|
ვისი თამაში წამოიწყო ზურაბ ნოღაიდელმა?
ჩვენს მეგობარ ამერიკელებს, მშვიდობიანი სოფლების დაბომბვისა და გაურკვეველი ღირებულების მწვანე ქაღალდების ბეჭდვის გარდა, სხვა, შედარებით უწყინარი, ტრადიციებიც აქვთ. სწორედ მათგან ვისწავლეთ შოუდან მაქსიმალური სიამოვნების მიღება, მრავლისმთქმელი შეძახილი “ვაუ!” და მხიარული ფრაზა “სად არის ჩემი პოპკორნი?”. ყოველივე ეს რეალობის აღქმას ერთობ აადვილებს, განსაკუთრებით ისეთ ეპიზოდებში, როგორსაც ახლა ვუყურებთ. მაშ, ასე! მარჯვენა კუთხეში - თეთრ მაისურსა და ლურჯ ტრუსებში ზურაბ ნოღაიდელი: კაცი-ტერმინატორი, კაცი-ტიტანი და კაცი-ტიტანიკი; მარცხენა კუთხეში - (მასაჟისტისგან მარჯვნივ) მწვანე შარვალსა და წითელ ჰალსტუხში თავად ხედავთ, ვინც. გონგი! Show must go on...
იანიჩარი ფინიშის სწორზე. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ამ სანახაობას 2003 წლიდან ელოდნენ. “ვარდების რევოლუციის” შვილები ებრძვიან ერთმანეთს, როგორც უკანასკნელი ჯამბაზები პროვინციული ცირკის არენაზე; მნიშვნელობა არ აქვს, ამას სრული თუ ნაწილობრივი სერიოზულობით აკეთებენ. მაყურებლის განწყობა გასაგებია, თუმცა მოსაწონი, ალბათ, მაინც არაა. არადა, ვერაფერს ვიზამთ, როგორც ეუბნებოდა ზეწარში გახვეული ერთი მამაკაცი მეორეს ცნობილ კინოფილმ “გლადიატორში”: “რომის გული სენატის მარმარილოში კი არა, კოლიზეუმის ქვიშაში ძევს”. მას, ვისაც შედარება კოლიზეუმთან ერთობ პომპეზურად მოეჩვენება, შეუძლია შეჯიბრებების სულ სხვა სახეობა, სხვა კინო გაიხსენოს, კერძოდ, ბულგაკოვის მიხედვით, 1970-ში გადაღებული გენიალური ფილმი Бег». ემიგრანტი თეთრგვარდიელი გენერალი ჩარნოტა და მისი თავშესაქცევი “ტარაკანების დოღი” («Тараканье бега»), რომელშიც უკანასკნელ გროშებს აგებს. იგი თავს ესხმის შეჯიბრის ორგანიზატორს, რომელმაც თითქოსდა ლუდით დაათრო მისი ფავორიტი ტარაკანი “იანიჩარი”; რადგან იგი ჯერ გაჩერდა სარბენ ბილიკზე, შემდეგ კი სულ სხვა მიმართულებით გაიქცა. ზურაბ ნოღაიდელის მანევრებმა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაახლოებით მსგავსი რეაქცია გამოიწვია. ჭარმაგი ექსპერტები მთელი კვირის განმავლობაში არკვევდნენ: დაათვრეს თუ არა იანიჩარი. ო, უკაცრავად, ისინი ადგენდნენ, რა მოტივაცია ამოძრავებდა ნოღაიდელს. ვიდრე ამ საკითხს განვიხილავთ, თვალი გადავავლოთ იმ დისკუსიის მიმდინარეობას, რომელიც, მართალია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნაბიჯების კვალობაზე მოექცა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა. ის გააფთრება, რომლითაც იგი მედიასა და ინტერნეტ-სივრცეში ვითარდება, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირების თაობაზე არა მხოლოდ არსებობს, არამედ უახლოეს მომავალში, შეიძლება საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი პოლარიზების საწინდარიც შეიქმნას. მითუმეტეს, რომ ცვლილებები საერთაშორისო არენაზე ამას ხელს უწყობს. ნოღაიდელმა ამ შემთხვევაში უბრალოდ დეტონატორის როლი შეასრულა. ამ პოლემიკის დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოთხი შესაძლო ვექტორი გამოიკვეთა, რომელთა განხილვა, ალბათ, უსაფრთხოების პრობლემასთან მიმართებაში აჯობებს: ა) შემდგომი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისაკენ; ამ მიმართულებით შესაძლებლობები დღესდღეობით ამოწურულია. საქართველომ მაპის მინიჭების ზღვარს მიაღწია და ვეღარ გადალახა. ბრიუსელის თავაზიანი რევერანსების მიუხედავად, მეტის მიღწევა უახლოეს პერსპექტივაში შეუძლებელი ჩანს. როგორც ალიანსის, ისე საქართველოს მხრიდან დაახლოებისკენ გადადგმული ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი, რუსეთის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს, რადგან მას მნიშვნელოვან საფრთხედ განიხილავს. მეტიც, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს საკითხი არამც თუ არააქტუალური გახადოს, არამედ დღის წესრიგიდან საერთოდ ამოიღოს. ამისთვის კრემლი ორ ძირითად ბერკეტს გამოიყენებს: შეთანხმება ნატოს ევროპელ წევრებთან და ზემოქმედება საქართველოზე სასურველი შედეგის მიღწევამდე. ამასთან, აშშ მზად არ არის საქართველოს ორმხრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს; ბ) კურსის აღება რუსეთის პატრონაჟით შექმნილ სტრუქტურებში (ოდკბ, საბაჟო კავშირი და ა.შ) ინტეგრაციაზე; დღევანდელი მდგომარეობით, ეს ასევე შეუძლებელი ჩანს. არც რუსეთი, არც საქართველო ამისთვის მზად არ არიან. უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები მხედველობაში რომც არ მივიღოთ, ორ ქვეყანას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის მიმართ დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომა აქვთ, რაც უსაფრთხოების ერთიან სივრცეში (ეს მნიშვნელოვანწილად ეკონომიკურ პარტნიორობასაც ეხება) მათ ინტეგრაციას გამორიცხავს. რუსეთთან დაახლოების მომხრეები ხშირად ამბობენ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული კურსი, საბოლოო ჯამში, სეპარატისტულ რეგიონებთან კონფედერაციის შექმნით დაგვირგვინდება, რომელიც კრემლის საფარქვეშ იარსებებს. გარკვეული მინიშნებების მიუხედავად (“პუტინის სადღეგრძელო”, კონსტანტინე კოსაჩევის რიგი განცხადებები, ევგენი პრიმაკოვის რამდენიმე ინტერვიუ), ოფიციალური მოსკოვი, გასაგები მიზეზების გამო, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შესაძლებლობას ჯერაც არ ადასტურებს. ამასთანავე, რუსეთთან დაახლოებაზე ორიენტირებულ აქტიურმა ქმედებებს შეიძლება ამერიკელთა მკვეთრი რეაქცია მოჰყვეს, რაც, საქართველოში მათი პოზიციების გათვალისწინებით, ასევე სერიოზულ საფრთხეებს უკავშირდება; გ) სწრაფვა ძირითადი მოთამაშეების მიერ გარანტირებული ნეიტრალიტეტისკენ; ზოგადად, ასეთი სტატუსის მიღწევა საერთაშორისო არენაზე რიგი გარემოებების თანხვედრას მოითხოვს და მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის. განსაკუთრებულ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ მიმართულებით ადგილი არასოდეს ჰქონია, თანაც დღეს პერსპექტივა გაცილებით ბუნდოვანია, ვიდრე - აგვისტოს ომამდე, როდესაც ასეთი სტატუსი უფრო დიდი ალბათობით შეიძლებოდა კონფლიქტების დარეგულირებაზე ორიენტირებული გეგმის შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო; დ) ბალანსის პოლიტიკის გატარება უსაფრთხოების ერთგვარ ვაკუუმში, მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, ვითარების საბოლოო გარკვევისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების მოლოდინში, რთული და ერთობ სარისკო თამაში დროის მოგებაზე, დაახლოებით ის, რასაც დღეს აზერბაიჯანი აკეთებს (შეგვიძლია განვიხილოთ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითიც, თუმცა ეს ყველაზე ახლოა). ეს მოითხოვს საკმაოდ მოქნილი საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომლის რესურსი, რიგი დამკვირვებლების აზრით, ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს; მან ქვეყანა ფაქტობრივ იზოლაციაში მოაქცია და ნდობის ლიმიტიც ამოწურა.
სტრატეგიული მოუთმენლობა სააკაშვილის ხელისუფლება დღეს, კვლავინდებურად ადასტურებს ერთგულებას ნატოში ინტეგრაციის იდეის მიმართ, თუმცა ვაშინგტონის კარნახით (ე.წ. “სტრატეგიული მოთმინების” პოლიტიკა), იძულებული ხდება, ნაწილობრივ მაინც დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან და შეეჩვიოს იმ აზრს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთლიანობის აღდგენის (ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციის გზაზე შეფერხებების მოხსნის) საკითხს, რუსეთთან მოლაპარაკებებში მთავარ პრიორიტეტად უახლოეს მომავალში ვერ აქცევენ. ეს ხსენებული (ზოგისთვის ავადსახსენებელი) პარტნიორებისათვის სავსებით მოსახერხებელი მიდგომაა, უხეშად რომ ვთქვათ, საქართველო უბრალოდ დაჯდება და დაელოდება (მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ პერიოდში არნახული ეკონომიკური პროგრესის მიღწევას შევძლებთ, დღეს, ალბათ, არაკორექტულია; იმ ქვეყნის მდგრადი განვითარება, რომელსაც უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გააჩნია, შეუძლებელია). საინტერესოა, რუსეთი თუ დაელოდება, სანამ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ხელსაყრელი პირობები შეექმნება? რაღა თქმა უნდა, - არა, იგი ყველანაირად შეეცდება, რომ ეს საკითხი მალევე მოხსნას; ისე, როგორც ეს (მნიშვნელოვან წილად) უკრაინაში მოახერხა. ეს მთავარი გარემოება აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ: დღეს და უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს შემდგომი სწრაფვა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართულებით რუსეთთან კონფრონტაციის შემდგომ გამწვავებას ნიშნავს (ეს აქსიომა ვრცელდება საქართველო-აშშ-ის ჰიპოტეტურ სამხედრო ალიანსზეც, რომელიც დღეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია). მოკლედ, დათვი აღარ დაიძინებს, ისედაც საკმარისზე მეტხანს ეძინა. განსაკუთრებით დაკვირვებულები ამბობენ, რომ იგი სწრაფად გვიახლოვდება. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სტუმრობისას მისმა ყოფილმა მოსწავლემ (ისე, ექსპერიმენტები წარმატებით ყოველთვის როდი სრულდება, ასეთ ღრმად პატივცემულ სასწავლებლებშიც კი) მიხეილ სააკაშვილმა დათვთან ურთიერთობებს საკმაოდ ვრცელი პასაჟი მიუძღვნა: “დათვს ბაბაია რომ დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ დათვს მოეწონები და, სხვათაშორის, თუ მოეწონები, კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. და ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის, რომ ჯოხი აიღო ხელში, ჯოხი ჩაარტყა და ყველაზე კარგია, თუ გაქვს პისტოლეტი ან თოფი, კიდევ უფრო კარგი, მსხვილკალიბრიანი”. აი, ეგრე! Оцеола, вождь семинолов! პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ჩამოთვლილი ინვენტარი არ გვაქვს, არაფერი გვაქვს, ერთი (ოდნავ უგემოვნო) ჰალსტუხის გარდა; ა ლა ქუერრე ცომმე ა ლა ქუერრე, ხდება ხოლმე. ზოგადად, მწვავე კონფრონტაცია, ტოტალური ომიც კი, გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება ამა თუ იმ ერს გამოსავლად მოევლინოს, თუმცა მისი წარმატებული წარმოების მთავარ წინაპირობას ეროვნული კონსენსუსი და სოლიდარობა წარმოდგენს. სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელსაც მოსახლეობის ერთი მესამედი ლეგიტიმურად არ თვლის, ხოლო მეორე დასანახად ვერ იტანს, საერთო-ეროვნული ბრძოლის სათავეში ჩადგომა, სავარაუდოდ, ძლიერ გაუჭირდება, მისი წარმომადგენლების სამხედრო კომპეტენციისა და პირადი სიმამაცის საკითხებს ამჯერად რომც არ შევეხოთ.
ტერმინატორის დეტონატორი ისევ ზურაბ ნოღაიდელის საკითხს დავუბრუნდეთ. საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ტონალობაში, დიდი ხანია, არავინ დალაპარაკებია. ნოღაიდელი საზეიმოდ დებს პირობას, რომ არჩევნების გაყალბების (და რიგ სხვა) შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს “ხელებს და ფეხებს დაამტვრევს”, ხოლო პირადად მიხეილ სააკაშვილს ისეთი ეპითეტებით ამკობს, რომელთა გამოყენებას შეზარხოშებული ბოცმანებიც კი ერიდებიან. თუმცა ეს რიტორიკაა და მხოლოდ მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, არის თუ არა ზურაბ ნოღაიდელი “ატვეჩაი”, უკაცრავად, პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე, ვითარცა ჰანიბალი (თუ კორიოლანი?) რომის კარიბჭესთან. საინტერესო სულ სხვა რამაა, არც ნოღაიდელის სიტყვებს, არც (რაც მთავარია!) რუსეთთან დასაახლოებლად მიმართულ მის კონკრეტულ ქმედებებს ხელისუფლების მხრიდან, სხვა პარტიებისთვის ესოდენ ნაცნობი, მასშტაბური რეპრესიები არ მოჰყოლია. უნიჭო პროპაგანდისტული კამპანია, რომელმაც ნოღაიდელის “გაშავებაზე” მეტად ხელი მისი იდეების ტრანსლირებას შეუწყო, სათვალავში ჩასაგდები, ალბათ, არ არის. სწორედ ამ ნიადაგზე რიგი კონსპიროლოგიური ვერსიები აღმოცენდა. ნოღაიდელი განიხილებოდა, როგორც ხელისუფლების პროექტის ნაწილი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ორიენტაციის ლეგალიზება და მისი დაკავშირება ყოფილი პრემიერის ნაკლებად რეიტინგულ ფიგურასთან, ვიდრე ამ ნიშას სხვა, ხელისუფლებისათვის გაცილებით საშიში (და ჯერაც ამოუცნობი) მოღვაწე დაეპატრონებოდა. განიხილებოდა, აგრეთვე, თანმდევი თემები, მაგ.: “ნოღაიდელი როგორც კომუნიკაციის არხი”, “ნოღაიდელი როგორც სადაზღვევო პოლისი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებისთვის” და ა.შ. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სტრატეგიული თვალსაზრისით არსებითი, ალბათ, არც ის არის, თუ რამდენად დამოუკიდებელია ნოღაიდელი ხელისუფლებისაგან. მთავარი, როგორც ჩანს, ისაა, რომ იგი დღეს ქართულ პოლიტიკაში იმ როლს ასრულებს, რომელიც საბჭოთა არქტიკულ ფლოტში ატომურ ყინულმჭრელ “ვლადიმერ ილიჩ ლენინს” ეკისრებოდა. (ღმერთო ჩემო, ვის არ შევადარეთ დღეს ყოფილი პრემიერი - დეტონატორს, ტერმინატორს, აგერ უკვე, ყინულმჭრელ “ლენინს”; ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლოთ). მისი ფუნქცია ყინულის საფარის მსხვრევა იყო, უკან კი გემების მთელი ქარავანი მოსდევდა. კრიტიკა ნოღაიდელისკენ წამოვიდა, ამასობაში, სხვა პოლიტიკოსებმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით შედარებით ფრთხილი ნაბიჯები გადადგეს. მან, აგრეთვე, ნებსით თუ უნებლიედ, ქვეყნის საგარეო ორიენტირებზე დისკუსიის ახალი რაუნდის დაწყებას გარკვეული ბიძგი მისცა. მოკლედ, ოსტაპ ბენდერი რომ იტყოდა, “ყინული დაიძრა”, საერთო სურათმა დინამიურობა შეიძინა.
|