ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი, მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსნაზე, არაგვზე ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩები ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დაღუღებისას.
ხოხბობას გნახე , მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი.
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები.
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა.
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეგარა გხედავ, სისხლით ვიცლები,
როგორც საზროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები.
მოდი, გეძახი, ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.
/გოგლა/
