↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ეს საინტერესოა...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბრიტანეთის ენერგეტიკული იმპერია
british-jordan1

როგორც ამერიკული მენეჯმენტის მამად აღიარებულმა პიტერ დრუკერმა თავის დროზე აღნიშნა, ინდუსტრიალიზაციის პროცესს მსოფლიოში არა მარტო ბუნებრივი ენერგია მოაქვს, არამედ ადამიანური და ცოდნისა და გამოცდილების - საინფორმაციო ენერგიაც. ამ მოსაზრებას სრულად ადასტურებს British Petroleum-ის განვითარების ისტორია, რომელიც ყველა ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

BP ნავთობმოპოვების სფეროს დამფუძნებელ იმ კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც „შავი ოქროს“, როგორც ენერგიის მთავარი წყაროს გამოყენების, ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე დაზვერვით და მომპოვებით სამუშაოებს პლანეტის ყველა კუთხეში, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ეწეოდა. ამიტომაც არის, რომ ბრიტანული ნავთობგიგანტი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 119,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, თავისი სფეროს ერთ-ერთი ლიდერია და მხოლოდ ინგლისურ-ნიდერლანდურ Royal Dutch/Shell-ს და ამერიკულ ExxonMobil-ს ჩამორჩება.

ეკლიანი გზით ნავთობისაკენ

British Petroleum-ის დამაარსებელი ინგლისელი არისტოკრატი, უილიამ ნოქს დ'არსი გახლავთ, რომელმაც თავისი ისედაც გვარიანი სიმდიდრის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, 1901 წელს მოდაში შემომავალი სანავთობე ბიზნესისათვის ხელის მოკიდება გადაწყვიტა. ამერიკაში გამგზავრებას აზრი არ ჰქონდა - ნავთობის იქაურ საბადოებს უკვე კოვბოური შლაპებით დამშვენებული ვაჟკაცები ამუშავებდნენ, ჩრდილოეთის ზღვაში გერმანელები დომინირებდნენ, ახლო აღმოსავლეთზე კი თვალი მის თანამემამულე ინგლისელებს და ჰოლანდიელებს ჰქონდათ დადგმული. ამიტომაც, დ'არსიმ, ერთი შეხედვით, უკონფლიქტო გზა აირჩია – დიპლომატიურ წრეებში კავშირები გამოიყენა და სპარსეთის შაჰისაგან. თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ნავთობის რესურსების ათვისების უფლება მიიღო.

სპარსეთის მიწის სიღრმეში მიმალული სიმდიდრის აღმოჩენა ინჟინერ ჯორჯ რეინოლდსს დაევალა. წარმატებისაკენ მიმავალი გზა ერთობ გრძელი და რთული აღმოჩნდა. აუტანელი კლიმატი, გაუვალი ტერიტორიები, მტრული ტომების თავდასხმები, ეპიდემიები, სატრანსპორტო საშუალების და მუშახელის დეფიციტი ექსპედიციის მუშაობას ძალიან ართულებდა.

მაგრამ რეინოლდსი თავის წარმატებაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ როცა დ'არსის ფული შემოაკლდა, იგი დაარწმუნა, ვინმესთვის ფინანსური დახმარების თხოვნით მიემართა. დახმარება 1905 წელს კომპანია Burmah Oil-ისაგან გამოჩნდა, ნავთობის აღმოჩენამ კი კიდევ სამი წელი დაიგვიანა. მხოლოდ 1908 წლის მაისში რეინოლდსმა დ'არსის აცნობა, რომ სპარსეთის სამხრეთ-დასავლეთით, მაშიდ ი სულეიმანეში ნავთობის დიდი საბადო იპოვნა.

რეინოლდსის აღმოჩენამ საფუძველი ორ ისტორიულ მოვლენას ჩაუყარა – შუა აღმოსავლეთი სანავთობე-კომერციულ რეგიონად აღიარეს და მის ასათვისებლად დაარსდა Anglo-Persian Oil Company (APOC), რომელიც British Petroleum-ის მომავალი იმპერიის საძირკვლად იქცა. საინტერესოა, რომ APOC-ის დაარსების მომენტში მისი აქციების 97 პროცენტს კომპანია Burmah Oil ფლობდა, დანარჩენს კი მისი პირველი თავმჯდომარე ლორდი სტრატკონა. დ'არსი კი 1917 უბრალოდ მისი დირექტორატის წევრი იყო და მნიშვნელოვან როლს არ თამაშობდა.

ომი და მშვიდობა

იმ მქუხარე სახელებს შორის, რომლებმაც British Petroleum-ის აყვავებაში წვლილი შეიტანეს, უმთავრესი ჩარლზ გრინუეი გახლავთ, რომელიც ერთ-ერთი პირველი ბრიტანელია, რომელსაც ბიზნესში მიღწევებისათვის რაინდის წოდება და ლორდის ტიტული მიენიჭა. მან APOC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 1910 წელს დაიკავა და Royal Dutch/Shell-ის კონკურენციით შეფიქრიანებულმა ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა - ძლევამოსილ ინვესტორს, ბრიტანეთის მთავრობას დაუახლოვდა. ამგვარად, კომპანიამ საჭირო კაპიტალდაბანდება და გასაღების ბაზარი მიიღო. აღნიშნული თანამშრომლობის დაწყება პირველმა მსოფლიო ომმაც დააჩქარა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ანგარიშიანი „ქორწინებით“ შექმნილმა ოჯახმა კარგა ხანს გაძლო. British Petroleum-ში მთავრობის წილი თანდათანობით მცირდებოდა და ნულამდე მხოლოდ 1987 წელს დავიდა.

კომპანიას თუ საკუთარ ხელისუფლებასთან ერთობ თბილი და ურთიერთანამშრომლობაზე აწყობილი ურთიერთობა აკავშირებდა, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ხშირად ერთობ სკანდალური კონფლიქტები მოსდიოდა. მაგალითად, 1951 წელს უკვე ანგლო-ირანულად წოდებული კომპანია ოფიციალური თეირანისაგან ნაციონალიზაციის მცდელობას წააწყდა. ამას სერიოზული საერთაშორისო კონფლიქტი მოჰყვა. შედეგად, კომპანიამ ირანის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ ახლადშექმნილი კონსორციუმის ეგიდით გააგრძელა. ასე რომ, დასახელებამ ანგლო-ირანული აზრი დაკარგა და კომპანიას British Petroleum ეწოდა, რომელიც ამ კონსორციუმის 40 პროცენტის მფლობელი გახდა.

როგორც იტყვიან, სადაც ნავთობია, იქ პოლიტიკაცაა. ამიტომაც იყო, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის არც ერთ მნიშნელოვან პოლიტიკურ მოვლენას BP-ისათვის გვერდი არ აუვლია. 1957 წლის სუეცის კრიზისი, 1967, 1973 და 1979 წლების ახლო აღმოსავლეთის შეტაკებები, 1978 წლის ირანის რევოლუცია, ირან-ერაყის ომი, ნიგერიის კრიზისი, ოპეკის ქვეყნების სუვერენიტეტის გამყარება და სხვა პროცესები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ენერგომატარებლებთან და მსოფლიო ეკონომიკაზე აისახებოდა. British Petroleum-ს, ისევე, როგორც სხვა ნავთობკომპანიებს, მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ თავისი ბიზნესის გადაწყობა უწევდა.

გლობალიზაცია და დივერსიფიკაცია

სწორედ ამგვარი მოვლენების ფონზე ჩამოყალიბდა British Petroleum, როგორც მსხვილი, ძლიერი და მობილური კომპანია. თავისი ფართო საინვესტიციო პროგრამის წყალობით, კომპანიამ გადაიტანა ერთი შეხედვით კატასტროფული აფრიკული, შუა და ახლო აღმოსავლური დანაკარგები, როცა ნავთობმოპოვების ცენტრი ჩრდილოეთის ზღვაში და ალიასკაზე იქნა გადატანილი. შემდეგ BP-ის ჭაბურღირები ამოქმედდა საუდის არაბეთში, ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, კოლუმბიაში, პერუში, ნორვეგიაში და ა.შ. ამასთან, ფართოდ გაიშალა ბუნებრივი აირის მოპოვებაც.

შედეგად, 1940 წელს კომპანია სფეროს მსოფლიო ლიდერი გახდა. მისი გაყიდვების მოცულობამ, შემოსავალმა პერსონალის რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია.

ჯერ კიდევ 50-იან წლებში British Petroleum-ის ფრანგულ ლაბორატორიაში შეიქმნა ნავთობის ცილად გარდაქმნის მეთოდი და კომპანიამ კვების პროდუქტების ბაზარზე გასვლა სცადა. მართალია, 60-იან წლებში საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობამ ეს პროცესი შეაფერხა, მაგრამ 10 წლის შემდეგ BP-მ კვების პროდუქტების წარმოებაზე თავისი პრეტენზიები კვლავ განაცხადა და შინაური ცხოველების საკვები წარმოადგინა.

1986 წელს ამერიკული ფირმა Purina Mills-ის შეძენის შემდეგ შექმნილი კომპანიის განყოფილება BP Nutrition მსოფლიოში ფქვილის მწარმოებელ ერთ-ერთ გიგანტად იქცა. 90-იან წლებში კომპანია სარეცხი საშუალებების გამოშვებასაც შეუდგა.

გარდა ამისა, British Petroleum აქტივების დივერსიფიკაციას მინერალების მოპოვების სფეროშიც ახდენდა. 1980 წელს ლონდონის ბირჟის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებით შეძენილ იქნა ბრიტანეთის სამთომომპოვებელი სახლი Selection trust, შემდეგ კი ფერადი ლითონების ამერიკული მწარმოებელი Kennekott. უკვე 80-იანი წლების ბოლოს BP არაერთ ქვეყანაში ნახშირის მოპოვებას ეწეოდა.

ეგზომ ვრცელი იმპერიის ეფექტურად მართვისათვის British Petroleum-ის ხელმძღვანელობამ 80-იან წლებში ფართო გარდაქმნა განახორციელა, რის შემდეგაც შეიქმნა მართვის რთული მექანიზმი, რომელიც ერთ ცენტრალურ, ლონდონურ შტაბ-ბინას ექვემდებარება. 90-იანი წლებიდან British Petroleum ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საინფორმაციო ტექნოლოგიების დახვეწას, რამაც კომპანიას დანახარჯების 40 პროცენტით შემცირება მოუტანა.

British Petroleum გამუდმებით სრულყოფისა და გამსხვილებისაკენ ისწრაფვოდა. 1987 წელს შეძენილ იქნა ამერიკული Standard Oil და ბრიტანული Britoil, 1999 წელს ამერიკული Amoco და ა.შ. კომპანია აღებულ კურსს დღესაც აგრძელებს და სფეროს ლიდერის პოზიციისაკენ მიიწევს.

მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მალადეც საინტერესო იყო მართლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიზიკო-მათემატიკური ცენტრი (გურამ სამსონიძის ავტობიოგრაფია)

თბილისში გაიხსნა ფიზიკო-მათემატიკური ცენტრი, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ გურამ სამსონიძე. ბატონი გურამი წლების განმავლობაში მუშაობდა პეტერბურგში იოფეს სახელობის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული ფიზიკის განყოფილებაში. 1995-2000 წლებში გურამ სამსონიძე მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც მუშაობდა ვირჯინიის (UVA), მერილენდის (UMD) და ჩრდილო კაროლინის(NCU) უნივერსიტეტებში. მერილენდის უნივერსიტეტებში Army Research Laboratory-ის ფიზიკოსებთან ერთად მონაწილეობდა კვლევებში, რომელიც სწავლობდა ელექტრონული პლაზმის რხევებს მაღალსიხშირიან საველე ტრანზისტორებში. 2001-2002 წლებში ბატონი გურამი ასევე მიწვევით მუშაობდა გერმანიაში მიუნსტერის უნივერსიტეტში, სადაც იკვლევდა მრავალკომპონენტური პლაზმის დინამიკას Plasma Display Panel-ის უჯრედებში. მისმა ვაჟმა გიორგი გურამის-ძე სამსონიძემ გააგრძელა მამის მიერ ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში დაწყებული ნანოტექნოლოგიური კვლევები. ტეხასის უნივერსიტეტში(UTX), ის სწავლობდა ნებისმიერი კონფიგურაციის ნანომილების მექანიკურ თვისებებს, ხოლო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში(MIT) იკვლევდა მათ ელექტრონულ თვისებებს. MIT-ში სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ გიორგი სამსონიძემ მუშაობა გააგრძელა თეორიული ფიზიკის ამ დარგში ბერკლის უნივერსიტეტში. მამა-შვილის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვან ფიზიკურ ჟურნალებში.

ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის და რუსეთის წამყვან სამეცნიერო კვლებით ცენტრებში მუშაობის დროს, სხვადასხვა სირთულის ამოცანების გადაწყვეტისას ბატონი გურამი ყოველთვის დგებოდა ერთი და იგივე პრობლემის წინაშე, როგორ დაახლოვდეს რიცხობრივი ანგარიში თეორიასთან? ანალიტიკური ამოხსნის გარეშე, როგორ განისაზღვროს ამოცანების ის პარამეტრები, რომლის დროსაც რეალიზდება მათი ოპტიმალური ამოხსნა? მაქსიმალურად როგორ შემცირდეს რიცხობრივი ანგარიშის დრო? მაშინ როდესაც Software-ის ისეთი გიგანტებიც კი, როგორებიცაა Matlab-ი და Mathematica ვერ წყვეტენ ამგვარი პრობლემებს, ვერ ახერხებენ განხორციელდეს რთული ამოცანების რიცხობრივი კვლევები დროის გონივრულ საზღვრებში. 2003 წელს ბატონი გურამი შეუდგა პროგრამების პაკეტის Visual Analysis Module (VAM) შექმნას. 2007 წლის ზაფხულისათვის დასრულდა VAM-ის ანუ ანალიზატორის შექმნა. ანალიზატორი პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მაქსიმალურად აახლოვებს რიცხობრივ ანგარიშს თეორიასთან. 2007 წელს ბატონი გურამი დაბრუნდა საცხოვრებლად სამშობლოში. 2008 წელს მან გააფართოვა ანალიზატორის შესაძლებლობები, ამჟამად მისი საშუალებით შესაძლებელია გადაიჭრას არა მხოლოდ ფიზიკური ამოცანები. Visual Analysis Module გახლავთ ბატონი გურამის და მისი ვაჟის ინტელექტუალური საკუთრება. აუცილებელი დოკუმენტაცია გიორგი სამსონიძემ წარადგინა აშშ-ს შესაბამის სამსახურში პატენტის მისაღებად. უახლოეს პერიოდში საბუთების აუცილებელი პაკეტი შეტანილ იქნება ასევე საქპატენტში, რათა გამოგონება დაფიქსირდეს საქართველოს შესაბამისი სამსახურის მიერ. 2009 წელს გურამ სამსონიძემ თბილისში ჩაატარა სემინარები და ჰქონდა შეხვედრები საქართველოში მოღვაწე წამყვან მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებთან, მათი მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი და თანამშრომლობისათვის მზადყოფნა.

ფიზიკო-მათემატიკური ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სირთულის მრავალპარამეტრული ამოცანების ამოხსნაზე. ამ ტიპის ამოცანები არსებობს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, ამიტომ ანალიზატორის გამოყენების შესაძლებლობები უაღრესად ფართოა. ესენია: თეორიული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ჰიდრო და აეროდინამიკა, ქიმია, რთული კლასის ტექნიკური ამოცანები, ქალაქგეგმარება, მაკრო და მიკროეკონომიკა, ეკოლოგია, ფინანსები და ა.შ. რა გახლავთ ახალი ცენტრის განსაკუთრებულობა და განსხვავება? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ფიზიკო-მათემატიკურ ცენტრში ყველა სხვა ცენტრებიდან განსხვავებით ამოცანები ამოიხსნება უფრო სწრაფად. მეორე, ცენტრი მოგვცემს უფრო ხარისხიან ინტელექტუალურ პროდუქტს და მესამე, ჩვენს მიერ მომზადებული პროდუქტი იქნება უცხოურ ანალოგებზე მნიშვნელოვნად იაფი. მაგრამ რის ხარჯზე მიიღწევა ყოველივე ეს? ამოცანების ამოხსნის ხარისხი გარანტირებულია ანალიზატორის შესაძლებლობებით, რომელიც შემუშავებულია ჩვენი ცენტრისათვის. ანალიზატორი საშუალებას იძლევა სწრაფად ამოიხსნას სხვადასხვა კლასის სირთულის ამოცანები და მოიძებნოს პარამეტრების ის მნიშვნელობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საძიებელ ამოხსნას. გადავიდეთ მისი შესაძლებლობების მოკლე აღწერაზე.

მოდულ-ანალიზატორი, ანუ Visual Analysis Module (VAM) გახლავთ აქტიური მათემატიკური და გრაფიკული გარსი, რომელიც იოლად უერთდება ნებისმიერ გამოთვლით პროგრამას (კოდს). პროგრამა და ანალიზატორი ქმნიან ორდონიან სისტემას და თანმიმდევრულად იმყოფებიან აქტიურ ან პასიურ მდგომარეობაში. VAM-სა და გამოთვლით პროგრამას შორის ინფორმაციის ნაკადი მიმართულია აქტიური კომპონენტიდან პასიურისაკენ. კოდიდან ანალიზატორს მიეწოდება თვლის მონაცემები, ხოლო ანალიზატორიდან კოდს – გამოთვლითი ამოცანის ახალი პარამეტრები. მოდულის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, ორდონიანი სამუშაო რეჟიმის შეცვლა, შესაძლებელია განხორციელდეს დროის ნებისმიერ მომენტში. VAM-ის აქტივაციისას დროებით შეჩერებულია კოდის მუშაობა. მიმდინარეობს მოდულში დაგროვილი მონაცემების ანალიზი, რომელიც ამ მიზნით ანალიზატორში შექმნილ მათემატიკურ ბლოკში ხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ შუალედური შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოცემული ამოცანის ამოხსნა განსხვავდება საძიებლისგან, ანალიზატორში იცვლება ამოცანის მართვადი პარამეტრების სივრცის მუშა წერტილი, ანალიზატორში ხდება ახალი პარამეტრების შეყვანა. ეს პარამეტრები გადაეცემა გამოთვლით პროგრამას, მოდული კი გადადის პასიურ მდგომარეობში. კოდი აქტიურდება პარამეტრების სივრცის სხვა წერტილში. ახალ საწყის პირობებად მართვადი პარამეტრების სივრცის წინა მუშა წერტილის უკანასკნელი მონაცემები ირჩევა. ამგვარად, VAM-ში არაინფორმაციული ანგარიშის დრო მცირდება. როგორც ყველა გრაფიკულ გარსში, ანალიზატორშიც განხორციელებულია შუალედური თვლის მონაცემების გამოყვანა დროის რეალურ რეჟიმში. ვიზუალიზაცია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ საჭიროა თუ არა თვლის მონაცემების ანალიზისათვის განხორციელდეს ორდონიანი სისტემის სამუშაო რეჟიმის შეცვლა. კოდის ერთ ციკლში ანალიზატორის მუშაობის რეჟიმის და ამოცანის პარამეტრების მრავალჯერადი ცვლა აქცევენ ანალიზატორს მოხერხებულ და ეფექტიურ გარსად. ერთ ათვლაში შეგვიძლია განვახორციელოთ პარამეტრული სივრცის სკანირება და ვიპოვოთ ამოცანის ოპტიმალური ამოხსნა.

VAM-ის საშუალებით თვლის პროცესში შესაძლებელია ამოცანის სასაზღვრო პირობების შეცვლა, რაც განაპირობებს მართვადი პარამეტრების სივრცის სტრუქტურის დეფორმირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჰიდრო, აერო და ელექტროდინამიკური ამოცანების გადასაჭრელად. ანალიზატორი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ საძიებელი ამოხსნების მდგრადობა. ნაწილობრივ მან შეიძლება შეცვალოს მართვადი პარამეტრების სივრცის თეორიული კვლევა. ნებისმიერი კლასის სირთულის პრობლემა, რომლის ჩაწერა შესაძლებელია განტოლებათა სისტემის სახით შეიძლება შესწავლილ იქნას და წარმატებით გადაიჭრას Visual Analysis Module-ის საშუალებით.

VAM-ის მეშვეობით მყარი სხეულის თეორიულ ფიზიკაში სრულიად ახალი შედეგები იქნა მიღებული: შესწავლილ იქნა ელექტრონული პლაზმის დინამიკა ტერაჰერცულ ტრანზისტორებში. ანალიზატორი წარმოადგენს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდ კომერციულ ინტერესსაც Software-ის მსოფლიო ბაზარზე. ანალიზატორი გახლავთ პროგრამების სტრუქტურიზებული პაკეტი. მასში შეიძლება ამოღებულ ან ჩასმულ იქნას ბლოკების ნებისმიერი რაოდენობა, რათა შეიქმნას Dynamic Link Library (DLL)-ის სხვადასხვა პაკეტის ბიბლიოთეკები, საკუთარი ინტერფეისით. ამგვარად, ის არ იქნება გადატვირთული ოფციებით, რომლებიც გამოუსადეგარია კონკრეტული მომხმარებლისათვის. ფიზიკაში, ქიმიაში, საინჟინრო საქმიანობასა თუ ეკონომიკაში მათემატიკური მეთოდების საკუთარი კრებულები არსებობს და მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, როგორი ანალიზატორი სჭირდება მას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
არ ვიცი სხვა ქვეყნებში რა ხდება მაგრამ ბერძენი ასტროფიზიკოსები ნეტა როგორ მუშაობენ?? ჩემი მაზლია ასტროფიზიკოსი ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, მაგრამ დღემდე მიკვირს ნეტა რას აკეთებს?? ამასწინათ აფრიკიდან(ხშირად ხდება) მოვიდა წითელი ქვიშა (ქარს მოაქვს)რომელიც ისე ფარავს ატმოსფეროს რომ მზე არ ჩანს და 1 კილომეტრის რადიუსში ხილვადობა არის 1-2% ამას სწავლობენ მეცნიერები რამდენად უშლის ხელას მზეს და მისთანები ,საჭიროა ამის გამზომი სპეციალური ხელსაწყოები და რაღა თქმა უნდა კვალიფიციური სპეციალისტები,ერთმანეთს ეხვეწებოდნენ წადი გაზომე, არა შენ წადი გაზომე, ერთმა არაო მე მწვადს ვწვავო და ვერ წავალო ბოლოს რომ იჩხუბეს კარგად,- მოიფიქრეს: რომ ვიღაცა ლაბორანტი გოგო გაეგზავნათ და მერე მიიწერდნენ, რომ თვითომ გაზომეს და შეიტანეს წვლილი ამ საქმეში, ნეტა ვინმემ მითხრას სხვა ქვეყნებში როგორ მუშაობენ და რა მიღწევები აქვთ თუნდაც ქართველ ასტროფიზიკოსებს ამ ეტაპზე, ბერძნებს დაფინანსება კი აქვთ ნეტა ამ მხრივ საქართველოში რა ხდება!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ დაიპყრო Mars-მა მსოფლიო
mars

ბევრმა არც კი იცის, რომ განთქმულ შოკოლადს Mars პლანეტის სახელწოდების კი არა, საკონდიტრო გიგანტის დამაარსებლის გვარის მიხედვით დაარქვეს. სწორედ ფორესტ მარსმა შექმნა შოკოლადის არაერთი ცნობილი ბრენდი, ძაღლებისა და კატების საკვები და უამრავი სხვა საკონდიტრო პროდუქტი, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრო.

როკფელერის რეცეპტით

ამბობენ, რომ ყმაწვილ ფორესტ მარსს დიდი ბიზნესის შექმნის სურვილი განთქმული როკფელერის წიგნის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. შესაძლოა, ასეც იყო. სინამდვილე კი არავინ იცის, რადგან მისტერ მარსი ყოველთვის გაურბოდა პრესასთან ურთიერთობას და თავისი 95 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ 2 ინტერვიუ მისცა. ასეა თუ ისე, მარსის ცხოვრებაც ამერიკული ოცნების ასრულების ნათელი მაგალითია.

ფორესტის მამა ფრანკლინ მარსი სახლში იაფასიან კამფეტებს ამზადებდა და ოჯახს ამით გაჭირვებით არჩენდა. ფორესტი ალბათ განათლებასაც ვერ მიიღებდა, ნიჭიერ ბიჭს ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო, იელის უნივერსიტეტში სტიპენდია რომ არ მოეგო. სამუშაოს შოვნა კი ძალიან გაუჭირდა და კარგა ხნის ძიების შემდეგ ჯერ კიდევ ნაკლებადცნობილ კომპანია Camel-ში სარეკლამო პლაკატების გამკვრელად მოეწყო.

არადა, მას გაცილებით დიდი მიზნები ამოძრავებდა. ფორესტი უბრალოდ ფულის შოვნაზე კი არა, მსოფლიო მასშტაბის ბიზნესზე ოცნებობდა და გამუდმებით ფიქრობდა. და აი, ერთხელაც, როცა მშობლებთან ერთად კვირა დილით შოკოლადის კოქტეილს შეექცეოდა, Milky Way-ის შექმნის იდეა დაებადა. „რა იქნება, რომ ეს კოქტეილი ძალიან გაიფქვიფოს, სქელ ქაფად იქცეს და შოკოლადის გარსში მოთავსდეს“, - გაიფიქრა მან.

ფორესტმა თავისი იდეა მამას გაანდო. მას იგი არცთუ ისე მოეწონა, მაგრამ 1928 წელი იყო, ეკონომიკური კრიზისი სუფევდა და რამე უნდა მოეფიქრებინათ. ჰოდა, დათანხმდა და არც შემცდარა - Milky Way-მ ფრენკ მარსს ერთი წლის შემდეგ 800 ათასი დოლარის ოდენობის მოგება მოუტანა. მოხუცი კონდიტერი ამგვარ წარმატებაზე ვერც კი იოცნებებდა, მან წარმოება გააფართოვა და ახალი სახლი და ავტომობილი იყიდა.

თუმცა, შვილთან, რომელმაც ამასობაში უნივერსიტეტი დაამთავრა და ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო, კარგი ურთიერთობა კვლავ არ ჰქონდა. ფრანკლინი მიღწეულით სრულიად კმაყოფილი იყო, ფორესტს კი მსოფლიოს დაპყრობა სურდა. ჰოდა, მანაც მამისაგან თავისი იდეისათვის მიღებული 50 ათასი დოლარით ბრიტანეთს მიაშურა.

ბრიტანული ბიზნესი

1930 წელი იყო, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა წელში იმართებოდა. ფორესტის გასაკვირად ინგლისელებს Milky Way არც ისე მოეწონათ. საერთოდ, ამერიკელებისაგან განსხვავებით, ინგლისელები ტკბილეულში არც ისე ბევრ ფულს ხარჯავდნენ. ჰოდა, ფორესტმა გადაწყვიტა პრობლემას სხვა კუთხით მიდგომოდა და პრაქტიკული სარეკლამო სლოგანი მოეფიქრებინა. თუ Milky Way-ის შემთხვევაში იგი ჟღერდა „არ იძირება რძეში“, Mars-ისათვის შეარჩია: „პროდუქტების საუკეთესო კრებული დაღლილობის მოსახსნელად“. ამ სლოგანმა პრაქტიკულ ბრიტანელებზე საჭირო გავლენა მოახდინა.

ფორესტმა 1932 წელს დაარეგისტრირა ფირმა Mars Confectionery და ქალაქ სლუში პატარა საამქრო დაიქირავა. მისი ყველა პროდუქტი საინტერესო დასახელებითა და სარეკლამო სლოგანით გამოირჩეოდა. ამ მხრივ ფორესტს ბადალი მართლაც არ ჰყავდა. გარდა ამისა, იგი ნიჭიერ, გამორჩეულ სპეციალისტებს ეძებდა და მათ მაღალ ხელფასს უნიშნავდა. ამასთან, მის ფირმაში რკინისებური დისციპლინა სუფევდა. შედეგად, მან ძალიან ეფექტური მოდელი შექმნა, რომელმაც 30-იანი წლების პატარა საწარმო 21-ე საუკუნის გლობალურ კორპორაციად აქცია.

თავისთავად ცხადია, ყველაფრის საფუძველი მარსის საოცარი ბიზნეს-ალღო და იდეები იყო. როგორც წესი, მისი ყველა ახალი პროდუქტი მსოფლიოს იპყრობდა. მაგალითად, ძაღლებისა და კატებისათვის განკუთვნილი საკვები. მართალია, მათ შოკოლადთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ფორესტს კი დიდძალი შემოსავალი მოუტანა.

მარსის კიდევ ერთი გენიალური სიახლე გახლდათ მეორე მსოფლიო ომისას ჯარისკაცებისათვის ნახევარფაბრიკატად მომზადებული ბრინჯი. უნდა ითქვას, რომ ამგვარ სხვადასხვა ტიპის ნახევარფაბრიკატებს კომპანია დღემდე წარმატებით ამზადებს. ომისაგან დაიბადა M&M's-ის შექმნის იდეა. ჩვეულებრივი შოკოლადი, რომელიც ჯიბეში ან ხელში დნება ფრონტზე გამოუსადეგარი იყო,

ჰოდა, ფორესტმაც რთული ტექნოლოგიური პროცესი შეიმუშავა და შოკოლადის ბურთულის კარამელში შეხვევა მოახერხა, რის შემდეგაც იგი მხოლოდ პირში დნებოდა. ამასთან, ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად, ბურთულებზე ასო M აღბეჭდა.

შოკოლადის ზღვის ზვიგენი

ყველა ამ სიახლემ ფორესტ მარსს დიდძალი შემოსავალი მოუტანა. მისი ბიზნესი გვარიანად გაფართოვდა და მან სურვილი აისრულა. მარსმა მსოფლიო მართლაც დაიპყრო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც შვილობილი კომპანია გახსნა, რომელსაც დედის სახელი Ethel უწოდა.

მარსის იმპერია თანთადათობით ფეხს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იკიდებდა და სულ უფრო ფართოვდებოდა. უდიდესი გავლენის და საძაგელი ხასიათის გამო მას შოკოლადის ზღვის ზვიგენი შეარქვეს. ფორესტი ერთნაირად სასტიკად ექცეოდა ყველას, მათ შორის თავის ორ ვაჟს და გოგონას. როგორც ამბობენ, მათ ჯიბის ფულს არ აძლევდა და ისეთ დღეში აგდებდა, რომ ბავშვებს ხშირად ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდათ.

ფორესტ მარსი 1999 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. თითქმის სიცოცხლის ბოლო დღემდე იგი თავის პირმშოს განაგებდა. შემდეგ კი შვილებს დაუტოვა აყვავებული გიგანტი კომპანია, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში 98 ქარხანას და 219 ოფისს ფლობდა, რომელშიც 40 ათასი ადამიანი მუშაობდა და რომლის წლიური საქონელბრუნვა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე 19 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შემთხვევითი როდია, რომ მისი შვილები - ფორესტ უმცროსი, ჯონი და ჟაკლინი, თითოეული 10,5 მილიარდ დოლარს ფლობს.

უნდა ითქვას, რომ მარსის მემკვიდრეებმა მამის საქმე მშვენივრად გააგრძელეს. მათაც არაერთი სიახლე დანერგეს და Mars-ის იმპერია არა მარტო შეინარჩუნეს, არამედ კიდევ უფრო გააფართოვეს.

მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
პლატონი რა არის ვერ მეტყვით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
che წერს:
აღმოჩნდა, რომ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს მონიტორზე ტექსტის კითხვისას ხელი მაუსზე უდევთ.
ნუ სწევთ ხელს მაუსიდან. გვიანაა.
ვინც ეგ გამოიკვლია ტვინი ნეტა სად ჰქონდა? რომელი გონებრივად ჩამორჩენილი მუშაობს კომპიუტერზე და იყენებს მას??? მაშინ ვიყო გონებრივად ჩამორჩენილი ჯანდაბას.
ამ შემთხვევაში ქართული საგანმანათლებლო სისტემაც მაგარი დებილი ყოფილა, რაში მომცეს წითელი დიპლომი? ავაჰმე!! ხელიიი მაუსზეეე მიდევს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ შექმნა და დაანგრია ჯონ რიგასმა Adelphia Communications
rigas

2005 წლის 20 ივნისს ნიუ იორკის საოლქო სასამართლომ საკაბელო ტელევიზიის კომპანია Adelphia Communications-ის თავკაცი ჯონ რიგასი დამნაშავედ სცნო ფინანსურ მაქინაციებში, ინვესტორთა მოტყუებაში, კომპანიის სახსრების მითვისებაში და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისმა შვილმა ტიმოთიმ, რომელსაც Adelphia-ს ფინანსური დირექტორის პოსტი ეკავა, 20 წლიანი სასჯელი მიიღო. ყველაფერი კი 53 წლით ადრე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ინჟინერმა მშობლიურ ქალაქში საკაბელო ტელევიზიის ორგანიზება გადაწყვიტა, რითაც მილიარდერი გახდა.

„ფოსტალიონთაგან“ დევნილნი

2002 წლის 23 ივლისს 77 წლის ამერიკელმა მილიარდერმა ჯონ რიგასმა გაქცევა გადაწყვიტა. მის მიერ შექმნილი კომპანია Adelphia Communications-ის ბანკროტად გამოცხადებიდან თითქმის ერთი თვე იყო გასული. რიგასის საქმე ცუდად იყო: აუდიტორებმა კომპანიაში გადაუხდელი გადასახადები აღმოუჩინეს, ხოლო სახელმწიფო ჩინოვნიკებმა Adelphia-ს რიგასის პირადი ყულაბა უწოდეს. მილიარდერი განსაკუთრებით მაშინ დაფრთხა, როცა 16 ივნისს პრეზიდენტმა ბუშმა კორპორაციული დანაშაულისათვის სასჯელი გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა და მაქსიმალური ვადა 25 წლამდე გაზარდა.

და აი, რიგასი ღამეს დაელოდა, თავის შვილ მაიკლთან ერთად ნიუ იორკში მდებარე თავისი დიდებული აპარტამენტებიდან გამოვიდა და ავტომობილში ჩაჯდა. მეორე ვაჟი ტიმოთი უკვე კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩში ელოდა. მოულოდნელად მათ მანქანას აშშ-ს ფედერალური საფოსტო სამსახურის (რიგასის დანაშაული კვალიფიცირდებოდა, როგორც ფოსტის და ტელეგრაფის გამოყენებით

თაღლითობა) დეტექტივები აედევნენ. „ფოსტალიონებისაგან“ თავი რომ ვერ დაიხსნეს, ბიზნესმენები შინ დაბრუნდნენ. ცოტა ხანში ტიმოთიც მოვიდა.

როცა დილის ექვს საათზე მათ დასაპატიმრებლად მოვიდნენ, მამა და შვილები შეიარაღებულ „ფოსტალიონებს“ სუფთად გაპარსულები და სოლიდურად გამოწყობილები დახვდნენ. იმავე დღეს ისინი უკვე ჰალსტუხების, ქამრების და თასმების გარეშე მოსამართლის წინაშე აღმოჩნდნენ და მართალია, თითოეული 10 მილიონი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, თავისუფლებით დასატკბობად მხოლოდ 1 წელი რჩებოდათ.

კინო ხალხისათვის

ჯონ რიგასი დიაბადა 1925 წელს ნიუ იორკის შტატის პატარა ქალაქ ველსვილში ბერძენი ემიგრანტის ოჯახში, რომელსაც პატარა სასაუზმე ჰქონდა. მართალია, ქალაქში სიღარიბე სუფევდა, მაგრამ მის მცხრვრებლებს ჰოთ-დოგებით პირის ჩატკბარუნება უყვარდათ და რიგასების ოჯახს არ უჭირდა. როცა ჯონი გაიზარდა, მამამ იგი რენსელარის უნივერსიტეტში გაგზავნა, საიდანაც 1950 წელს ინჟინრის დიპლომით დაბრუნდა.

ენერგიულმა ჯონმა მამის სასაუზმეში ერთი წელი იმუშავა და შემდეგ მამისაგან და ბერძნული დიასპორის სხვა ბიზნესმენებისაგან 72 ათასი დოლარი ისესხა და მახლობლად მდებარე ქალაქ კაუდერსპორტში კინოთეატრი იყიდა. იქ გადაბარგდა და დაქორწინდა კიდეც.

კინოინდუსტრიაში ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ინჟინერ რიგასს კაუდესპორტის „კაბელიზაციის“ იდეა ეწვია. მასთან ერთად ამ საქმით ადგილობრივი ექიმი და სენატორი დაინტერესდა და მათ Community Antenna Assotiation ერთად შექმნეს. საქმე კარგად აეწყო, მალე ქალაქის თითქმის ყველა მცხოვრების ტელევიზორზე რიგასის კაბელი იყო მიერთებული. ერთი წლის შემდეგ ჯონმა ექსპანსია დაიწყო და მშობლიური ველსვილიც მოიცვა.

მისი ბიზნესი სულ უფრო იფურჩქნებოდა და რიგასი პატივცემული მოქალაქე ხდებოდა. 1960 წელს, როცა მან ქალაქგარეთ მშვენიერი ვილა აიშენა, ადგილობრივი ბანკის დირეტორთა საბჭოშიც აირჩიეს. თუმცა, ჯონს ახალი და ახალი კომპანიების შეძენის იდეა არ ასვენებდა და კრედიტს კრედიტზე იღებდა. საბოლოოდ, ვალების გასტუმრება მან მხოლოდ 1972 წელს შეძლო, როცა უწოდა კიდეც თავის პირმშოს Adelphia (ბერძნულად „ძმობა“).

რიგასმა თავის ოთხ შვილს მშვენიერი განათლება მისცა და სამი ვაჟი: ტიმოთი, მაიკლი და ჯეიმსი მამის ფირმაში სამუშაოდ დაბრუნდნენ, გოგონა ელენი კი ნიუ იორკში გადაბარგდა. Adelphia კი სულ უფრო იზრდებოდა. 1985 წელს რიგასმა ნიუ ჯერსის საკაბელო ტელევიზია შეიძინა. კიდევ ერთი წლის შემდეგ Adelphia საჯარო კომპანიად იქცა, კიდევ რამდენიმე შთანთქმა განახორციელა და თავისი აბონენტების რიცხვი თითქმის ნახევარ მილიონამდე გაზარდა.

კინო ყველა ოჯახში

90-იანი წლების შუაში Adelphia სიდიდით აშშ-ს მესამე საკაბელო კომპანია იყო. რიგასი კოპანიას საკმაოდ მარტივად მართავდა: თავად აქციათა არცთუ დიდ პაკეტს ფლობდა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეჭირა, ტიმოთი ფინანსური და სარევიზიო დირექტორი იყო, მაიკლი საოპერაციო, ხოლო ჯეიმსო განვითარების დირექტორი. როგორც Adelphia-ს თანამშრომლები იხსენებენ, რიგასებისათვის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე საათობით დაგვიანება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

Adelphia შთანთქმებს კვლავ მაღალი ტემპით აგრძელებდა, რასაც კორპორაციული ფინანსების სრული მობილიზაცია სჭირდებოდა. ამიტომაც კომპანია აქციონერებს დივიდენდებს არ უხდიდა და 1996 წელს მისმა ვალმა კაპიტალიზაციას 11-ჯერ გადააჭარბა. სამაგიეროდ, 90-იანი წლების ბოლოს უკვე აშშ-ს მეექვსე საკაბელო კომპანია იყო.

1999 წლის განმავლობაში კომპანია 3,5 მილიარდი დოლარიდან 12,6 მილიარდამდე გაიზარდა. ჯონი დაფიქრდა და გადაწყვიტა აღრიცხვიანობა აერ-დაერია. ამისათვის განხორციელდა ოჯახურ ფირმებს შორის რამდენიმე ფიქტიური გარიგება. დირექტორთა საბჭოს სხვა წევრები კი თვლიდნენ, რომ თანხები კომპანიის გაფართოვებისათვის იხარჯებოდა. ამასთან, Adelphia რიგასებზე აღურიცხავი კრედიტების სახით ასეულობით მილიონ დოლარს გასცემდა.

2001 წლისათვის Adelphia-ში 15 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა, აბონენტთა რიცხვი კი 6 მილიონს აღწევდა. ამავე წელს კომპანიის „ოფიციალურმა“ მოგებამ 528 მილიონი დოლარი შეადგინა.

კინოს დასასრული

უბედურების ზარმა 2002 წლის 27 მარტს ჩამოკრა. Adelphia-ს ბოლო ფინანსურ ანგარიშზე წვრილი შრიფტით მიწერილი იყო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ რიგასს და მის შვილებს კრედიტის სახით 2,3 მილიარდი დოლარი მისცა. ანალიტიკოსთა შეკითხვებზე ტიმოთიმ არეულად უპასუხა, რომ ისინი კომპანიას ამ თანხას იოლად აუნაზღაურებდნენ.

სამი დღის განმავლობაში Adelphia-ს აქციები 35 პროცენტით დაეცა. კომპანიამ განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ობლიგაციებზე შემოსავლების, სულ 96 მილიონი დოლარის გადახდას. მალე აქციები კიდევ 15 პროცენტით დაეცა და ინვესტორთა კონიუქტურულმა წაგებამ 90 მილიარდ დოლარს მიაღწია. ცხადია, ყველაფერ ამას დირექტორთა საბჭოს მიერ რიგასის და მისი შვილების გადაყენება მოჰყვა.

მაგრამ ამან Adelphia ვერ გადაარჩინა. 2002 წლის 25 ივნისს კომპანია ბანკროტად გამოცხადდა. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მიმდინარე სასამართლო პროცესი რიგასისათვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. როცა მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 80 წლის რიგასი მწარედ აქვითინდა.

რიგასს კიდევ უფრო მეტი იმიტომ არ მიუსაჯეს, რომ მისმა ოჯახმა კომპანიის აქციონერებს 1,5 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით გადაუხადა, რაც კერძო პირისაგან ოდესმე გადახდილი უდიდესი კომპენსაციაა. ამისათვის რიგასებმა კუთვნილი აქტივების 95 პროცენტი გაყიდეს. ეს გახლდათ Adelphia-ს ფასიანი ქაღალდები, ათი საკაბელო ტელევიზია და 10 მილიონ დოლარად ღირებული მამული. ამის შემდეგ ოჯახს კიდევ 80 მილიონამდე კაპიტალი დარჩა.

რაც შეეხება Adelphia-ს 2005 წლის 8 აპრილს იგი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედია-ჰოლდინგმა Time Warner-მა 18 მილიარდ დოლარად შთანთქმა და თავის საკაბელო განყოფილებას შეუერთა.

მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
დესპანი ვინ შექმნა ვერ მეტყვით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
kroll წერს:
დესპანი ვინ შექმნა ვერ მეტყვით

აუ ამაზე მაგარი არაფერი გიკითხავს რა კროლლლ ხუთიანი შენ!! =cq
ტელმან შენა და ეკონომიკური კრისი როდის გადაივლის და საქართველო როდის გაბრწყინდება ისიც ხომ არ იცი???

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჯულიას მაღაზიაში 15 თეთრი გახდა მზესუმზირა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
აუ თბილისურიი მზესუმზირააა
მაგრად მომენატრაააა
ჩვენთან ერთი ძაან სქელი ქალი ყიდდა 2 სკამზე იჯდა ხოლმე--
ჩაო-კაკაოს ვეძახდით(ჩაო -კაკაო ბეჰემოტ)
20 თეთრი ღირდა მაშინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეგ კითხვა თუ კრიზისი როდის გაიდააივლის მიშუტას დაუსვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე საქართველოში არა ვარ და ამიტომ მაინტერესებს შენ ალბათ იცი ვის აბრალებენ მსფლიო კრიზისის დაწყებას და საერთოდ რა არის ეს კრიზისი!!! ტელმან ძალიან დიდი პატივს გცემ და ვერ გავიგე საწყენად რატომ მიიღე???

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სახელმწიფოს ფარული ანგარიშები კომერციულ ბანკებში
erovn.banki

რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილმა ეროვნულ ბანკში არსებული თავისუფალი სახსრების ნაწილი სხვადასხვა კომერციულ ბანკში გადაიტანა. კულუარული ინფორმაციით, ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებში თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს ანგარიშებიდან გადატანილია თანხა და მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 500 მლნ. ლარს შეადგენს, თუმცა ამის შესახებ საუბარს როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე სახელმწიფო ორგანოებში ერიდებიან და ამტკიცებენ, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ამ თანხებზე სახელმწიფო ორგანოები დაახლოებით წლიურ 5%-იან სარგებელს იღებენ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ეს თანხები სახელმწიფომ ბანკში ჩადო და სარგებელიც ერიცხება, მეორე მხრივ კი, იმავე წელს სახაზინო ვალდებულებების სახით კომერციულ ბანკებიდან სახელმწიფო სესხს იღებს წლიური 13% სარგებლით.

ამ „კონფიდენციალურ“ ინფორმაციას მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის უფროსი, კახა სეხნიაშვილი ადასტურებს:

„გასულ წელს ჩატარდა ტენდერი და ფინანსთა სამინისტრომ გადაიტანა თავისი ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფული ანუ თავისუფალი სახსრების ნაწილი „სახალხო ბანკში“ - 50 მლნ. ლარი. ეს არის მიმდინარე ანგარიში და ერიცხება საპროცენტო სარგებელი 5%, ეს სარგებელი შედის სახელმწიფო ბიუჯეტში.“

კულუარული ინფორმაციით თბილისის მერიას «საქართველოს ბანკში» 100 მლნ. ლარი აქვს და მასაც დაახლოებით 5%-იანი წლიური სარგებელი ერიცხება. თუმცა, ამ ინფორმაციას მერიაში არ ადასტურებენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2009 წლის 23 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკში მიმდინარე ანგარიშზე ხაზინის ფულადი რესურსის გადატანის მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ბანკის ანგარიშზე განთავსებული 160 მლნ. ლარიდან 50 მლნ. ლარის ოდენობის ხაზინის ფულადი რესურსების კომერციულ ბანკში განთავსების მიზნით ჩატარებულ აუქციონში „სახალხო ბანკმა“ გაიმარჯვა.

2009 წლის 14 აპრილის 77 დადგენილებით ეს აუქციონი სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ჭარბი ლიკვიდურობის მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის მოხდა.

ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემა მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშსა და ბიუჯეტის ხარჯების ძირითად და რეგიონულ ანგარიშებს, დეპოზიტური სახსრებისა და ფულადი გრანტების ანგარიშებს, სავალუტო და სხვა მიზნობრივ ანგარიშებს.

ამ აუქციონის შემდეგ მთავრობამ 2009 წლის აგვისტოში გადაწყვიტა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და ამტკიცებდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ მართალია ამის შედეგად შემცირდებოდა საბანკო სექტორის ვალი, თუმცა ქვეყნის შიდა ვალი სულ უფრო გაიზრდებოდა.

სახაზინო ვალდებულებების აუქციონში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პირველად დილერ ბანკებს აქვთ, კომერციულ ბანკებსა და მხოლოდ მათი მეშვეობით - რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. თავდაპირველად სახაზინო ვალდებულებების შეძენას ბანკები ერიდებოდნენ, თუმცა მთავრობას რომელი მათგანი გაუბედავდა უარის თქმას, მაგრამ, როგორც გაირკვა, არა მარტო მთავრობის შიშით დათანხმდა კომერციული ბანკები მათ შეძენას.

ექსპერტთა უმრავლესობა სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას სხვადასხვა მიზეზის გამო ეწინააღმდეგებოდნენ. ერთნი ფიქრობდნენ, რომ სახაზინო ვალდებულებების აღების შემდეგ ბანკები ბიუჯეტის წურბელები გახდებიან.

მეორენი ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება, კომერციული ბანკებისგან ისესხოს თანხა, ბანკებს ალტერნატივის წინაშე დააყენებს - ან კომერციული სტრუქტურების დაკრედიტება, ან სახელმწიფოსი. სავარაუდოდ, ბანკები სახელმწიფოზე გააკეთებენ აქცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებში კომერციული სექტორისთვის მინიმალურ თანხები დარჩება და არც იმას გამორიცხავდნენ, რომ ეს გამოიწვევდა კრედიტების გაძვირებას.

მესამენი მიიჩნევდნენ, რომ ამით სახელმწიფოს ვალები სულ უფრო და უფრო გაიზრდებოდა და მთავრობას სამომავლოდ თუ ფული ექნებათ, ბანკებს ფასიან ქაღალდებს გაუნაღდებს, ხოლო თუკი ბიუჯეტი კვლავ ღრმა დეფიციტში იქნება, მორიგ სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს, რომლითაც ძველ ვალებს დაფარავს, ახალს კი გადაავადებს და ასე - ყოველი ახალი ვალდებულების აღება, უფრო „დამძიმებული“ პირობებით მოხდება.

„ბანკი იმ თავისუფალი სახსრებით, რომელსაც კრიზისის გამო აღარ აბრუნებს ეკონომიკის რეალურ სექტორში, ყიდულობს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს და გარკვეული დროით იღებს მაღალ პროცენტს. ეს ბანკისთვის კარგი შემოსავალია, მაგრამ ბიუჯეტისთვის ეს ნიშნავს, რომ იქ არის გარკვეული პრობლემები“, - ასე მიაჩნია ექსპერტ დემურ გიორხელიძეს.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს არა მხოლოდ კომერციული ბანკებისთვისაა კარგი შემოსავალი. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში მოგებული როგორც კომერციული ბანკები, ასევე სახელმწიფოს კონკრეტული ჩინოვნიკებიც არიან. აი, როგორ: სახელმწიფოს კომერციულ ბანკებში შეაქვს თანხა ანუ ხსნიან მიმდინარე ანგარიშებს და იღებენ სარგებელს 5%-ს, ამავე დროს სახაზინო ვალდებულებების სახით კომერციული ბანკებიდან კრედიტს იღებენ, რომელზეც ბანკებს 2009 წლის სახაზინო ვალდებულებებზე საშუალოდ წლიური 13% ერიცხებათ. ჩნდება კითხვა, თუ სად მიდის დარჩენილი 8% (13-5=8), ამას კი ძალიან მარტივი პასუხი აქვს - სად მიდის და ჯიბეში, ნაწილი სახელმწიფო ჩინოვნიკების, ხოლო ნაწილი კომერციული ბანკების მფლობელების. მოგებული კი მეტ-ნაკლებად ორივე მხარეა, დაზარალებული კი, როგორც ყოველთვის ხალხია. ერთი მხრივ, ბანკები დიდი რაოდენობით სესხს ვეღარ გასცემენ და კომერციული სტრუქტურა დაკრედიტების გარეშე რჩება, მეორეს მხრივ, მთავრობის მიერ აღებული შიდა ვალი ისევ ჩვენი გადასახდელია, მესამეს მხრივ კი სახელმწიფო და კერძო პირები ხალხის ბიუჯეტში გადახდილ ფულით ჯიბეებს ივსებენ.

საინტერესოა, ამის მერე, რამდენად სწორია განცხადებები, რომ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობს. სახეზეა კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მასზე ჯერ-ჯერობით რეაგირება არავის მოუხდენია. ანდა ვინ გაბედავდა, ამ საქმეში ხომ ქვეყნის მსხვილი ბანკები და ფინანსთა სამინისტროა გარეული, ჩვენთან კი სამართალი შერჩევითია, ელიტარული კორუფცია დასაშვებია, ხოლო 200 ლარის ქრთამისთვის 6 წლიანი სასჯელია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავადგინეთ ის ბანკები, რომლებსაც 2009 და 2010 წლებში სახაზინო ვალდებულებები აქვთ შეძენილი, ეროვნული ბანკი ამ საკითხსაც კონფიდენციალურს უწოდებს და ბანკების შესახებ ინფორმაციას არ იძლევა.

ასე რომ, რომელი ბანკები მდიდრდებიან ქართველი ხალხის ხარჯზე, უცნობია.

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
ეს საინტერესოა...
დესპანი