გარდაცვლილი მხატვარი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ცოცხალი
გარდაცვლილი მხატვარი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ცოცხალი
| [ბელა ჩეკურიშვილი] ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა ერთ-ერთი სერიოზული ბიზნესია და ბოლო ხანს საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ხელოვნების ნიმუშებში ფულის დაბანდება, ანუ ინვესტიცია ყოველთვის ხელსაყრელია, და თუნდაც ფასების ზრდა დროებით შეჩერდეს, ანდა სულაც დაიწიოს, კოლექციონერი წაგებული არასდროს იქნება. მიზეზი მარტივია - შედევრები მუდამ უფრო ცოტაა, ვიდრე მათი შეძენის მსურველები. ამიტომაც ხელოვნების ნიმუშებს ხშირად ყიდულობენ ბანკები, ცნობილი ბიზნესმენები, ხოლო ალღოიანი დილერები ამ საქმით სერიოზულ მოგებას ნახულობენ. როგორც ”ვერსიამ” გაარკვია, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში არტ-ბაზარი ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, მაგრამ ხელოვნების ნიმუშებში ფულის დაბანდება მაინც ღირს. დღეს შეძენილ ნამუშევარს, 5-10 წლის შემდეგ ბევრად მეტად გაყიდით |
საქართველოში არტ-ბაზარი დაახლოებით 20 წელია, არსებობს. თუმცა, როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, მასზე საუბარი ახლა ძალიან რთულია, ვინაიდან ამ პროცესის შესაფასებლად არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური მონაცემები, ფასების საინფორმაციო ბანკი, საბაზრო მონაცემთა განვითარების სქემა. შესაბამისად, არ არის დადგენილი მხატვრების რეიტინგი, არ არის განსაზღვრული სურათების ფასწარმოების პოლიტიკა და რაც ყველაზე მთავარია, ფასების დადგენისათვის, საქართველოს არ გააჩნია ხელოვნების ნიმუშების ორიგინალობის დამდგენი ტექნოლოგიური საშუალებები. შესაბამისად, დიდი ალბათობაა, ნაყალბევი ”შედევრი” შეიძინოთ. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ქართულ არტ-ბაზარს არ ახასიათებს გამჭვირვალობა, რაც იწვევს შავი ბაზრის პრიორიტეტს, ყალბი სურათების სიჭარბეს და ღირებულებათა არასწორ გადანაწილებას. საქართველოში არ არსებობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმი, არ არის არც ერთი სააუქციონო სახლი, ცალკეულ მხატვართა ფონდები, საექსპერტო ორგანიზაცია, ხელოვნების საინფორმაციო ან სარეკლამო ჟურნალი და ა.შ. ანუ, არ არსებობს ინსტიტუციონალური სისტემა, რაც ხელს შუწყობდა არა მხოლოდ ხელოვნების ბაზრის, არამედ თვით ხელოვნების პროცესის განვითარებას და მის შესახებ რეალური შთაბეჭდილების შექმნას. როგორც ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძე ამბობს, ამ პრობლემების მოგვარების გარეშე ქართული ხელოვნების ბაზარს არასოდეს ექნება ხელოვნებისა და კულტურის პოლიტიკისათვის მომგებიანი პოზიცია და ვერ ჩაერთვება საერთაშორისო ბაზრის სფეროში, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია, ჩამოყალიბებული სტრუქტურა და მკაფიოდ განსაზღვრული მახასიათებლები გააჩნია. ბაია წიქორიძე: ”საერთაშორისო არტ-ბაზრის სფეროში საქართველოს მონაწილეობა წარმოუდგენელია დღევანდელი კანონმდებლობის პირობებში. კანონის მიხედვით, საქართველოსთვის კერძო კოლექციებში დაცული კულტურის ძეგლის მქონე სტატუსის ხელოვნების ნიმუშის გატანა აკრძალულია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომ საერთაშორისო აუქციონებზე ხვდება მხოლოდ ის ფასეული ნიმუშები, რომელიც უცხოეთში იყო. მაგალითად, ფიროსმანის ”არსენალის მთა” იყო ლუი არაგონის კოლექციაში, მისგან იყიდა რუსმა დილერმა და სოტბის აუქციონზე გაიტანა. ასევე პარიზიდან გაიტანეს ლადო გუდიაშვილი. ხოლო გიგო გაბაშვილის ”სამარყანდის ბაზარი” მე-20 საუკუნის დასაწყისში შეძენილი ჰქონდა აშშ-ს ელჩს რუსეთში ჩარლზ კრეინს, რომლის კოლექციაში გაბაშვილის 23 ნამუშევარი იყო. უცხოეთის კოლექციებში არსებული ხელოვნების ნიმუშების სიმცირე ვერ შექმნის ქართული ხელოვნების ბაზარს, როგორც ეს მოხდა რუსული ხელოვნების შემთხვევაში. საერთაშორისო ბაზარზე ქართული ხელოვნებისადმი ინტერესი ძირითადად შემოისაზღვრება მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე. შესაბამისად, ჩვენც საერთაშორისო გამოფენების მოწყობა ქართული ავანგარდის ნიმუშებით უნდა დავიწყოთ. ჯერჯერობით კი ქართული მხატვრობის ცალკეული ნიმუშები, რომლებსაც უცხოეთის სხვადასხვა კოლექციებიდან მოიპოვებენ, რუსული მხატვრობის აუქციონებზეა წარმოდგენილი. საერთაშორისო აუქციონებზე გიგო გაბაშვილის ”სამარყანდის ბაზარი” რუსული ორიენტალისტური ხელოვნების ნიმუშებთან ერთად იყო წარმოდგენილი. კირილე ზდანევიჩი - რუს ფუტურისტებთან, ხოლო ლადო გუდიაშვილი - რუს სიმბოლისტებთან ერთად”. აუქციონები - აი, რა გვჭირდება ამ საკითხში ადგილობრივი ბზარის მოთხოვნები და მიმართულებებიცაა გასათვალისწინებელი. აქ კი, ასეთი სურათია: ქართულ არტ-ბაზარზე გაცილებით დიდი ფასი აქვს დავით კაკაბაძის ნამუშევრებს, ვიდრე საერთაშორისო აუქციონზე. ხოლო საქართველოში ძვირადღირებული შალვა ქიქოძის, პეტრე ოცხელის, მოსე თოიძის, ელენე ახვლედიანის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, პეტრე ბლიოტკონის, იოსებ გაბაშვილის ნამუშევრები საერთოდ არ გამოჩენილა ხელოვნების საერთაშორისო ბაზარზე. ბაია წიქორიძის თქმით, საჭიროა მოხდეს შიდა, ადგილობრივი ბაზრის სისტემატიზაცია, შეფასება და მისი ქაოსური პროცესი ერთიან მექანიზმად გადაიქცეს, საერთაშორისო ბაზარი კი მხოლოდ დამხმარე საშუალება იყოს. ამ თვალსაზრისით საქართველოში დღემდე ჩატარებულ რამდენიმე აუქციონს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აუქციონად შეიძლება დასახლდეს 2006 წლის ქართული ხელოვნების აუქციონი ”ოპერა”. მაშინდელი მონაცემებით, ქართულ ბაზარზე ქართული ხელოვნების ნიმუშებზე ფასები 2’000-დან 35’000 დოლარამდე ადიოდა. შეიძლება ითქვას, ამ აუქციონის კატალოგი დღესდღეობით ქართულ არტ-ბაზარზე მიმდინარე პროცესების ერთადერთი დოკუმენტური მაჩვენებელია. ამ აუქციონის შემდეგ წლებში ქართულ ხელოვნების ნიმუშებზე გარკვეული ნიშნულის ქვევით ფასები აღარ ჩამოწეულა. ქართულ არტ-ბაზარზე საუბრისას სპეციალისტები აუცილებლად აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოში სააუქციონო სახლის დაწესების აუცილებლობა დადგა, რომელიც მოამზადებს და მიაწვდის ნამუშევრებს საერთაშორისო აუქციონებს. თანამედროვე ქართველ მხატვართა რეიტინგი ჯერჯერობით, ვიდრე ოფიციალური რეიტინგი არ დადგენილა და საინფორმაციო ბანკი არ შექმნილა, ვერავინ გეტყვით, ერთი და იგივე მხატვრის სხვადასხვა სურათი რატომ იყიდება ასეთ განსხვავებულ ფასებში. უცხოურ არტ-საიტებზე შეგიძლიათ, ნებისმიერი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მხატვრის რეიტინგი ნახოთ. ეს ინფორმაცია ყველასათვის ღიაა და ხელმისაწვდომი. ამ საიტებზე იმ ქართველ მხატვრებსაც შეხვდებით, რომელთა ნამუშევრებიც უცხოეთში ინახება. ქართულ ინტერნეტსივრცეში მსგავსი არაფერი არსებობს. უცხოურ ინტერნეტსაიტებზე თითოეულ მხატვარზე მითითებულია ინდექსი და წლების მიხედვითაა შეტანილი ფასები. ასე რომ, კოლექციონერს შეუძლია, თვალი მიადევნოს, როგორია ფასების ზრდის კოეფიციენტი, ანუ მისი საინვესტიციო მასალა სწორად შეისწავლოს. ზოგადად, როდესაც კოლექციონერი თანამედროვე მხატვარს ყიდულობს, ამ პროცესში მას პროფესიონალიზმი და ინტუიცია ერთნაირად სჭირდება, რადგან ძნელია განსაზღვრო კაპიტალდაბანდების სისწორე. აქ იმის გათვლაცაა საჭირო, ეს მხატვარი, რომელიც ახლა მოგწონთ, რამდენად ფასეული იქნება 10 წლის შემდეგ. ეს საკმაოდ აზარტული პროცესია და როგორც ნებისმიერ ბიზნესში, ცოდნასთან ერთად ხშირად საქმე გამართლებაზეც ჰკიდია. ზოგიერთი მყიდველი თვითონ ირჩევს სურათს თავისი კოლექციისათვის, იქნება ეს ინვესტიციის ჩადების მიზნით თუ არა, ზოგიერთი ამ პასუხისმგებლობას მთლიანად ხელოვნებთმცოდნეს ანდობს, ხშირად ესა თუ ის ნამუშევარი ექსპერტებთან და გალერეის მეპატრონეებთან მიაქვთ. თუკი გსურთ, ხელოვნების ნიმუშებში ფული დააბანდოთ, როგორც მოძრავ ქონებაში და გარკვეული წლების შემდეგ ეს შენაძენი უფრო სარფიანად გაყიდოთ, უკეთესი იქნება, თუკი ხელოვნებათმცოდნის კონსულტაციით ისარგებლებთ. სპეციალისტმა უკეთ იცის, რომელი მხატვრის ნამუშევრებზე გაიზრდება ფასები სამომავლოდ. |
