შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ისე არაფერი მყვარებია, ტყეში კაკბები რომ კრიახობენ. ისე არაფერი მძულებია, როგორც რეგვენებთან სიახლოვე. ისე არასოდეს მიცინია, როცა დამაბრალეს გულცივობა. ისე არასოდეს მიტირია, როცა ბედი ავ კაცს უცინოდა. ისე არაფერი მენანება, როგორც ეზო, ჯაგით გაღობილი. ისე არავინ არ მებრალება, როგორც მაძღარი და კმაყოფილი. ისე არაფრისა მეშინია, როგორც ცოცხლად სულის დალევისა. ისე არაფრისა არა მჯერა, როგორც დედის ტკბილი თვალებისა
ისევ ვნახე ჩემი მთა და ჩემი ხევი და სოფელი, - ყრმობასავით სათაყვანო. დედასავით მინდა ყელზე მოვეხვიო, როგორც ბავშვი, მინდა ხელში ავიყვანო. მისი ყველა ხე და ბუჩქი კარგად ვიცი, მაგრამ მინდა კვლავ ვეწვიო, კვლავაც ვნახო, ასანური, - ჩემთვის ასჯერ დასაფიცი, ხარ-ირმისთვის ერთი დილის საბალახო. ასანური! - მინდა ასჯერ ჩავიმუხლო ყველა ხესთან, ყველა სახლთან, ყველა კართან. სიყვარულმა დამამუნჯა, მოველ უხმოდ, შემიფარებს, ვიცი, მისი მწვანე კალთა. ჩემს თვალებში გათენდება მისი დილა, სუფრასავით გამეშლება მისი ახო. დედაა და პაწაწინა გამაცილა, დედაა და მსურს გაზრდილი დავენახო. ალუბლების შეფაკლული ლოყა უჩანს, ო, მის სუნთქვას ნუ დავარქმევთ, ძმაო, ნიავს. ვერ დავტოვებ, მისი მიწა ერთი მუჭა, მთები რაა, ოქროს მთებსაც მირჩევია. მისი ყველა ხე და ბუჩქი კარგად ვიცი, მაგრამ მინდა კვლავ ვეწვიო, კვლავაც ვნახო. ასანური, - ჩემთვის ასჯერ დასაფიცი, ხარ-ირმისთვის ერთი დილის საბალახო.
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები, და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები. ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუძრახველნი, - საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის, ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, - საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის. სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა, ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად დაჰქონდათ, - სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ სამქორთან, საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ. სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, - საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი. შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები, აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით: თუ ისარი ზურგში მოგხვდათ, არ დაიჭრათ მკერდები, ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები! ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა... სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური... გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? - „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!\" მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს; ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება; შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!\" მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება... სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, - ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, - ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი; გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული\", - ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა... ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები, თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება... ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, ფიცს არ სტეხენ... ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი. ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული... გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული... მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!\" დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი. შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა... განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: „თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს... ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს\"... მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა... სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი, არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს... განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო... თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო... გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი... რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა... ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება... ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე... სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება - იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება... განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო, თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.
\"უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . . ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს? გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო. მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . . მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . . თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!.. საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ; სინანული გვიანია ქალბატონო. . . ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს, არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . . დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ, გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით, ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . . თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ, დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო, მომიტევეთ. . . ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . .\"
გაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ყვირისო ე ჩემი გული ტიალი, ისევ და ისევ ყვირისო. ღამით მინახავს კლდის ძირას, ბუ გულსაკლავად სტიროდეს, ნეტავ თუ კიდევ სხვასაცა ჩემებრივ გული სტკიოდეს? ამბობენ ყველას ბოლო აქვს, ზღვანიც კი დაშრებიანო, მაშ ჩემი გულის დამჭრელნი, რატომ არ გასწყდებიანო.
შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება _ მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე არის, ის ცხოვრება ისეა. _ ეს მანდილი ვისი არი? _ ეს ჩანგური ვისია? _ ეს ხომ ჩემი დისი არი... _ ეს ხომ ჩემი ძმისია! ვკისკისებდით მალხაზები, დარდი გვქონდა რისია?! თურმე დასასრული იყო, მე ვთქვი _ დასაწყისია. როგორ გაჰქრა სიყმაწვილე, ვეღარ ამომიხსნია. შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინ გაიგოს, ვისია? ბაღში გოგო დაგოგმანებს, გოგოა თუ ნისლია?! ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს, ვინც აკოცებს _ მისია. ეს ცხოვრება ასე არი, ის ცხოვრება ისეა.