|
\"პატალა ბალტკი\" ასეთი ფსევდონიმი აქვს ერთ თანამედროვე მეტად საინტერესო პოეტს.გთავაზობთ მის რამოდენიმე ნაწარმოებს:
ჩვენი სკოლა
ჩვენი სკოლა.
ახალი სკოლა აღმოუჩენიათ, იქ უნდა შეხვიდე რწმენით, პირველ გაკვეთილზე დაიბადები და ბოლო გაკვეთილზე კვდები. ამ სკოლის დირექტორი არავის უნახავს, ჰაერის ფერი ყოფილა, არცერთი მოსწავლე ჯერ არ გაულახავს, არასდროს გამოდის წყობიდან, მოსწავლეს არ დააქვს წიგნი და რვეული, და არც უჩანთობა თრგუნავს, არა აქვს კლასი და არა აქვს კედლები, ეს სკოლა მრგვალია და ბრუნავს.
რეზერვისტებს
ხელი მომეცი უნდა გიმკითხავო, სიცოცხლის ხაზს მინდა დავხედო, ვინა გყავს მაღალი,ბეჭებ განიერი და სავარაუდოდ სამხედრო?! თავს ნუ მიქიცინებ მალე გათხოვდები, ვაჟია სახება ვარსკვლავის, ტყუპ-ტყუპი შვილები ისე დაგეხვევათ მთვარეს რომ ეხვევა ვარსკვლავი ... დედიკო,დედიკო რა გითხრა იმ ქალმა რომ გავდა ნაძვის ხეს ბრეზენტში? ისეთი არაფერი შვილო დაიკიდე, მამაშენს წაიყვანენ რეზერვში.
ჩვენი ოთახი
თეთრი ჭერი მინდა გადავღებო შავად, ვარსკვლავები მივაჭედო ფოსფორის, დიდი მთვარე ვარსკვლავებს დავუსვა შახად, გარს ხეები შემოვავლო ქოქოსის. იატაკზე იასამნებს მოვაბნევდი, ფანჯარაზე ღრუბლის ფარდას დავუშვებდი, კედელს ფრესკად შენს სახებას გავაკრავდი, ოთხ ჩიტსა და ათ პეპელას გავუშვებდი. ამ პატარა სამყაროში მოგიხმობდი, მესტუმრე და არ ინანებ დარწმუნდები, წამოგაწვენ, მოგიწვები ლამაზ გულზე თავს დაგადებ და უბრალოდ გავჩუმდები.
|