|
უტყვი მესაიდუმლე
რა ხანია გაყინულ, ხმელ,ჩემსავით მონჯღრეულ და ჟაგანმოკიდებულ საწოლს მივეჯაჭვე.სამყაროსთან მხოლოდ ცხოვრების მტვერისგან დაბინდული ფანჯარა მაკავშირებს.არც მსმენელი მყავს და არც მოპასუხე გარდა ერთი ჭადრის ხისა. ალბათ არც მას ჰყავს გულშემატკივარი. ვსარგებლობ მისი მარტოობით და მდუმარებით, ვიცი არავის გაუმხელს ჩემს საიდულოს და ამიტომაც ვუშლი გულს. მაგრამ გუმანით ვხვდები ,მასაც აქვს შეკითხვები.ამიტომაც თავად ვავსებ მის მდუმარებას ,ან იქნებ იმიტომ ვპასუხობ ჩემს თავს ჭადრის მაგივრად, რომ მინდა ვიღაც შემომედავოს, არ დამეთანხმოს. ასეთ დროს აზროვნების საღერღელი მეშლება და ვგრძნობ რომ ჯერ კიდევ ცოცხალივარ. -სდუმხარ? გეგონა სულ გაზაფხული გექნებოდა და კვირტებათქვირებული იდგებოდი? -მეც შენნაირი ცოცხალი ვარ . რატომ გიკვირს? განა შენ კი არ გეგონა, რომ სულ ახალგაზრდა იქნებოდი? -მაპატიე, მართალი ხარ. მეგონა, სულ ვერცხლის წყალივით მოუსვენარი და ჩანჩქერივით დაუდეგარი განვვლიდი ჩემს წუთისოფელს. -მაგრამ, შენ ჩემზე ბედნიერი ხარ? შენს დაბერებულ, დაკოჟრილ, ფორმა დაკარგულ, დამჭკნარ სხეულს ვერავინ ხედავს. მე კი ,შემომეცალა ყველაფერი და სირცხვილისგან და დამცირებისგან სიბრაზე სულ ძარღვებში მაქვს ჩამდგარი. აღარავის ვუნდივარ, გამვლელ-გამომვლელი ზედ აღარ მიყურებს, აღარავინ ეძებს ჩემს ტოტებს ქვეშ ჩრდილს,ჩიტი რომ ჩიტია, ისიც კი აღარ ჩამოჯდება ხოლმე ჩემს მხრებზე დასასვენებლად. -კარგი, გულს ნუ გაიტეხ, შენ ჩემთან შესაშური არაფერი გაქვს.ჩემი გაზაფხული აღარასოდეს მოვა. მერე რა, რომ ჩემს დაუძლურებულ სხეულს ვერავინ ხედავს.შენ კი სამაგიეროდ, კვლავ ლამაზი ფარჩით შეიმოსები და მაშინ ,ალბათ ,უფრო ვიგრძნობ რა უბედური ვარ. -რატომ, შეგშურდება ჩემი მშვენიერი სამოსი? სიოს სირბილი ჩემს იდუმალებით მოცულ ფოთოლთა,შთაგონების მომგვრელ შრიალში? -არა, არ შემშურდება, ყველას თავისი ცხოვრების გზა და ბედის წიგნი აქვს. უბრალოდ, კიდევ უფრო დამწყდება გული, რომ მიწა ვიყავ და მალე ისევ მიწად ვიქცევი. ნეტავ, მომაყრის ვინმე მიწას? -კი. მჯერა, ჯერ კიდევ მრავლად არიან კეთილი ადამიანები. -თუ მრავლად არიან , სად არიან, რომ არ ჩანან, რატომ არ აქვთ მოთმინება და მოწყალება დავრდომილების? ხელში ძალა გამომეცალა და მუხლიც აღარ მერჩის.ეს ოხერი გული არ დამიბერდა, რომ ტკივილი მაინც აღარ მეგრძნო. -იცი, მე წყალი ვინც დასმისხა,ჩრდილით გავუმასპინძლდი.ჩრდილით სხვასაც გავუმასპინძლდი, მაგრამ მან ტოტები შემომახლიჩა. ასეა ცხოვრება-ზოგს ჭიქა წყალს მიაწოდებ და სამაგიეროდ ქვევრებს ღვინით აგივსებს , ზოგს კი ავდარში კერას მიუჩენ და გაგქურდავს.დამიჯერე, გამოჩნდება ვინმე ვინც მიწას მოგაყრის და თაიგულსაც მოგიტანს.ვიღაცას მაინც ეხსომება შემი ამაგი. -ამაგი? არავისთვის მიკეთებია რამე, რომ დამახსორებოდათ. უბრალოდ, ისე ვიცხოვრე, როგორც არ შემეძლო რომ არ მეცხოვრა. უცბათ ძლიერმა ქარმა მოუბერა, ფანჯრის მინებმა ზანზარი დაიწყო, ჭადრის ხის მძლავრი ტოტები ღონივრად ირხეოდნენ აქე-იქით, თითქის ძარღვებში ჩამდგარ სიბრაზეს იბერტყავდნენ.ქარის ზუზუნზე თვალი გაახილა, მიხვდა ჩასძინებოდა, გაუჭირდა უცბად აზრზე მოსვლა, საათს შეხედა, რამდენადაც შეეძლო სწრაფად წამოდგა და საკუთარი თავის მიმართ საყვედურით ჩაილაპარაკა: - -სულ გამოჩერჩეტდი? რა დროს ძილი და სულელური სიზმრებია. დაგრჩა ბავშვი სკოლიდან გამოსაყვანი. შემდეგ, თითქოს ხმას მიაწვდენდა, დაამატა: -მოვდივარ!ბებო,მოვდივარ!
|