|
გალაკტიონის ეტრატი
გარშემო, ყველგან უკუნეთია და გათენება არ უწერია... მთელი სამყარო საგიჟეთია, რაზეც მას ხშირად დაუწერია.
ცივი და უცხო სიო ეტრფოდა, ნაზად ურხევდა ღაწვებს სახეზე და მთვარის შუქზე მან... ნელი ოხვრით დაიწყო წერა მესაფლავეზე.
ბაბუაწვერას უგავდა სახე და ფანტელივით მისი ჭაღარა... ეს უკვე, თითქოს ოდესღაც ვნახე... ვნახე, რომ ბევრი სისხლი დაღვარა.
ცრემლი თვალთაგან წვეთ-წვეთად მოსდის, ცრემლი ქცეული სისხლის წვეთებად... და თითქოს სულში ალმური ასდის, მოსჩვენებია ხალხი აფთრებად.
ის ზის ნესტიან სახლის კუთხეში... სახელად ჰქვია გალაკტიონი, ის დაკარგულა ღამით... ტყე-ღრეში, ახლა კი იხმობს ერი, სიონი.
მის ეტრატს მხოლოდ მთვარე ანათებს, იქვე მოისმის ბოდვა... რიონის, იგი იხსენებს...და თვალთ უნათებს... წერს: ეს სულია გალაკტიონის.
პოეტს ჩასთვლიმა ეტრატით ხელში, როდესაც მორჩა ლექსების წერას და გაიპარა აჩრდილთა ხვრელში, სადაც ებრძოდა ბნელ, უცხო ერას.
მისი სამყარო ბურუსს მოეცვა, გარს ეხვეოდნენ შავი იები, ტანთ ჭორიკნების მანტია ეცვა... ძვლებს კი უღრღნიდნენ ტლუ ჰარპიები.
ბახის მუსიკა მას აყრუებდა... ორღანის ხმაში სული ეკვროდა... წუთისოფელი კვლავ აბრუებდა, ვენებში სისხლი აღარ ეძვროდა.
უეცრად მთვარემ მას მიაშუქა, გალაკტიონმა სუნთქვას უხშირა... ხელს კი არ უშვებს მას, რაც აჩუქა... რიონმა ბოდვას მსწრაფლ მოუხშირა.
სახეზე, ფერი მკვეთრად ეცვალა, ცრემლი ლოყაზე ლოლოდ შეაშრა, გზა კი პოეტმა ღვთისკენ იცვალა, სხეული მისი ცრემლივით გაშრა.
გამთენიისას ქალი მივიდა, რომლის აღწერაც მხოლოდ მან შეძლო, კარი შეაღო, შიგნით შევიდა, გამოთხოვება აღარ შეეძლო.
მარჯვენა ხელი კვლავ თბილი ჰქონდა, მთელი სხეული გალურჯებოდა... და გულის ფიქრი, რაც თან დაჰქონდა, არ გაემხილა და ირჯებოდა.
ქალი ებრძოდა საკუთარ გრძნობებს და აღგზნებულმა ცხედარს აკოცა, ის იხსენებსა ტკბილ მოგონებებს, რითაც ტაბიძე ძლიერ აოცა.
ქალმა შეახო მთრთოლვარე ხელი, სადაც ეტრატი მზად იყო მისთვის... ტანჯულს აღმოხდა მისი სახელი, ვერ იმეტებდა მის სულსა ღვთისთვის.
ვნებით დაიწყო ეტრატის კითხვა, სათაურშივე უმალ დაემხო, შერცხვა, დაატყდა გრძნობათა რისხვა, აკანკალდა და ზეცა დაიმხო.
როდესაც მორჩა ლექსების კითხვას, გვამს მეტი ვნებით შემოეხვია... ვეღარც ბედავდა მისთვის შეკითხვას და ბრმად შეშლილი გადაეხვია.
სამი დღე-ღამე უძრავად იწვნენ, არავინ ჩანდა მათი მიმხედი და ასე...მარად...სულ ერთად იყვნენ, მათ ეკუთვნოდათ სამოთხის ხედი.
სამი დღის შემდეგ ესტუმრა ბერი, სადაც იხილა ორი ცხედარი... და როგორც ბერი, ატირდა ერი... მათ სულს ეწვია თეთრი მხედარი.
მათი სხეული "პიეტას" ჰგავდა, ტუჩები ერთურთს შეწებებოდა, პოეტს მის გარდა არავინ ჰყავდა... ზეცა ორივეს ეგებებოდა.
ორივეს ერთად მთვარე ანათებს, ვერ ეკარება ბერი და მტერი, ეტრატი იქვე სანთლად ინათებს... სათაურად კი წერია " მერი ".
ლევან სონღულაშვილი (15 წ.)
|