"გოდერძი ჩოხელი - 54
წუთის სოფელი
სამშობლო გამქრალი გენიოსი კი რაღა იქნება და აღარც იყო...
ლამაზად მოწყობილ ოჯახს, ლამაზ დედ-მამას ლამაზი გოგონა ჰყავდა - წესიერი და ჭკვიანი.
მიადგა ამ ლამაზი გოგონას ლამაზ ოჯახს ჩვეულებრივი მთიელი, არაგვისხეობელი ყმაწვილი - არაგველები სახით და აღნაგობით მაინცდამაინც მოჩუქურთმებულები არ არიან, ან კეჭნაობითა აქვთ სახე დაჩეხილი, ან ბუნებრივად არიან მიჯორჯვილ-მოჯორჯვილები. ჰოდა, აი, ასეთი არც ისე მოჩუქურთმებული სახის პატრონი ბიჭი მიადგა ლამაზ ოჯახს, ლამაზ დედ-მამას ლამაზი შვილის სათხოვნელად. სასიძოს არა, კლდის ნატეხს უფრო ჰგავდა. ფერიც ისეთი გადაჰკრავდა. ღერეჯო თმით, ჩხია თვალებით, გრძელი ცხვირით მეფე ერეკლეს მეომარს ეტყოდი... ერთი სიტყვით, ეს მიჯორჯვილ-მოჯორჯვილი კლდის ნატეხი მიადგა ამ ლამაზ ოჯახს და მიუკიბ-მოუკიბავად გამოაცხადა:
- თქვენი გოგო მიყვარს, ცოლად უნდა წავიყვანო!
- ვინა ხარ?
- გოდერძი ჩოხელი.
- რას აკეთებ?
- ლექსებს ვწერ, მოთხრობებს, სარეჟისოროზე ვსწავლობ.
- ლექსებს და მოთხრობებს ყველა წერს საქართველოში და ყველა სწავლობს.
- მე სხვანაირად ვწერ.
- ვაჟა-ფშაველა ხარ?
- გუდამაყრელი.
- აქ სახლი თუ გაქვს?
- არა.
- აბა, ეს სად მიგყავს?
- შინ.
- სოფელში?
- არა, აქ.
- ბინა არა მაქო?
- მექნება.
- როდის?
- ცოლს რომ შევირთავ, მერე.
- მანამდე სოფელში ეს გოგო არ გამოგადგება, ძროხას ვერ მოწველის.
- არც მოვაწველინებ, ჩვენ აქ, ქალაქში უნდა ვიყოთ.
- სად, თუ სახლი არა გაქვს?
- ღმერთი მომცემს.
- ჰო, ჰო, დაელოდე!
- დაველოდები.
ახლა გოგოს ლამაზი მშობლები თავიანთ ლამაზ შვილს მოუტრიალდნენ:
- შენ რას იტყვი?
- მიყვარს.
- ვინ გიყვარს, ეეს?
- აი, ეს. თქვენ არ იცით,
რა კარგი ბიჭია.
- აგერ არ არის?
- არ არის აგერ. ეს, სადაც არის, მეც იქ ვიქნები.
- რა დაემართა ამ გოგოს,
რაშია საქმე, შვილო?
- მე მთელი სიცოცხლე
ამასთან უნდა გავატარო.
- გაწყვიტე ხმა!
- ვერ გავწყვეტ. მე ამ ადამიანს უნდა შევეწირო, ასე ინება განგებამ.
- შვილო!
- არა, მამა, არა, დედა!
- გაეთრიეთ აქედან!
მაშინ რომ ნინო არ გაჰყოლოდა, მაშინ რომ ნინოს არ გაეგო გოდერძისთვის, რაც ასე ძნელია იმ ასაკის გოგონასთვის, საქართველო გოდერძისგან ამხელა შემოქმედებით სიმდიდრეს ვერ მიიღებდა თავისი ხასიათის გამო. ხასიათი კი ისეთი ჰქონდა, ვეღარაფერი მოარჯულებდა, გულს ვეღარაფერს დაუდებდა და საქართველოსთვის დაიკარგებოდა!
...და წამოვიდნენ უსახლოები, უკაროები, უნათესაოები ამ დიდ ქალაქში და მივიდნენ ახლობელ-ნაცნობებთან საერთო საცხოვრებელში. იქ ორი მსახიობი გოგო ცხოვრობდა. ერთი ხევსური. ნამდვილი აღაზა, მეორე კი ამორძალი. მათთან ნაცნობი ბიჭიც დახვდათ... სასწრაფოდ სუფრა გაშალეს და გოდერძის დაქორწინების სადღეგრძელო დალიეს.
ბიჭი: - ბედნიერი იყავით, გაიხარეთ, გამრავლდით, ჯანმრთელად და სიკეთით გევლოთ ცხოვრებაში.
ხევსური: - მზე და მთვარესავით შეაბერდით ერთმანეთს!
ამორძალი: - მაღალი ღმერთი გწყალობდეთ და შეგეწიოთ.
ხუთკაციანმა ქორწილმა ლამაზად, გულიანად, სიყვარულით,
ლოცვით ჩაიარა...
გამოხდა ხანი.
გოდერძი ჩოხელმა ჯერ ერთი ლექსით შეძრა ქვეყანა, მეორე მეორით და აი, ლექსების კრებულიც. ალაპარაკდა ხალხი.
გოდერძი ჩოხელმა ახლა ერთი მოთხრობა დაწერა და შეძრა ქვეყანა, მერე მეორე... გამოვიდა მოთხრობების კრებული და შეიძრა ისევ ქვეყანა.
მერე გოდერძიმ სცენარები დაწერა და შეძრა კინოს სამყარო, შემდეგ ჯერ ერთი კინო გადაიღო, მეორე, მესამე და მსოფლიომ მოიხედა გოდერძისკენ. იკითხეს:
- ვინ არის ეს გენიოსი? რა ხდება?
და ვაჟას, ილიას, აკაკის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, გალაკტიონის, კინოხელოვნებაში - ჭიაურელის, შოთა მანაგაძის, სიკო დოლიძის, რონდელის საქართველოს კავკასიონზე გამოიკვეთა ერთი ლამაზი მწვერვალი - გოდერძი ჩოხელი. ეს მწვერვალი მაღლა ცაში უფრო აიწეოდა, უცბად სამშობლო რომ არ გამოსცლოდა ხელიდან. ვეღარც ლექსს წერდა, ვეღარც მოთხრობას, ვეღარც სცენარს და ვეღარც კინოს იღებდა, რადგანაც ჩოხელისთვის გაქრა სამშობლო და სამასმეერთე არაგველი უძახდა თავის სამას არაგველს:
«სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა:
გალაღებული სახე მქონდა
გულით ვხარობდი,
მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.
აქამდის სად ხარ?
მკითხეს ერთხმად და
უცებ შევკრთი.
გამომეღვიძა...
მდუმარებით შემომხედეს
ქართლის ქედებმა:
იცრიცებოდა გარიჟრაჟი,
ასე მეგონა:
ჩამოლეული საქართველო
სადაცაა, ხერხემალში
გადატყდებოდა.
თვალი დავხუჭე და გუმანით
საიქიოს კარებს შევხედე:
- ჰეი, გამოდით, ქართველებო!
საქართველოს უჭირს ძალიან,
გამოგვეშველეთ დიდ ომებში
ნასახელებნო,
გამოგვეშველეთ, არაგველებოო!»
მაგრამ პასუხი, როგორც დიდ ილიას არ ჰქონდა გაჭირვებული საქართველოდან, ისე არ ჰქონდა გოდერძი ჩოხელს.
«არსაიდან ხმა, არსით ძახილი...
მშობელი შობილს არრას
ეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი,
ქართვლის ძილშიაც კვნესა ისმოდა».
და ჩოხელისთვის გაქრა სამშობლო. სამშობლოგამქრალი გენიოსი კი რაღა იქნება და აღარც იყო... ეტკინა სამშობლო, ასე უპატრონოდ რომ მოექცნენ ვითომ პატრონები. სამშობლოს დარდი შიგ გულში გაეყარა. აღარ გათავდა დარდი და ვარამი, ქვეყნის ტკივილმა კი გოდერძის სამშობლოსეული გული აავადა, აავადა და მერე მოკლა, ოღონდ ლექსი, მოთხრობა, სცენარი და კინო დატოვა ცოცხლები თავის ორ ბიჭთან - ლუკასა და ნიკასთან ერთად და ეს სიცოცხლეები ათასწლეულებს გააგონებენ გოდერძის სახელს. დიდება შენ, უფალო, კიდევ ერთი უკვდავი სიცოცხლე რომ აჩუქე ჩემს ხალხს და ჩემს საქართველოს, კიდევ ერთი კაცით რომ გაამდიდრე უკვდავი სული საქართველოსი.
ეს სიმდიდრე იმ ერთი ლამაზი ოჯახის, ლამაზი დედ-მამის ლამაზი გოგონას შეწირული სიცოცხლე იყო, ხანჯალივით კაცს, გოდერძი ჩოხელს რომ გაულამაზა წუთის სოფელი და ამ გალამაზებით უდიდესი საჩუქარი მიიღო სამშობლომ, ასე რომ უყვარდათ გოდერძის და ნინოს..."
ზურაბ ქაფიანიძე
