კ...
მე არ მოვიდრეკ შენ თვალწინ მუხლებს,
ვერც საყვედურით,ვერც შერიგებით
ვეღარ იმეფებ ჩემს სულსი უკვე,
რადგან უცხოა ჩვენი ფიქრები.
შენ დაგავიწყდა,რომ შეცდომის წილ
ვერ მოგართმევდი თავისუფლებას;
ისედაც ბევრი შევწირე წელი
შენს ღიმილსა და გამიზნულ ვნებას.
ისედაც დიდხანს,ამაო რწმენით
ვხედავდი შენში იმედის აფრას
და მისთვის მძულდა სამყარო ვრცელი,
რომ მყვარებოდი ყველაზე მძაფრად.
ვინ იცის,იქნებ ყველა ის წამი,
შენ რომ თელავდი, როგორც იელებს,
მე შთაგონებას მოვტაცე ძალი,
მაგრამ შენ რითი მიმაგიერე?!
ან შესაძლოა ღვთიური აზრით,
რომელსაც სული ელის ყოველ წამს-
მე სამყაროსთვის მიმეძღვნა განძი,
მას კი დიდება ჩემთვის მოეძღვნა?!
რატომ შემპირდი,რომ იმ დიდებას
შენი გვირგვინი შეცვლიდა მხოლოდ?
რატომ არ იყავ ადრე ისეთი,
როგორი გულქვაც შეიქენ ბოლოს?
დე,სიყვარული სხვისი იწამე,
მე ამაყი ვარ!კარგად მიხვდები-
რაც უნდა მოხდეს ცოდვილ მიწაზე,
მონად არასდროს არ გაგიხდები.
მე,შეიძლება,სამხრეთის ცის ქვეშ
გადავიხვეწო უცხო მთებს შორის,
მაგრამ ერთმანეთს ჩვენ ვიცნობთ ისე,
ვაითუ,დავრჩეთ უნუგეშონი?!
დროა,ჩამოვკრა განცხრომის ზარებს
და ეს სიშმაგე შევფიცო ყველას;
მე ყველას თვალწინ ვიცინებ მწარედ,
მტირალს კი ვერვინ მიხილვს,ვერა!
გავხდები უღვთო,სიცრუით სავსე,
დე,სიყვარულიც გახდეს სამსალად,
ან როგორ უნდა ილოცო ქალზე,
თვით ანგელოსმა როცა გამცვალა?!
მე ხომ ტანჯვისთვის მზად ვიყავ მუდამ
და ყოველგვარი საფრთხის მსურველი,-
რომ შევხებოდი მაგ ნორჩ ხელს,თუნდაც
სულ ერთი წამით!-აი,სულელი!
ვერ ვეგულისხმე ვერაგულ ღალატს,
ისე მოგართვი სული ცინცხალი;
იმ სულის ფასი იცოდი განა?
იცოდი:-მე რომ ვერ შეგიცანი!
ლერმონტოვი
