|
აფხაზეთის რუსების ქართული ხვედრი 09.02.2010 11:58 ირაკლი ცქიტიშვილი
"დროა გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ, რომ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ მეგობრად და მოკავშირედ მიგვაჩნდა, რომელსაც ჩვენ თავიდან ბოლომდე ვინახავთ და რომლისთვისაც ასზე მეტი ჩვენი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, დამყარდა ეთნიკური დიქტატურა, როდესაც მოსახლეობის 30% – აფახაზები, დაკავებული არიან სხვა მოქალაქეთა დისკრიმინაციით.
რესპუბლიკაში შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც გუშინ დაჩაგრული ხალხი დღეს თვითონ გახდა მჩაგვრელი. ეს მოდის ზევიდან, როდესაც აფხაზეთის კონსტიტუციის 49–ე მუხლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იქნეს არჩეული მხოლოდ ეროვნებით აფხაზი. ეს დაუჯერებელია. განა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკის კონსტიტუციით აშშ–ს პრეზიდენტად მხოლოდ თეთრს ირჩევდნენ, რუსეთის პრეზიდენტად კი მხოლოდ რუსს!
პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი თანამდებობა აფხაზს უჭირავს, მეთაურები ჯარში და შსს–ში – აფხაზები არიან, მოსამართლეები და პროკურორები – აფხაზები, და ა.შ. საყოფაცხოვრებო დონეზე აფხაზებს, განსაკუთრებით ვინც ომობდა, გააჩნიათ უფრო მეტი უფლება და სარგებლობენ უფრო მეტი კეთილდღეობით, ვიდრე სხვა მოქალაქეები. ყველაფერი ეს იწვევს კანონის მასობრივ დარღვევას, უუფლებობას სასამართლო სისტემისა, რომელიც გამოჰყოფს აფხაზებს როგორც განსაკუთრებულ, კანონის დაუმორჩილებელ ეროვნულ ჯგუფს. ასე მაგალითად, თვითონ აფხაზები ამბობენ, რომ სასამართლოში არააფხაზი ყოველთვის წააგებს აფხაზთან, და თუ სასწაული მოხდა და მაინც როგორღაც გაიმარჯვა, თავის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას აფხაზისგან ის მაინც ვერ მიაღწევს. რესპუბლიკაში ბატონობს ძლიერი კლანური მმართველობა, კანონის უგულვებელყოფა და თემური გაგება. რუსები, რომელთაც არ გააჩნიათ თემური მხარდაჭერა, სრულიად დაუცველნი და უუფლებონი არიან".
ეს არ არის მე–20 საუკუნის დასაწყისის ჩანაწერები, ეს არ არის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა, რომელშიც აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზეა საუბარი, ეს გახლავთ ამონარიდი ვლადიმერ კარატაევისა და ანდრეი ეპიფანცევის სტატიიდან "როგორ ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა აფხაზეთში".
არაფერს გაგონებთ? მაშინ შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა უმცირესობამ, იმ რუსი ოკუპანტის მხარდაჭერით, რომელსაც დღეს აფხაზეთში პირი დაუღია და პრეტენზია განუცხადებია აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად განდევნილი ქართველების ქონებაზე, ზუსტად იგივე გაუკეთა ქართველობას გამოყარა რა 250 ათასზე მეტი ქართველი და სხვა ეროვნების მაცხოვრებელი.
აფხაზები ხომ მაშინაც ზუსტად ასე ცხოვრობდნენ, როგორც რუსი ავტორები აღნიშნავენ – "საუკეთესო" თანამდებობები მათ ეკავათ, ყველა ხელმძღვანელ პოსტზე ისინი ინიშნებოდნენ, პრივილეგია აფხაზეთში მათ არ აკლდათ, თუმცა ბოღმა ყოველთვის კლავდათ.
მოვიყვანთ ნაწყვეტს აფხაზი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას სტატიიდან, რომელშიც ის აღწერს იმ პრივილეგიებს, რითაც აფხაზები სარგებლობდნენ:
"70–იან წლებში ყაბარდო–ბალყარეთის, ჩრდილო–ოსეთის, ჩეჩენ–ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ყარაჩაი–ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში, მკვიდრი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები იყვნენ მოკლებულნი უფლებას მიეღოთ სწავლა–განათლება საკუთარ ენაზე, ჩვენთან კი ჯერ 25 აფხაზური სკოლა ფუნქციონირებდა, ბოლოს კი –73 (აფხაზური და შერეული), სადაც “სატიტულო” ერის ენაზე სწავლა–განათლებას 4 ათას ბავშვზე მეტი იღებდა.
სოხუმში ფუნქციონირებდა აფხაზური უნივერსიტეტი, ტელევიზია, რომელიც მხოლოდ აფხაზურად გადმოსცემდა, აფხაზური დრამატული თეატრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დ. გულიას სახელობის ლიტერატურულ–მემორიალური მუზეუმი, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, საცეკვაო ანსამბლები "შარატინი", "ერცახუ", სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, აფხაზური სახელმწიფო კაპელა, ვოკალურ–ინსტრუმენტული ქალთა კვარტეტი "გუნდა", უხუცესთა ცეკვისა და სიმღერის ეთნოგრაფიული ანსამბლი "ნართაა". ზემოთჩამოთვლილი კოლექტივების დიდი ნაწილი არაერთხელ არის ნამყოფი გასტროლებზე უცხოეთში, სადაც მაყურებელს აფხაზურ ეროვნულ კულტურას აცნობდა.
ნაყოფიერად მუშაობდნენ სხვადასხვა კავშირები – მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, არქიტექტორთა, საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრალური საზოგადოება. გამოიცემოდა საკუთარ ენაზე მხატვრული, ისტორიულ–ეთნოგრაფიული ლიტერატურა, საკუთარი ბეჭდვის სახლის ბაზაზე გამოდიოდა ჟურნალები და გაზეთები.
ბოლო მოწვევის სსრკ უმაღლეს საბჭოში საქართველოდან რვა იყო აფხაზი, საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან ყოველთვის აირჩეოდა 40 ადამიანი, მათ შორის 15 აფხაზი. ავტონომიური რესპუბლიკის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოში 140 დეპუტატი იყო. მათ შორის აფხაზი – 57 (40,7%), ქართველი – 53 (37,9%), რუსები, სომხები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები – 30 (21,4%). საქალაქო და რაიონულ საბჭოებში აფხაზები თითქმის მესამედს შეადგენდნენ, ხოლო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს აპარატში და კომპარტიის საოლქო კომიტეტში – ნახევარზე მეტს. 13–დან 8 მინისტრი და 8–დან 5 სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ აგრეთვე აფხაზი იყო, ხუთ საქალაქო პროკურატურას ხელმძღვანელობდნენ მკვიდრი ეროვნებების წარმომადგენლები. და თუ იმ აფხაზთა ხვედრითი წონა, რომელიც დაკავებული იყო საზოგადოებრივ წარმოებაში, შეადგენდა 17,8%, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო".
მკითხველს შეუძლია შეადაროს, რა პრივილეგიები გააჩნდათ აფხაზებს, რომელნიც აყვნენ რუსული ფაშიზმის გამოვლინებებს და საუკუნოვანი თანაცხოვრების მიუხედავად, თავიანთ ქართველ ძმებზე აღმართეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ქართველები მათ არასდროს არაფერს აყვედრიდნენ, ისე როგორც დღეს ამას რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რადგან რუსებმა იბრძოლეს "მათი დამოუკიდებლობისთვის", ამიტომ მათ განუსაზღვრელი პრივილეგიები უნდა გააჩნდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული გამოცემები არაერთხელ აღნიშნავდნენ რუსულ–აფხაზური ურთიერთობების დაძაბულ ფონს, რუსული და აფხაზური მხარეები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქართული მხარე ტყუის, რომ აფხაზებსა და რუსებს შორის არ არის და არც შეიძლება რაიმე დაძაბულობას ჰქონდეს ადგილი. როდესაც რუსებსა და აფხაზებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ისინი ყველაფერს ქართველებს აბრალებდნენ.
პირველი სერიოზული ბომბი ამოქმედდა ცნობილი კრემლის ჟურნალისტის მარინა პერევოზკინას სტატიით, სადაც ის საუბრობს იმ ვაქხანალიაზე, რაც აფხაზეთში ხდება. პერევოზკინა საკმაოდ დასაბუთებულად აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსებს "საკუთარი სახლებიდან" ყრიან და ამჟამად ოფიციალურად 4 ათასი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული. მიუხედავად მცდელობისა, რომ საცხოვრებელი სახლები მართლაც რუსების საკუთრებად “მონათლონ”, არსებობს უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები, რომ საუბარია რუსების მიერ მითვისებულ ან გარიგებით შეძენილ ქართველთა სახლებზე, რომლებიც 1993 წელს გაძევებულნი იქნენ აფხაზეთიდან გენოციდის შედეგად. ამასვე ამტკიცებს რუსი ქალბატონი, ინტერვიუ რომელთანაც მოჰყავთ კარატაევსა და ეპიფანცევს.
"ჩვენთან ხომ ომამდე 200 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ისინი ყველანი წავიდნენ. ყველა მათი საცხოვრებელი გაყიდეს. თუმცა საერთაშორისო ნორმებით არ ჰქონდათ ამის უფლება. და ვის მიჰყიდეს? რუსებს, მოსკოვიდან, როსტოვიდან, ვისაც ფული აქვს. როცა ეს ვაქხანალია ხდებოდა ქართველების ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით, მე ვუთხარი მეუღლეს – აი ნახავ, დამთავრდება ქართველთა სახლები, და ისინი მიადგებიან რუსებს, ბერძნებს, იმიტომ რომ ფული ხომ უნდა იშოვონ მათ საიდანმე. დედაჩემი ამბობს – მე ვიყავი ერის მოღალატის შვილი, მაგრამ მაშინაც კი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს, ჩვენთვის სახლი არ ჩამოურთმევიათ", – საუბრობს რუსი ქალბატონი, რომლის სახელს და გვარს გარკვეული მიზეზებით ავტორები არ ასახელებენ. ავტორები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ინტერვიუ ჩაწერილია ორი წლის წინ, მაგრამ არ იქნა გამოქვეყნებული, რადგან მიაჩნდათ, რომ სიტუაცია ზედმეტად გამუქებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ინტერვიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება კი მიიღეს მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ამ ქალბატონის ნათქვამი სიმართლეა და რეალობაა.
ეს ქალბატონი კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გვიამბობს: "– მაგრამ, ქართველების სახლებს ხომ მოსკოველები ყიდულობდნენ?! – დიახ, მოსკოველები, როსტოველები. ჩემი ნაცნობი ადვოკატი ამბობს, რომ მასთან როსტოვიდან ჩამოვიდნენ. ძალიან დიდ თანხად შეიძინეს მიწის ნაკვეთი, ისინი კი "გადააგდეს". ეხლა დარბიან პრეზიდენტთან, იქით – აქეთ, და ვერაფერს აკეთებენ. დაიკარგა ფული. როდესაც ბინები იაფი ღირდა, მათ ხომ თითომ 8–10 ბინა დაიტაცა, ისინი მათ ლამის უფასოდ ასაღებდნენ, ეხლა ისინი დამოუკიდებელნი არიან, რა თქმა უნდა, რუსეთიც ხომ მათზე ზრუნავს. ეხლა ყიდიან ძვირად. იმათ კი, ვისაც კაპიკებად მიჰყიდეს, აგდებენ სახლებიდან. "თქვენ ყიდულობდით, როცა ჩვენ არაფერი გვქონდა საჭმელი, თქვენ იყიდეთ 3–5 ათასად. ეხლა ეს უფრო ძვირი ღირს!". ეხლა ეს ადამიანები წრეზე დადიან და ვერაფერს აკეთებენ. იმიტომ რომ ყველა ეს გარიგება იყო ტყუილი, საბოლოო ჯამში, საკუთრება დარჩება ლუჟკოვს და ტკაჩოვს. იცით რა დაჩა აქვს მას გაგრაში? სტალინის!"
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი სერგეი შამბა რუსეთის მოქალაქეების "საკუთრების" საკითხის კომენტირებისას მათ საჩივლელად გაეროში აგზავნის. "არის საჩივრები ცალკეული რუსეთის მოქალაქისგან. მათ რუსეთის საგარეო სამინისტროდან ჩვენთან აგზავნიან. ჩვენ მათ განვიხილავთ. აქ კანონის რაიმე მასობრივ დარღვევას ადგილი არ აქვს. საცხოვრებლის საკითხი ყოველთვის იწვევს გარკვეულ კამათს. ამისთვის არის სასამართლო. ვიღაც უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შეუძლია იჩივლოს არა მარტო რუსეთის საგარეო სამინისტროში, არამედ სხვადასხვა ინსტანციაში, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან", – აცხადებს შამბა "პირველ კავკასიური" არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აფხაზეთის მაცხოვრებელთა შორის გამოღვიძების ელემენტებიც შეინიშნება. მაგალითად, ეს ქალბატონი გარკვეული ნოსტალგიით იხსენებს ქართველებს და აცხადებს: "მე ღიად ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამბობენ, ქართველები ცუდები არიანო, მათ ათასჯერ გადაასწრეს აფხაზებმა. მე მიცხოვრია ქართველებს შორის და არც ერთს არ უთქვამს – შე რუსო, გაეთრიე აქედანო. საკმაოდ მაღალი სტატუსის ადამიანებსაც კი, მინიშნებითაც კი, არ მოუყენებიათ შეურაცხყოფა".
მოკლედ, სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საკმაოდ რთულია. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაეპატრონენ ქართველთა სახლებს, ეგრე ადვილად არ დათმობენ პოზიციებს. განა მათი სანუკვარი ოცნება არ იყო, რომ ვეებერთელა ქვეყნის ცივი რეგიონებიდან ამ სამოთხეში აღმოჩენილიყვნენ? განა ამისთვის არ მოაწყვეს ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა? თანაც მათ ფული გადაიხადეს. ეხლა კი, როდესაც ამ "ტროფეებს" ართმევენ, ისინი კრემლისკენ იყურებიან და დახმარებას ითხოვენ.
საინტერესოა, რომ რუსულ პრესაში ამ სტატიების გამოჩენა სულაც არ არის შემთხვევითი, და შესაძლოა, არც იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებზე გულისტკივილს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ისეთი ავტორები, როგორიც მარინა პერევოზკინაა (ძირითადად მუშაობს ცხინვალის რეგიონის თემაზე, რისთვისაც მან კოკოითისგან მედალიც კი მიიღო) და ანდრეი ეპიფანცევია (რომელიც კრემლს ინსტრუქციებს უწერს, როგორ უნდა დაშალონ საქართველო), არ დაკარგავენ დროს მხოლოდ ვიღაცის ქონებისთვის, რომელიც ისედაც უკანონოდაა მითვისებული. საკითხი ამჯერად უფრო ღრმაა, ის პირდაპირ კავშირშია რუსეთის გეგმებთან მყარად გაიდგას ფესვები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და დაეპატრონოს ყველას და ყველაფერს, და წარმოადგენს ზემოთაღნიშნული ჟურნალისტების ანტიქართული მისიის გაგრძელებას.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება შეიძინონ აქ რაიმე საკუთრება, მათ შორის ბინები, მიწა და სხვა. ეს გარკვეულწილად აკავებს რუსეთის მოქალაქეთა შემოდინებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსული ბიზნესიც კი, რომელიც იქ მოქმედებს, ძირითადად (ოფიციალურად) ქირაობს შენობა–ნაგებობებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კრემლის სტრატეგიას და არ აძლევს მას საშუალებას ჩაასახლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისდამი ლოიალური მოსახლეობა. კრემლი არაერთხელ ცდილობდა (ალბათ, არ ითხოვდა დაჟინებით, თორემ აქამდე მიაღწევდა საწადელს) აფხაზეთში ამ კანონის გაუქმების მიღწევას, თუმცა უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული სტატიები გამოჩნდა მაშინ, როდესაც აფხაზეთი ძველი ახალი ლიდერის ე.წ. ინაუგურაციის მოლოდინშია. ცნობილია, რომ ინაუგურაციის შემდეგ, უკვე "პრეზიდენტის" რანგში ის გაემგზავრება მოსკოვს, სადაც შეხვდება რუსეთის პრემიერ–მინისტრს პუტინს. განიხილება აგრეთვე პრეზიდენტ მედვედევთან მისი შეხვედრის შესაძლებლობა.
მოგეხსენებათ, რომ ბოლო ე.წ. არჩევნებში რუსეთმა გადაწყვიტა არ ეცადა ბედი და რეიტინგით უფრო მაღალი ბაღაფშისათვის მიეცა კარტ–ბლანში ამ არჩევნებში გამარჯვებისათვის. იმის მოყოლით, თუ როგორ "დემოკრატიულად" ჩატარდა არჩევნები, თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ის, რომ მოსკოვსა და ბაღაფშს შორის გარიგებას ადგილი ჰქონდა, ეჭვს არ იწვევს.
რუს მოქალაქეთა საკუთრებაზე ზრუნვა ამ პოლიტიკის ერთ–ერთი ნაწილია. კრემლი ყველანაირად შეეცდება, რომ აიძულოს ბაღაფში გააუქმოს კანონი, რომელიც ხელს უშლის აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების დამკვიდრებას. სწორედ ამას ემსახურება რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული სტატიები. რუსი კიბერ–გენერალებიც უკვე ამუშავდნენ და თავიანთ კომენტარებში მოუწოდებენ: "რად გვინდა აფხაზები, დავუტოვოთ საჯიჯგნად ქართველებსო". არ გეგონოთ, თითქოს მათ უცებ აიცრუეს გული აფხაზებზე – ეგ მხოლოდ კრემლის პოლიტიკაა და აფხაზებზე ზეწოლას ემსახურება, თორემ აფხაზები არც არასოდეს ყოფილან დაჩაგრულნი ქართველებისგან, და არც მაშინ დაიჩაგრებიან, თუ რუსებმა ისინი "ქართველების ამარა" დატოვეს.
გამომდინარე აქედან, სიტუაციის განვითარების ორი ვარიანტი იკვეთება: 1) აფხაზები დაჰყვებიან კრემლის ნებას და გააუქმებენ კანონს. ზემოხსენებული კანონის გაუქმება გამოიწვევს რუსი ოლიგარქებისა და საშუალოზე მაღალი ბიზნესის მქონე მოქალაქეების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მთელი უძრავ–მოძრავი ქონების დაპატრონებას. მერე რა, რომ ფულს გადაუხდიან შამბებს და ბაღაფშებს, სამაგიეროდ აფხაზეთი უკვე მათი იქნება. შემდეგ აფხაზებმა რაც არ უნდა იძახონ დამოუკიდებლები ვართო, ჩვენ სახელმწიფო ავაშენეთო, ამ სახელმწიფოში ყველაფერი რუსეთის საკუთრებაში იქნება. შესაბამისად, ისინი იმ ვირტუალურ დამოუკიდებლობასაც დაკარგავენ, რომელიც დღეს გააჩნიათ. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სოჭში ოლიმპიური მშენებლობისთვის დაკავებული ტერიტორიებიდან გამოყრილი სომხური მოსახლეობა აფხაზეთში მოიყრის თავს. აი მერე ნამდვილად "საცეკვაოდ" ექნებათ საქმე აფხაზებს.
2) აფხაზები არ დაჰყვებიან კრემლის ნებას. კრემლის ზეწოლა აფხაზებზე გაიზრდება. გამოყენებული იქნება შიდა სომხური ფაქტორი, რამეთუ მათი რაოდენობა აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის დაახლოებით 40% შეადგენს, შესაბამისად გაიზრდება მათი პოლიტიკური როლი. დღეისათვის სომხური ფაქტორი არ არის ამოქმედებული, ისინი იქცევიან საკმაოდ წყნარად, და პრეტენზიებს ღიად არ გამოხატავენ, ფეხს იკიდებენ მთელ ტერიტორიაზე, და შესაძლებელია, კრემლიდან ბრძანების შემთხვევაში, ერთიანად წამოიძახონ როგორც ჯავახეთის სომხებმა – ავტონომია მოგვეცითო. თუმცა, აფხაზეთის შემთხვევაში ავტონომიას ალბათ აღარ დასჯერდებიან. რუსეთი შეეცდება არიოს სიტუაცია, და გააძლიეროს სხვა ეთნიკური ძალები, მაგრამ არა აფხაზური და არა ქართული. გაძლიერდება ფინანსური ზეწოლა – შესაძლებელია კრემლმა ანახოს ვინ არის "ოჯახში მამაკაცი" და შეუმციროს დაფინანსება სეპარატისტულ რეჟიმს. ასეთი პრეცენდენტი უკვე გვაქვს: როდესაც რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი კანდიდატის რაულ ხაჯიმბას დასმა აფხაზეთში, გადაუკეტა აფხაზებს საზღვარი ფსოუზე.თითქოს მაშინ უნდა გაეგოთ აფხაზებს, როგორი მეგობრები არიან მათთვის რუსები, თუმცა ეტყობა ჯერაც "დამოუკიდებლობის" ეიფორიაში არიან.
სიტუაციის განვითარების ორივე ვარიანტი სავალალოა აფხაზებისათვის, იმიტომ რომ, როგორც რუსეთის წარმომადგენელმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა განაცხადა, „რუსეთი მოვიდა აფხაზეთში სერიუზულად და დიდი ხნით“. ასეა თუ ისე, აფხაზებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საკუთარ “საქათმეში მელა გაბატონებულიყო”, და ამიერიდან მათი გადაშენების ერა იწყება. თუმცა როგორც ყველაფრიდან, გამოსავალი აქაც არის, და ერთ–ერთი ვარიანტი შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია გახდეს.
რუსი ქალბატონი, რომლის ინტერვიუც შემოგვთავაზეს ეპიფანცევმა და კარატაევმა, საუბრობს აგრეთვე თურქეთის როლის გაძლიერებაზე აფხაზეთში. მისი აზრით, აფხაზეთი თურქეთისკენ იყურება და რუსეთი აინტერესებს მხოლოდ როგორც თავისი "დამოუკიდებლობის" გარანტი. ის ასევე აცხადებს, რომ "აფხაზეთიდან რუსები წავლენ, და სადაც წავლენ, იქ უკეთესად იქნებიან ვიდრე აქ". არც ეკლესია მონაწილეობს რუსი მართლმადიდებლების ცხოვრებაში, თუმცა არც მუსულმანურ რელიგიას აქვს სერიოზული გავლენა აფხაზებზე. "მე მყავდა ნაცნობი მუსულმანი ქალი, 35 წლისამ კი მოინათლა. ეს მათთან არ დომინირებს. დომინირებს ფული. სოციალური მდგომარეობა, სტატუსი და ფული...", – აცხადებს აფხაზეთში მცხოვრები ქალბატონი.
სანამ ფულისა და სოციალური სტატუსის მოყვარული აფხაზები საკუთარ წამიერ კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ამ რუსი ქალბატონის ნათქვამის საწინააღმდეგოდ, რუსი კი არ წავა, არამედ უფრო ძლიერ მოიკიდებს ფეხს ამ ძირძველ ქართულ მიწაზე. აფხაზები არასოდეს არ უყურებდნენ რუსებს, როგორც თავიანთ ძმებს, განსაკუთრებით კი ისტორიაში ცნობილი მოხაჯირობის შემდგომ. არც რუსები უყურებენ მათ როგორც თანასწორთ, რამეთუ მიაჩნიათ, რომ აფხაზებს მათი მართებთ, და შესაბამისად ცხვირში ამოადენენ ყველა იმ "სიკეთეს", რაც ვითომ "დამოუკიდებლობის" აღიარებით მოუტანეს.
ამაზე მეტყველებს რუსი სამხედროს ინტერვიუც, რომელიც ზემოთხსენებულ სტატიაშია მოყვანილი. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტზე საუბრისას ის აღნიშნავს: "მათ აღშფოთებას იწვევს აფხაზების დამოკიდებულება მათთდამი და რუსეთისადმი. ისინი მიაჩნიათ დამპყრობლად, და არა მშვიდობისმყოფელად. როცა ისინი დადიან ფორმით, დამოკიდებულება აფხაზების მხრიდან მშვიდი და საკმაოდ ლოიალურია. საკმარისია ფორმის გარეშე გამოჩნდე ბაზარში, მაღაზიასთან იწყება ნეგატიური მოქმედებები – მოტყუება, ცემა–ტყეპა. აღშფოთების გამოხატვის მცდელობას მოჰყვება ბრბოს აგრესიული მოქმედებები. აფხაზები დადიან იარაღით და იქცევიან როგორც ბანდიტები. ჩვენი სამხედროების განცხადებით, თავიანთ დამოკიდებულებას რუსებისადმი აფხაზები შემდეგი ფრაზით გამოხატავენ – "წავიდნენ ძაღლები, მოვიდნენ ღორები..."
მეტი აღარაფერი გვეთქმის. გილოცავთ რუსებო, რეალობაში დაბრუნებას!
|