საგალობელი დედებს
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!
მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!
დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.
მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.
მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!
დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!
მედეა კახძე
დამასწარი ქეთა. მინდოდა ამ ლექსის დადება და აღმოვაჩინე რომ უკვე დაგიდვია. საუცხოვო ლექსია არა? ტანში დაბურძგლავს ადამიანს, რათქმა უნდა თუ პოეზია ესმის და უყვარს.
აი კიდევ, ამავე პოეტის ერთი ახალი ლექსი დედაზე
ნუ მკითხავთ
რამდენი წლის იყო დედაშენი?
ყურს ესმის მითქვია-მოთქვია,
მე მის დაბერებას ვერ ვამჩნევდი,
არც მისი თეთრი თმები მითვლია.
უმისოდ სამყარო მუქნაცრისფერია,
ვერსაით მიპოვნია მოვანება,
ის იყო ჩემი ლამაზი ფერია,
არასდროს მიკითხავს წლოვანება.
დედა, სხვა ზღაპარი, სხვა მითია,
სულს რომ ასაფრენად აქეზებს,
წლები არასოდეს დამითვლია,
მხოლოდ ღომილს ვთვლიდი სახეზე.
ვიცი, უკურნელი სევდა ჩემი
ჩემს გულს დიდხნობამდე უთარეშებს,
რამდენი წლის იყო დედაჩემი
ნუ მკითხავთ ნურავინ გულგარეშე.