|
ბრიტანეთის ენერგეტიკული იმპერია british-jordan1
როგორც ამერიკული მენეჯმენტის მამად აღიარებულმა პიტერ დრუკერმა თავის დროზე აღნიშნა, ინდუსტრიალიზაციის პროცესს მსოფლიოში არა მარტო ბუნებრივი ენერგია მოაქვს, არამედ ადამიანური და ცოდნისა და გამოცდილების - საინფორმაციო ენერგიაც. ამ მოსაზრებას სრულად ადასტურებს British Petroleum-ის განვითარების ისტორია, რომელიც ყველა ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
BP ნავთობმოპოვების სფეროს დამფუძნებელ იმ კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც „შავი ოქროს“, როგორც ენერგიის მთავარი წყაროს გამოყენების, ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე დაზვერვით და მომპოვებით სამუშაოებს პლანეტის ყველა კუთხეში, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ეწეოდა. ამიტომაც არის, რომ ბრიტანული ნავთობგიგანტი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 119,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, თავისი სფეროს ერთ-ერთი ლიდერია და მხოლოდ ინგლისურ-ნიდერლანდურ Royal Dutch/Shell-ს და ამერიკულ ExxonMobil-ს ჩამორჩება.
ეკლიანი გზით ნავთობისაკენ
British Petroleum-ის დამაარსებელი ინგლისელი არისტოკრატი, უილიამ ნოქს დ'არსი გახლავთ, რომელმაც თავისი ისედაც გვარიანი სიმდიდრის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, 1901 წელს მოდაში შემომავალი სანავთობე ბიზნესისათვის ხელის მოკიდება გადაწყვიტა. ამერიკაში გამგზავრებას აზრი არ ჰქონდა - ნავთობის იქაურ საბადოებს უკვე კოვბოური შლაპებით დამშვენებული ვაჟკაცები ამუშავებდნენ, ჩრდილოეთის ზღვაში გერმანელები დომინირებდნენ, ახლო აღმოსავლეთზე კი თვალი მის თანამემამულე ინგლისელებს და ჰოლანდიელებს ჰქონდათ დადგმული. ამიტომაც, დ'არსიმ, ერთი შეხედვით, უკონფლიქტო გზა აირჩია – დიპლომატიურ წრეებში კავშირები გამოიყენა და სპარსეთის შაჰისაგან. თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ნავთობის რესურსების ათვისების უფლება მიიღო.
სპარსეთის მიწის სიღრმეში მიმალული სიმდიდრის აღმოჩენა ინჟინერ ჯორჯ რეინოლდსს დაევალა. წარმატებისაკენ მიმავალი გზა ერთობ გრძელი და რთული აღმოჩნდა. აუტანელი კლიმატი, გაუვალი ტერიტორიები, მტრული ტომების თავდასხმები, ეპიდემიები, სატრანსპორტო საშუალების და მუშახელის დეფიციტი ექსპედიციის მუშაობას ძალიან ართულებდა.
მაგრამ რეინოლდსი თავის წარმატებაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ როცა დ'არსის ფული შემოაკლდა, იგი დაარწმუნა, ვინმესთვის ფინანსური დახმარების თხოვნით მიემართა. დახმარება 1905 წელს კომპანია Burmah Oil-ისაგან გამოჩნდა, ნავთობის აღმოჩენამ კი კიდევ სამი წელი დაიგვიანა. მხოლოდ 1908 წლის მაისში რეინოლდსმა დ'არსის აცნობა, რომ სპარსეთის სამხრეთ-დასავლეთით, მაშიდ ი სულეიმანეში ნავთობის დიდი საბადო იპოვნა.
რეინოლდსის აღმოჩენამ საფუძველი ორ ისტორიულ მოვლენას ჩაუყარა – შუა აღმოსავლეთი სანავთობე-კომერციულ რეგიონად აღიარეს და მის ასათვისებლად დაარსდა Anglo-Persian Oil Company (APOC), რომელიც British Petroleum-ის მომავალი იმპერიის საძირკვლად იქცა. საინტერესოა, რომ APOC-ის დაარსების მომენტში მისი აქციების 97 პროცენტს კომპანია Burmah Oil ფლობდა, დანარჩენს კი მისი პირველი თავმჯდომარე ლორდი სტრატკონა. დ'არსი კი 1917 უბრალოდ მისი დირექტორატის წევრი იყო და მნიშვნელოვან როლს არ თამაშობდა.
ომი და მშვიდობა
იმ მქუხარე სახელებს შორის, რომლებმაც British Petroleum-ის აყვავებაში წვლილი შეიტანეს, უმთავრესი ჩარლზ გრინუეი გახლავთ, რომელიც ერთ-ერთი პირველი ბრიტანელია, რომელსაც ბიზნესში მიღწევებისათვის რაინდის წოდება და ლორდის ტიტული მიენიჭა. მან APOC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 1910 წელს დაიკავა და Royal Dutch/Shell-ის კონკურენციით შეფიქრიანებულმა ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა - ძლევამოსილ ინვესტორს, ბრიტანეთის მთავრობას დაუახლოვდა. ამგვარად, კომპანიამ საჭირო კაპიტალდაბანდება და გასაღების ბაზარი მიიღო. აღნიშნული თანამშრომლობის დაწყება პირველმა მსოფლიო ომმაც დააჩქარა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ანგარიშიანი „ქორწინებით“ შექმნილმა ოჯახმა კარგა ხანს გაძლო. British Petroleum-ში მთავრობის წილი თანდათანობით მცირდებოდა და ნულამდე მხოლოდ 1987 წელს დავიდა.
კომპანიას თუ საკუთარ ხელისუფლებასთან ერთობ თბილი და ურთიერთანამშრომლობაზე აწყობილი ურთიერთობა აკავშირებდა, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ხშირად ერთობ სკანდალური კონფლიქტები მოსდიოდა. მაგალითად, 1951 წელს უკვე ანგლო-ირანულად წოდებული კომპანია ოფიციალური თეირანისაგან ნაციონალიზაციის მცდელობას წააწყდა. ამას სერიოზული საერთაშორისო კონფლიქტი მოჰყვა. შედეგად, კომპანიამ ირანის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ ახლადშექმნილი კონსორციუმის ეგიდით გააგრძელა. ასე რომ, დასახელებამ ანგლო-ირანული აზრი დაკარგა და კომპანიას British Petroleum ეწოდა, რომელიც ამ კონსორციუმის 40 პროცენტის მფლობელი გახდა.
როგორც იტყვიან, სადაც ნავთობია, იქ პოლიტიკაცაა. ამიტომაც იყო, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის არც ერთ მნიშნელოვან პოლიტიკურ მოვლენას BP-ისათვის გვერდი არ აუვლია. 1957 წლის სუეცის კრიზისი, 1967, 1973 და 1979 წლების ახლო აღმოსავლეთის შეტაკებები, 1978 წლის ირანის რევოლუცია, ირან-ერაყის ომი, ნიგერიის კრიზისი, ოპეკის ქვეყნების სუვერენიტეტის გამყარება და სხვა პროცესები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ენერგომატარებლებთან და მსოფლიო ეკონომიკაზე აისახებოდა. British Petroleum-ს, ისევე, როგორც სხვა ნავთობკომპანიებს, მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ თავისი ბიზნესის გადაწყობა უწევდა.
გლობალიზაცია და დივერსიფიკაცია
სწორედ ამგვარი მოვლენების ფონზე ჩამოყალიბდა British Petroleum, როგორც მსხვილი, ძლიერი და მობილური კომპანია. თავისი ფართო საინვესტიციო პროგრამის წყალობით, კომპანიამ გადაიტანა ერთი შეხედვით კატასტროფული აფრიკული, შუა და ახლო აღმოსავლური დანაკარგები, როცა ნავთობმოპოვების ცენტრი ჩრდილოეთის ზღვაში და ალიასკაზე იქნა გადატანილი. შემდეგ BP-ის ჭაბურღირები ამოქმედდა საუდის არაბეთში, ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, კოლუმბიაში, პერუში, ნორვეგიაში და ა.შ. ამასთან, ფართოდ გაიშალა ბუნებრივი აირის მოპოვებაც.
შედეგად, 1940 წელს კომპანია სფეროს მსოფლიო ლიდერი გახდა. მისი გაყიდვების მოცულობამ, შემოსავალმა პერსონალის რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია.
ჯერ კიდევ 50-იან წლებში British Petroleum-ის ფრანგულ ლაბორატორიაში შეიქმნა ნავთობის ცილად გარდაქმნის მეთოდი და კომპანიამ კვების პროდუქტების ბაზარზე გასვლა სცადა. მართალია, 60-იან წლებში საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობამ ეს პროცესი შეაფერხა, მაგრამ 10 წლის შემდეგ BP-მ კვების პროდუქტების წარმოებაზე თავისი პრეტენზიები კვლავ განაცხადა და შინაური ცხოველების საკვები წარმოადგინა.
1986 წელს ამერიკული ფირმა Purina Mills-ის შეძენის შემდეგ შექმნილი კომპანიის განყოფილება BP Nutrition მსოფლიოში ფქვილის მწარმოებელ ერთ-ერთ გიგანტად იქცა. 90-იან წლებში კომპანია სარეცხი საშუალებების გამოშვებასაც შეუდგა.
გარდა ამისა, British Petroleum აქტივების დივერსიფიკაციას მინერალების მოპოვების სფეროშიც ახდენდა. 1980 წელს ლონდონის ბირჟის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებით შეძენილ იქნა ბრიტანეთის სამთომომპოვებელი სახლი Selection trust, შემდეგ კი ფერადი ლითონების ამერიკული მწარმოებელი Kennekott. უკვე 80-იანი წლების ბოლოს BP არაერთ ქვეყანაში ნახშირის მოპოვებას ეწეოდა.
ეგზომ ვრცელი იმპერიის ეფექტურად მართვისათვის British Petroleum-ის ხელმძღვანელობამ 80-იან წლებში ფართო გარდაქმნა განახორციელა, რის შემდეგაც შეიქმნა მართვის რთული მექანიზმი, რომელიც ერთ ცენტრალურ, ლონდონურ შტაბ-ბინას ექვემდებარება. 90-იანი წლებიდან British Petroleum ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საინფორმაციო ტექნოლოგიების დახვეწას, რამაც კომპანიას დანახარჯების 40 პროცენტით შემცირება მოუტანა.
British Petroleum გამუდმებით სრულყოფისა და გამსხვილებისაკენ ისწრაფვოდა. 1987 წელს შეძენილ იქნა ამერიკული Standard Oil და ბრიტანული Britoil, 1999 წელს ამერიკული Amoco და ა.შ. კომპანია აღებულ კურსს დღესაც აგრძელებს და სფეროს ლიდერის პოზიციისაკენ მიიწევს.
მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ
|