამოცდა,
შენზე ლოცვად დაჩოქილი ქართველობა ამოწყდა.
ქრისტიანის მტერს რა ეცხო? მხეცი იყო ნამდვილი,
მოძმის ხორცის დამგლეჯელი რაღაც უცხო ნადირი.
რა ვიყოთ,თუ არ გამწყდარა ჯაჭვი ამირანისა,
რწმენა მაინც არ გამქრალა,იმედი გვაქვს ხვალისა,
და ცხრა რიცხვი,ცხრათვალა მზე,ცხრამუხა და ცხრაწყარო,
გვრჩება წმინდა სალოცავად რომ მტერი არ ვახაროთ.
გვჯერა,წმინდა საფლავებო,ჩვენს გულებსი გაჭრილო,
ისევ თქვენმა უკვდავებამ უნდა გადაგვარჩინოს.
