|
6-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვიდან, რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედევდევთან შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩამოიტინა, არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი. ის არის მხოლოდ თანხმობის დადასტურება, სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც ხვალ უკვე წარედგინება ევროკავშირს, გაივლის რამდენიმე ფაზას და იურიდიულად მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება. ამის შესახებ საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, ამ შეთანხმებიდან წინადადება რეგიონებისთვის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის შესახებ ქართული მხარის მოთხოვნით ამოღებულია. \"დოკუმენტი არის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი. ოფიციალურად ეს არის თანხმობის დადასტურება, რომელიც წარედგინება ევროკავშირს, გაივლის რამდენიმე ფაზას და შემდეგ იურიდიულად გაფორმდება. ეს არის პირველი ეტაპი. დოკუმენტის ძირითადი პუნქტები არის მშვიდობის აღდგენა, ძალის გამოუყენებლობაზე უარის თქმა, ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტურ რეგიონში, რათა შეიქმნას კორიდორი და მიეცეს მოსახლეობას იქიდან გამოსვლის საშუალება\",-აღნიშნა სარკოზიმ. მისივ თქმით, რაც მთავარია, ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია და მიღწეულია შეთანხმება, რომ ორივე მხარის საჯარისო ნაწილები დაუბრუნდნენ თავიანთ დისლოკაციის ადგილებს, ხოლო რუსეთი დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს რეგიონის ფარგლებში. \"ევროპა ვერ დარჩება პასიურ როლში ამ კონფლიქტებთან და იმასთან მიმართებაში, რაც ხდება საქართველოში. ევროპა მზად არის, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სწორედ ამ მისიით ჩამოვედი საქართველოში. ძალიან დიდი ძადისხმევა დაგვჭირდა, რომ შეთანხმება გაფორმებულიყო\",-აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოვიდა როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი, რათა იმსჯელოს მშვიდობის საკითხებზე. \"ჩვენ ვისაუბრეთ სააკაშვილთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე. საჭირო გახდა დაახლოებით ორჯერ დარეკვა მოსკოვში მედვედევთან, რათა რამდენიმე საკითხი შეცვლილიყო, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი არ თანხმდებოდა\",-აღნიშნა სარკოზიმ. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში სარკოზისა და მედვედევის პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა დოკუმენტის ექვსი პუნქტი: 1. მხარეებმა არ დაუშვან ძალის გამოყენება; 2. საბოლოოდ შეწყდეს ყველა სამომარი მოქმედება; 3. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის თავისუფალი შესაძლებლობა; 4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილებს; 5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტამდე რასებულ პოზიციებს. ამასთან, საერთაშორისო მექანიზმის მიღებამდე რუსულ სამშვიდობო ძალებს დამატებითი სამშვიდობო მისიის შესრულება დაევალოთ 6. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მუშაობის დაწყება მათი გარანტირებული უსაფრთხოებისთვის.
|